მონტაჟი სცენაზე
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 24/06/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

კინო დაუპატიჟებელი სტუმარივით შევიდა თეატრში - გერმანელი რეჟისორის, სცენარისტის, დრამატურგის და მსახიობის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა „კატცელმახერი“ სამეფო უბნის თეატრში მიშა ჩარკვიანმა დადგა, ზუსტად ფასბინდერისავე სტილში. პრემიერა 20 ივნისს გაიმართა. ჩემი აზრით, ეს ფილმი უფროა, ვიდრე სპექტაკლი. დეკორაცია სცენაზე ერთი გრძელი თეთრი კედელია (მხატვარი ლევან ოჩხიკიძე), მასში გამოჭრილი რამდენიმე კარით, საიდანაც გამოდიან ხოლმე მსახიობები და რომლის წინაც სხვადასხვა ეპიზოდები თამაშდება. ყოველ კართან, რიგრიგობით ჩართული განათება კადრებივით კინძავს ამ სცენებს. თითქოს რეჟისორს სურდა სცენაზევე ეჩვენებინა მონტაჟის პროცესი, ტრაგიკული დრაივით... მსახიობები დარბაზიდან გამავალი კარითაც სარგებლობენ და ხშირად ტოვებენ სცენას.

 

მხოლოდ ერთხელ შემოდის “თეატრი” ამ დადგმაში, როცა კედელი იხსნება და ეკლესიაში გადავდივართ, სადაც ყველა მოქმედი პირი, ნიკა ფასურის შექმნილ ფანტასტიკურ გუნდურ ნაწარმოებს ასრულებს. “Ich habe genug”/ “საკმარისია” - გალობენ მსახიობები და თან თავიანთ მზაკვრულ და ჩათლახურ “გეგმებს” შლიან. სცენა ძალიან ზუსტი რემარკით მთავრდება: “რა მოხდებოდა, ყველაფერში სიყვარული რომ არ იყოს გამოჩხერილი.”

 

კატცელმახერი - ფასბინდერის ადრეული შემოქმედებიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარია. რეჟისორმა ის  ოცდაოთხ დღეში გადაიღო. ფილმი პატარა პროვინციული ქალაქის მცხოვრებ ახალგაზრდებზეა. სასტიკ, სულელ, ქსენოფობ, პრაგმატულ, უსინდისო ახალგზრდებზე, თაობაზე, რომელსაც აღარაფერი ეშველება.

 

თუმცა მათი უინტერესო ცხოვრება, რომელიც სასმელის, საწოლისა და ჭორების გარშემო იკვრება, უცბად ფეთქდება, როცა ქალაქში კატცელმახერი ანუ სამუშაოდ ჩამოთრეული, ბერძენი იორგოსი ჩნდება, რომლის როლსაც ფილმში თავად ფასბინდერი ასრულებდა.

 

როზი, მომღერლობაზე მეოცნებე გოგონა, რომელიც საქმროსთან მხოლოდ იმის შემდეგ წვება, როცა ის მას ოც მარკას ჩაუთვლის; ხარბი ელიზაბედი, ვისთანაც ჩამოდის ბერძენი სამუშაოდ; მარტოხელა გუნდა, რომელიც მოიგონებს რომ თითქოს ბერძენმა მისი გაუპატიურება სცადა და ასე შემდეგ... სასტიკი ადამიანები, რომლებიც უცხოს, ერთი საწყალი ემიგრანტის წინააღმდეგ კრავენ პირს. ერთადერთი გამონაკლისია მეოცნებე მარია, რომელსაც ბერძენი შეუყვარდება და მასთან ერთად საბერძნეთში წასვლაზე ფიქრობს, რადგან მზიან საბერძნეთში ყველაფერი სხვანაირადაა, მიუხედავად იმისა, რომ იორგოს ცოლი და ორი შვილი ჰყავს.

 

საბოლოოდ იორგოსს ადგილობრივები სასტიკად გაუსწორდებიან. ძალიან შთამბეჭდავად არის გადმოცემული ჩხუბი, - ბერძენს სცენაზე მიათრევენ და თეთრ კედელზე სისხლის შხეფები რჩება, რომელსაც შემდეგ ქალები ჩვრებით  ჩამოწმენდენ, ქსენოფობიური ქირქილით - “მეტის ღირსია ის ჩამოთრეული, ბინძური, კომუნისტი ღორი!”

 

ზოგადად ფასბინდერის ფილმების, პიესების მთავარი თემა გრძნობების ექსუპულატაციაა, თუ როგორ ამოწურავს გრძნობა თავს და რომ ეს პროცესი არ მთავრდება. სახელმწიფო პატრიოტიზმს უწევს ექსპულატიაცას, ურთიერთობებში პარტნიორები ერთმანეთს ანადგურებენ - “სიყვარული სოციალური რეპრესიების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტიაო” - ამბობდა ის.

 

პიესა დათო გაბუნიამ თარგმნა. მუსიკა ნიკა ფასურისაა. მონაწილეობენ: გაგა შიშინაშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ანი გულიაშვილი, მაგდა ლებანიძე, ანა წერეთელი, გიორგი ყორღანაშვილი, გიორგი შარვაშიძე, შაკო მირიანაშვილი, პაატა ინაური.

 

სპექტაკლის ერთადერთი ნაკლად ზოგიერთი მსახიობის “სიფიცხე” შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ხანდახან ისე მოულოდნელად ბრაზდებიან, ყვირიან, თუმცა ვერ ხვდები რატომ.

 

ფასბინდერი წერდა, ჩემი ფილმებიდან სახლის აშენებას ვცდილობ, ზოგიერთი სარდაფი იქნება, ზოგიერთი - კედელი, ზოგიერთი კი - ფანჯარა. თუმცა არ ვიცი, გამოვა თუ არა დასრულებული შენობა. კატხელმახერიც - ერთ ასეთი პატარა სარდაფია, საიდაც ემოციებზე მეტი ანალიზია, იმისა თუ რა ხდება...

 

როცა სპექტაკლის დასრულებამდე ოციოდე წუთი იქნებოდა დარჩენილი, სამეფო უბნის თეატრის სახურავზე წვიმა ახმაურდა. წვიმის ხმა, ისე ბუნებრივად ჩაჯდა სპექტაკლში, რომ დარბაზში დაბნეული მაყურებლები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, “ეს სპექტაკლშია თუ მართლა გაწვიმდა გარეთ?”

 

ასეა, ჯერ კინო შევიდა თეატრში; მერე თეატრი - კინოში; ბოლოს კი თავად კახპა რეალობაც შემოიპარა.