ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი I
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 05/07/2012
კატეგორია: თარგმანი

 

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი I

 

 

ჰაკიმ ბეი ერთდროულად მოლოტოვის კოქტეილი და ჰაშიშის ბოლით გავსებული ჩილიმია, ის ინდურ, ოქროს სამკაულებით მორთულ სპილოზე ამხედრებული ლევ ტროცკია, რომელიც ჰორიზონტის დასაპყრობად მიმართავს ფეხშიშველ სოციალისტებად გადაქცეული ინდოელი მონარქებისა და ქურდბაცაცა მაიმუნების გაერთიანებულ არმიას, ცალ ხელში კი კოსმოსური სატელიტის ნამტვრევები უჭირავს, როგორც პერმანენტული რევოლუციის სიმბოლო. ის უილიამ ბეროუზის იარაღებით აღჭურვილი ველური ბავშვების ხროვაა, რომლებიც ღვთაებრივ ორგაზმს ეძებენ  წითელი ღამის მაგიურ ქალაქებში,ის მეკობრეა,რომელმაც ფეხქვეშ გათელა მსოფლიოს ყველა სამეფოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია და გამოაცხადა “ახალი თავისუფლება” საზღვრებისა და მეფეების გარეშე. ის მთვარის ზედაპირზე მოცეკვავე დერვიშია, რომლის ზურგს უკან მეტეორები სერავენ ცას და გალაქტიკები ეტაკებიან ერთმანეთს, როგორც დიდი ხნის უნახავი საყვარლები. 

 

ჰაკიმ ბეი მეორე სამყაროს ურბანულ გეტოებში დაბადებული იმპერატორი ჰელიოგაბალია, “რკინა-ბეტონის ჯუნგლებში დაკაცებული მაუგლი, პარაბელუმით ხელში”, და ამ ერთი შეხედვით სახიფათო ხატების მიუხედავად ის პერმანენტული ბედნიერების, პერმანენტული ორგაზმის მახარობელი ანგელოზია. ამ ხატების “სახიფათოობა” ჩვენი  პატრიარქალური, ერთგანზომილებიანი, დახშული სექსუალობისა და იერარქიულ მორჩილებაზე ორიენტირებული საზოგადოებების შედეგია. და თუ პიროვნული თავისუფლება კრიმინალია, მაშინ ჩვენ დროშებზე ეწეროს ჰაკიმის სიტყვები: “ხელოვნება როგორც დანაშაული, დანაშაული როგორც ხელოვნება.”

 

ჰაკიმ ბეი, ერთი პერიოდი, იმპერატორის ბიბლიოთეკაში მუშაობდა თეირანში, საიდანაც ისლამური რევოლუციის დროს მოუწია წასვლა, სწორედ ამის შემდეგ პერიოდში აყალიბებს ის თავისი პოეტური ფილოსოფიის მთავარ პრინციპებს: ონტოლოგიური ანარქიზმი, დროებითი და პერმანენტული ავტონომიური ზონები... მის “ანარქიზმში” უკონფლიქტოდ თავსდება როგორც სუფისტური მსოფლმხედველობა, ასევე აღმოსავლური თუ ამერიკის ინდიელთა “მისტიციზმი”, ცხოვრების წესი, მაღალი ტექნოლოგიები, ლუდიზმი, რაულ ვანეიგემის სიტუაცინისტური მხიარული და ბედნიერი რევოლუცია და “დიადი მხეცის” მთავარი მაგიური მცნება: “ყოველი მამაკაცი და ყოველი დედაკაცი – არის ვარსკვლავი."

 

სადღაც ჰაკიმ ბეი წერდა, რომ არსებობს მხოლოდ ორი მთავარი არქეტიპი, ესენი არიან მონარქი და ტერორისტი, დანარჩენები მხოლოდ ფუნქციონერები არიან, მისი აზრით დადგა დრო, როცა ეს ორი საწინააღმდეგო არქეტიპი შეიძლება გაერთიანდეს ერთ თავისუფალ ადამიანში, რომელიც მიიღებს მხოლოდ საჭირო ვიტამინებს ამ არქეტიპებიდან. და როცა ის ამბობს სიტყვას “თავისუფლება” – ეს მართლა ნიშნავს თავისუფლებას, მისი ყველაზე ფართო გაგებით. ის თვლის რომ სოციალური ცვლილებები არ მოგვიტანს არაფერს, თუ მათ თან არ მოყვა მენტალური, სიღრმისეული ცვლილებები ადამიანის ტვინში, ის თვლის, რომ ხალხი ვინც ებრძვის ავტორიტარიზმს, თავად არის დაავადებული “ფაშიზმით ჩვენს ტვინებში”, ამიტომაც ის ამბობს: ”თავიდან მოკალით იდეა – ააფეთქეთ მისი მონუმენტი,რომელიც აღმართულია ჩვენში”,”როცა უკანასკნელი ძაღლი ჩვენს ტვინში დაცხრილული იქნება ჩვენი აუსრულებელი, დახშული სურვილებით – მაშინ შესაძლოა ჩვენ გარშემო პეიზაჟებიც კი შეიცვლიან სახეებს”. თუ ვინმე ამაზე ნაკლებ თავისუფლებას ისურვებს საკუთარი თავისთვის, ის ვერასოდეს “დაუშეარებს” მას სხვებს, თავისუფლებას ვერ “ასწავლი” მცირე გრანტებით მოპოვებული ენჯეოებით, ვერც დაფაზე დაწერილი ფორმულებით, ვერც “პროტესტული ხელოვნებით..." თავისუფლება “აჩრდილივით შანსია”, ერთი კუდიანი წამი, რომელსაც უნდა ჩაეჭიდო და გაჰყვე სამყაროს დროისა და სივრცის უსასრულობაში. “არც ჩვენამდე და არც ჩვენ შემდეგ არ იქნებიან სხვა ღმერთები” ამბობს ჰაკიმ ბეი.

