„საავტორო კინოს რობინ ჰუდი“
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 07/06/2012
კატეგორია: სტატია

 

კშიშტოფ ზანუსის უამრავი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი აქვს მიღებული. მათ შორის ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმა“ საუკეთესო რეჟისურისთვის, ვენეციის „ოქროს ლომი“ და ასე შემდეგ. რამდენიმე დღის წინ ის საქართველოში ჩამოვიდა და თიბისი გალერეაში ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასიც ჩაატარა --  მშრალი ფაქტები, არც თუ ისე საინტერესო დასაწყისია. თუმცა უხერხული დუმილი უკვე დაირღვა.

 

კშიშტოფი ამბობს, რომ ზანუსი - იტალიური გვარია. მისი წინაპრები რკინიგზის მშენებლები იყვნენ, ვენაში, ვენეციაში... შემდეგ უსასრულო ლიანდაგებმა ეს მხურვალე იტალიელები პოლონეთში, თანამედროვეობის კუდში მოჩანჩალე რუსეთის იმპერიაში ჩამოიყვანეს...  მამამისი ფეთქებადი, იმპულსური კაცი იყო, რის გამოც ძალიან ხშირად იჯდა ციხეში. არც ასამართლებდნენ, უბრალოდ ჭკუის სასწავლებლად ჩასვამდნენ ხოლმე რამდენიმე დღით ან თვით. თუმცა მაშინ არც არავის ასამართლებდნენ. ჭკუა მამის მაგივრად შვილმა ისწავლა -  ჩვენს წინ თავშეკავებული ევროპელი ინტელექტუალი ზის, გახამებული პერანგითა და მისთვის გემოვნებით შეხამებული ჰალსტუხით.

 

თხრობას აგრძელებს. „საბჭოთა კავშირის დროს პოლონეთიდან კიდევ შეიძლებოდა საზღვარგარეთ გაღწევა, თუ მოიტყუებოდი, ათას ყალბ მოწვევასა და საბუთს წარადგენდი...“ კშიშტოფმაც იტალიელი ნათესავების მონახულება გადაწყვიტა და წარმოიდგინეთ ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც რამდენიმე ფილმის გადაღება უკვე მოასწრო და რომელსაც არ შეუძლია თავს ტაქსით სარგებლობის უფლება მისცეს. ამ დროს მას დიდი ხნის უნახავი ოჯახი პირად თვითმფრინავს სთავაზობს. აქ უკვე იქმნება დაძაბულობა, რომელზეც ისტორიის, კარგი კომედიის აგება შეიძლება.

 

ასე მოხვდა ის მილიონერ ბიძია ვიტოსთან და ნათესავებთან, რომელთაც არ ესმოდათ, როგორ შეიძლება ზანუსების გვარის წარმომადგენელი, იმ ზანუსებისა ათობით ქარხნის და აქციების მფლობელები რომ იყვნენ, ხელი ასეთი საეჭვო და სარისკო  პროფესიისთვის - რეჟისორობისთვის მოეკიდებინა?

 

 

„ჩემი ფილმი კანის ფესტივალის დახურვაზე აჩვენეს. ჩვენებას ესწრებოდნენ იტალიის პრემიერ-მინისტრი, ფელინი და კიდევ ბევრ ასეთი ტიპი. ერთადერთი შანსი, რომ ჩემს მდიდარ ბიძაზე შთაბეჭდილება მომეხდინა ეს იყო. ის ჩემს გვერდით იჯდა. ფილმი კარგად მიიღეს, მაგრამ ვიტოს რეაქცია არ ჰქონდა.  არც 10 წუთიანი ტაშის  და არც გულმხურვალე მოლოცვების შემდეგ. გარეთ რომ გამოვედით, ის მხოლოდ საჭმელზე ლაპარაკობდა თუ რომელ რესტორანი სჯობდა და რა კერძი გვეჭამა. თუმცა მეორე დღეს ბიძაჩემი აღფრთოვანებული შემხვდა.

 

- კშიშტოფ, შენ რა წარმატებული ყოფილხარ - მითხრა მან.
- ჰო, მაგრამ გუშინ ხომ ჩემს გვერდით იჯექი და ნახე როგორ მიიღეს ჩემი ფილმი - ვიტომ ხელი ჩაიქნია.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, დღეს  ჩვენი გვარი გაზეთების პირველ გვერდზეა. იცი შენ რა ღირს რეკლამა პირველ გვერდზე?“

 

ამის შემდეგ კშიშტოფმა ამერიკელი ბანკირები გაიხსენა, რომლებიც თავს პროლეტარებს ეძახდნენ, რადგან მათი ბანკი ამერიკაში ორმოცდამეშვიდე თუ ორმოცდამეცხრე ადგილას იყო. ერთხელ მათ მკითხეს თუ როგორ ვნახულობდი დროს იმისთვის, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმები გადამეღო. რა ექნათ, ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი არ იყოს ბანკირი?

 

ხელოვნება სწორედ იმაში გვეხმარება, რომ შევძლოთ და სხვისი თვალებით შევხედოთ ცხოვრებას. სხვისი გამოცდილების დანახვა და გააზრება მოვახერხოთ, რადგან ჩვენ ძირითადად სხვის შეცდომებს ვიმეორებთ და იშვიათად ჩავდივართ საკუთარს.

