კარის მეზობელი პოეტი
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 12/06/2012
კატეგორია: სტატია


 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

პანთეონის მკვიდრი, ცას აბმული პოეტები ჩვეულებრივმა, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა ტიპებმა ისე ჩაანაცვლეს, როგორც პორნოგრაფიულ ინდუსტრიაში პორნოვარსკვლავები, რომელთა მსგავსი სხეულიც ეკრანს მიღმა იშვიათად თუ ენახა ვინმეს, ჩაანაცვლეს ასევე არაფრით გამორჩეულმა, პატარა გოგოებმა  (The Girl Next Door), რომელიც შეიძლება შენი კარის მეზობელია, შენთან ერთად მუშაობს, რომელიც ყოველდღე გხვდება ქუჩაში... რითმა ისე ჩაანაცვლა სასაუბრო ლექსიკამ, როგორც სილიკონით გაბერილი, ხელოვნური მეგა-ძუძუები ჩვეულებრივმა მკერდმა, შამპანურის ბოკალში რომ მოთავსდება. პოეზიის სასტიკი „რეფორმა“ დიდი ხნის წინ,  ფუტურისტების და დადაისტების შემოგრიალებით დაიწყო, მსოფლიო ომისგან გაპარტახებული კულტურის სცენაზე. აქ ჯერ კიდევ ტიციან ტაბიძე ამბობდა „დადა მანისფესტში“: „უნდა იყო იდიოტი, რომ ძველებურად სწერო ლექსებიო.“ ახლა მითუმეტეს, ორმაგი იდიოტი უნდა იყო, რომ ისევ ისე გააგრძელო ღამეზე და დათრთვილულ ვარდზე გარითმვა, როცა არსებობს ტელევიზია - ეს „კატასტროფის მუზეუმი“, არსებობს ინტერნეტი და მასში აბრაგივით გაჭრილი მემები, რაკეტები თეთრი კურდღლებივით დახტიან კოსმოსში, მიტოვებულ ქალაქებში დაზიანებული რეაქტორების კედლებზე რადიაციით მკვებავი სოკოები იზრდებიან, და არსებობს ქეით მოსი, შეიძლება ხელოვნურად გააჩინონ შავი ხვრელი, მუშაობენ კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, წითელი ფარნების ქუჩაზე უკვე რობოტი მეძავის მომსახურებით შეგიძლია ისარგებლო, არსებობს ALICE (A Large Ion Collider Experiment), არსებობს დიდი ადრონული კოლაიდერი და არსებობს პროტონივით აჩქარებული გივი სიხარულიძე.

 

ესაა - ინტერვიუ ზაზა კოშკაძესთან (კოშკასთან),  კარის მეზობელ პოეტთან. კოშკას პოეზია პოსტ-კონფესიური სტილისაა. ამავე სტილის ქართველი პოეტებიდან შეგვიძლია ზურა ჯიშკარიანი და მაია სარიშვილი გამოვარჩიოთ. სხვა არ მახსენდება. კოშკასთან ერთ-ერთი შეხვედრისას, ერთმა „ღვაწლმოსილმა“ ქართველმა პოეტმა და დრამატურგმა მისი ლექსების მოსმენის შემდეგ ნიშნისმოგებით იკითხა: „კი მაგრამ მარადიული ღირებულები?“ კოშკამ კი უპასუხა: „რა მარადიული ღირებულებები? მამაჩემი ციხეში იჯდა, საერთო საცხოვრებლად გადაკეთებულ ეკლესიაში ვცხოვრობ, რომლის ეზოშიც საფლავებზე ადამიანის ძვლებით ვთამაშობდი და კიტრის ნაფრცქვენს ვჭამდი. რომელი მარადიული ღირებულება? სად არის მარადისობა?“ - დღეს თუ შეიძლება „მარადიული ღირებულებებზე“ ვილაპარაკოთ, მათი აღმოჩენა სწორედ ისეთ კითხვებშია შესაძლებელი, რომელიც კოშკამ  იმ ძველ პოეტს შეუბრუნა. ეს - მოულოდნელია. სწორედ ეს მოულოდნელობა გვიჩენს იმის სურვილს, რომ ისევ მივუბრუნდეთ პოეზიას.

 

კოშკა, ცოტა ხნის წინ პრაღის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე იყავი, მანამდე კი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალი იყო. მოკლედ რომ მოგვიყვე ამის შესახებ...

