ქართული სპექტაკლების ბაზრობა გრძელდება, ანუ Georgian Showcase
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 06/10/2014
კატეგორია: სტატია

წერილი პირველი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სპექტაკლების პროგრამაა, ე.წ. Georgian Showcase, ერთგვარი ბაზრობა, სადაც თითოეულ ქართულ თეატრს, თანაბარ პირობებში, საკუთარი თავის  რეპრეზენტირების საშუალება ეძლევა. პროდუქციის შეფუთვა, ბაზარზე წარდგენა და მისი რეალიზება, პირველ რიგში, დამოკიდებულია თეატრის  ხელმძღვანელობის ინივიდუალურ უნარ-ჩვევებზე, მოტივირებულობასა და ცოდნა-გამოცდილებაზე. ასეთი ბაზრობა, „დილის შეხვედრების“ სახით, ყოველწლიურად იმართება ქართული სპექტაკლების პროგრამის დაწყების წინ. აღარ მსურს წელსაც განვმეორდე (ვგულისხმობ, ზოგიერთი თეატრის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას „დილის შეხედრებისადმი“), მაგრამ მიწევს. მგონი ზოგიერთი თეატრის ხელმძღვანელი გუნდი ვერ აცნობიერებს „დილის შეხვედრების“ მნიშვნელობას და ფუნქციას, რაც პირველ ყოვლისა, თეატრის იმიჯზე უარყოფითად აისახება. როცა სტენდი, თეატრის დასახელების წარწერით და მათთვის განკუთვნილი დახლი სტუმარს დაცარიელებული ხვდება, რბილად რომ ვთქვათ, უხრხულობას იწვევს. ამჟერად, ასეთი შემთხვევა განსაკუთრებულად ბევრი იყო, რამაც პირველ რიგში რიგ თეატრებს, ზოგადად კი ქართული თეატრის იმიჯსაც ავნო. როცა ჩემს კრიტიკულ აზრს გამოვთქვამ ხოლმე, ყოველთვის მახსენდება, რომ მედალს მეორე მხარეც აქვს და ვცდილობ პრობლემაში გარკვევას. დავუშვათ, ისედაც შეზღუდულბიუჯეტიანმა თეატრებმა (ძირითადად რეგიონებიდან) ვერ გამონახეს სახსრები საპრეზენტაციო მასალების მომზადებისთვის, ვერ გამოყვეს ორი ადამიანის დედაქალაქში მივლინების ხარჯები, ვერ იპოვეს ინგლისური ენის მცოდნე რეგიონში, მაგრამ როცა ხედავ, რომ „დილის შეხვედრებზე“ გაცილებით შორი მანძილიდან, გაცილებით მცირებიუჯეტიანი თეატრები ჩამოდიან, ეჭვები შეუძლებლობების შესახებ მაშინვე ქრება და ბრაზდები თეატრების ზოგიერთი ხელმძღვანელის უუნარობითა და უპასუხისმგებლობით. „დილის შეხვედრები“ კარგად ავლენს (განსაკუთრებით რეგიონის) თეატრების დამოკიდებულებებს ინიციატივებისადმი. მათი ინერტულობიდან გამომდინარე შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთი თეატრი მხოლოდ გეგმის შესრულებაზეა (სეზონზე 4 პრემიერის გამოშვება) ორიენტირებული და თვითგანვითარებაზე არ ზრუნავს.

მეორე საკითხი, რომელიც დიდ ინტერესს ქათული სპექტაკლების პროგრამის მიმართ საზოგადოებაში იწვევს, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის მიერ რეკომენდირებული სპექტაკლებია. ბუნებრივია, სექციის სახელით მე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ ჩემი, როგორც ინდივიდუალური წევრის, შეფასების კრიტერიუმებზე მოგახსენებთ: სარეკომენდაციო სპექტაკლების შერჩევისას მხატვრულ ხარისხთან ერთად, ბუნებრივია, ვითვალისწინებთ იმ ფაქტორებს, რომელიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს არა ქართული, არამედ საერთაშორისო ბაზრისთვის (მაყურებლისთვის). მათ შორის, უპირატესობა ენიჭება პირველ ყოვლისა დრამატურგიას, ინტერპრეტაციას (რაოდენ საკამათოც არ უნდა იყოს ის), სპექტაკლის ფორმას, მსახიობთა შემადგენლობას და იმ ფაქტორებს, რომლითაც გამორჩეულია სპექტაკლი (სცენოგრაფია, მუსიკალური გაფორმება, არავერბალური მხარე, ქორეოგრაფია), ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ქართული თეატრის მრავალფეროვნება, მიმდინარეობები, ფორმები და ზოგადად შემოქმედებითი პროცესი ევროპულ კონტექსტში. ბუნებრივია, ვცდილობთ, რეკომენდაცია გავუწიოთ თანამედროვე ქართულ დრამატურგიასაც, რომელიც გარკვეულ ტენდენციას გამოხატავს. საბოლოოდ, კი მაინც ხმათა უმრავლესობით დგება რეკომენდირებულ სპექტაკლთა ნუსხა.

***

მუსიკისა და დრამის თეატრში ნინი ჩაკვეტაძის „დორეან გრეის პორტრეტი“ (ქართულ ტექსტზე დავით გაბუნიამ იმუშავა) ვნახეთ. დიდებული ავტორის ოსკარ უაილდის რომანის სცენური ინტერპრეტაცია საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის, რომელსაც ამავე სახელწოდების ნაწარმოებიც წაუკითხვას და არაერთი ეკრანიზაცია უნახავს. ბუნებრივია, გარკვეული სტერეოტიპები ჩვენს წარმოსახვაში უკვე არსებობს და მისი მსხვრევა, არც თუ ისე, მარტვია. თუმცა სპექტაკლის მთავარი პრობლემა ეგ როდია, არამედ გაცილებით სხვა და მნიშვნელოვანი. მაგალითად, თხრობის მანერა, ეპიზოდების თანამიმდევრობა, მუსიკალური თანხლება (რომელიც ცალკე აღებული მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ რამდენად ერწყმის მოცემულ ეპიზოდს), ქორეოგრაფიული ჩანართები ... წარმოდგენა მთლიანობაში დაუსრულებლობისა და დანაწევრებული ეპიზოდების გადაბმის შთაბეჭდილებას ტოვებს. მართალია, ცალკეული ეპიზოდები გამართულია, დიალოგები სწორად არის აგებული და მაყურებელზეც ახდენს შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს საკმარისი როდია. სპექტაკლში მუსიკისა და დრამის თეატრის ახალბედა მსახიობები მონაწილეობენ, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და ოსტატობა პერსონაჟების ღრმა ფსიქოლოგიურ-ემოციური ვნებების სხვა მხატვრულ ხარისხში გადმოსაცემად. ერეკლე გეწაძის (დორეანი გრეი), ჯეჯი სხირტლაძის (ჰენრი უიტონი), შაკო მირიანაშვილის (ბეზილ ჰოლოურდი) გვერდით სცენაზე შედარებით გამოცდილი და ამ სცენასთან ადაპტირებული მსახიობები: ეკა დემეტრაძე (სიბილ ვეინი), გიორგი ბახუტაშვილი (ალან ქემპბელი) და გიგი ქარსელაძე (ჯეიმსი) დგანან, მაგრამ ანსამბლურობა არ იქმნება. ერეკლე გეწაძე შესაძლოა კარგი არჩევანი იყო დორიანის როლზე, მაგრამ მის მიერ განსახიერებული გმირი ზედაპირულია და ფასადური, მსახიობი ამ ეტაპზე საკმარისად არ ფლობს ხმის განაწილების  და მიმიკის (როგორც გამომსახველობითი საშუალებების ერთ-ერთ ხერხის) ტექნოლოგიას.  