ქართული თეატრი 2014 წელს - სტატისტიკური კვლევის შედეგები და საუკეთესო ხუთეულები (მეორე ნაწილი)
ლაშა ჩხარტიშვილი
 
თარიღი: 04/03/2015
კატეგორია: სტატია

< სტატიის პირველი ნაწილი >

რაც შეეხება მაყურებლის აქტივობას. 2014 წელს საქართველოს 48 თეატრს 423 028 მაყურებელი ესტუმრა, ამათგან, თბილისის  თეატრებს  -  311 727,  ხოლო რეგიონების - 111 247. თუ ამ ციფრებს შარშანდელ მონაცემებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ 2014 წელს მაყურებელმა ქართულ თეატრში ზოგადად იკლო. მართალია, ზოგიერთ თეატრში (მარჯანიშვილის, რუსთაველის, გრიბოედოვის, ახმეტელის, ილიაუნისა და სამეფო უბნის)  მაყურებელთა რაოდენობამ იმატა, მაგრამ  დასწრებამ  განსაკუთრებით იკლო რეგიონის თეატრებში. მაყურებელთა კლება ძირითადად იმ თეატრებს შეეხო, რომლებიც ნაკლებ პრემიერასა  და  უმეტესად,  რიგით, სარეპერტუარო წარმოდგენას სთავაზობენ მაყურებელს.

კვლევისას, იძულებული გავხდით, ამ კატეგორიაში,   სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, გარკვეული თეატრები ამოგვერო. კვლევაში არ შევიტანეთ თითების თეატრი (რომლის მონაცემებიც მარჯანიშვილის თეატრთან ერთადაა წარმოდგენილი); მოძრაობის თეატრი (თეატრის   გახსნასთან   დაკავშირებით,  ბილეთები არ იყიდებოდა და  მაყურებელი სპექტაკლებს  უფასოდ ესწრებოდა); ოზურგეთის თეატრი (რომელმაც ე.წ. გასვლითი წარმოდგენებისა და სპექტაკლების კორპორატიული გაყიდვების გამო, დამსწრე მაყურებლის ზუსტი ციფრი   ვერ მოგვაწოდა)   და  ქუთაისის ოპერის თეატრი (რომელშიც მაყურებლის აღრიცხვა  არ  წარმოებს);  სენაკის თეატრი (მოწოდებული მონაცემების მიხედვით, თეატრმა კონკრეტულ   სპექტაკლებზე იმდენი ბილეთი გაყიდა, რამდენი ადგილიც დარბაზში არ არის,  რაც წარმოუდგენელია); ასევე ჭიათურისა და რკინის  თეატრები (მოწოდებული ციფრების დამრგვალების გამო).

თანამედროვე  ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა სტატისტიკური კვლევის მეთოდს ეფუძნება. ემყარება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და  მხატვრულ ხარისხს არ გამოხატავს, თუმცა, რაოდენობრივი მაჩვენებელი ბევრ მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხს ავლენს და მიღებული შედეგები სადისკუსიოდ აღძრავს გარკვეულ საკითხებს.

2014 წელს, საქართველოს  48 თეატრში 119 რეჟისორმა 174 ახალი სპექტაკლი დადგა. ამათგან 9 - უცხოელი რეჟისორია. უცხოელმა რეჟისორებმა დადგმები განახორციელეს: ახმეტელის თეატრში (3); რუსთაველის თეატრში (2); თავისუფალ თეატრში (2); ილიაუნის თეატრში (1); ფოთის თეატრში (1). წარმოგიდგენიათ, 110 რეჟისორი გვყოლია თურმე! მართალია, მათ შორის,  26   პროფესიით  რეჟისორი  არაა  და მათ საზოგადოება როგორც მსახიობებს, იცნობს. მაგრამ მაინც, რეჟისორთა ამგვარი  მრავალრიცხოვნება ისეთი პატარა ქვეყნის თეატრებისთვის, როგორც საქართველოა, საკმაოდ ბევრია.

