ალან ტიურინგი -- 100
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 24/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

გუშინ, 23 ივნისს, შესრულდა 100 წელი ალან ტიურინგის დაბადებიდან, ეს მოკლე ჩანაწერი მის ხსოვნას ეძღვნება.

 

თავის წიგნში “ქაოსი და კიბერკულტურა” - “ამერიკის ნომერ პირველი მტერი” [თუ არ ვცდები ნიქსონის განცხადებით], ფსიქოდელური ეპოქის კოგნიტიური ტერორისტი და კიბერ-ფილოსოფოსი ტიმოთი ლირი წერს ასეთ ფრაზას – “ყოველ თაობას ჩემში რაღაც ახალი შემოაქვს. მე მარადიული ღმერთი ვარ, ატომებისა და თესლის მატარებელი, ყოველ თაობაში მე ვბრუნდები აქ ახალი სხეულით, რომელიც ხვდება ახალ სცენაზე ახალი დეკორაციებით. ახლა მე ამერიკელი ვარ. ოდესღაც მე ირლანდიელი ფერმერი ვიყავი. მე ვიყავი..მე ვიყავი.. მე ვიყავი.. ყოველთვის როცა  ვჩნდებოდი სცენაზე – მე დაბნეულობა მიპყრობდა, რადგანაც არ ვიცნოდბი ახალი დრამის სიუჟეტს და სცენარს, არ ვფლობდი მსახიობური ოსტატობის საფუძვლებს.” სადღაც ბოლოსკენ კი ის ამატებს:  “ყოველ თაობაში მე ვიყავი იმ ადამიანების ჯგუფის ნაწილი, ვინც პრომეთეს დარად ებრძოდა ძალაუფლებას, რათა ის ხალხისთვის დაებრუნებინა”.

 

თიმ ლირი ალბათ მანამდე ალან ტიურინგიც იყო, მეოცე საუკუნის ბრიტანელი პრომეთე, პლანეტის პირველი ციფრული ჰაკერი, რომელმაც ჩვენთვის ჯერ უცნობი “ღმერთებისგან” კომპიუტერები, ალგორითმები, კოდები და ხელოვნური ინტელექტის, ”ელექტრონული ტვინის” იდეები მოიპარა. ფაქტობრივად მან და რამდენიმე ადამიანმა 40-50-იან წლებში  კომპიუტერული რევოლუციის დიდი აფეთქება მოახდინეს და სათავე დაუდეს ინფორმაციულ რევოლუციას.

 

მეორე მსოფლიო ომის დროს ის ომის ერთერთი გმირი გახდა და სერიოზულად შეუწყო ხელი ინგლისსა და მოკავშირეებს გამარჯვებაში - მას შემდეგ, რაც ნაცისტების ურთულესი შიფრების გატეხვა შეძლო.

 

ამ პრომეთემ ჩაუყარა საფუძველი [სხვებთან ერთად] – ხელოვნური ინტელექტის თეორიასაც, როცა წინა საუკუნის შუა რიცხვებში იკითხა: ”შეუძლია თუ არა მანქანას აზროვნება?” ტიურინგის ტესტის მიხედვით თუ ადამიანი მანქანასთან ურთიერთობისას ვერ მიხვდება კომპიუტერს ელაპარაკება თუ ადამიანს – ეს ნიშნავს, რომ მანქანამ გაიარა ტესტი და ის ხელოვნური ინტელექტი, ანუ დამოუკიდებელი არსებაა, ადამიანების მიერ შექმნილი ახალი ელექტრონული სახეობა.

 

დღეს ხელოვნური ინტელექტის თეორია ყვავილივით არის ამოზრდილი განვითარებული ფეოდალიზმის უდაბნოში და კოსმოსის კოლონიზაციის, მსოფლიოს მშიერი მოსახლეობის დანაყრებისა და მარადიული ცხოვრების ოაზისს გვპირდება, თუ მას ისევ ის ავტორიტარი მებაღეები არ დაეპატრონებიან, რომლებმაც ერთ დროს ალან ტიურინგის სიცოცხლე ჩაიგდეს ხელში.