ერეკლე გეწაძის დორიანი მხოლოდ მაშინ არის გულწრფელი და დამაჯერებელი, როცა მსახიობი კი არ თამაშობს განცდებს, არამედ როცა მოდუნებულია და მოშვებული. დიდი ბრძოლა მოუწევს სამომავლოდ შაკო მირიანაშვილს, მისთვის დამახასიათებელი არტისტული მანერულობისა და სტილიზებული საუბრის დასაძლევად, რათა ეს თვისებები სხვა პერსონაჟების განხორციელების დროს არ გადაყვეს ბეზილ ჰოლოურდის მის მიერ შემოთავაზებული სცენური რედაქციიდან. ახალბედა მსახიობებს შორის მეტ მობილიზებას ჯეჯი სხრიტლაძე ავლენს, რომელიც უკეთ და ზომიერად იყენებს მიღებულ გამოცდილებას და ცოდნას გმირის ხასიათის მისეული ვერსიის მაყურებლამდე მისატანად. საინტერესოდ მუშაობს გიორგი ბახუტაშვილი, რომელიც შეფასების გარეშე არ ტოვებს არც ერთ მოვლენას (აქ კი უნებლიეთ მისი გმირის ხასიათს ავლენს), მოცემულ პირობითობას იოლად ირგებს სივრცეში და ყოველგვარი პათეტიკურობის, ვნებათმოძალების გარეშე ხატავს ალან ქემპბელის სცენურ პორტრეტს. გიორგი ბახუტაშვილს უკვე მეორედ მოუხდა პოლოტიკოსის განსახიერება, მაგრამ მსახიობმა იპოვა გმირის განმანსხვავებელი თვისებები და ნიუანსები, რომელიც რადიკალურად განასხვავებს მის გმირს პოლიტიკოსის ზოგადი, მიღებული და სტერეოტიპადქცეული ტიპაჟისგან. სიბილ ვეინის ორიგინალურ მხატვრულ სახეს ქმნის ეკა დემეტრაძე, რომელიც ზომიერად არის ტემპერამენტიანიც და ირონიულიც, იუმორით სავსე და ტრაგიკულიც. თუმცა, ვფიქრობ, მისი არტისტული შესაძლებლობები სპექტაკლში რეჟისორმა ნინი ჩაკვეტაძემ ბოლომდე ვერ „აითვისა“. სპექტაკლის მნიშვნელოვანი, კრეატიული მონაპოვარი სცენოგრაფიული გადაწყვეტაა, რომელიც გიორგი უსტიაშვილს ეკუთვნის. ერთჯერადი, პოლიეთილინის პატარა ჭიქებისგან პირობითად შექმნილი პორტრეტი სპექტაკლში მრავალფუნქციურია, ის ხან თეატრის პარტერია, ხანაც მაგიდა და ხანაც კედელი. მისი სხვადასხვა განზომილებაში სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვით ხილვა კი მოულოდნელობით აღავსებს მაყურებელს. რაც შეეხება სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებას: სპექტაკლში ცნობილი ფრანგი ვარსკვლავის სტრომაეს ჰიტებადქცეული სიმღერები ჟღერს. ქორეოგრაფიული ჩანართებიც სპექტაკლში ესტრადის ვარსკვლავის ვიდეოკლიპების ილუსტრაციას (ციტატებს) წარმოადგენს. თუმცა ლოგიკური დამაკავშირებელი ხაზების დადგენა სიმღერების შინაარსებსა და სპექტაკლში გათამაშებულ ეპიზოდებს შორის თითქმის წარმოდუგენელია. მუსიკალური ფონი (მთელი სპექტაკლის მანძილზე სამი სიმღერის თემა ჟღერს) მხოლოდ განწყობას ქმნის და ის სპექტაკლის კონცეფციას ნაკლებად ეხმიანება. ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლში თავი მოიყარა მუსიკისა და დრამის თეატრის სამსახიობო რესურსის პერსპექტიულმა ჯგუფმა სცენოგრაფ გიორგი უსტიაშვილის ჩათვლით, რომელთაც სამომავლოდ გამოცდილების დაგროვების და ოსტატობის ამაღლების შედეგად ბევრი საინტერესო ნამუშევრის შექმნა შეუძლიათ.