 

პირველად იყო პოეტ-მთარგნელთა ვორქშოპი ბრატისლავაში, რომელზეც ძალიან შემთხვევით მოვხვდი, 2010 წლის სექტემბერში. ეს იყო ჩემი ყველაზე პირველი და ყველაზე რთული ლიტ.მოგზაურობა. იქ ორგანიზაცია „Litcentrum”-მა მიმიწვია. ჩემ გარდა იყვნენ მწერლები შოტლანდიიდან, უელსიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და თავად სლოვაკეთიდან. ძალიან საინტერესო ვორქშოპი გამოვიდა, ბევრი ვიმუშავეთ, ვიარეთ კუბურ ბარში, ვსვით ვისკი და ა.შ.

 

ბევრი საინტერესო რამე მომცა ამ ვორქშოპმა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ საკმაოდ გამოცდილი ადამიანები კურირებდნენ მთელ პროცესს. მათ შორის, შოტლანდიის „პოეზიის ბიბლიოთეკის“ დირექტორი რობინ მარსაკი, შოტლანდიელი პოეტი ტომ პოუ და უელსელი პოეტი, მთარგნელი და კარდიფის უნივერსიტეტის, ლექტორი კრეატიულ წერაში რიჩარდ გვინი, რომლის რომანიც „გაქცეული ძაღლის ფერი“, 2005 წელს, წლის წიგნად დასახელდა ბრიტანეთში. ასეთ ადამიანებთან ერთად ჩემსავე ტექსტებზე მუშაობა დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. ასეთი რამე არასდროს მქონია საქართველოში. ძალიან დამეხმარა კონკრეტულად რიჩარდის რჩევა. მან მითხრა, რომ სასვენი ნიშნების ხმარებისგან თავი შემეკავებინა, რადგან ამდენი სასვენი ნიშნის გამოყენება კონცეპტუალურად არ შეესაბამებოდა ჩემს ლექსებს. მეც ავდექი და გავითვალისწინე, თითქმის ყველაფერი გადავარედაქტირე თბილისში დაბრუნებულმა. შთამაგონა კიდეც ამ რჩევამ. ზოგჯერ ფორმას შეუძლია თავად გაგიყვანოს საინტერესო თემებზე, ისევე, როგორც თემებს გაყავხარ საინტერესო ფორმებზე.

 

ცოტა ხნის შემდეგ რიჩარდმა ჩემი ლექსების კრებულისთვის მოკლე აბზაციც დაწერა:

 

მე თითქმის არ ვიცნობ ქართულ ლიტერატურას, მაგრამ ვიცი, რომ შეუძლებელია ზურგზე დადო კარგი პოეტი. ზაზა კოშკაძის ლექსები ისე ხტებიან ფურცლებიდან, როგორც ადგილიდან, სადაც ღამის არსებები, ცუდად განათებულ ქუჩებში დაძრწიან, სადაც სხეულები გაშმაგებული ცახცახებენ ჭუჭყიან თეთრეულში, სადაც გამარჯვებულები დაუკმაყოფილებელი და ოფლიანები არიან, დამარცხებულები კი - მკვდრები, სადაც ურბანული ოცნებები დღის მკრთალი სინათლის გამოჩენისთანავე იწრიტებიან და თავისუფლება არახელსაყრელ გარიგებებს დებს სასოწარკვეთასთან. ზაზა ის ავტორია, რომელსაც თვალი არ უნდა მოაშორო. მისი ლექსები ზეიმობენ სიცოცხლეს და ლანძღავენ მას, კერუაკის და ბუკოვსკის სულები მის კისერთან სუნთქავენ, რომ ეს „მამაცი, ახალი მსოფლიო“ დაიპყროს.