 

ეს არა-ლინეარული, არა-დოგმატური პოსტ-ანარქიზმი მოითხოვს ცვლილებებს არქეტიპულ დონეზე, ჰაკიმ ბეის წიგნი “ონტოლოგიური ანარქიზმი” მშვენიერი პოეტური სახელმძღვანელოა ახალი ცივილიზაციის ნორჩი მუტანტებისთვის, “ახალი ერებისთვის”, რომელიც ამოიზრდებიან ბაბილონის ნანგრევებიდან, ის ლამაზი პოეტური ტესტია – ყოველდღიურად შეამოწმოთ საკუთარი თავისუფლების ხარისხი.

 

გაერთეთ რამდენიმე თავის ქართული თარგმანით, ბოლომდე დამუშავებული არცერთი არაა, ამიტომაც სიამოვნებით მივიღებთ ადეკვატურ რჩევებს და შენიშვნებს, დანარჩენები სექტემბერში მოვა:]

 

 

ჰაკიმ ბეი -- დროებითი ავტონომიური ზონები

 

 

 

ქაოსი

 

ქაოსი არასოდეს მომკვდარა. უძველესი გამოუთლელი ქვა, ერთადერთი კერპად ქცეული მონსტრი, ინერტული და სპონტანური, გაცილებით ულტრაიისფერი ვიდრე ნებისმიერი მითოლოგია [როგორც ჩრდილები ბაბილონამდე],  პირველყოფილი არადიფერენცირებული ყოფიერების ერთიანობა - ჯერ კიდევ ასხივებს სიმშვიდეს, როგორც ასასინების შავ დროშებს, შემთხვევითს და მუდამ მთვრალს.

 

ქაოსი წინ უსწრებს წესრიგისა და ენტროპიის ყველა პრინციპს, ის არც ღმერთია და არც მატლი, მისი იდიოტური სურვილები მოიცავს და განსაზღვრავს ყველა შესაძლო ქორეოგრაფიას, უაზრო ეფირებს და ფლოგისტონებს, მისი ნიღბები – ღრუბლებია,  მისივე უსახობის კრისტალიზაცია.

 

ყველაფერი ბუნებაში აბსოლუტურად რეალურია, ცნობიერების ჩათვლით, ასე რომ აქ არაფერია სანერვიულო. კანონის ბორკილები კი არ დაიმსხვრა, ისინი არც არასოდეს არსებობდა; დემონები არასოდეს დარაჯობდნენ ვარსკვლავებს, იმპერია არასოდეს შექმნილა, ეროსს არასოდეს მოუზრდია წვერი.

 

არა, მოისმინეთ, რაც ოდესმე მომხდარა იყო ეს: მათ თქვენ მოგატყუეს, მოგიგდეს იდეები კარგსა და ცუდზე, შთაგაგონეს უნდობლობა საკუთარი სხეულისადმი და სირცხვილის გრძნობა ქაოსის წინასწარმეტყველებისთვის,  მოიგონეს სიტყვები იმისთვის რომ შეგძულებოდათ თქვენი მოლეკულარული სიყვარული, დაგაჰიპნოზეს უყურადღებობით,  დაგღალეს ცივილიზაციით და მისი მევახშური ემოციებით.

 

არ არსებობს მოსვლა, არ არსებობს რევოლუცია, ბრძოლა, არ არსებობს გზა: თქვენ უკვე ხართ თქვენი სხეულის მონარქი, ხოლო თქვენი ხელშეუხებელი თავისუფლება ელოდება დასასრულს [დანამატს] მხოლოდ სხვა მონარქების სიყვარულით - ოცნებების პოლიტიკა, გადაუდებელი, დაჟინებული როგორც ზეცის სიცისფრე.

