ქართული თეატრი 2014 წელს - სტატისტიკური კვლევის შედეგები და საუკეთესო ხუთეულები (პირველი ნაწილი)
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 04/03/2015
კატეგორია: სტატია

ქართული თეატრი 2014 წელს

სტატისტიკური კვლევის შედეგები და საუკეთესო ხუთეულები

ლაშა ჩხარტიშვილი

სამწუხაროდ, გადაშენებისა და სიკვდილის პირას მისული თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა თვითრეალიზაციას  ვერ ახერხებს. დარგის განვითარების პროცესს არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორი განაპირობებს. არ არსებობს  თანამედროვე სივრცე (თუ არ ჩავთვლით ტრადიციულ და ერთადერთ ჟურნალს „თეატრი და ცხოვრება“), სადაც სტაბილურად შესაძლებელი იქნება თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესის ანალიზი  (და არა, ინფორმაცია, თუ, რომელმა მსახიობა როგორ გაიხადა სცენაზე, ან რომელ მსახიობს რომელ რეჟისორთან აქვს რომანი), მნიშვნელოვანი  მოვლენების შეფასება, საინტერესო სპექტაკლების რეცენზირება.

ვერაფრით მოხერხდა ჟურნალ „ხელოვნების“ აღდგენა. თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურის სხვადასხვა მინისტრები ხშირად აცხადებენ, რომ პროფესიული კრიტიკის (ხელოვნებათმცოდნეობის, მუსიკისმცოდნეობის, თეატრისა და კინომოცდნეობის)  განვითარება სამინისტროს ერთგვარი მისიაცაა, მაგრამ სიტყვები სიტყვებად რჩება, როგორც პოლიტიკოსთა ფუჭი დაპირებები. ვერც ერთმა მინისტრმა ვერ მოაბა თავი ჟურნალ „ხელოვნების“ აღდგენას, რომელიც გააერთიანებდა ხელოვნების დარგის ექსპერტებს, კრიტიკოსებსა და სპეციალისტებს, ამავე დროს, შეუნარჩუნებდა მათ პროფესიას და ახალგაზრდა თაობას ამ სფოროში დარჩენის მოტივაციას გაუღვიძებდა.

თუმცა, რა აღდგენაზე  ვსაუბრობთ (ვოცნებობთ), როცა ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ შენარჩუნების, გამოცემის (წელიწადში ექვსი ნომერი) საკითხი ყოველი წლის დასაწყისში პრობლემატურია  და  მისი  შენარჩუნება ჟურნალის მთავარი რედაქტორის, დრამატურგ გურამ ბათიაშვილის უშუალო დამსახურებაა. მწარე რეალობიდან გამომდინარე - პერიოდულობა, ავტორების სიმწირე, მცირე ტირაჟი,  ფაქტობრივად,  უკონკურენტო  გარემო ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს უშლიან სათეატრო კრიტიკას იყოს ეფექტური, თანმიმდევრული, დროული, ფართო მკითხველზე ორიენტირებული...

კარგად მესმის, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მისია და ფუნქციები უფრო გლობალურია და რომელიმე კერძო ჟურნალის დაფინანსება  ნაკლებად ეხება. მაგრამ აქ დარგის გადარჩენაზე, პროფესიული კრიტიკის განვითარებაზეა საუბარი. დარგზე, რომელიც მთლიანად არაკომერციულია და სახელმწიფოს დახმარების გარეშე, უსუსური. სამინისტროსკენ ხელის გასაშვერად მოტივაციას მიმყარებს ამ მიმართულებით დაფინანსებული პროექტების  შერჩევითობის პრინციპი.

კანონმა „სახელმწიფო თეატრების შესახებ“ სამინისტროსთან ერთად თეატრის კრიტიკოსების  გარკვეული  ჯგუფი დაავალდებულა,  ჩაეტარებინა სახელმწიფო თეატრების რეპერტუარის, ფუნქციონირების მონიტორინგი და პროფესიული ანალიზი. კანონის აღსრულება კი დღემდე ვერ ხერხდება. თეატრების მონიტორინგი ორი სათეატრო სეზონის განმავლობაში არ ჩატარებულა. ამასობაში გადის წლები და თეატრები კრიტიკას, თეატრმცოდნეებს უპასუხისმგებლობასა და მათი საქმიანობის (მოღვაწეობის) შეუფასებლობაში სამართლიანად ადანაშაულებენ.

