საქ. სსრ:ერთი დიდი წელიწადი
ლაშა ბუღაძე
 
თარიღი: 31/12/2014
კატეგორია: სტატია

სტატია თავდაპირველად დაიბეჭდა ჟურნალში “Closer - თქვენ გვერდით“ , #1, 2013 წლის დეკემბერის ნომერში.

 

ლაშა ბუღაძე

საქ. სსრ:ერთი დიდი წელიწადი

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 22 წელი გასულა. თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ მაინც როგორი შორეულია 22 წლის წინანდელი სამყარო. თურმე, რამდენი რამ არ გვქონდა 22 წლის წინ, რაც დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მობილური ტელეფონი, მაგალითად, ინტერნეტი, საერთაშორისო აეროპორტი, საკაბელო ტელევიზია, ათეულობით ტელეარხი, სუპერმარკეტები, სახელწოდება „საქართველო“ (ჩვენ გვერქვა „საქ. სსრ“), კოკა-კოლა, უცენზურო სიტყვები ლიტერატურულ ტექსტებში, პირადობის მოწმობა, კერძო ბანკები, „ყვითელი“ ჟურნალები, ყოფილი პრეზიდენტები. და კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნებოდა განკუთვნილი. 

22 წლის წინ ჯერ კიდევ მოსკოვი იყო ჩვენი დედაქალაქი. 22 წლის წინ დანარჩენი მსოფლიოსათვის რუსები ვიყავით. დაუფიქრდით: მხოლოდ 22 წელია, რაც რუსები აღარ ვართ.  

მე ჩერნენკოს ეპოქის შვილი ვარ. ხომ გახსოვთ ჩერნენკო? ბოლოს წინა გენერალური მდივანი. ცოცხალ-მკვდარი რომ მართავდა ქვეყანას. ჩემი ბავშვობა - ჩერნენკო, ბრეჟნევი, ანდროპოვი და შევარდნაძეა.

მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში (საბჭოურ წლებში) სამჯერ გამიცდა სკოლა არასამუშაო დღეს. პირველად ბრეჟნევის დაკრძალვის გამო, მეორედ - თუ არ ვცდები, ერთ წელიწადში - ანდროპოვის, ხოლო მესამედ ხსენებულმა ჩერნენკომ ჩაგვიშალა გაკვეთილები. მაშინ პირდაპირ ეთერში მხოლოდ სამხედრო აღლუმებსა და გენერალურ მდივანთა დაკრძალვებს გვიჩვენებდნენ.

იყო სამი ტელეარხი: მოსკოვის პირველი (ცენტრალური), მოსკოვის მეორე და თბილისი („თბილისზე გადართე“! -  გახსოვთ ეს სიტყვები?). ღამის 10 საათზე სამივე არხზე საბჭოთა კავშირის მთავარი საინფორმაციო გადაცემა- „ვრემია“ -  იწყებოდა და 250 000 000 საბჭოთა მოქალაქე„ვრემიას“ რკინის დიქტორებიდან იგებდა სსრკ-სა და პლანეტის ამბებს. ოღონდ, ცხადია, ყველაფერს თავდაყირა… არა ისე, როგორც სინამდვილეში იყო. 

მართალია, უხვად არაფერი ყოფილა საბჭოეთში, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც სატელევიზიო გადაცემები, კინო და მულტფილმები გვაკლდა, რადგან თუკი რამე გვახარებდა, ეს სწორედ ახალი (ან ძველი, მაგრამ საყვარელი) ფილმებისა და მულტფილმების ყურება იყო. ისედაც მწირ საბჭოურ ტელეეთერში დამთრგუნველად მცირე დრო ეთმობოდა კინოსა და მულტიპლიკაციას, და მახსოვს (არ ვტყუი), ლოცვა ბავშვობაში სწორედ ტელევიზორთან ჯდომისას ვისწავლე: ღმერთს მულტფილმების გაშვებას ვევედრებოდი, თუნდაც თოჯინურის. მაგრამ ჩემი და ჩემნაირების ლოცვით მხოლოდ იმასღა ვაღწევდი, რომ საღამოს 9 საათზე - „ვრემიას“ წინ - „სპოკოინი ნოჩი მალიშის“ (გადაცემა იყო ასეთი) უშვებდნენ, სადაც გაქუცული და მოხუცი თოჯინები - ძაღლი ფილია, გოჭი ხრიუშა, საეჭვოდ კურდღლისებრი არსება სტიპაშკა და ყვავ-ყორანი კარკუშა ერთი პაწია ანიმაციით გვიბედნიერებდნენ საბჭოურ ბავშვობას.

ვფიქრობ, მართალი ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ საბჭოთა ბავშვს ყველაზე მეტად მულტსერიალი „აბა, დამაცადე“ უყვარდა (ამერიკული „ტომი და ჯერის“ რუსული ვერსია: აქ მგელი მისდევდა კურდღელს და არა კატა თაგვს). სულ ცოტა, ათი ათასჯერ მაინც მექნება ეს მულტფილმი ნანახი.

