ედუარდო პალომო – ჩემი ბავშობის ვირტუალური მეგობარი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 07/06/2012
კატეგორია: სტატია

 
 
ბავშვობაში სერიოზულად მქონდა ეჭვი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ტელევიზორიდან ადამიანები გადმოვიდოდნენ და ჩვენი რეალობის ტრანსფორმირებას მოახდენდნენ. ეს დიდ სიხარულს მგვრიდა. ძილის წინ წარმოვიდგენდი ხოლმე ჩემი სახლის მისაღებში როგორ იჯდა ტელევიზორიდან გადმოსული ჟან კლოდ ვანდამი და ედუარდო პალომო.
 
ვინც ედუარდო პალომოს შესახებ არ იცით, გეტყვით, რომ ის მსახიობია. ღრმა ბავშვობაში ტელენოველა გადიოდა, სახელწოდებით ,,ველური გული’’ რომელსაც დიდი მონდომებით ვუყურებდი და მთავარი გმირის ედუარდო პალომოს, იგივე ხუანის, გულანთებული თაყვანისმცემელი გახლდით. არ ვაზვიადებ, იმდენად პოპულარული იყო, სასკოლო რვეულების ყდებზეც კი გამოეტანათ მისი ფოტოები. ღრმად მწამდა, რომ თუ საშინაო დავალება წარმატებული გამოვიდოდა, ამაში ედუარდო პალომოს ძალა მეხმარებოდა.
 
ახლა რომ ვუფიქრდები, რთულად იყო ჩემი საქმე. დღეს, როცა სხვადასხვა სერიალების არსებობას რეიტინგით ხსნიან, მარკ ტვენის სიტყვები მახსენდება - “არსებობს სიცრუის სამი სახეობა: სიცრუე, თავხედური სიცრუე და სტატისტიკა.”ჩემმა ბავშვობამ “დისნეი ლენდი” და “მაკდონალდსი” გამოტოვა. სამაგიეროდ ზეპირად ვიცოდი შემდეგი ლექსი, რომელსაც თურმე უფროსების თხოვნით ხშირად ვყვებოდი სუფრაზე და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში. ეს ლექსი ახლაც მახსოვს:
 
         “გავიხედე სერზედაო, 
         სიგუა ზის ცხენზედაო,
         წინ მეძებრები მოუძღვის,
         დაგეშილი ჩემზედაო”.
 
შთამბეჭდავი სტრიქონებია. ლექსის ავტორი ჩემთვის დღემდე უცნობია, ის მიზეზიც უცნობია, რატომ ვიცოდი ადრეულ ასაკში მსგავსი ნარატივი. ერთ დღესაც მოხდა უბედურება და ტელევიზორი გადაიწვა. მახსოვს ეზოში მიგდებული ოთხკუთხა მეგობარი, რომელსაც იმავე საღამოს ჩაქუჩით მოვუღე ბოლო. პირველი იმედგაცრუება მაშინ მქონდა, როდესაც ყუთში ვერც ვანდამი ვიპოვე, ვერც ედუარდო პალომო და ვერც ,,ვესტნიკის’’ სათვალეებიანი წამყვანი, რომლის უჩვეულო ჰაბიტუსიც ხშირად დამსიზმრებია. იმედგაცრუებას ,,ძმები გრიმების’’ ზღაპრებით გავუმკლავდი, რომლის სამივე ტომიც მამიდაჩემმა მაჩუქა. იმ დაბადების დღეზე ეს წიგნები ყველაზე ამაზრზენად გამოიყურებოდა, რადგან მაშინ ჩემი მეგობარი ედუარდო პალომო იყო. 
 
მოგვიანებით ტომ სოიერსაც მივადექი და ჩემი ვირტუალური მეგობარი თანდათან მიმავიწყდა. მხოლოდ 25-ე კადრივით გაიელვებდა ხოლმე ჩემს ქვეცნობიერში, რომელსაც დღემდე შემორჩა ზემოთხსენებული სერიალის უკვდავი მელოდია. 
 
 

 
 
სამყარო ყოველთვის მახინჯი იყო, მაგრამ ადრე ადამიანებს არ ჰქონდათ ტელევიზორი, რომელიც ამ ყველაფერს აშუქებდა. დღეს მე მაქვს ინტერნეტი და უკონტროლო ინფორმაცია. ასევე ბავშვობისდროინდელი ისტორიები და ბევრი საიდუმლო, რომელიც არ მინდა, რომ იცოდეთ, რადგან თუ ფრანკლინს დავესესხებით, ,,სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა თუ ორი მათგანი მკვდარია,, ჩვენ კი ცოცხლები ვართ და თან არც ისე ცოტანი.
 
 გაგრძელება იქნება...
 

 

@ ერეკლე დეისაძე