ზემოხსენებული ფაქტორების მიუხედავად, თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა შეძლებისდაგვარად, დაცლილი ენთუზიაზმის ხარჯზე,  ახერხებს თვალი ადევნოს თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს და შეაფასოს კიდეც იგი. ამ მხრივ დიდ დახმარებას გვიწევს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ თეატრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.  ჩნდება ამა თუ იმ თეატრის, თუნდაც ერთი სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა.

კვლევა „ქართული თეატრი 2014“, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე  წელია ატარებს, საზოგადოებრივ საწყისზე მომზადდა, თეატრის სიყვარულითა და საკუთარი პროფესიის შენარჩუნების მიზნით.  კვლევების ციკლით „თანამედროვე  ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში (ანალიტიკა, პრაგმატიკა, სტატისტიკა)“ ვერაფრით დაინტერესდნენ საქართველოს კულტურის აწ უკვე ყოფილი და მოქმედი მინისტრები, მიუხედავად იმისა, რომ გამოცემები, ფაქტობრივად, ქართული თეატრის ბოლო 5 წლის ერთგვარი მონიტორინგის კრებულია.  დოკუმენტი, რომელიც  კულტურის პოლიტიკის მომზადების საფუძველია და მისდამი დაქვემდებარებულ თეატრებთან ურთიერთობისთვის  ერთგვარი სახელმძღვანელო.

კვლევების ციკლი მაშინ რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა დააფინანსეს. კულტურის სამინისტრო კი ამ წლების განმავლობაში არც კვლევის შედეგებით დაინტერესებულა, რომელიც ობიექტურად ნათელს ჰფენს თანამედროვე ქართულ თეატრს. სუბიექტური შეფასების გარეშე  მასში თავმოყრილია პრობლემები, რომლების წინაშეც დგანან  თეატრები, მათი წარმატებები და წარუმატებლობის მიზეზები...

კვლევაში „ქართული თეატრი 2014“ , რომლის პრეზენტაციაც  ილიაუნის თეატრში გაიმართა, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები.

თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ასეთად   ასახელებს ქართული თეატრის მონაწილეობას შექსპირის ოლიმპიადაში (პეკინში), ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე ღირსეულად წარსდგა მარჯანიშვილის თეატრი  ლევან წულაძის სპექტაკლით “როგორც გენებოთ”, მუსიკისა და დრამის თეატრი  დავით დოიაშვილის სპექტაკლით “მაკბეტ” და თითების თეატრი  ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლით “ჩემი ჰამლეტი”.  

მნიშვნელოვანი იყო გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ სოსო ნემსაძის ინიციატივით, გორში კომედიის ფესტივალის დაფუძნება, რომელიც თანამედროვე ქართული თეატრის  მნიშვნელოან ფორუმად იქცა.

შარშან საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების ხელმძღვანელ ლევან როხვაძისა და მენეჯერ მაია პაქსაშვილის ძალისხმევით, აღდგა ფესტივალი “თეატრალური იმერეთი”, რომელიც იმერეთის რეგიონის თეატრებისთვის დიდი სტიმულია მომავალში მუშაობისთვის.

მოლოდინი არ გაუცრუებია თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს და სიურპრიზებით გააოცა თეატრის მოყვარული საზოგადოება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი”, წლევანდელი პროგრამითა და სპექტაკლების მხატვრული ხარისხით.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ახალი სათეატრო სივრცეების გაჩენა. 2014 წელს გაიხსნა “რკინის თეატრი” (ხელმძღვანელი დავით ანდღულაძე), მოძრაობის თეატრის ახალი შენობა და მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის დრამატული თეატრის ახალი შენობა, რომელიც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა და მზად არის ნებისმიერი ტიპის თეატრის სამასპინძლოდ.