 

მაგალითად, დიდი შანსია, რომ ბილ კლინტონმა ის ლექცია გამოტოვა, სადაც შექსპირს, კერძოდ კი “მაკბეტს” გადიოდნენ და სწორედ ამიტომ მოიყვანა ცოლად ჰილარი. მან არ იცოდა თუ  რა მოჰყვება ძალაუფლების მოყვარე ქალთან ქორწინებას და რომ ცხოვრებაში მთავარ გადაწყვეტილებას ქალები იღებენ...

 

ადამიანებს ყოველთვის მოუნდებათ ისტორიის მოსმენა, მაგრამ თუ გვინდა, ჩვენს მიერ მოყოლილ ისტორიას მოუსმინონ, საჭიროა დაძაბულობა, სწორედ ეს არის ბერძნული ტრაგედიის საკვანძო მომენტიც. კომერციულ ფილმებსაც კი ვერ აკეთებენ ამის გარეშე. „ერთხელ როცა ამერიკის ერთერთ უნივერსიტეტში ასეთივე მასტერკლასს ვკითხულობდი, სტუდენტებმა თავისი ფილმები მაჩვენეს. ჩემთვის უაღრესად უინტერესო, ვუთხარი კიდეც, რომ ეს იყო ის, რასაც ისინი ხედავდნენ ტელევიზორში, კიჩი, დრამატული მომენტებისგან დაცლილი ნაგავი, მექანიკური განმეორება. მაშინ ერთერთი სტუდენტი ადგა და მითხრა: ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე დრამატული  არჩევანი იყო, მოტოროლას ფირმის ტელეფონი მეყიდა თუ ნოკიას ფირმის“.

 

დრამატულობას ბანალურობა კლავს, სერიალები, პოპ-კულტურა... პოპულარული კულტურა - თავაზიანი მიმართვის ფორმაა, სინამდვილეში ეს დაბალი ხარისხის კულტურაა.  სწრაფი კვების ობიექტიც რესტორანია, მაგრამ დაბალი ხარისხის რესტორანი. მე არ შემიძლია გითხრათ რას და როგორ აკეთბენ იქ, რადგან დიდი ხნის წინ იქ ვმუშაობდი და შეიძლება ჩემთან კონტრაქტი კიდევ შენახული ჰქონდეთ და სასამართლოში მიჩივლონ. მოკლედ ვერ გეტყვით, რა საშინელებას გვაჭმევენ,  მაგრამ იქ შესვლას არ გირჩევთ.

 

როცა რომის პაპის წინ ჰიპ-ჰოპის მოცეკვავეებმა ბრეიქდანსი იცეკვეს, რომის პაპმა მათ უთხრა, რომ თუ თქვენ თქვენი სხეულის მოძრაობების სილამაზისთვის ცეკვავთ, მაშინ ეს ხელოვნებაა და თუ სხვა რამის გამო, მაშინ ეს უკვე ამოწურულია.

 

ჩვენ უკვე ვიცით, რომ დიდი შანსია ნიავს მინდობილი, ნარნარით ჩამოშლილი ქალის გრძელი თმის კადრები შამპუნის რეკლამა აღმოჩნდეს, ხოლო წარმტაცი სანაპირო და მომნუსხველი მზის ჩასვლა ეგვიპტური ავიახაზების ახალი, უპრეცედენტო შემოთავაზება.

 

პოპ-კულტურის გათათხვის შემდეგ კშიშტოფი თავის ბავშვობას მიუბრუნდა და მის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება დაიწყო...

 

მოვდიოდი და დაახლოებით ასეთ ფიქრებს მოვაგორებდი: ის მასალა, რისგანაც შედგება ჩვენი ცხოვრება, ზუსტად ისე რომ აღვიქვათ, როგორც ჰოლივუდურ კომედიებში აღვიქვამთ უცხოპლანეტელების სლიპინა სხეულებს, ანუ რომ გაუვუცხოვდეთ საკუთარ ორგანიმზს, გარემოს. უცნაური, ბუნდოვანი განცით რომ აღვიჭურვოთ იმ მცირე დროის შესახებ რასაც ვატარებთ ამ პლანეტაზე, დამძიმებულები ხორცითა და მისწრაფებებით, სურვილებით, ეჭვებით, შურით. იმ გრაფიკოსივით რომ მივმართოთ გონების თვალი, რომელიც ახალ ორგანიზმებს წარმოიდგენს და ხატავს მათ, სასიცოცხლო ფუნქციების უსწორმასწორო გრაფიკებს, ზუსტად ასევე რომ მივუდგეთ ჩვენს არსებობას და დავფიქრდეთ ამ მცირე დროში რისი მოსწრება გვინდა და რა ისტორიებს აქვს აზრი სიკვდილის პირობებში, ჩვენი შემგროვებლური ცხოვრების და გავლით ყოფნის პირობებში... უცნაური ეგზოტიკური გემო დაჰკრავს ამ ყველაფერს. შეუსაბამო ხდები, როგორც სიზმარში.

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე