თანამედროვე ქართველი მწერლები (პროფესიონალური რჩევა დამწყები კალმოსნებისთვის)
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 02/07/2012
კატეგორია: სტატია


                                                                                                                                                                                                                                  ფოტო: გიორგი ნებიერიძე

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

თანამედროვე ქართველი მწერლები

(პროფესიონალური რჩევა დამწყები კალმოსნებისთვის)

 

 

ენდი უორჰოლისგან განსხვავებით სარკე ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემი სარკე იმდენად ვიწროა, რომ დისნეის პერსონაჟივით მხოლოდ თვალები მიჩანს. 2 დღის წინ სოფლიდან 15 წლის ნათესავი ბიჭი ჩამომივიდა სტუმრად, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გამომიტყდა, რომ მწერლობაზე ოცნებობს. ის ახლა ჩემს გვერდით დგას და ცდილობს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია დამტყუოს და გადადგას ისეთი მკვეთრი ნაბიჯი, რომლის შედეგსაც სხვები ნახევარი ცხოვრების მანძილზეც ვერ აღწევენ. სარკეში ვიყურები და ვცდილობ ყველაფერი გავიხსენო რაც მისი ოცნების ასახდენად აუცილებელი და სასიცოცხლოა.

 

- მზად ხარ – ვეკითხები.

- მზად ვარ – მპასუხობს.

 

ისინი ორ კატეგორიად იყოფიან. ვინც თავს მწერლებად თვლის და ვისაც მეგობრებმა უთხრეს რომ მწერლები არიან. ეცადე ორივე კატეგორიაში გახვიდე, რადგან რუსთაველის ქვეყანაში ძალიან ადვილია მწერალი გერქვას, თანაც კარგი მწერალი. კარგი მწერალი ბოლოს პეროვზე ვნახე. ლურჯი მომდგარი ჯინსი ეცვა, შავი პერანგი ბოლო ღილამდე შეეკრა და დიდი თავი ჰქონდა. საერთოდაც კარგ მწერალს აუცილებელია დიდი თავი ჰქონდეს, ვინაიდან დიდ თავში მეტი შანსია დიდი ტვინი მოთავსდეს. ვიზუალს მწერლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუ გინდა რომ შენი წიგნები ახალგაზრდა ნაშებმა წაიკითხონ, ეცადე გარეგნულად მოხიბლო ისინი. ქართველი მწერლებიდან ამას ცოტა თუ ახერხებს, სამაგიეროდ ახერხებენ კლეჩატი პერანგების ჩაცმას, რომლითაც მოხუცებულთა თავშესაფარში მაცხოვრებლებსაც კი ვერ მოხიბლავენ. დაიმახსოვრე, შავი ფერი რჩეულთა ხვედრია... ჩვეულებრივი მწერლისგან კვების რაციონითაც უნდა განსხვავდებოდე. ისინი კვირაში რამდენჯერმე შაურმას მიირთმევენ, საერთოდაც ბოლო დროს თბილისი შაურმის მექად იქცა. კარგი მწერლის საყვარელი კერძების ჩამონათვალში აუცილებელია სალათა ,,ბრსიტოლიც’’ შედიოდეს

 

(სალათა ,,ბრისტოლის’’ ინგრიდიენტები) ქათმის შებოლილი ხორცი 250 გრ. შებოლილი ლორი 150გრ. პამიდორი – 2 საშუალო ზომის. ჰოლანდიური ან შვეიცარიული ყველი 100 გრ. მაიონეზი – 2 სადილის კოვზი. კეტჩუპი – 2 ჩაის კოვზი. ბოლოკი – 3 პატარა თავი. სალათის ფოთლები –ნებისმიერი.

 

კარგი მწერალი ხანდახან დასაშვებია მაკდონალდსშიც შევიდეს, ოღონდ მოსაშარდად. პრეზენტაციებზე ყოველთვის მორიდებული იყავი, დააგვიანე მაქსიმუმ 1 საათით და ბოდიში არ მოიხადო. თუ ალაფურშეტი გათვალისწინებულია, დაგვიანება არ ღირს, რაც არ უნდა დანაყრებული იყო, ეცადე გასინჯო ყველაფერი, მაგრამ მაინც უკმაყოფილო სიფათი გქონდეს, დატოვე შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაგაკლდა. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იყავი მაქსიმალურად ზრდილობიანი, ვისაც გაუღიმებ, გულში მწარედ დასცინე და შინდაბრუნებულმა დაწერე მათი მოკლე დახასიათება. თუ წიგნის გამოცემას დააპირებ, სადებიუტო წიგნის სათაური აუცილებელია ორსიტყვიანი იყოს, თანაც სკანდალური. თუ წიგნი სკანდალზე არ გათვალე იცოდე, რომ შენი მეგობრების გარდა მას არავინ წაიკითხავს. არასოდეს თქვა, რომ მწერალი ხარ, ეკაიფე საკუთარ თავს, რათა სხვებმაც გაპატიონ დაცინვა. ეცადე არავინ დაინდო იმ გოგონების გარდა, რომლებიც სექსში ბოლომდე მოგყვებიან. სექსის დროს სასაცილო ფრაზები თქვი, როცა პარტნიორი იცინის ორგაზმის მიღწევა უფრო ადვილია, კარგი მწერალი ყოველთვის პირველი ათავებს და მეწყვილე ფეხებზე ჰკიდია.