 

2014 წლის ქართული თეატრის სტატისტიკურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში რეგისტრირებული 52-დან  48 თეატრმა. მათ შორის: სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი 30 თეატრია, ხოლო 18 - კერძო (დამოუკიდებელი). სულ კვლევაში წარმოდგენილია: თბილისის - 27, ხოლო რეგიონის - 21 თეატრი.

საქართველოს 48 თეატრში დაიდგა სულ: 174 სპექტაკლი. ამათგან: დედაქალაქის  სახელმწიფო თეატრებში - 79; კერძო თეატრებში - 19; რეგიონულ თეატრებში - 76. თუ ამ მონაცემებს შარშანდელს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2014-ში აშკარად მეტი სპექტაკლი დაიდგა, ვიდრე 2013 წელს.

წელს თეატრები, რეიტინგების შედგენისას, 3 კატეგორიად დავყავით: 1. სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თეატრები, საბავშვო და საყმაწვილო თეატრები (მათი მუშაობის სფეციფიკურობიდან გამომდინარე) და კერძო თეატრები.

ძნელია ერთმანეთს შეაჯიბრო თეატრი, რომელიც დღეში 5 სპექტაკლს მართავს და აქვს ე.წ. დღის წარმოდგენები საღამოს წარმოდგენებთან ერთად და კერძო თეატრები, რომელთა მუშაობაც დამოკიდებულია გრანტებსა და სხვადასხვა ფონდებზე.

ამ  პრინციპით, „პრემიერების რაოდენობით გამორჩეული სახელმწიფო თეატრების ხუთეული საქართველოში“, 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ასე გამოიყურება: მარჯანიშვილის თეატრი - 19; რუსთავის თეატრი - 13; ახმეტელის თეატრი - 10; მესხეთის თეატრი - 10; გორის თეატრი - 8. ბუნებრივია, რეიტინგის ხუთეულში მოხვედრილი თეატრების წლიური ბიუჯეტები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ განსაკუთრებით დასაფასებელია რეგიონის თეატრების აქტიურობა პრემიერების გამართვის თვალსაზრისით.

კატეგორიაში - „პრემიერების რაოდენობით გამორჩეული საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრების ხუთეული საქართველოში  - 2014“, საუკეთესო ხუთეული ასე დალაგდა: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 15; თბილისის თოჯინების თეატრი -6;   თბილისის მულტი პულტის თეატრი - 5, ქუთაისისა და ბორჯომის თოჯინების თეატრები - 4.

რაც შეეხება კერძო (დამოუკიდებელ) თეატრებს, პრემიერების რაოდენობით, 2014 წელს ლიდერის პოზიცია  ილიაუნის თეატრს,  5 პრემიერით უჭირავს. მას 3-3 პრემიერით მოსდევენ  თავისუფალი და მოძრაობის თეატრები, ხოლო თითო-თითო პრემიერა გამართეს თითებისა და რკინის თეატრებმა.

თუკი თბილისის  სახელმწიფო თეატრების პრემიერების რეიტინგს შევადგენთ, პირველი ხუთეულის   სია  ასეთ  თანმიმდევრობას მიიღებს:  მარჯანიშვილის თეატრი - 19, ახმეტელის თეატრი - 10. მათ რეიტინგში, 6-6 პრემიერით, მოჰყვებიან  რუსთაველისა და პანტომიმის თეატრები, ხოლო მეხუთე ადგილს, 4 პრემიერით,  მუსიკისა და დრამის თეატრი იკავებს.

რაც შეეხება რეგიონის თეატრებს, პრემიერების ხუთეულში პირველ ადგილს რუსთავის თეატრი, 13 პრემიერით იკავებს. მას ათი ახალი დადგმით მოსდევს მესხეთის თეატრი. გორის თეატრმა 2014 წელს რვა პრემიერა გამართა, ხოლო ზესტაფონისა და თელავის თეატრებმა წლის განმავლობაში ექვსი ახალი დადგმა უჩვენეს თავის მაყურებელს.

