Erin Belieu
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 11/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ლეო ნაფტა 

 

Erin Belieu

 


ძრავა - რომელიც სხეულებს მართავდა, ძველი პოეტების გაგებით სწორედ სული იყო, მაშინ ღმერთებიც სხვანაირები იყვნენ - უფრო მიმტევებლები, უფრო მოსიყვარულეები, ალბათ უფრო ახალგაზრდებიც. მაგრამ - ,,ალბათ ღმერთებიც დაბერდნენ, ადამიანმა თვითონ უნდა ააწყოს საკუთარი სული, ძრავა შეაკეთოს და იცხოვროს ისე, თითქოს ძველ ოლიმპოზე ძველებური ღმერთები და ახალ მანქანებზე ახლებური რობოტები - არც არასდროს არსებულან” - ეს სიტყვები 47 წლის ამერიკელ პოეტს, ფემინისტს და უბრალოდ პანკ პროფესორს, ერინ ბელუს ეკუთვნის.

 

მართლაც, იშვიათია დღეს ასეთი ადამიანი - მთელ დროს სწავლას, სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიას, მაგისტრატურებს, სამეცნიერო შრომებს, კონფერენციებს, დისერტაციებს და ათას საგანმანათლებო სამთავრობო თუ კერძო სექტორის პროექტებს უთმობდეს და თან ლექსების წერისთვის იცლიდეს. მართალია, ის ხშირად არ წერს და სულ სამი პატარა კრებული აქვს გამოცემული, მაგრამ მისი კითხვისას მუდმივად შეიძლება იფიქრო, გრძნობდე და განიცდიდე, როგორც რომელიმე სამხრეთიტალიელ ან სულაც ფრანგული ბოჰემური წრეებიდან გამოსულ, ძველი დროის ჰაშიშით მთვრალ პოეტს. მისი ბგერების კეთილხმოვანება მუსიკასავითაა, აი იმ ძველი მუსიკასავით პეტრარკას ან თეოდორ შტორმის ტექსტებს რომ გვახსენებს, თან რაღაც ადამიანური ინსტიქტების და ,,გარყვნილების” ერთობლიობა. ისინიც ხომ სიკვდილივით გვაშინებს საკუთარი სიბერით და მელანქოლიით. 

 

ერინ ბელუს ტექსტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სტრუქტურულად არამწყობრი, ,,უმარილოა” - ეს არის პროფესორი ანდერგრაუნდში.

 

ტექსტებზე მუშაობას, როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდი დრო მიაქვს: ,,მე არ ვიცი როდის ვიწყებ ლექსის წერას და როდის ვამთავრებ მას, თითო სიტყვას, თითო ბგერას მრავალჯერ ვუბრუნდები და ვასწორებ, პირველ ხელნაწერებს კი ვინახავ, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვნახო და გავიცინო საკუთარ თავზე, რადგან სულ სხვას ვწერ და სულ სხვა გამოდის. არ ვიცი, ეს როგორ ხდება.”

 

პირველი, რაც ბოსტონის უნივესიტეტში სწავლისას დაწერა, იყო სამკუპლეტიანი ლექსი, ჩანახატი ფრთამოტეხილ თვითმფრინავზე, როგორ მიეხმარა თვითმფრინავს ღრუბელი, როგორ გაუწია ფრთის მაგივრობა და როგორ გადარჩა ის. მაშინ ჯერ კიდევ პერსპექტიულმა მეცნიერებათა კანდიდატმა თავი შეიკავა ლექსების გამოქვეყნებისგან, თუმცა მისმა პირველმა პოეტურმა კრებულმა infanata -მ დღის სინათლე 1995 წელს იხილა, იმავე წელს მოხვდა ამერიკულ ნაციონალურ ანთოლოგიაში და კრიტიკოსების მიერ დასახელებულ იქნა ათ საუკეთესო ამერიკელ ახალგაზრდა ავტორს შორის. კრიტიკოსები მას თავიდანვე სწყალობდნენ და ზოგი ახალი ენის, ახალი დენიზ დუჰამელის, დაბადებასაც კი ზეიმობდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი (,,იმედიანი” და მკაცრი ამერიკელი კრიტიკოსებისთვის) უკან და უკან წავიდა. ყველა მისი შემდეგი ლექსი ,,ინფანატას” გადამღერება, მისი უნიჭო კალკი აღმოჩნდა. პერიოდულად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალებში, თუმცა პერსპექტიული ,,დუჰამელიდან” რიგით რომანტიკოს გოგონად იქცა, რომელსაც უკვე სერიოზულად აღარავინ აღიქვამდა და აღარც მისი შესანიშნავი დებიუტი გაახსენდებოდა ვინმეს…

 

თუმცა, ასოცირებული პროფესორის ხარისხის მოპოვების შემდეგ, რომელიც მან თავდაპირველად ბოსტონის უნივერსიტეტში მიიღო, ის ახალი ენერგიით შეუდგა წერას და 2000 წელს გამოსცა თავისი მეორე კრებული ,,ერთი ზემოთ და ერთი ქვემოთ” (One Above and One Below) და ისევ აღმოჩნდა კრიტიკოსთა ყურადღების ქვეშ.