 

იმისათვის, რომ მოვიშოროთ ისტორიული ყოყმანი და მისი ყველა ილუზორული უფლება -  საჭიროა ლეგენდარული ქვის ხანის ეკონომიკა – შამანები და არა მღვდლები, ბარდები და არა ლორდები, მონადირეები და არა პოლიციელები, პალეოლითური სიზარმაცის შემგროვებლები, უწყინარები ვითარცა სისხლი, რომლებიც დადიან შიშვლები პრინციპისთვის და იღებებიან როგორც ჩიტები, დაცურავენ  ექსპლიციტური ყოფნის[არსებობის] ტალღაზე, უსაათო მარადიულ აწმყოში, ხვალისა და გუშინდელი დღის გარეშე.

 

ქაოსის აგენტები ცეცხლოვან მზერას ესვრიან ყველას და ყველაფერს რასაც ძალუძს დაამოწმოს მათი მდგომარეობა,  მათი ციებ ცხელება   lux et voluptas -ით. მე მღვიძავს მხოლოდ სიყვარულსა და ტერორამდე მისულ სურვილებში – დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სასცენო ავეჯია, ყოველდღიური ანესთეზია, განავალი ტვინისთვის, რეპტილიებამდელი სევდა ტოტალიტარული რეჟიმებისთვის, ბანალური ცენზურა და გამოუსადეგარი ტკივილი.

 

ქაოსის ავატარები იქცევიან როგორც ჯაშუშები, დივერსანტები[მესაბოტაჟეები], Amour Fou-ს კრიმინალები, არც თავდაუზოგავები არც ეგოისტები, ბავშვებივით დამყოლები, ბარბაროსული მანერებით, შეპყრობილები აკვიატებული აზრებით, უმუშევრები, არეული გრძნობებით, მგელ-ანგელოზები,  მათი თვალები ყვავილებს გავს,ისინი სარკეები არიან მედიტაციისთვის : ყველა ნიშნისა თუ მნიშვნელობის [შინაარსის] პირატები.

 

აი ჩვენ მივძვრებით ამ პარანოიდულ მონოლითებს - სახელმწიფო საეკლესიო სკოლასა და ქარხნებს შორის. ჩვენი ტომისგან სამგლოვიარო ნოსტალგიით მოჭრილებს  [განკვეთილებს]  - ჩვენ გაგვყავს გვირაბი დაკარგული სიტყვების, წარმოსახვითი ბომბების კვალდაკვალ.

 

უკანასკნელი შესაძლო საქციელი არის ის, რომელიც განსაზღვრავს აღქმას როგორც ასეთს, უჩინარი ოქროს თოკი რომელიც გვაკავშირებს ყველას: არალეგალური ცეკვები სასამართლო [პოლიციის] შენობის კორიდორებში. თუ აქ მე შენ გაკოცებ, ამას ტერორისტულ აქტად მონათლავენ – მაშ წავიღოთ ჩვენი პისტოლეტები ჩვენს საწოლებში და გავაღვიძოთ ქალაქი შუაღამეს, როგორც მთვრალმა ბანდიტებმა, რომლებიც დღესასწაულს სროლებით აღნიშნავენ და ყველას ატყობინებენ ქაოსის გემოს.

 

 

პოეტური ტერორიზმი

 

უცნაური ცეკვები სადღეღამისო კომპიუტერულ ბანკებში. არავტორიზებული პიროტექნიკური ეფექტები [აფეთქებები]. ლენდ-არტი, ნამუშევრები მიწაზე, როგორც ექსცენტრული უცხო არტეფაქტები – მიმოყრილი სახელმწიფო პარკებში. შეიჭერით სახლებში ყაჩაღებივით, მაგრამ  რამის მოპარვის[წამოღების] ნაცვლად - დატოვეთ პოეტურ-ტერორისტული ობიექტები. გაიტაცეთ ვინმე და გააბედნიერეთ. შეარჩიეთ ნებისმიერი გამვლელი და ახარეთ რომ მას მემკვიდრეობით ერგო წარმოუდგენელი, უდიდესი და ყოვლად გამოუსადეგარი ქონება: მაგალითად, 5000 კვადრატული მილი ანტარქტიდაზე,  ან ცირკის ბებერი სპილო, ობოლთა სახლი ბომბეიში,  ან ალქიმიური მანუსკრიპტების კოლექცია. მოგვიანებით ისინი გააცნობიერებენ რომ თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში მათ სჯეროდათ რაღაც ექსტრაორდინალური,ს  და შესაძლოა ამის შედეგად ისინი შეეცდებიან იპოვონ არსებობის უფრო საინტერესო, ინტენსიური ფორმა.