მაგრამ ჭეშმარიტად ბედნიერად მაშინ ვიგრძენი თავი, როცა უწყვეტ რეჟიმში ვნახე ვიდეოზე ტომსა და ჯერიზე გადაღებული თითქმის ყველა სერია. მაშინ, ჩერნენკოს ეპოქაში, ყველას არ ჰქონდა ვიდეო, მაგრამ ვისაც ჰქონდა, იმას აუცილებლად მოეპოვებოდა რამდენიმე კასეტა: „ტომი-ჯერი“ (ასე ვამბობდით ხოლმე, კავშირის გარეშე), ფილმი ან ფილმები ბრიუს ლის მონაწილეობით („კარატე ჩართე“!), ბენი ჰილი და- უფრო აქეთ, გორბაჩოვისკენ - „ერთხელ ამერიკაში“, „მონანიება“ და „ნათლიმამა 1-2-3“.

ვიდეომ ჩაგვინაცვლა ყველა და ყველაფერი ამ ქვეყნად, რაც მანამდე ძვირფასი და სათუთი იყო ჩვენთვის, ვიდეომ ჩაგვინაცვლა ჩვენი და სხვისი ცხოვრება, რადგან ვიდეომდე საბჭოთა კავშირში მხოლოდ კვირაში ერთხელ ვნახულობდით კარგ ფილმებს.

ეს დღე იყო შაბათი, ხოლო კარგი ფილმების გადაცემას „ილუზიონი“ ერქვა. „ილუზიონი“ დაიწყო“! - დღემდე ყურში ჩამესმის ეს მხიარული ყიჟინა, რომელიც ფონად გასდევდა ბრეჟნევ-ანდროპოვ-ჩერნენკოს ხანას. არც „ილუზიონის“ კეთილი წამყვანის სიტყვები (და ტონი) დამავიწყდება ოდესმე: „ვნახოთ ფილმი“, და, ცხადია, არც ის შაბათები, როცა მეათედ, მეასედ, მეათიათასედ ვნახულობდით „რომაულ არდადეგებს“, „ჩემი მშვენიერი ლედის“ და„მუსიკის ჰანგებს“. ზოგჯერ „ილუზიონს“ კინოფანტაზია ასრულებდა: სხვადასხვა ფილმების ფრაგმენტალურ-მუსიკალური კოლაჟი... ხოლო უცხოური სიმღერების ლირიკულ ტექსტებს რუსი თარჯიმანი თარგმნიდა მკაცრი ხმით, და ჩვენც ვბრაზობდით: რად უნდა სიმღერებს თარგმნა!   

ხოლო ახალი წელი მთლიანად ეთმობოდა ელდარ რიაზანოვის „სლიოხკიმ პარომ“-ს,  რომელსაც, შეიძლება ითქვას, ლინჩის წესის ძალით გვაყურებინებდნენ წლიდან წლამდე. ეს ფილმი ბრეჟნევს ანდერძად დაეტოვებინა იმ ორას ორმოცდაათი მილიონისთვის!

ახალ წელს ტელევიზორში ბევრად უფრო ნაკლები დრო ეთმობოდა, ვიდრე დღესაა: ახლა ახალ წელს ძირითადად რეკლამებში ზეიმობენ, მაშინ კი, გინდოდა თუ არ გინდოდა, ან გარეთ უნდა გასულიყავი ან შინ მოგსვლოდა ვინმე. ხალხი აქეთ-იქით დაიარებოდა ამ ღამეს და 15 იანვრამდე სულ მისვლა-მოსვლა იყო (7 იანვარი, როგორც რელიგიურ-სოციალური ფენომენი, მოგვიანებით გაჩნდა). 

იყო ასეთი ტანჯვაც: შეიძლება ცირკში წაეყვანეთ ეგრეთ წოდებულ იოლკაზე, სადაც უინტერესო საჩუქრებსა და რამდენიმე კანფეტს გაჩუქებდა უხეშ თეთრპარიკიანწვერიანი თოვლის ბაბუა. ბავშვებს უცნაური და მელანქოლიური რეიტუზები ეცვათ, ხოლო დერეფანში ნახერხი ეყარა და პირდაპირ ცხვირში გირტყამდა მისი სუნი. თუკი ოდნავ თამამი მშობელი გყავდა, დიდი რის-ვაივაგლახით მოახერხებდი ვითომ სპონტანურად წარმოქმნილ რკალში ჩადგომას, დაბნეული შემოუვლიდი წრეს არცთუ ისე ლამაზ დიდ ნაძვის ხეს და მერე უეჭველად აგისრიალდებოდა ფეხი ნახერხზე. ეს მოსვლა შესაძლოა ტირილითაც დასრულებულიყო, მით უფრო, თუკი გარეთ კლასიკური უთოვლო (თოვლჭყაპიანი და ქარიანი) თბილისი დაგიხვდებოდა.

მაშინ დიდად არავის სჯეროდა თოვლის ბაბუების, თუმცა ეჭვი მაინც იყო, რომ სადღაც ვიღაც მაინც არსებობდა. პირადად მე თავის მოტყუება ვერც მოვასწარი, რადგან ჩემმა მშობლებმა რატომღაც მევე გამამწესეს თოვლის ბაბუად (დღემდე ვერ ამიხსნია მათი სადიზმის მიზეზი): წვერი გამიკეთეს, ეგზოტიკურად შემმოსეს, ჯოხი დამაჭერინეს და მეზობლებთან გამიშვეს.