თუ  საქართველოს  ყველა ტიპის თეატრების პრემიერების რაოდენობით გამორჩეული თეატრების ხუთეულს შევადგენთ, ასეთ თანმიმდევრობას მივიღებთ: მარჯანიშვილის თეატრი - 19; თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 15; რუსთავის თეატრი - 13; ახმეტელისა და მესხეთის თეატრები - 10.

რაც  შეეხება  თანამედროვე  ქართული  თეატრის  დრამატურგიის არჩევანს:  წელს გაცილებით გაიზარდა ინტერესი თანამედროვე ქართველი ავტორების მიმართ. 2014 წელს საქართველოს 48 თეატრში დაიდგა: 71 თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა, 44 უცხოელი ავტორისა  და  51 პიესა კლასიკური (ქართული და უცხოური) დრამატურგიიდან.

2014 წლის რეპერტუარის თვალის გადავლებისას აღმოაჩენთ, რომ ხშირად ავტორებად თავად რეჟისორები გვევლინებიან, რომლებმაც პიესა (ლიბერტო - პანტომიმისა და მოძრაობის თეატრში) შექმნეს. თუ ამ მონაცემებს განვლილ 2013 წელს შევადარებთ, გამოჩნდება, რომ წელს უცხოური დრამატურგიისადმი ინტერესმა იკლო. (48 თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა, 90 უცხოელი ავტორის,  91 პიესა კლასიკური დრამატურგიიდან. მათ  შორის, 20 ქართული კლასიკიდან, ხოლო 71 - უცხოური კლასიკიდან).

ჩვენს კვლევაში მნიშვნელოვანია თეატრების რეპერტუარი, თუ როგორ ინარჩუნებენ  სპექტაკლებს და რამდენად მრავალფეროვანია ის, მორგებული ყველა გემოვნებისა და ინტერესების მაყურებელზე.

თეატრის ფუნქციონირებისა და მაყურებლის შენარჩუნების მიზნით, პრემიერებთან ერთად, მნიშვნელოვანია რეპერტუარის მრავალფეროვნება და სპექტაკლების რაოდენობა.

რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეული სახელმწიფო თეატრების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: მარჯანიშვილის თეატრი - 27; კინომსახიობთა თეატრი - 26; გრიბოედოვის თეატრი - 22;  ახმეტელის თეატრი - 20;  მესხეთის თეატრი - 19.

საბავშვო და საყმაწვილო სახელმწიფო თეატრების კატეგორიაში რეპერტუარში არსებული სპექტაკლების რაოდენობით  გამორჩეული ხუთეული,  2014 წლის მდგომარეობით, კი ასეთია: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი -  34;  ქუთაისის თოჯინების თეატრი - 24; ბორჯომის თოჯინების თეატრი - 9, თბილისის, ბათუმისა და ახალციხის თოჯინების თეატრები ექვსი სარეპერტუარო სპექტაკლით.

კერძო თეატრებიდან კი, ყველაზე მდიდარი რეპერტუარითა და სარეპერტუარო სპექტაკლების  რაოდენობრივი მაჩვენებლებით გამოირჩევიან: თავისუფალი თეატრი, 21 სპექტაკლით; ილიაუნის   თეატრი,  14 სპექტაკლით;  თითების თეატრი,  4 სპექტაკლით; ხოლო მოძრაობის თეატრი, 3 სპექტაკლით.

სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით  გამორჩეული, თბილისის ყველა ტიპის თეატრების ხუთეულში მოხვდნენ: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 34 სპექტაკლით; მარჯანიშვილის თეატრი, 27 სპექტაკლით. მესამე ადგილს რეიტინგში, 26 სპექტაკლით, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი იკავებს. მას, 22 სპექტაკლით,  მოსდევს - გრიბოედოვისა და 20 სპექტაკლით - ახმეტელის თეატრები.