 

ერთი თვის შემდეგ უკვე სტამბულში წავედი ორგანიზაცია LAF-ის(literature across frontier) მოწვევით. ეს ორგანიზაცია Litcentrum-ის პარტნიორია და მათი მეშვეობით გაიგეს ჩემზე. იქ ძალიან ბევრი მწერალი იყო მოწვეული. უამრავი. იქ იყვნენ მწერლები ისრაელიდან, ხორვატიიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, სლოვენიიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და სხვა... ბევრი ძალიან კარგი ივენთი ჩატარდა ამ პროექტის ფარგლებში. ყველას ვერ ჩამოვთვლი. თუმცა საინტერესო ისიც იყო, რომ ერთ-ერთ ბარში არნონ გრუნბერგს და ეტგარ კერეტს გადავეყარე. გვერდიგვერდ მაგიდებზე ვისხედით. კერეტი ისე წავიდა ვერ მოვასწარი გაცნობა. გრუნბერგის გაცნობა მოვახერხე, ცოტა ხანს ვილაპარაკეთ კიდეც იმ მრავალსართულიანი ბარის აივანზე. მეორე დღესაც უნდა შევხვედროდით წიგნის ბაზრობაზე, მაგრამ რატომღაც ვერ გამოვიდა, ერთმანეთს ავცდით როგორღაც.

 

 

 

 

ბოლო ევროტური უკვე თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ მქონდა, ამ წლის მაისში. ისევ LAF-მა (literature across frontier) მიმიწვია პრაღის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, სადაც საპატიო სტუმარი რუმინეთი იყო. ამ ფესტივალის მთავარი თემა შავი ზღვის რეგიონი იყო, რაც თავისთავად გულისხმობდა საქართველოსაც. რამდენიმე დებატი გაიმართა და საჯარო დისკუსია ამ რეგიონის ლიტ.პროცესების გარშემო, სადაც მონაწილეობდნენ მწერლები თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. საქართველოდან - გურამ ოდიშარია, რომელიც თბილისში, აეროპორტის გზაზე ავარიაში მოყვა და პრაღაში ვეღარ გაფრინდა. ამის გამო მის გარეშე ჩაიარა ამ დისკუსიამ. მასში მონაწილეობდნენ მწრელბი: ლუდმილა ულიცკაია, - რუსეთიდან, ანტონ სანჩენკო, - უკრაინიდან, კალინ ტერზისკი, - ბულგარეთიდან.

 

პრაღაში ჩასვლამდე ორგანიზება გაუკეთდა ჩვენი ლექსების თარგმნას ჩეხურად, რომელიც შემაჯამებელ საღამოზე წაიკითხეს ჩეხმა მსახიობებმა. ჩემი ლექსები ქართულიდან ვაცლავ ჩერნის უთარგმნია, რომელიც ერთადერთი ჩეხი ქართველოლოგია, პროფესორი და მთელი ამბავი... საკმაოდ გაუჭირდა როგორც მითხრეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი სამწერლო ლექსიკა შორს დგას იმ აკადემიური ქართულისგან, რომელსაც ის მართლა ძალიან მაგრად ფლობს.

 

ქრონოლოგიურად რომ მოვყვეთ, ჩასვლის დღეს პრაღა დავათვალიერეთ, საკმაოდ ციოდა, რამდენიმე ბარში შევიხედეთ, ერთ ლიტ.საღამოზეც მივედით და უკე მთავრდებოდა და აღარ დავესწარით. მეორე დღეს გაიხსნა წიგნის ფესტივალი, საღამოს ამ ფესტივალის გახსნის ბანკეტი ჩატარდა კაფე "ლუვრში" რომელიც ძალიან ცნობილია იმით, რომ იქ ხშირად დადიოდნენ ცნობილი მწერლები.

 

სხვა ქართველი მკითხველისთვის ცნობილი მწერლები თუ იღებდნენ მონაწილეობას ამ ფესტივალში?

 

ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მკითხველისთვის ვინმე იყო ცნობილი, ჩვენ სათანადოდ  ვერ მივდევთ ლიტ.პროცესებს. ისე, ლუდმილა ულიცკაია იყო ყველაზე ცნობილი, ბუკერის ნომინანტია. ასევე კალინ ტერზისკი, ბულგარეთიდან, რომელსაც ევრო კავშირის პრიზი აქვს აღებული მოთხრობებში. საკმაოდ ცნობილია, თავის ქვეყანაში მაინც, ყოფილი ფსიქიატრი და ალკოჰოლიკია.  და ამ თურქებსაც რაღაც პრიზები აქვთ აღებული, მარა მაგათ რა დაიმახსოვრებს, საშინლად რთული დასამახსოვრებელია მაგათი პრიზების დასახელებები.

 

ზოგადად ასეთი ფესტივალის პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, რას იტყვი რა მნიშვნელობა აქვს ასეთ მოვლენებს, ლიტერატურის განვითარებისთვის?

და პირადად შენთვის?