რა იფიქრეს, რომ გამიხარდებოდა თოვლის ბაბუობა? ერთი კია, იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ისინი არ არსებობდნენ: სადღა იქნებოდა თოვლის ბაბუა, თუკი ის თავად მე ვიყავი? მშობლები უცნაურად ხუმრობდნენ მაშინ. მაშინ უფრო ინფანტილურები იყვნენ, ვიდრე ახლა.

ახალი დროება საქ. სსრ.-ში გადაცემით„ვიდეო, ვიდეო“, დადგა. კინოშაბათს კინოოთხშაბათიც მიემატა, რადგან„ვიდეო, ვიდეო“ოთხშაბათობით გადიოდა. მოქალაქეებმა პირველად იხილეს საშინელებათა ფილმები. ცალ ხელში კარაქიანი პური გვეჭირა, მეორეში ჩაის ჭიქა, მაგრამ ვერც ერთის მიტანას ვახერხებდით პირთან და ვერც მეორესი - „ვიდეო, ვიდეო“ სასწაულებს გვიჩვენებდა: კაცი მეორე კაცს ანაკუწებდა ელექტრო-ხერხით.

იყო ასეთი გადაცემაც, „ნაშუადღევს“, რომელიც ყველა დღევანდელი დილის გადაცემის მშობელია. „ნაშუადღევს“ ჩვენი ბავშვობის ცეკას მდივანთა, პატიაშვილ-გუმბარიძის ბოლო ამოოხვრაა... ვითომ ფერადი, საშინლად დუნე და საფლავის ქვების მსგავსი დეკორაციით... საბჭოთა დიქტორი ახლებურ წამყვანად გარდასახვას ცდილობდა და ძველი რიხით (თუმცა უკვე ღიმილიანად) გვიყვებოდა მისი ჭკუით სახალისო ამბებს. მერე კი ისევ შესვენება ცხადდებოდა, ეკრანზე ცისარტყელას ფერები ჩნდებოდა და თუკი დროულად არ გამორთავდი ტელევოზორს, საგანგაშოდ აგიწივლდებოდა.

ეს შესვენებები სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ საბჭოთა კავშირში, რადგან, ძირითადად, სულ შესვენება იყო. რა დამავიწყებს: დიქტორი ფურცელზე ჩამოწერილ პროგრამათა სიას ჩაიკითხავდა (ჩვიდმეტ საათსა და ათ წუთზე „პოეზიის ხუთი წუთი“, ოც საათზე „მოამბე“, ოცდაორ საათზე პროგრამა „ვრემია“, ოცდაორ საათსა და ორმოცდაათ წუთზე მხატვრული ფილმი “ნერგები”), ფურცელს გვერდზე გადადებდა და შესვენებას გამოაცხადებდა: „ახლა კი ვაცხადებთ შესვენებას თექვსმეტ საათამდე“, და შენც სასწრაფოდ უნდა მიგერბინა ტელევიზორთან. დიახ, მიგერბინა, რადგან მაშინდელ მსოფლიოში პულტები არ იყო, კეთილი უნდა გენება, ფეხზე ამდგარიყავი ან შტეფსელიდან გამოგერთო ტელევიზორი, ან მოსკოვზე გადაგერთო, ანდა გვერდით მჯდომისთვის გეიძულებინა გადართვა.

როგორც ერთმა ჭკვიანმა პოსტსაბჭოელმა აღნიშნა, სსრკ რომ ძალადობრივი სახელმწიფო იყო, ეს იმაშიც ჩანდა, ტელევიზორს როგორ ვექცეოდითო. და მართლაც: არ გახსოვთ, როგორ ვურტყამდით ამ საწყალ ტელევიზორებს? რა ძალით ვუბრახუნებდით გვერდებზე და თავზე, რათა მოციმციმე, შავ-თეთრი გამოსახულება გაესწორებინა! როგორ ვცემდით და როგორ არ გვიკვირდა, როცა გვემორჩილებოდა: დარტყმა უმეტესად შედეგიანი იყო- გამოსახულება ნორმალური ხდებოდა.

თუმცა, გამოვტყდეთ, ანტენაც ხომ გვიტარებია? ტელევიზორის ცემით რომ ვერაფერს გავხდებოდით, ხელში ანტენას ვიღებდით და მოციმციმე ეკრანის დამამშვიდებელ ადგილს ვეძებდით. მახსოვს, ბებიაჩემი საათობით მდგარა ანტენით ხელში, ჯადოსნურ წერტილში, რადგან მცირე შეტორტმანებაც და ეკრანი მაშინვე აიშლებოდა. განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს, როცა მეათიათასედ ვუყურებდით „ბედის ირონიას“.

ისე კი, პრინციპში, არც გვქონია ახალი წელი - სულ ერთი წელი იყო. ისევ ძველი წელი ბრუნდებოდა ახალ წელს.