სარეპერტუარო სპექტაკლების რაოდენობით გამორჩეულ, რეგიონების სახელმწიფო დრამატული   თეატრების  კატეგორიაში  ლიდერობს:  მესხეთის თეატრი, 19 წარმოდგენით. მას მოსდევს გორის თეატრი, 18 სპექტაკლით. მესამე ადგილს ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრი იკავებს, 17 წარმოდგენით, ხოლო თელავისა  და რუსთავის თეატრები, 13 დადგმით, ინაწილებენ მეოთხე პოზიციას რეიტინგში.

ძალზე მნიშვნელოვანია მონაცემები საქართველოს თეატრების საზღვარგარეთ გასტროლების შესახებ. ამ მხრივ, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაზრდილია არეალიც და რაოდენობაც. ორმაგად სასიხარულოა, რომ ქართული თეატრის ექსპორტის პროცესში ჩართული არიან რეგიონის თეატრებიც, რაც ათწლეულების განმავლობაში  წარმოუდგენელიც კი იყო.

2014  წელს, 15 ქართული თეატრი იმყოფებოდა მსოფლიოს სამ კონტინენტზე, 22 ქვეყანაში, რომლებშიც  161 სპექტაკლი წარმოადგინეს. ამ ქვეყნებს შორის არის: სერბეთი, ისრაელი, ჩინეთი, ესპანეთი, შოტლანდია, უნგრეთი, მოლდოვა, აშშ, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, ბელორუსია, ინდონეზია, ტაილანდი, გერმანია, ბელგია, ლიტვა, ბულგარეთი, ყაზახეთი, კვიპროსი და რუსეთი.

თბილისის სახელმწიფო თეატრებიდან საზღვარგარეთ გასტროლების გამართვისა და საერთაშორისო ფესტივალებში  მონაწილეობის რეიტინგში ლიდერობენ  გრიბოედოვისა და ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრები, რომლებიც 5 ქვეყანაში იმყოფებოდნენ.  მათ, 3-3 სპექტაკლით, მოსდევენ მარჯანიშვილისა და ჩრდილების თეატრები, ხოლო ახმეტელის თეატრი, 2 საერთაშორისო გასტროლით, მესამე პოზიციაზეა რეიტინგში. 

საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო, სახელმწიფო და კერძო, თეატრების ჯგუფში ლიდერობს „მულტი პულტის“ თეატრი, რომელიც 4 სხვადასხვა ქვეყანაში მართავდა წარმოდგენებს. მეორე პოზიციაზეა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, 3 გასტროლით.  მას მოსდევს  ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, 2 საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობით.  თბილისის თოჯინების თეატრი, 1 ფესტივალით სომხეთში, მეოთხე პოზიციაზეა.

თუკი  საერთაშორისო  გასტროლების მიხედვით, ყველა ტიპის ქართული თეატრის, 2014 წლის მონაცემებს ავიღებთ, რეიტინგული შკალა შემდეგ შედეგს მოგვცემს: მუსიკისა და დრამის, გრიბოედოვის თეატრები - 5, „მულტი პულტის“ თეატრი - 4, მარჯანიშვილისა და ჩრდილების თეატრი - 3.

საკმაოდ  გაზრდილია საქართველოს  ფარგლებში  გასტროლიორი თეატრების რიცხვიც.

2014  წელს  ქართული  თეატრები  საგასტროლოდ იმყოფებოდნენ საქართველოს  30 გეოგრაფიულ პუნქტში,  სადაც 28  თეატრმა 144 წარმოადგინა გამართა.

ამ კატეგორიაში საინტერესოა მასპინძელი თეატრების გამოვლენაც, თუ სად უფრო მეტი თეატრი ჩადის. წელს ასეთ თეატრად, ლიდერის პოზიციაზე, გორის თეატრი დგას, რომელმაც 15  დასს უმასპინძლა.  ამ რიცხობრიობაში მათ კომედიის ფესტივალის ჩატარებაც დაეხმარათ.