 

ასეთი ფესტივალები ლიტერატურის მიმართ ინტერესს აღვიძებს საზოგადოებაში. ასევე მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ ურთიერთობები მყარდება, რომელიც ბევრ რამეში გეხმარება. კონტექსტის შეგრძნებას გიჩენს, რაც ყველაზე მთავარია. ასეთი გრძნობა გეუფლება ყოველ შემთხვევაში. თავდაჯერებას გმატებს როცა ელაპარაკები სხვა მწერლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ხედავ მათ და მათ გვერდით ხარ, საუზმობ, სადილობ, ვახშმობ და ღამის კლუბში პატარა გოგოებს ეცეკვები, გეჩვენება, რომ უკვე გაქვს შენი პატარა ადგილი ამ უზარმაზარ სივრცეში, სადაც მილიონი შენსავით მონდომებული წერს რაღაცას. სულ ცოტა პერსპექტივა მაინც გაქვს, რომ იპოვნო შენი ადგილი მსოფლიო კონტექსტში. ასეთ მომენტებში ეს სიტყვა ისეთი მითიური აღარ გეჩვენება, როგორც თბილისში, სადღაც სახინკლეში თუ სახაშეში მჯდარი, როცა შენს თავზე ფიქრობ. ან იმაზე, რაც დაწერე. ან იმაზე, რის დაწერასაც აპირებ.  უფრო გაბედული და თამამი ხდები, რადგან გისმენენ ადამიანები და ინტერესდებიან რა მესიჯებით „გამოდიხარ სცენაზე“, და რამდენად გადმოსცემს შენი პირადი მესიჯები, შენი ქვეყნის მთავარ პრობლემებს, აი ეს ყველაზე მეტად აინტერესებთ. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მწერლები ჩვენ თითქმის არ გვყავს, ან მე არ ვიცნობ. ვერც ჩემი ლექსები გამოდგება იმად, რომ ქვეყნის კულტურული სოციალური მდგომარეობა გადმოსცეს, ზუსტად და სიღრმისეულად. თუმცა შეიძლება რაღაც აქვს საერთო იმას, რასაც ვწერ იმასთან, სადაც ვცხოვრობ, რადგან, ერთხელ ზუსტად რიჩარდ გვინმა მითხრა ასეთი რაღაცა: - „ის სამყარო, რომლებსაც ლექსებში აღწერ ძალიან სახიფათოა...“ პატარა პაუზის შემდეგ მკითხა: - „საქართველოში ცხოვრება სახიფათოა?“

 

 

 

 

მსოფლიო კონტექსტზე ლაპარაკობ, შეგიძლია მითხრა ზოგადად რა ტენდენციებია მსოფლიო ლიტერატურაში, ისეთი ფართო კითხვაა გაშლილი ქოლგა შეეტევა, მაგრამ ვგულისხმობ რა აქვს საერთო ჩვენს კონტექსტთან, არის თუ არა მინიშნებები რომ ქართული ლიტერატურა საინტერესო გახდეს დანარჩენი მსოფლიოსთვის, დასავლური ტენდენციები აქაც გააქტიურდეს და რა კეთდება ამისთვის ან რა უნდა გაკეთდეს.

 

ყველაზე ცხადად ის იგრძნობა, რომ დასავლეთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზენტაციას. ვგულისხმობ პუნლიკისთვის ავტორის მიწოდების კულტურას. იქ ასე არ ხდება, რომ ვიღაც გამოდის და ამბობს: - ეს არის ზაზა კოშკაძე, რომელიც წერს ლექსებს და ხანდახან პროზას. დიდი მნიშნვნელობა აქვს იმას, თუ რომელ სუბკულტურულ თუ ზოგადად კულტურულ ველზე ხარ ამოსული. ამას მწერლებიც ხვდებიან და ამიტომ ძალიან აშკარა მინიშნებებს იძლევიან თუ ვის ენათესავებიან ენითა და სტილით, ვის მსიფლმხედველობით და ა.შ. მაგალითად ჩემი წარდგენისას თქვეს: ზაზა კოშკაძე არის პოეტი და მთარგმნელი საქართველოდან, რომლიც ენათესავება ბუკოვსკის, თარგმნილი აქვს პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“ და ახლახანს დაამთავრა, პირველი ქართული ვამპირული რომანი, რომელიც არის სატირა, გენდერულ თემატიკაზე. ხო ხვდები, ეს რას ნიშნავს? აბსოლუტურად გასაგები გახდა მსმენელისთვის თუ ვინ ვარ მე. ამის გარეშე არაფერი ხდება. არსად. ეს დამოკიდებულება უკვე დიდი ხანია აღარ არის ტენდენცია. ეს - უკვე კულტურაა.