ყველაზე აქტიურ და პროდუქტიულ რეჟისორთა სიის სათავეში  მოექცა გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, რომელმაც  სხვადასხვა თეატრში შვიდი სპექტაკლი დადგა.  მას, 6 დადგმით, მოსდევს ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია. ხუთი დადგმით, მესამე ადგილს იკავებს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. სამხატვრო ხელმძღვანელებიდან, 4-4 დადგმით,  მეოთხე ადგილს იყოფენ რუსთავისა და მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები -  ლევან სვანაძე  და ლია სულუაშვილი; თავისუფალი რეჟისორებიდან კი, ამ რეიტინგში, ოთხი ახალი დადგმით, მოექცნენ მიხეილ ჩარკვიანი, გურამ ბრეგაძე და გოჩა ხვიჩია.

2014 წელს 79-მა მხატვარმა იმუშავა 174 ახალ სპექტაკლზე, როგორც სცენოგრაფმა და კოსტუმების მხატვარმა. მათ შორის, ორი  უცხოელი სცენოგრაფია, ხოლო - რვა - თავად სპექტაკლის რეჟისორი. ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში აშკარად შესამჩნევია ტენდენცია, როცა   სცენოგრაფებად თავად რეჟისორები გვევლინებიან.  ამ მხრივ, შარშანდელ რეიტინგში,  ლიდერის პოზიცია გამოცდილ, სახელოვან სცენოგრაფებთან ერთად ლევან წულაძეს ეკავა. 2014 წელს თავიანთი სპექტაკლების მხატვრებად რეჟისორები: დავით დოიაშვილი, კახა ბაკურაძე, ზურაბ სიხარულიძე, ამირან შალიკაშვილი, ნიკოლოზ საბაშვილი, რეზო შატაკიშვილი და ლუკა ჩხაიძე მოგვევლინენ.

სცენოგრაფებს  შორის  წელს ლიდერის პოზიცია ლომგულ მურუსიძეს  უჭირავს, რომელმაც ცამეტი სპექტაკლი გააფორმა რუსთავის, თბილისის მოზარდ მაყურებელთა და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრებში. მას თორმეტი ახალი ნამუშევრით მოსდევს ახმეტელის თეატრის მხატვარი მარიკა კვაჭაძე.  შვიდ ახალ დადგმაზე იმუშავეს მირიან შველიძემ, ლელა ფერაძემ და ნანა ყორანაშვილმა. რეიტინგში მოხვდნენ მარჯანიშვილის თეატრის მხატვარი ნინო სურგულაძე და გორის თეატრის მხატვარი თამარ ჭავჭანიძე, ექვსი ახალი ნამუშევრით.

რაც შეეხება 2014 წლის ყველაზე პროდუქტიულ ქორეოგრაფთა სამეულს, სიის სათავეში მოექცა  - გია მარღანია - თორმეტი;  ანანო სამსონაძე - შვიდი და კოტე ფურცელაძე - ექვსი ნამუშევრით.

ყველაზე პროდუქტიული ქალი მსახიობების რეიტინგში ლიდერის  პოზიცია ახმეტელის თეატრის მსახიობს სოფია სებისკვერაძეს უჭირავს, მან 2014 წელს შვიდ ახალ საპრემიერო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, ხოლო პანტომიმის თეატრის მსახიობმა ანა ჩაგელაშვილმა  2014  წელს ექვსი ახალი მხატვრული სახე შექმნა პრემიერებში. რეიტინგში მათ ხუთი როლით მოსდევენ: ანი ზამბახიძე, გვანცა კანდელაკი, მაია მალხაზიშვილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ნათია არბოლიშვილი, ნათია შეშაბერიძე, ნინო ნატროშვილი, ცირა ტაბატაძე.