 

მიაჭედეთ მემორიალური დაფები ისეთ  [საზოგადო თუ პრივატულ] ადგილებში, სადაც თქვენ გამოცხადება ან განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი სექსუალური აქტი გქონდათ.

 

გაიარეთ შიშველმა პრინციპისთვის.

 

მოაწყვეთ გაფიცვა სკოლაში ან სამსახურში იმ მიზეზით, რომ ეს ადგილები არ აკმაყოფილებენ თქვენი სიზარმაცისა და სულიერი სილამაზის მოთხოვნებს.

 

გრაფიტი არტმა ცოტა შეალამაზა მახინჯი მიწისქვეშა გადასასვლელები და მოუქნელი ძეგლები – პოეტური ტერორიზმის ხელოვნება ასევე შეიძლება გაკეთდეს საზოგადო ადგილებისთვის: სასამართლოს ტუალეტის კედლებზე ამოკაწრული პოემები,  პარკებსა და რესტორნებში დაგდებული პატარა ფეტიშები, ქსეროქს-არტი, ჩაკუჭული გაჩერებული ავტომანქანების საწმენდ “ფრთაზე,” უზარმაზარი ასოებით გამოყვანილი ლოზუნგები საბავშო ბაღების თუ მოედნების კედლებზე, ანონიმური წერილები წინასწარ ან შემთხვევით შერჩეული ხალხისთვის,  პირატული რადიო გადაცემები, სველი ცემენტი...

 

პუბლიკის რეაქცია ან ესთეტური შოკი, რომელსაც გამოიწვევს პოეტური ტერორიზმი უნდა იყოს მინიმუმ ისეთივე ძლიერი როგორც ნამდვილი ტერორის და შიშის შეგრძნება – ზიზღი, სექსუალური აგზნება, ცრურწმენები, მოულოდნელი ინტუიტიური გარღვევა, დადაისტური მოუსვენრობა – არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული პოეტურიტერორიზმის მიზანი ერთი ადამიანია თუ ბევრი, არ აქვს მნიშვნელობა ყავს მას ავტორი თუ ის ანონიმურია, თუ ის არ ცვლის ვინმეს ცხოვრებას [ავტორის ცხოვრების გარდა] მაშინ ის წარუმატებელია.

 

PT [Poetic Terrorism] არის აქტი სისასტიკის თეატრში, რომელსაც არ აქვს სცენა,  არც სკამები მაყურებელთათვის, არც ბილეთები და კედლები. იმისთვის რომ მაინ “იმუშავოს” PT  აუცილებლად უნდა გაემიჯნოს სამომხმარებლო ხელოვნების ყველა კონვენციონალურ სტრუქტურას [გალერეებს, პუბლიკაციებს, მედიას]. ქუჩის თეატრის პარტიზანული სიტუაციონისტური პრაქტიკებიც კი უკვე საკმაოდ ცნობილი და ადვილად პროგნოზირებადია.

 

გემოვნებიანი გარყვნილება რომელიც კეთდება არა როგორც მხოლოდ ურთიერთ დაკმაყოფილება, არამედ როგორც გაცნობიერებული აქტი ულამაზეს ცხოვრებაში – არის რადიკალური პოეტური ტერორიზმი. პ-ტერორისტი იქცევა როგორც ნამდვილი თაღლითი, იმ განსხვავებით რომ მისი საბოლოო მიზანი ფულის ნაცვლად – ცვლილებების გამოწვევაა.

 

ნუ გააკეთებთ პოეტურ ტერორიზმს სხვა არტისტებისთვის, გააკეთეთ ის ხალხისთვის, რომელიც ვერ მიხვდება [მინიმუმ რაღაც მომენტებში მაინც] რომ ის რასაც თქვენ აკეთებთ ხელოვნებაა. აიცილეთ აღიარებული არტ-კატეგორიები, მოერიდეთ პოლიტიკას, ნუ გაჩერდებით საკამათოდ თქვენს მიზნებზე, ნუ იქნებით სენტიმენტალურები; იყავით დაუნდობლები, გარისკეთ, ვანდალურად გაანადგურეთ მხოლოდ ის რაც უნდა განადგურდეს, გააკეთეთ რამე ისეთი რასაც ბავშვები მთელი ცხოვრება დაიმახსოვრებენ – მაგრამ ნუ იზამთ რამეს ნაჩქარევად ან ძალით, სანამ პოეტური ტერორიზმის მუზა არ დაგეუფლებათ.

 

ჩაიცვით სამასკარადო ტანსაცმლები. დაირქვით ცრუ სახელები. იყავით ლეგენდარულები. ნამდვილი PT კანონის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ შეეცადეთ არ დაგიჭირონ. ხელოვნება როგორც დანაშაული [კრიმინალური აქტი]; დანაშაული როგორც ხელოვნება.

 

 

ნაწილი II