ნინი ჩაკვეტაძე, სპექტაკლით შეეცადა ემხილებინა საზოგადოება, რომელიც მხოლოდ ფარისევლობაზეა დაფუძნებული, სადაც საკუთარი თავი და მდგომარეობა ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში მარჯანიშვილის თეატრისა და Emilia Romagna Teatro Fondazione (იტალია) კოპროდუქცია გოგოლის „შეშლილის წერილები“ ვნახეთ ლევან წულაძის რეჟისურით. როგორც თითქმის ყოველთვის, ამჯერადაც, რეჟისორმა იუმორის მაღალი, დახვეწილი კულტურა, დაუშრეტელი ფანტაზია, კრეატიულობა და სიკეთისკენ დაუცხრომელი სწრაფვა გამოავლინა. ლევან წულაძის „შეშლილის წერილები“ იუმორით, მულტიპლიკაციური ხერხებით და სიმსუბუქით ხატავს ადამიანის სულში დატრიალებული განცდებით გამოწვეულ ტრაგედიას. ასეთ დასასრულამდე კი ის საზოგადოებას და გარემოცვას მიჰყავს. პოპრიშჩიკის და მისი გარემოცვის მსგავსი რეალური ორეულები კი  ჩვენს ირგვლივ ბლომად არიან.

ლევან წულაძის სპექტაკლში ოთხი ქართველი (ზურა ბერიკაშილი, ნიკა კუჭავა, კოკო როინიშვილი,ანა გრიგოლია) და ოთხი იტალიელი (რობერტა დესტეფანო, მასიმო სკოლა, ელეონორა ჯოვანარდი, ლეონარდო ლიდი) მსახიობი მონაწილეობს. სცენაზე მათ შორის ეროვნულობის ზღვარი წაშლილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ინგლისურ, იტალიურ და ქართულ ენაზე მეტყველებენ. ლევან წულაძემ ზუსტად ჩაავლო იტალიურისა და ქართულის შინაგან მუსიკალობას, ტემპერამენტს, ინტონაციას და სიტყვათ წყობის ტემპო-რიტმს, რის შედეგადაც ორივე ენა, როგორც ერთი მთლიანი და ორგანული ისე ჟღერს. არტისტები იყენებენ გამომსახველობითი საშუალებების მრავალფეროვან პალიტრას, რომლის წყალობითაც ენობრივი ბარიერი მთლიანად იშლება და სპექტაკლის მოქმედების სწრაფ დინამიკურობაში მაყურებელიც იოლად ერთვება. სპექტაკლის ავტორების სიმსუბქე (ნაწარმოების თემატური სიმძიმის მიუხედავად) დარბაზსაც გადაედება და სევდიანი ისტორია ლაღ გარემოში თამაშდება. ლევან წულაძე თავად გახლავთ სპექტაკლის მხატვარი (კოსტიუმები ნინო სურგულაძის), რომელიც შთამბეჭდავ სცენურ გარემოს ქმნის და ოსტატურად ითვისებს სივრცეს. მხატვარი უამრავ მოულოდნელობას ქმნის, რომელიც სიურპრიზის სახით ევლინება მაყურებელს, რაც რეჟისორის გამომგონებლობითი ხასიათით არის  განპირობებული. ქორეოგრაფის გია მარღანიას დახვეწილი, პედანტური პლასტიკური ნახაზები არა მხოლოდ მოქმედების გამრავალფეროვნებას უწყობს ხელს, არამედ მიზანსცენებს უფრო სახიერს ხდის. ლევან წულაძის ახალი ნამუშევარი ქართველ და იტალიელ მსახიობებთან ერთად, „შეშლილის წერილების“ ორიგინალური სცენური ინიტრეპრეტაციაა, რომელიც გარწმუნებს იმ ჭეშმარიტებაში, რომ თეატრს საზღვრები არა, მაგრამ ენა, როგორც კომუნიკაციის საშუალება მხოლოდ ერთი და უნიკალური აქვს.