2014  წლის ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობების სიის თავში ახმეტელის თეატრის მსახიობი გიგი მიგრიაული  და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნიკა ნანიტაშვილი მოექცნენ. მათ ცხრა 9 ახალ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.  შვიდ საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობდა მესხეთის თეატრის მსახიობი მანუჩარ გოგოლაური.  სამეულს   ექვი როლით მოსდევენ: ნიკა ფაიქრიძე, მამუკა ბოგვერაძე, ლექსო ჩემია, იოსებ ელიზბარაშვილი, გიორგი გოგუაძე, ანდრია გველესიანი, ზურაბ ავსაჯანიშვილი, გიორგი ჯიქურიძე.

ჩვენს მიმართ, სათეატრო წრეებში და უშუალოდ, ჩვენი კვლევების ბენეფიციარებში, ხშირად გამოითქვა შენიშვნა, რომ კვლევები ემყარებოდა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებსა  და რაოდენობრივ მაჩვენებლებს, რაც  მხატვრულ ხარისხს არ გამოხატავს. თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივით, წელს პირველად, რაოდენობრივ მაჩვენებლებთან ერთად,  ქვეყნდება საუკეთესო სპექტაკლების,  რეჟისორების, მსახიობების,  სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების რეიტინგები, რაც მხოლოდ ხარისხობრივ მახასიათებლებს ეფუძნება.

მხატვრული ხარისხის დასადგენად  შექმნილ რეიტინგების გამოვლენაში  პროფესიონალი  ექსპერტები მონაწილეობდნენ. კომისიის წევრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი - მათი შემოქმედებითი აქტივობა და საქართველოს რეგიონულ თეატრებთან ხშირი კონტაქტი გახლდათ. კომისიის წევრებს შორის არიან როგორც საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრები, ისე დამოუკიდებელი კრიტიკოსები, რომლებიც ინტენსიურად ადევნებენ თვალს თეატრში მიმდინარე შემოქმედებით პროცესებს.

კომისია შვიდი წევრით დაკომპლექტდა და მასში წარმოდგენლი არიან: ირინა ღოღობერიძე,თეატრის კრიიტკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის პრეზიდენტი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი; ლელა ოჩიაური, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი; მაკა ვასაძე, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდეობის დოქტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი; დავით ბუხრიკიძე, კრიტიკოსი, ჟურნალ “ლიბერალის” ბლოგერი; ნიკოლოზ წულუკიძე, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი; ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს კულტურის სამინისტროს სარეკომენდაციო საბჭოს წევრი; თამარ კიკნაველიძე,  თეატრმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ჟურნალ “ტაბულას” ბლოგერი.

კომისიის მიერ შედგენილი საუკეთესო ხუთეულების რეიტინგში შევიდა სპექტაკლები, რომლებიც   კომისიის  წევრთა აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ნანახი. ბუნებრივია,  მათ  საშუალება  არ ჰქონდათ,  ენახათ  2014 წელს დადგმული 174 სპექტაკლი, მაგრამ მერწმუნეთ, საინტერესო და ორიგინალური სპექტაკლების შესახებ კრიტიკას ყოველთვის აქვს ინფორმაცია და ის არ იმალება.

სიებში საუკეთესო ხუთეულების თანმიმდევრობის შედგენისას, ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თეატრების სამმართველოს  მიერ შედგენილი თეატრების სიის მიხედვით.

 

2014 წლის საუკეთესო ქორეოგრაფების სამეული

  1. მარიამ ალექსიძე - „გურჯი ხათუნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  2. კოტე ფურცელაძე - „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  3. კახა ბაკურაძე - „ინტრო“, მოძრაობის თეატრი

ამ კატეგორიაში განიხილებოდა მარიამ ალექსიძის ნამუშევარი რობერტ სტურუას სპექტაკლში „ასულნი“ (რუსთაველის თეატრი).

