ჩემი წიგნი
შოთას სხვენი
 
თარიღი: 15/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ შოთას სხვენი

 

 

სულ მეცინება იმ ადამიანებზე, წიგნთან ურთიერთობის რომანტიზაციას რომ ცდილობენ. რომ აღწერენ უცნაურ მეტამორფოზებს: სპეციფიკური არომატის, უფრო სწორად, მტვრის შეყნოსვით მოგვრილ თრობას; ნაზ, ხაოიან ფაქტურაზე ხელის გადავლებით მიღებულ სიამოვნებას. მგონია, წიგნს იმიტომ კითხულობენ, რომ ფული არ ჰყოფნით კოკაინის ასაღებად ან ბორდელში წასასვლელად.

 

ჩემს შემთხვევაში სხვაგვარადაა – აქეთ მე ვარ, იქით მხატვრული ტექსტი. წიგნი კი საუკეთესო შემთხვევაში უბრალო მედიუმია, ხოლო უარეს შემთხვევაში – აბეზარი თანამგზავრი ჩემს კუპეში, კონცენტრირების საშუალებას რომ არ მაძლევს თავისი ბლუყუნით (უნიათო პოლიგრაფიას ვგულისხმობ). მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა ხელში რა მეჭირება – წიგნი, აიპედი თუ ქინდლი. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ორი უკანასკნელი წიგნს მირჩევნია კიდეც – უფრო მსუბუქია, ტევადი და გვერდების ჩაკეცვაც აღარ მიწევს კარგი მეტაფორების მოსანიშნად.

 

მაგრამ უნდა გამოვტყდე: თაროზე მოკალათებული წიგნის ზურგს რომ დავინახავ ხოლმე, მინდება გავუსწორდე და, შეუმჩნევლად, გვერდიდანაც შევათვალიერო – იქნებ ვიცნობ. სახელის ხსენებაზე კი ყურებს ვცქვეტ ენერჯაიზერის დასაქოქი ბაჭიასავით, ეგება მეგობარზე ამბობენ რაიმე ცუდს. ხომ იცი, კარგი წიგნი შენს თაროზე ერთადერთია იმ მეგობართაგან, ვინც შენგან პირი იბრუნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძმაკაცია. მაინც, რაღაცნაირად ახლობელია.

 

ყველაფერი პაპაჩემის ბრალია. როცა მომდევნო სულელურ კითხვას დავუსვამდი – წიგნს გადმოიღებდა, სათვალეს მოირგებდა და ჩაიხედავდა ხოლმე, თითქოს პასუხი იქ ამოიკითხაო. მეც ერთი სული მქონდა კითხვას როდის ვისწავლიდი, მაგრამ როდესაც ვისწავლე „პასუხებიანი წიგნების“ ნაცვლად, ზღაპრებს მივეძალე. ერთი სერია იყო, გემახსოვრებათ, საბჭოთა საქართველოში გამოცემული – ლატვიური, სკანდინავიური, ესტონური და ა.შ. ზღაპრები. ამათ გარდა არაფერს ვკითხულობდი, აღარაფერი მაინტერესებდა. ახლა რომ ვფიქრობ, არც მიკვირს. ჩემს ბავშვობას ხომ სააღლუმოდ გამოწვრთნილი სალდაფონივით უწყობდა ფეხს სამოქალაქო ომი და სხვა სოციალური კატაკლიზმები. რეალობისგან გაქცევის საქმეში, ჩემს თაობასთან შედარებით, ჟილ დელიოზიც ნაღდი დილეტანტია.

 

როცა ღრუბლებში გაშენებული ზღაპრული ციტადელებიდან, ნებით თუ უნებლიედ, „წარმატების“ და „ლუზერების“ სამყაროში მოვადინე ბრაგვანი, ფანტაზიები უკან მომრჩა. ლიტერატურა კი ჩემთვის სხვა არაფერი იყო თუ არა ფანტაზია და, შესაბამისად, ისიც სხვა სათამაშოებივით მივატოვე და მივივიწყე, როგორც ასაკისთვის შეუფერებელი რამ. მერე სტანდარტული ამბავია: ოჯახურ კონსილიუმზე შერჩეული ეკონომიკური ფაკულტეტი, ბანკები, ფინანსები. მეორე კურსზე უკვე „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ვმუშაობდი. სხვათა შორის, „ლატენტური კომუნისტისთვის“ უჩვეულო ვოლ-სტრიტული ალღო გამოვავლინე და, ორი წლის განმავლობაში დაბალი თანამდებობიდან ფინანსური დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტობამდე ავცოცდი. მეგონა დამკაში გავედი. მეგონა რელსებზე მყარად ვიდექი, თუმცა ეს ფილიგრანული წესრიგი და არცოდნის იდილია არ დამცალდა. ჰო, მომაგნო. მომაგნო, როგორც წარსულიდან საშველად გამოგზავნილმა ტერმინატორმა. მომაგნო და თავდაყირა დააყენა ყველაფერი. „არ ვდარდობ, რომ არ ვიცი როდის მოვა აისი, მე მაინც ვაღებ ყველა კარს“ – ლამაზად თქვა დიკინსონმა. ჩემს შემთხვევაში, ამ ავბედით აისს სულ ფეხებზე ეკიდა ღია მქონდა თუ არა კარი – წიხლით შემოვიდა. ასე და ამგვარად, ჩემი მეორე ნაცნობობა წიგნთან ლამაზი სამყაროს შენება კი არა, პირიქით, სკურპულოზურად ნაშენები სამყაროს ნგრევა იყო.

 

როგორც გუშინ ისე მახსოვს – მოდის ჩემი მეგობარი და მაჩვენებს ჯეკ კერუაკის ჰაიკუს. ვდგავარ ნაპირზე და ვხედავ როგორ მოიწევს ჩემკენ ცუნამი. გაქცევას აზრი არ აქვს, შანსი არაა გაასწრო. ისღა დაგრჩენია მშვიდად დადგე და უცქირო ამ სილამაზეს, სანამ წაშლის ყველაფერს, რასაც ხედავდი. დაფარავს ჩვეულ ჰორიზონტს, მოგიტაცებს და წაგიღებს სადღაც, სხვაგან. არ ვიცი სად, მაგრამ ვიცი საიდან წამიღო – „ყაზტრანსგაზიდან“. მალე, ექსელის ნაცვლად, ვორდს დავუმეგობრდი, ხელმძღვანელების ნაცვლად – გამომცემლებს. ქეშ-ფლოუს ნაცვლად რეცენზიების, კომენტარების და ისტორიების წერა ვისწავლე. ცოტა მეც წავიფართხალე პოეტურ ამბავში, მაგრამ მერე მივხვდი, რომ წერა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ღირს – თუკი აღმოვაჩენ, რომ ბუნებაში არ არსებობს ისეთი წიგნი, რომლის წაკითხვაც სიგიჟემდე მინდა.

 

თქვენ კიდევ მეუბნებით წიგნის სუნიო, წიგნის გემოო. სუნმა არ მაიძულა ცხოვრების რამდენიმე წელი უნიტაზში ჩამერეცხა. წიგნი ტაქტილური სამყაროს მიღმაა. ჩემთვის წიგნი უფორმო სიმბოლოა, როგორც ორუელისეული „დიდი ძმა“. დაგატერორებს, მძევლად გაქცევს და თან სტოქჰოლმის სინდრომს განგივითარებს – მელას საკუთარი მახრჩობელა უყვარდაო…