LPM 2012 Rome
ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი
 
თარიღი: 14/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

ცოტა უცნაური იყო როცა LPM - ის მოწვევა მოგვივიდა და აღმოვაჩინეთ, რომ ამბავი რომში ხდებოდა.


LPM, ანუ Live Performers Meeting, ფესტივალია, სადაც იკრიბებიან ვიზუალმეიქერები, ვიჯეები, არტისტები, რომლებიც თანამედროვე ელექტრონულ ვიზუალურ ხელოვნებას აკეთებენ. რომში და საერთოდ იტალიაში, ეს ყველაფერი დიდად პოპულარული და განვითარებული არაა, ამიტომ იყო უცნაური.

მცირე ელექტრო რევიუს გავაკეთებ: ჩემი ახალჩასული თვალით, რომში ყველაზე ელექტრონული რაც შეიძლება იპოვო მეტროპოლიტენია, რომელიც უნიკალურია როგორც ვოლტაჟით, ასევე ამპერაჟით. კარგ კლუბს, სადაც კარგ ელექტრო მუსიკას უკრავენ მარტივად ვერ ნახავ. ძალიან თუ გაგიმართლებს, შეიძლება ვინმე ჯიგრების 'ფრაივათ ფართის' გადააწყდე, ან ზღვის სანაპიროზე იღლაბუცებ გაურკვეველ მუსიკალურ ადგილზე, ქორფა სტუდენტებთან ერთად. თუ ზღვა მოგინდა, იქვეა და მატარებელი ოციოდე წუთში მიგიყვანს.

 

 



აეროპორტიდანვე ვინც ჩემი ყურადღება მიიქცია, შემდეგ პლანეტ ალფეუსში, ელპეემის ვენიუში დაგვხვდა. სასიამოვნო იყო ინტუიციის ხარისხის დადასტურება და ჩვენიანების გარემოცვაში მოხვედრა, რაც მაგრად ჭირს ტურისტებისგან აოხრებულ რომში.

500-ზე მეტი ვიზუალ არტისტი 44 ქვეყნიდან ერთად! წარმოიდგინეთ, რა მაგარი ზეიმია. პლანეტ ალფეუსის შვიდ დარბაზში პარალელურად მიმდინარეობდა ვიჯეი ბეთლის ლექცია სოფტვეარზე, ლექცია ჰარდვეარის გამოყენებასა და აგებულებაზე, ინტერაქტიული ელექტრო ინსტალაციების გამოფენა, შოუ, სადაც ცოცხალ პერფორმანსს ელექტრო ელემენტები ემატებოდა და ცოტა გაურკვეველი საინტერესო რაღაც გამოდიოდა, მობნელებულზე კი ალფეუსის კედელზე 3D პროექციების გამოფენა ეწყობოდა.

ყველაზე სასიამოვნო მომენტად მახსენდება პატარა ვაგონი, რომელიც იქვე იდგა და სასმელს ფესტივალის ბარზე იაფად ყიდდა.

 

 

 


ფესტივალის მთავარი და ყველაზე ლამაზი ნაწილი მაინც ვიჯეების გამოსვლა იყო. გერმანელი და ჰოლანდიელი არტისტები პრაქტიკულად მასტერკლასს უჩვენებდნენ ყველას, ვინც იქ დასაკრავად ჩამოვიდა. უფრო მაინც ჰოლანდიელები სჯობდნენ, იმიტომ რომ ამ დარგის ხელოვნებაში ისინი მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგრები არიან. ტენდენციები ვიჯეინგში ჰოლანდიაში იქმნება და შემდეგ გერმანიის გავლით მთელ მსოფლიოს მიეწოდება.

მეორე დარბაზში, სადაც ცოცხალი და ელექტრო ერთმანეთს ერეოდა, ძირითადად, მე ასე დავარქმევდი, ხალტურას ჰქონდა ადგილი. I wanna call it art რაღაცნაირად. მაგალითად, წარმოიდგინე, ორი 'კუპალნიკიანი' გოგო, რომლებიც მოშიშინე ეკრანის ფონზე სცენაზე გორავენ და ტელევიზორისგან მიღებულ სტრესს გამოხატავენ. ეს ყველაფერი გრძელდება 20 წუთს და არ აქვს განვითარება.

 

 

 

რამდენიმე გაუგებარიდან კიდევ ერთი დამამახსოვრდა. ბენდი, რომელიც შედგებოდა სოლო გიტარისტისგან, დრამერისა და ვიჯეისგან. გიტარისტს ეცვა ფეხბურთის ფორმა და უკრავდა, დრამერიც უკრავდა და უკრავდა... საერთო ჯამში ჩემი საყვარელი დაუნთაუნ 81 გამახსენდა, თავისი ექსპრესიული იმ დროინდელი ვარსკვლავებით არაჰარმონიულობით რომ ცდლობდნენ თვითგამოხატვას. ეს ვერსია უფრო პაროდიული იყო.

ერთი დიდი მინუსი LPM-ის ის იყო, რომ უბრალო მაყურებელი არ ჰყავდა. ის, ვისთვისაც სინამდვილეში იქმნება ასეთი ვიზუალი. ყველა არტისტი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო თავის თავზე და საერთოდ ფეხებზე ეკიდა სხვისი გამოსვლა. ვიჯეი ბეთლის გარდა მაყურებელი თითქმის არც ერთ შოუს არ ჰყავდა, ძირითადად ორი სამი მეგობარი იდგა გამომსვლელების წინ და ვიდეოს იღებდა.

 

 



განსხვავებით წინა 'ელპიემისგან', რომელიც მინსკში ჩატარდა, რომის ვერსია ბევრ რამეში მოიკოჭლებდა. ორგანიზებაშიც, ადგილშიც, ფართიშიც... მინსკმა თავისი სოციალისტური 'დუხით' აშკარად გადაძალა ელექტრო ამბებში გაურკვეველი რომი.

საერთო ჯამში ფესტივალმა თავისი საქმე შეასრულა და 500-ზე მეტი არტისტი ერთმანეთს შეახვედრა, გააცნო, ერთმანეთის ოსტატობა აჩვენა. მომავალი, ოქტომბრის LPM, უფრო დიდი და მაგარი იქნება იმიტომ, რომ მექსიკაში ჩატარდება. ქვეყანაში სადაც ელექტრო არტი ყვავის და იფურჩქნება.  

მინდა, რომ მექსიკის შემდეგ LPM თბილისშიც ვნახო. ნამდვილად წაადგება ჩვენს ქვეყანას, სადაც ოთხად-ოთხი ვიჯეი თამამად დააბიჯებს თბილისის ფართო ქუჩებში.