მასპინძლობით  გამოირჩა ბათუმის თეატრი, რომელმაც 14 თეატრს უმასპინძლა. ქუთაისი 9 თეატრის მასპინძელი იყო. მათ  რეიტინგში ფოთისა და თელავის თეატრები მოსდევენ, რომლებიც თანაბრად აღმოჩნდნენ 6-6 გასტროლიორი თეატრის მასპინძელი. ამ ქალაქების მიმართ ინტერესი განპირობებულია - მოსახლეობის რაოდენობით, საინტერესო მაყურებლით, თეატრის ხელმძღვანელთა სტუმართმოყვარეობითა და ორგანიზაციულობით.

საქართველოს სახელმწიფო თეატრების კატეგორიაში ლიდერის პოზიცია, 8 გასტროლით, ცხინვალის თეატრს უჭირავს. მას, 7-7 გასტროლით, მარჯანიშვილისა და ჭიათურის თეატრები მოსდევენ, ხოლო მესამე ადგილს რეიტინგში, 5-5 გასტროლით, თელავისა და მესხეთის თეატრები ინაწილებენ.

საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების საუკეთესო ხუთეულში, საქართველოს ტერიტორიაზე გასტროლების გამართვაში, მოხვდნენ: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 9, ქუთაისის თოჯინებისა და „მულტი-პულტის“ თეატრი - 6. ბათუმისა და ბორჯომის თოჯინების თეატრებმა საქართველოს ქალაქებში 2-2 გასტროლი გამართეს.

საქართველოში გასტროლების ყველა ტიპის რეგიონული თეატრების კატეგორიაში ლიდერობს ცხინვალის თეატრი.  მას,  7 გასტროლით,  ჭიათურის თეატრი მოსდევს. ქუთაისის თოჯინების თეატრმა 6 გასტროლი გამართა, ხოლო თელავისა და მესხეთის თეატრებმა - 5-5.

საქართველოს ყველა ტიპის, კვლევაში მონაწილე, 48 თეატრს შორის საქართველოში გასტროლების რაოდენობით ლიდერობენ: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - 9; ცხინვალის თეატრი - 8; მარჯანიშვილისა და ჭიათურის თეატრები - 7; ქუთაისის თოჯინებისა და „მულტი პულტის“ თეატრები - 6.

თეატრების სტაბილური საქმიანობის შესაფასებლად, ძალიან მნიშვნელოვანია სარეპერტუარო სპექტაკლების ჩვენება.  თეატრის  სტაბილური ფუნქციონირების, მის მიმართ  მაყურებლის  ინტერესის კოეფიციენტის დასადგენად,  მნიშვნელოვნად გვეხმარება წლის განმავლობაში წარმოდგენილი სპექტაკლების რაოდენობა.

2014 წელს საქართველოს 48 თეატრში გაიმართა სულ 3 660 წარმოდგენა, ამათგან,  თბილისის სახელმწიფო თეატრებში -  873;  თბილისის  საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 903; თბილისის კერძო თეატრებში - 381; საქართველოს რეგიონების თეატრებში - 831; საქართველოს რეგიონების საბავშვო და საყმაწვილო თეატრებში - 672.

ფუნქციურად დატვირთულ საქართველოს სახელმწიფო თეატრებში, 2014 წელს ლიდერობენ: მარჯანიშვილის თეატრი, რომელმაც წლის განმავლობაში 355 წარმოდგენა აჩვენა მაყურებელს; რუსთაველის თეატრი - 153; ახმეტელის თეატრი - 133, მუსიკისა და დრამის თეატრი - 115; გრიბოედოვის თეატრი - 110 ჩვენებებით.

ფუნქციურად დატვირთული საქართველოს რეგიონის თეატრების რეიტინგი კი ასე გამოიყურება: მესხეთის თეატრი -  92; ოზურგეთის თეატრი - 91; ცხინვალის თეატრი - 80; ქუთაისის თეატრი - 77; გორის თეატრი - 70.

წარმოდგენების აქტივობით,  საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების რეიტინგი ასეთია: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა წლის განმავლობაში 728 წარმოდგენა უჩვენა მაყურებელს;  ქუთაისის თოჯინების თეატრმა - 440; თბილისის თოჯინების თეატრმა -  94;  „მულტი პულტის“  თეატრმა -  81; ხოლო ბორჯომის თოჯინების თეატრმა, წლის განმავლობაში,  47 წარმოდგენა გამართა.

