„ჰამლეტიკა“ - აშლილი ფიქრები ყოფნა-არყოფნაზე
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 24/06/2014
კატეგორია: რეცენზია

 

„ეს არ არის სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს სჭირდება...“

„ჰამლეტიკა“ - აშლილი ფიქრები ყოფნა-არყოფნაზე

@ ლაშა ჩხარტიშვილი

თითქმის ერთფეროვან თანამედროვე ქართულ სათეატრო სივრცეში მცირედით უცხო ნაწარმოების გამოჩენა მწვავე კრიტიკის საგანი ხდება. ამას უკვე მივეჩვიეთ, ვამბობთ: - „არ მომეწონა!“ და აქვე ვამთავრებთ „დისკუსიას“. ბუნებრივია, როცა ნაწარმოების შექმნელები წესებს, ტრადიციებს, კანონებს არღვევენ და რაღაც უჩვეულოს, ფართო მაყურებლისთვის ახალს გვთავაზობენ, ჩვენში უმალ წინააღმდეგობის ვნებებს აღძრავს, თუ არა და, მინიმუმ კონუქტურობის განცდებს იწვევს. კარგად მახსოვს, სამად გაყოფილი სათეატრო საზოგადოება მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლების ხილვის შემდეგ. ერთნი კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, მეორენი არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ პოზიციას არ ასაჯაროებდნენ და მესამენი, რომელიც კარგად იგებდნენ რეჟისორის ჩანაფიქრს და სწორედ, ამ გადასახედიდან აანალიზებდნენ სპექტაკლს. დაახლოებით ამ ტიპის სპექტაკლი დაიდგა ახმეტელის თეატრში იტალიელი ქორეოგრაფისა და რეჟისორის მორგანტე ნარდის მიერ, რომელიც ტრადიციული ქართული თეატრისთვის უცნაურია ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, სპექტაკლი ჟანრობრივად ფიზიკურ თეატრს უახლოვდება, თუმცა რეჟისორი მას „ცეკვა-ინსტალაციას“ უწოდებს, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს (პირდაპირი გაგებით) არც ცეკვასთან და არც ინსტალაციასთან.

სპექტაკლის ტექსტზე იტალიელმა ფილოსოფოსმა ვალერია ლუკონმა და მსახიობმა ტიციანა მარსილი ტოსტომ,  რეჟისორთან ერთად, იმუშავეს.  მათი პიესა  „ჰამლეტიკა“  უილიამ შექსპირის,  ჰაინერ მიულერის, კარმელო ბენესა  და დევიდ ბოულის ტექსტის მიხედვით არის დაწერილი, რომელიც წარმოადგენს განცდებსა და ფიქრებს „ჰამლეტში“ დასმული მარადიული პრობლემების ირგვლივ. აქ, მთავარია, მსახიობის განწყობა და მისი შინაგანი განცდა. შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ არც შექსპირულ მასშტაბს და არც სიუჟეტურ თანმიმდევრობას. მთელი სპექტაკლი ერთ გრძელ ზმანებას ჰგავს, რომელიც რეალურად, სამზადისია სპექტაკლის დაწყების წინ (წარმოდგენის ფინალში მსახიობი სპექტაკლის სათამაშოდ ემზადება; ფინალი რეალურად დასაწყისია).

სხვადასხვა ფილოსოფიური მოძღვრება და თეორია ერთი საათის განმავლობაში მოკლე ტექსტურ-ხმოვანი შეტყობინების სახით მიეწოდება მაყურებელს. გზადაგზა ვეცნობით სხვადასხვა ტიპის ადამიანებს, რომელთაც ერთი მიზანი და ოცნებები აერთიანებთ. ყველას სურს იყოს თავისუფალი, გახდეს გმირი, მაგრამ ეს ასე იოლი როდია.

 

მორგანტე ნარდის მონო სპექტაკლი ერთ მთავარ გმირზეა აგებული. მთავარი გმირი ძლიერი განცდების მოაზროვნე ქალია. ამ როლს სოხუმის თეატრის მსახიობი ნანა ხურითი ასრულებს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ნიჭიერებით, დრამატიზმითა და პროფესიონალიზმით. მსახიობის მხრიდან ექსპერიმენტებში ჩართვა, თავისთავად დადებითი მოვლენაა, რომელიც, პირველ რიგში, მისი შემოქმედებითი დიაპაზონის და თვალსაწიერის გაზრდა-გაფართოვებაზე აისახება. ვერ ვიტყვი, რომ ამ სპექტაკლში ნანა ხურითს ბოლომდე აქვს გათავისებული ტექსტი-თქო, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელსაც მსახიობი პარტნიორებთან ერთად (გიგი მიგრიაული, გიორგი გასვიანი, ანდრია გველესიანი) გაივლის.