 

ეს კრებული, რომლის ქართული თარგმანი საწმუხაროდ არ არსებობს, ერთ-ერთი ბრიტანული ბიბლიოთეკის თაროზე აღმოვაჩინე. იცით, როგორი საკითხავია? მთელი სხეული რომ გტკივა, მუცელი გეწვის, გარეთ გახედვა არ გინდა, იმიტომ რომ მანქანების ხმაური პირდაპირ ნერვულ სისტემას ურტყამს, არ გინდა არაფერი პოზიტიური, მხოლოდ ბრაზი და ბოღმა გახრჩობს, რაღაცების ლეწვა გინდა და თითქოს, ყველაზე აგრესიული მუსიკა გჭირდება, რომ ბოლომდე დაიცალო ემოციებისგან და ბრაზისგან. ამ დროს შემთხვევით იღებ ამ კრებულს, პირველივე სიტყვებს წაიკითხავ და მშვიდდები:

 

,,ვცდილობ წარმოვიდგინო ზღვისფერი ზეცა:
პირველად, სადაც ეს მოხდა -
და რა ხდებოდა, სანამ მანქანით მოვდიოდი?
ახლად შობილი
როგორც ბალახსა და მიწას შორის
დღემდე აღრიცხული ყველა მანძილი.
შედგენილი ყვითელი ფერით
მომაკვდავი ყვითლით.
ტონით - მთელი მსფოლიოს ასაკის.”

 

ერთი შეხედვით საქმიანი, ცოტა მოუხეშავი სახის ნაკვთებიანი პროფესორის მიღმა, რომლის გარეგნული შტრიხები და CV არაფრით ჩამოუვარდება გაყინულ ბიუროკრატებს და რკინისშუბლა დიპლომატებს - სინამდვილეში ძალიან ადამიანური, ძალიან ,,შენიანი” პოეტი დგას. პოეტი, რომელიც საკუთარ ტექსტებს მარილს შეგნებულად არ აყრის, არც გემრიელად კმაზავს მათ, ისე რომ თითები ჩაიტკბარუნო, არც ბოლომდე გავსებს და სწორედ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქცევს მას არტისტად. ,,ანორგაზმული პოეზია”, რომელსაც არ გინდა შეელიო. რომლის კითხვის დროს სულ გინდა მის ლექსებს თავად მიუმატო რაღაც. რომელიც გაძლევს უფლებას მის ტექსტებს ეთამაშო, მისი ტექსტები ჩაასწორო, მისი ტექსტები გადააკეთო. ის გიშვებს საკუთარ სამყაროში და ისე ფრთხილად, არამკაცრად და ბუნებრივად გთხოვს მასთან ერთად აღწერო მანძილები, დროები, სიკვდილისფერი ყვავილები, ზღვასავით მკვდარი და ცისფერი ზეცა, სექსი, რომელიც წვალობს და ვერ მთავრდება, ძალადობა, რომელსაც მსხვერპლი არ ჰყავს. მასთან თითქმის ყველაფერია, ყველაფერი ის, რაც თანამედროვე სამყაროს ხასიათია, და ასევე ყველა სამყაროს ხასიათი იყო, რომელიც კი ჩვენამდე არსებულა. აქ ყველაფერი იმდენად კარგად არის შერწყმული ერთმანეთთან, რომ არასდროს გინდა დამთავრდეს. ყველა ლექსი თითქოს ერთმანეთის გაგრძელებაა და თითქოს არც მთავრდება. მოდით, ასე ვთქვათ - ის ნებას გაძლევს თავად დაამთავრო, გადააკეთო, ითამაშო და დათვრე.

 

ფორმა, რომელიც თანამედროვე პოეზიამ ზედმეტი არეულობით და ექსპერიმენტებით თავადვე ჩაკეტა და ის პროფესიულ მორალს დაუქვემდებარა, რიგ შემთხვევაში კი თავად მოგვევლინა ფორმების ცენზორად, ბელუს შემთხვევაში მთლიანად გახსნილია - ის დაცლილია ზედმეტი მორალისა და სტერეოტიპებისგან, იქ მკითხველი თავად ქმნის საკუთარ ფორმას, რაღაცას ისეთს - ძველებური გარყვნილება რომ ახლავს თან და ზოგჯერ ასე რომ მოგენატრება ადამიანს.