 

2014 წლის საუკეთესო სცენოგრაფების ოთხეული

  1. ლევან წულაძე, ნინო სურგულაძე - „შეშლილის წერილები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  2. გიორგი უსტიაშვილი, ანანო მოსიძე - „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  3. მირიან შველიძე - „რიჩარდ III“ , თავისუფალი თეატრი
  4. თეო კუხიანიძე - „მაკბეტი“, ქუთაისის  ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ამ კატეგორიაში განიხილებოდნენ: ქეთი ნადიბაიძე დათა თავაძის სპექტაკლით „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ (სამეფო უბნის თეატრი).

 

2014 წლის საუკეთესო მსახიობ ქალთა ხუთეული

  1. ზაზა ლებანიძე - „ასულნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  2. მარინა კახიანი - „ასულნი“, შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  3. თეკლა ჯავახაძე - „რომეო და ჯულიეტა“, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
  4. კატო კალატოზიშვილი - „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
  5. ნინო ჭოლაძე - „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ამ კატეგორიაში განიხილებოდნენ: სალომე მაისაშვილი დათა თავაძის სპექტაკლით „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ (სამეფო უბნის თეატრი); მეგი კობალაძე მიშაა ჩარკვიანის სპექტაკლით „ელექტრა“ (ბათუმის თეატრი); ნანა ბუთხუზი დავით დოიაშვილის სპექტაკლით „ფსკერზე“ (მუსიკისა და დრამის თეატრი); ნანა ხურითი მორგანტე ნარდის სპექტაკლით „ჰამლეტიკა“ (ახმეტელის თეატრი), ნათია კუპატაძე ლევან წულაძის სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი).

 

2014 წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცთა ხუთეული

  1. მიხეილ გომიაშვილი - „საწვავი“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  2. გია აბესალაშვილი - „მაცეკვე ტანგო“, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  3. თორნიკე გოგრიჭიანი - „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
  4. გია როინიშვილი - „ანტიგონე“, ილიაუნის თეატრი
  5. ბაჩო ჩაჩიბაია - „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ამ კატეგორიაში განიხილებოდნენ: ონისე ონიანი ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლში „თამაში მაგიდასთან“ (თითების და მარჯანიშვილის თეატრების ერთობლივი ნამუშევარი); კახა კინწურაშვილი დავით დოიაშვილის სპექტაკლით „ფსკერზე“ (მუსიკისა და დრამის თეატრი).

 

2014 წლის საუკეთესო რეჟისორთა ხუთეული

  1. ლევან წულაძე - „შეშლილის წერილები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
  2. დავით დოიაშვილი - „ფსკერზე“, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი
  3. დათა თავაძე - „ტკივილი არის ახალგაზრდობა“, სამეფო უბნის თეატრი
  4. გაბრიელ გოშაძე - „ანტიგონე“, ილიაუნის თეატრი
  5. იოანე ხუციშვილი - „მაკბეტი“, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

ამ კატეგორიაში განიხილებოდნენ: ანდრო ენუქიძე სპექტაკლით „მაკბეტი“ (ბათუმის თეატრი), მიშა ჩარკვაინი სპექტაკლით „ბეჩავი“ (სამეფო უბნის თეატრი); ბესო კუპრეიშვილი სპექტაკლით „თამაში მაგიდასთან“ (თითებისა და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი).

 

2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების ხუთეული

  1. „ფსკერზე“ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი დავით დოიაშვილი
  2. „რიჩარდ  III - თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
  3. „ტკივილი არის ახალგაზრდობა“ - სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე
  4. „მაკბეტი“ - ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ანდრო ენუქიძე,
  5. „მაკბეტი“ - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი იოანე ხუციშვილი

 

ჩვენ მზად ვართ მომავალში კვლევასთან დაკავშირებული საქმიანი წინადადების  მოსასმენად და შენიშვნების გამოთქმის შემთხვევაში მათ გასათვალისიწინებლად.

კონკრეტული თეატრების რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

  1. ქართული თეატრის ლიდერი სპექტაკლები
  2. ქართული თეატრის პრემიერები
  3. ქართული თეატრის შემოქმედებითი პერსონალის რეიტინგები