 

- როგორ უნდა ეცვას? – მეკითხება.

 

მიდი ჩემი გარდერობი გამოაღე... კარგ მწერალს უნდა ეცვას ,,ვრანგლერის’’ შარვალი, რომელიც მუხლს ქვემოთ ვიწროვდება. უნდა ჰქონდეს ლამაზი ფეხები. თუ მწერალს წონის პრობლემა აქვს ის ცუდი მწერალია. აბა როგორ წარმოგიდგენია, როცა საკუთარ გარეგნობას ვერ უვლის, ის "ტიმბერლანდებსაც’’ ვერ მოირგებს. არადა, ვრანგლერის შარვალს ყველაზე უკეთ ტიმბერლანდები უხდება, ასე ნუ მიყურებ, ამას ჩემი გარდერობიც მოწმობს. თუ მწერალი ბრენდებში ვერ ერკვევა, მისი წარმატება განწირულია. ერთხელ ალექსა ჩიღვინაძემ მითხრა.

 

- ალექსა ვინ არის?

- ნუ მაწყვეტიებ!

- რა გითხრა?

 

რომ კარგ მწერალს აუცილებელად ისეთი ტრუსები უნდა ეცვას, რომელსაც ლაქები არ დაეტყობა. ალექსას ამ მოსაზრებას ბოლომდე ვეთანხმები, რადგან მან ჩემზე უკეთ იცის, რომ თანამედროვე ქართველი მწერლები საკუთარ პერსონაჟებზე ხშირად ათავებენ. კარგ მწერალს კარგი მაისურები უნდა ჰქონდეს, უპირველეს ყოვლისა ორიგინალური წარწერებით. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ჩვეულებრივი მწერლები ფეხბურთზე გიჟდებიან, კარგმა მწერალმა კი ფეხბურთი საჯაროდ უნდა დაგმოს და თუ საშუალება მიეცემა აკრძალვაც მოითხოვოს (სხვა თუ არაფერი კიედევ ერთხელ მიიქცევს საზოგადოების ყურადღებას). კარგმა მწერალმა აუცილებლად უნდა მოითხოვოს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, უარი არ უნდა თქვას ფსიქოტროპულ ტაბლეტებსა თუ სხვადსხვა სახის მსუბუქ ნარკოტიკებზე, დღეში 1 საათით შეიჭყიტოს demo.ge-ზე და artarea.ge –ზე (სხვა ქართულენოვანი ლიტსაიტები უბრალოდ ნაგავია, გარდა ამისა თუ იღბლიანია ამ ტექსტსაც გადააწყდება). კარგმა მწერალმა აუცილებელი არ არის რაიმე წაიკითხოს, მთავარია ლიტერატურულ სიახლეებს ზერელედ გადაავლოს თვალი. უმჯობესია, ისეთი მნიშვნელოვანი საიტი იცოდეს, როგორიცაა narkotiki.ru...

 

კარგი მწერალი აუცილებელია ერკვეოდეს მუსიკაში. მისი საყვარელი ჯგუფებია massive attack, portishead, joy division, tricky, john maus, aphex twin, sleep party people, coil, განსაკუთრებით უნდა უყვარდეს კურიოხინი და რამდენიმე რუსული ალტერნატიული ბენდი.

 

კარგი მწერალი, 12 საათის შემდეგ ტელეფონის ზარებს არ პასუხობს, მან უნდა შექმნას ილუზია, რომ დაკავებულია და ტექსტებზე მუშაობს. სინამდვილეში რომელიმე სერიალს უნდა უყურებდეს, დიდი შანსია ეს სერიალი ,,დაკარგულები’’ იყოს. კარგმა მწერალმა არ უნდა იცოდეს ტერმინი ,,დაკარგული თაობა.’’ კარგმა მწერალმა უნდა იცოდეს, რომ ფეისბუქი ცუკერბერგმა შექმნა, რათა ადამიანები ვირტუალური სივრცის პატიმრებად აქციოს, ეს ჩვეულებრივმა მწერალმაც უნდა იცოდეს, მაგრამ მათ შორის სხვაობას ვირტუალური მეგობრების რაოდენობა განსაზღვრავს. კარგი მწერალი უპირატესობას ღვინოს ანიჭებს, მან იცის რომ უძველესი ღვინის კულტურის მქონე ერის შვილია, მაგრამ როცა დალევა სურს ეს ფეხებზე ჰკიდია. კარგი მწერალი აუცილებელია დასცინოდეს პოეტებს, რადგან როდესაც ისინი ლექსებს კითხულობენ, დიდი შანსია იმპოტენტი დარჩე.

 

და რაც ყველაზე მთავარია, კრაგი მწერალი აუცილებელი არ არის კარგად წერდეს, მთავარია მას კარგი ცოლი ჰყავდეს.