როგორ აპირებენ გვასწავლონ მეოცნებეობა?
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 16/10/2014
კატეგორია: სტატია

„საჩუქარი“ იწყებს...

„მშვიდობა ღიმილით იწყება...“  დედა ტერეზას ეს სიტყვები აირჩია წელს ქეთი დოლიძემ ფესტივალ „საჩუქარის“ წლევანდელ დევიზად. ღიმილი და მშვიდობა არა მხოლოდ თავად „საჩუქარს“, არამედ ქართულ სათეატრო საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოებრიობას და საერთოდ, სამყაროს სჭირდება. ცნობილი პერიპეტიების გადალახვის შემდეგ „საჩუქარი“ ერთი თვის მანძილზე ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას ნამდვილ საჩუქარს უმზადებს, რომელზედაც ხელი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სურვილისდაგვარად მიუწვდება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჩამთავრების შემდეგ, თეატრის მოყვარულებმა მხოლოდ ამოსუნთქვა მოვასწარით და ახლა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს „საჩუქარს“ ვეგებებით. მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილი „საჩუქარი“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შარშან  აღდგა. ფესტივალის გუნდმა ქეთი დოლიძის მეთაურობით შარშან ერთგვარი მოთელვითი სამუშაოები ჩაატარა და წელს „საჩუქარი“ გაცილებით საინტერესოდ და მიმზიდველად (თუ პროგრამას გადავავლებთ თვალს), მრავალდარგობრივად და უფრო ორგანიზებულად გამოიყურება (ფესტივალის გახსნამდე პრესკონფერენციაზე დაბეჭდილი კატალოგიც კი გადმოგვცეს დამსწრეებს). ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ წელს „საჩუქარს“ დალხენილად ჰქონდა საქმე, რადგან ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ უარი განაცხადა საფესტივალო წარმოდგენების მასპინძლობაზე. წინააღმდეგობა და პრობლემები, თითქოს ბედისწერასავით თან სდევს „საჩუქარს“, მაგრამ მიუხედავად პრობლემებისა, ფესტივალის გუნდი ოპტიმისტურად ეგებება მე-14 „საჩუქარს“.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის წლევანდელი პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ სპექტაკლებს ამერიკიდან, ევროპიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან და თავად საქართველოდან, არამედ მუსიკას (მანანა მენაბდეს სოლო კონცერტი), ქუჩის წარმოდგენებს (კომპანი დე ქუიდამი საფრანგეთიდან), პერსონალურ გამოფენებს (ვალერი პლოტნიკოვისა და გია ჯაფარიძის გამოფენა) და სხვა.

ტრადიციულად, წელსაც მიხეილ თუმანიშვილის პრიზით ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და სრულყოფილებისათვის, დააჯილდოვებენ ენ ბოგარტს (აშშ), სერგეი მაკოვეცკის (რუსეთი), მიხეილ მარმარინოსს (საბერძნეთი), რიმას ტუმინასს (ლიტვა), ზურაბ ყიფშიძეს, ელდარ შენგელაიას, გურანდა გაბუნიას, ანზორ ერქომაიშვილს და ქართულ ეროვნულ ბალეტს (საქართველო).

ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ამერიკული თეატრისა და ოპერის გამოჩენილი რეჟისორი ენ ბოგარტი. შექსპირის „მაკბეტს“ დაზუთხული ქართველი მაყურებელი, კიდევ ერთ, არაორდინალურ და განსხვავებულ ვერსიას იხილავს. „რადიო მაკბეტი“ ენ ბოგარტისა და დარონ ლ. ულესის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრად ითვლება, რომელიც წარმოადგენს განსხვავებულ ასოციაციებს შექსპირის „მაკბეტზე“.

ენ ბოგარტს ქართველებისთვის ფეტივალ „საჩუქარიდან“ კარგად ცნობილი რუსი რეჟისორის დიმიტრი კრიმოვის „ო-ი. გვიანი სიყვარული“ ჩაანაცვლებს. სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა სწორედ თბილისში, ფესტივალის ფარგლებში შედგება და მასზე 16 წლამდე მოზარდების დაშვება აკრძალულია.

ფესტივალზე გავეცნობით კომპანია დე ქუიდამს საფრანგეთიდან, რომელიც ქუჩის წარმოდგენით აბანოთუბანში „ჰერბერტის სიზმარი“ წარსდგება. როგორც კომპანიის ხელმძღვანელიჟან-ბატისტ დუპრეი გვპირდება „ხელოვნება ღია ცის ქვეშ, რომლის დემონსტირებაც ყოველდღიურ ადგილებში გამართული წარმოდგენებით ხდება, ქმნის ხალხმრავლობას, აღძრავს ემოციებს, აგულიანებს მნხაველებს სხვაგვარად შეხედონ ცხოვრებას და სხვაგვარად იცხოვრონ. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ხელოვნებით ადამიანებს მეოცნებეობას ვასწავლით, ვუხსნით უზარმაზარ სივრცეს თავისუფალი წარმოსახვისთვის, რომელშიც ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით შეეძლებათ საკუთარი მოთხრობა დაწერონ...“

ჩეხოვის „ძია ვანიას“ წარმოგვიდგენს თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი, ლიტველი რეჟისორი რიმას ტუმინასი. სპექტაკლი არაერთი საერთაშორისო პრიზით, მათ შორის, 2011 წელს, რუსეთის თეატრალური საზოგადოებსი მიერ დაჯილდოვდა პრემიით „სეზონის მშვენება.“, ლეგენდარული ანდრეი კონჩავლოვსკი კი ასევე ჩეხოვის „სამი დის“ მისეულ ვერსიას წარმოგვიდგენს...

ფესტივალის მთლიანი პროგრამის ქართულ ნაწილს თემურ ჩხეიძის, რეზო გაბრიაძის, მანანა ბერიკაშვილის, გაი მასტერსონის მიერ დადგმული სპექტაკლები „ავსებს“

მართალია, ფესტივალის პროგრამაში რუსული თეატრი სჭარბობს, მაგრამ სპექტაკლები, თუ პრესას გადავავლებთ თვალს და ვენდობით, მაღალ მხატვრულ შემოქმედებას წარმოადგენს. მაყურებელს კი ისღა დარჩენია, მცირე შუალედებითა და შესვენებებით, დაგეგმოს საინტერესო და საჩუქრებით დატვრირთული შემოდგომა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ასაერთაშორისო ფესტივალთან ერთად.