 

საქართველო და ზოგადად ჩვენი რეგიონი, - შავი ზღვისა და კავკასიის, - ძალიან საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის, და სამწუხარო ის არის, რომ მათ არაფერი იციან ჩვენზე. ამის მიზეზი სწორედ, დროის და ჩვენი კულტურული ყოფის ადეკვატური ტექსტების ნაკლებობაა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს ასეთი პოპულარული დაკარგულ ტერიტორიებზე წერა. ამის ჩვენს მთავარ პრობლემად წარმოჩენა ძალიან დიდი სიყალბეა, იმიტომ რომ უკვე გაიზარდა, დაოჯახდა და შვილები სასწავლებლადაც გაუშვა საზღვარგარეთ იმ თაობამ, რომელსაც საერთოდ ყლეზე კიდია დაკარგული ტერიტორიები. ის მას არც არასდროს ქონია. ეს თაობაა უკვე რეალობა და არა ნოსტალგია სოხუმში გაზაგრულ რუსის ნაშებზე. ამაზე კი არავინ წერს. არავინ წერს რეალურ პრობლემებზე. ეს პატარა მაგალითია იმისა, თუ როგორ არასწორად ხდება ქვეყნის რეალობის წარმოდგენა ლიტერატურაში. ვერაფრით  დავიჯერებ, რომ ქართველი ადამიანის პრობლემა ისაა, რომ სოხუმში ვერ დადის. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ამხელა ინტერესი იყოს ქვეყნის მიმართ და ქვეყანას არაფერი არ ჰქონდეს ამის საპასუხოდ. კულტურა ასე დუმდეს და ლიტერატურა იყოს ასეთი უინტერესო. თან მაშინ როცა თემების წვიმაა რასაც ქვია. მე პირდაპირ მითხრეს, -დაწერე რამე, რაც გაგვაცნობს საქართველოს ჩვენ არაფერი არ ვიცით თქვენზეო.

 

პრაღაში კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მქონდა, მანამდე ალექსანდრა ბუხლერი, LAF-ის დირექტორმა მითხრა, რომ ერთი ჩეხი მწერლის გაცნობა უნდოდა ჩემთვის, რომელიც აუცილებლად მომეწონებოდა. ეს აღმოჩნდა იაჰიმ ტოპოლი, რომელიც დღეს ერთერთი ყველაზე წარმატებული ჩეხი მწერალია. თანაც პრაღის მიწისქვეშეთს წარმოადგენს. ძალიან საინტერესო ავტორია. ცოტა ვილაპარაკეთ, თავისი სავიზიტო ბარათი მომცა, რომ ერთმანეთთან მიმოწერა გვქონოდა. ასევე ძალიან მომეწონა, უკრაინელი მწერალი, ანტონ სანჩენკო. ყოფილი მეზღვაური. არანორმალურად საინტერსო იყო მისი მოსმენა დებატებისას, შავი ზღვის რეგიონის თემაზე.

 

ჩვენი შემაჯამებელი საღამო ჩატარდა კაფე-გალერია „მონმარტრში“. მაგ საღამოს ბოლო გამომსვლელი ვიყავი, ჯერ ლექსები წავიკითხე, ინგლისური თარგმანები სლაიდით მიდიოდა, როცა მსახიობები ჩეხურ თარგმანებს კითხულობდნენ. ვატყობდი, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ. წინასწარ მაფრთხილებდნენ, რომ ჩეხი მსახიობი გოგო ძალიან ღელავდა რეპეტიციაზე, შენი ლექსების გამოო, ვერ წარმოედგინა, თუ მასეთ სკაბრეზულ ტექსტებს ოდესმე პუბლიკას წაუკითხავდაო, თუმცა საბოლოოდ მშვენივრად წაიკითხა. დიდად არ ეტყობოდა ნერვიულობა. შემდეგ ვიმღერე და ამით დასრულდა საღამო.

 

ბოლოს იყო - After party.

 

პ.ს. დღეს რაც ხდება ეს პოეზიის გიჟური After party-ია.