 

ალან ტიურინგი გეი იყო. 1952-ში მისი სახლი მისივე შეყვარებულის მეგობარმა გაძარცვა, გამოძიებამ კი დეტექტივები ალანის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის “კვალამდე” მიიყვანა. იყო გეი - იმდროინდელ ბრიტანეთში ნიშნავს იყო არალეგალი კრიმინალი. სასამართლომ მას ბინარული არჩევანი შესთავაზა: 0 – 2წლიანი ციხეში ამოლპობა, 1 – სავალდებულო მკურნალობა ჰორმონალური ინექციებით, რათა მისი სექსუალური ორიენტაცია “გამოესწორებინათ”, ეს “მკურნალობა” ფაქტობრივად კასტრაციაა ქიმიის გამოყენებით. ტიურინგმა "მკურნალობა" აირჩია.

 

1 წლის შემდეგ ალანი მკვდარი იპოვეს საკუთარ სახლში.


მის ოთახში, მაგიდაზე ციანიდით მოწამლული ჩაკბეჩილი ვაშლი იდო. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა. ჩვენ კი არაოფიციალურად შეგვიძლია მხოლოდ სპეკულაციური ალგორითმები ვაწარმოოთ ჩვენ ბიო-კომპიუტერებში [ტვინებში] – იყო თუ არა თვითმკვლელობის ეს რიტუალი შემთხვევითი, თუ ალან ტიურინგის ოთახში შესული დეტექტივები შეცნობის ხის პირველყოფილ ბიბლიურ ვაშლს შეეხნენ თავიანთი “კანონის” მკაცრი, სტერილური ხელებით. იგივე ტიმოთი ლირის ინტერპრეტაციით, პატრიარქალური კონტროლის მეთაური, ღმერთი-პოლიციელი ასე ეუბნება ადამსა და ევას:
“ხედავ იმ ხეს? ეს უკვდავების ხეა. ის კლონირებასა და კრიონიკას გთავაზობს. შენ არ უნდა ჭამო ხილი იმ ხიდან, რომ არ გახდე ჩემსავით ღმერთი და არ იცხოვრო მარადიულად.
ხედავ იმ ხეს, აი იქეთ? ის ამაზე სახიფათოა. შენ არ უნდა ჭამო ხილი იმ ხიდან, იმიტომ რომ ეს არის ცოდნის ხე. ის გთავაზობს ცნობიერების გაფართოებას!”

 

ერთერთი ვერსიის მიხედვით “Apple”-ს ლოგოზე გამოსახული ვაშლი – ტიურინგის საპატივცემულოდ შექმნილი სიმბოლოა.

 

“ვირტუალური რეალობის” პიონერი, ლეგენდარული ჯერონ ლენიერი “Big Think”-თან ინტერვიუში კარგად აღნიშნავს ამ ისტორიის ერთერთ ყველაზე საინტერესო მომენტს – ერთი მხრივ, გენიალური მათემატიკოსი და მეცნიერი, პირველი ერთერთი პირველი ურთულესი კომპიუტერების შემქმნელი, მსოფლიო ომის გმირი და ჰაკერი, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამაზე თითქმის არავინ საუბრობდა, კითხულობს – შეუძლიათ თუ არა მანქანებს აზროვნება და შეიძლება თუ არა მათ, ამ რკინისა და ციფრული კოდისგან შექმნილ სახეობას არსებობის უფლება ჰქონდეთ – ისჯება კანონით იმის გამო, რომ “გაუკუღმართებული", არაქრისტიანული და "ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი" სექსი აქვს.


---

 

P.S. aka "მორალი": სკანდალურად ცნობილი სექტის “ხალხის ტაძრის” მასიური თვითმკველობის შემდეგ პოლიციელებსა და დეტექტივებს მთელ დასახლებაზე მიმოყრილი გვამების ფონად, დიდ ტაძარზე ასეთი წარწერა დახვდათ: “01110100 01101000 01101111 01110011 01100101 00100000 01110111 01101000 01101111 00100000 01100100 01101111 00100000 01101110 01101111 01110100 00100000 01110010 01100101 01101101 01100101 01101101 01100010 01100101 01110010 00100000 01110100 01101000 01100101 00100000 01110000 01100001 01110011 01110100 00100000 01100001 01110010 01100101 00100000 01100011 01101111 01101110 01100100 01100101 01101101 01101110 01100101 01100100 00100000 01110100 01101111 00100000 01110010 01100101 01110000 01100101 01100001 01110100 00100000 01101001 01110100 “