მსახიობი ნანა ხურითი გვიხატავს ძლიერ, მოაზროვნე ქალს, რომელიც ეტაპობრივად, ლუკმებად, გამიზნული პაუზებით (რომ მოასწორო გაანალიზება), ღრმა შინაგანი დრამატიზმით, მრავლისმეტყველი მიმიკით, სხვადასხვაგვარი განწყობითა და ამოცანით გვესაუბრება მარადიულ პრობლემებზე, რომელიც კაცობრიობამ ჩვენს დროშიც ვერ გადაჭრა. მსახიობის მიერ შემოთავაზებული არატრადიციული თხრობის მანერა და ფორმა, საშუალებას აძლევს მაყურებელს გახდეს დამკვირებელი და მხოლოდ ამ პოზიციიდან შეაფასოს მოვლენები, თეორიები, მოსაზრებები... თანაც ეს ყველაფერი თეატრში ხდება, მაყურებელი რეპეტიციას, ან სპექტაკლის დაწყების სამზადისს უცქერს, თავად მთავარი გმირიც მძიმე რეკვიზიტად გადაიქცევა, რომელსაც სცენის დეკორატორ-მემონტაჟეები დაათრევენ სცენის ერთი ნაწილიდან მეორეში. ამ სამეულს გარკვეული განწყობა და განსხვავებული რიტმი შემოაქვთ სპექტაკლში, რომლებიც გაუცხოების ეფექტს ხსნიან და აახლოებენ მაყურებელს სცენაზე მიმდინარე მოვლენებთან.

 

 

რეჟისორი ორიგინალურ და ირონიულ ფინალს გვთავაზობს, მრავალგზის გასროლის შემდეგ, მზად ხარ, შეგუებული იმ იდეასთან, რომ მთავარი გმირიც თვითმკვლელობით დაასრულებს ცხოვრებას, მაგრამ, გასროლის ხმა აღარ ისმის, პირში გაჩრილი იარაღიდან სხივი ამოანათებს. მეტაფორული თვითმკვლელობა ერთი ციკლის დასასრულია მხოლოდ, რომელიც გრძელდება და საუკუნეების განმავლობაში წრეზე ბრუნავს. 

სპექტაკლის საექსპოზიციო ნაწილი რადიოსპექტაკლს ჰგავს. მსახიობი კულისებიდან მოგვმართავს მაყურებელს: „ყველა მოსყიდულია, უკონტროლო...  ღმერთს არ ძალუძს, რომ შეიცნოს შენი ზრახვანი, და თუ ვერ შევძლებ ჩემი ბედის  გაკონტროლებას,  მომიწევს მუხლმოყრილმა გავატარო მთელი ცხოვრება. თუ ვერ შევძლებ  ჩემი ხვალინდელი დღის განჭვრეტას, თუკი ვერ შევძლებ  ჩემი ცხოვრების ბადის მოქსოვას, მაშინ ჩემი ცხოვრება  იქნება არარაობა.  საჭიროა მქონდეს სქემა, გეგმა! ვეღარ ვახერხებ იმაზე ფიქრს, როგორ უნდა ვიყო კონტროლის გარეშე. ყოველგვარი ბოროტება უკონტროლოა, უკონტროლო  ბოროტება...“

 

„ჰამლეტის“ განცდა-ანალიზის პირნციპზე აგებული სპექტაკლი ნდობადაკარგული, ნიჰილიზმამდე მისული ადამიანის ხმამაღალი ფიქრებია, რომლის „წყალობითაც“ გმირი სიუციზმამდეც მიდის. ის არ იბრძვის ტახტისთვის, მას ის არაფრად უღირს, რადგან ყველა მკვდარია და მაინც, არ იცის არის თუ არა, ის საბოლოოდ თავისუფალი.

კონტრასტების პრინციპზე აგებული მხატვრული განათება, აბსტრაქტული ინსტალაცია (ავტორი გიგა კიტია), თანამედროვე მუსიკალური თემები და ატონალური ხმაურები, დროსა და სივრცეში განფენილი მოქმედება,  ერთდროულად სადა და აკადემიური ტექსტი, მაყურებელთან გაუცხოებული მსახიობები, გეომეტრიული სიზუსტით წარმოდგენილი მიზანსცენები მოძრაობისა და ტექსტის თანხლებით ქმნის მორგანტე ნარდის „ჰამლეტიკას“, რომელიც საგონებელში აგდებს მსმენელსა და მაყურებელს.

 

ასე, რომ:

ნუ გვიკვირს, თუ „ჰამლეტის“ პრობლემებს მსახიობი ქალი წარმოგვიდგენს, რა მნიშვნელობა აქვს დანიის უფლისწული (რომელიც შესაძლოა თითოეული ჩვენგანი ვიყოთ) რომელი სქესის წარმომადგენელი იქნება, მით უფრო, თამარის (და არა თამარ ივერის) ქვეყანაში.

ნუ გვიკვრს, თუ მაყურებელი არ მიასკდება ახმეტელის თეატრის სალაროს ამ სპექტაკლზე ბილეთის შესაძენად, რადგან ჩვენს მაყურებელს უყვარს მზამზარეულის „მირთმევა“ და ეზარება სპექტაკლზე განცდილის გაანალიზება.

ნუ გვიკვირს, თუ ყოველთვის მზად არ ვართ თანმიმდევრულად შევხვდეთ განსხვავებულს, ორიგინალურს, ახალ ინიციატივას, ექსპერიმენტს, მიუხედავად იმისა, რაოდენ არ გვაკმაყოფილებდეს მისი მხატვრული ხარისხი.

ამიტომაც, ნუ გვიკვირს, თუ მთავარი გმირი სცენიდან გულწრფელად გვეტყვის: „ეს არ არის სპექტაკლი, რომელიც მაყურებელს სჭირდება...“

ახმეტელის თეატრში მორგანტე ნარდის „ჰამლეტიკა“ უკვე მესამე კოპროდუქციაა, რომელიც მიმდინარე სეზონში განხორციელდა.