ფუნქციურად  დატვირთული   კერძო თეატრების ხუთეულიც საკმაოდ საინტერესოა და ხშირ შემთხვევაში, მათი სტაბილური ფუნქციონირების კოეფიციენტი ორჯერ აღემატება ზოგიერთი  სახელმწიფო თეატრის მონაცემებს. კერძო თეატრებიდან წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სპექტაკლი (196) წარმოადგინა თავისუფალმა თეატრმა; ილიაუნის თეატრმა - 114; მოძრაობის თეატრმა -  61; თეატრმა  ათონელზე - 16; რკინის თეატრმა - 10.

ჩვენს კვლევას  წელს კიდევ  ერთი კატეგორია - ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლი - დაემატა. ვფიქრობ, თეატრით დაინტერესებული მაყურებლის, თავად თეატრებისა და ექსპერტებისთვის საინტერესოა, რომელ სპექტაკლებს (დადგმებს) თამაშობენ  ყველაზე ხშირად  თეატრებში.

ამ კატეგორიაში, სახელმწიფო დრამატული თეატრების ნუსხაში (თბილისისა და რეგიონების),  მოხვდა შემდეგი სპექტაკლები: "იავნანამ რა ჰქმნა?!" (ოზურგეთის თეატრი), რომელიც 43-ჯერ წარმოადგინეს; „მთვარლი ალუბალი" (მარჯანიშვილის თეატრი), წლის განმავლობაში 27-ჯერ გათამაშდა.

თუ თეატრების  წარმოდგენილ მონაცემებს ვენდობით, ზუსტად ამდენჯერ უთამაშიათ "სიზმარა" მესხეთის თეატრში. რეიტინგში მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა „რაპუნცელი" (ახმეტელის თეატრი), რომელიც წლის განმავლობაში 22-ჯერ წარმოადგინეს.

ამავე ნომინაციაში, საქართველოს საბავშვო და საყმაწვილო თეატრების კატეგორიაში, 2014 წელს ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგში მოხვდნენ: „ბრიყვი“ (ახალციხის თოჯინების თეატრი), რომელიც 91-ჯერ წარმოადგინეს;  ზუსტად ამდენჯერვე წარმოადგინეს "ნაცარქექია" თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.  მათ რეიტინგში მოსდევთ "ნაბო" (ქუთაისის თოჯინების თეატრი) – 64 სპექტაკლი; "წითელქუდა" (თბილისის თოჯინების თეატრი) – 50; "ნიღბიანი გმირი" („მულტი პულტის“ თეატრი) – 46; "წითელქუდა" (ბათუმის თოჯინების თეატრი) – 23 წარმოდგენა.

ყველაზე  მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგი, საქართველოს კერძო თეატრებში,  2014  წელს  შემდეგნაირად გამოიყურება. ამ მხრივ ლიდერობს თავისუფალი თეატრის,   წლების წინ დავით დოიაშვილის  დადგმული „ჯინსების თაობა“. სპექტაკლი 36-ჯერ წარმოადგინეს.  მას მოსდევს მოძრაობის თეატრის 2014 წლის საპრემიერო სპექტაკლი "ინტრო" (რეჟისორი კახა ბაკურაძე), რომელიც 25-ჯერ უჩვენეს.  რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ილიაუნის თეატრში,  2014 წელს, გაგა გოშაძის დადგმული „ანტიგონე“, რომელიც წლის განმავლობაში  23-ჯერ წარმოადგინეს. რეიტინგში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა „თეატრში ათონელზე“ ქეთი დოლიძის დადგმული სპექტაკლი "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო", ხოლო ბოლო პოზიციაზეა  რკინის თეატრის სპექტაკლი „ფერმა“, რომელიც 7-ჯერ წარმოადგინეს.

თბილისის დრამატულ თეატრებში ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგი   2014   წელს, შემდეგნაირად ლაგდება:  "ჯინსების თაობა" (თავისუფალი თეატრი) – 36; "მთვრალი ალუბალი" (მარჯანიშვილის თეატრი) – 27; "ინტრო" (მოძრაობის თეატრი) – 25; "ანტიგონე" (ილიაუნის თეატრი) - 23; "რაპუნცელი" (ახმეტელის თეატრი) – 22.

რეგიონის დრამატულ თეატრებში ყველაზე მეტჯერ წარმოდგენილი სპექტაკლების რეიტინგში მოხვდა შემდეგი სპექტაკლები: "იავნანამ რა ჰქმნა?!" (ოზურგეთის თეატრი) -  43; "სიზმარა" (მესხეთის თეატრი) – 27; " ცილინდრი"  (სენაკის თეატრი) -  24; "ლამბალო და ყაშა" (ჭიათურის თეატრი) – 17; "სამეფო ზღაპარი" (რუსთავის თეატრი) – 17.

თუკი ამ კატეგორიაში ყველა ტიპის ქართულ თეატრს გავაერთიანებთ, საინტერესო სურათს მივიღებთ: „ბრიყვი“ (ახალციხის თოჯინების თეატრი) – 91; "ნაცარქექია" (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი) – 91;  "ნაბო" (ქუთაისის თოჯინების თეატრი) – 64; "წითელქუდა" (თბილისის თოჯინების თეატრი) – 50; "ნიღბიანი გმირი" („მულტი პულტის“ თეატრი) – 46; "ჯინსების თაობა" (თავისუფალი თეატრი) – 36.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა: გამოდის, რომ საქართველოში, მაყურებლის ყველაზე დიდი მოთხოვნა საბავშვო სპექტაკლებზეა. რეპერტუარში წარმოდგენების რაოდენობით, გაყიდვებისა და მაყურებელთა დასწრების მაჩვენებლების  მიხედვით,  დრამატულ  თეატრებშიც  საბავშვო სპექტაკლები ლიდერობენ. ამ ტიპის სპექტაკლები თითქმის ყველა დრამატული თეატრის რეპერტუარში გვხვდება  და მათ  ლიდერის  პოზიცია  უკავიათ,  ისეთი ქალაქების დრამატულ თეატრებშიც კი, რომლებშიც  სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი თოჯინების თეატრები მოქმედებენ.

ამ დიდ კონკურენციაში ამაყად გამოიყურება ლევან წულაძის სპექტაკლი „მთვრალი ალუბალი“ (მარჯანიშვილის თეატრის ახალი სცენა). სხვათა შორის, ამავე თეატრში, შემოსავლებითა და მაყურებელთა დასწრებით,  „მთვრალ ალუბალს“ დიდ სცენაზე ლევან წულაძის  დადგმული „საშობაო სიმღერა“ უსწრებს.  სამაგიეროდ, ჩამორჩება წარმოდგენის რაოდენობით.  სპექტაკლი წლის განმავლობაში 21-ჯერ არის ნათამაშები. ამ ციფრს სხვა თეატრების ლიდერ სპექტაკლებს თუ შევადარებთ, მაინც მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა.

არასაბავშვო სპექტაკლებიდან ლიდერობს თავისუფალი თეატრის „ჯინსების თაობა“ (რეჟისორი დავით დოიაშვილი), რომელიც რეპერტუარში 2001 წლიდან გაჩნდა და მაყურებელს დღემდე არ კარგავს. თეატრის ხელმძღვანელისა და შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს სპექტაკლის შენარჩუნება თოთხმეტი წლის განმავლობაში.

ამავე კატეგორიაში, ლიდერ სპექტაკლებს შორის, წლის განმავლობაში 23 წარმოდგენით, მოხდა  ილიაუნის თეატრში  გაბრიელ გოშაძი სპექტაკლი „ანტიგონე“. აქვე უნდა მოვიაზროთ მოძრაობის თეატრის წარმოდგენა „ინტრო“. კახა ბაკურაძის, 2014 წელს დადგმული ეს სპექტაკლი საბავშვო რეპერტუარს არ განეკუთვნება. ის თეატრმა წლის განმავლობაში 25-ჯერ წარმოადგინა. 

სტატიის გაგრძელება >>>