ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი II
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 06/07/2012
კატეგორია: თარგმანი

 

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

ჰაკიმ ბეის ონტოლოგიური ანარქიზმი [თარგმანები] - ნაწილი II

 

იხ. ნაწილი I

 

 

პორნოგრაფია

 

 

სპარსეთში მე ვნახე, რომ ლექსები მუსიკის თანხლებით უნდა იკითხო და ლექსები უნდა იმღერო, და არა უბრალოდ, წაიკითხო -- ერთი უბრალო მიზეზის გამო -- ისინი ზემოქმედებას ახდენენ.

 

სახე-ხატისა და ბგერის სწორი შეხამება აუდიტორიას ძირავს ჰალში (რაღაც საშუალო მდგომარეობა ემოციონალურ\\ესთეტიკურ განწყობასა და ტრანსს ან ზეცნობიერებას შორის), ცრემლებამდე მიჰყავს ან აიძულებს აამღეროს აუდიტორია _ ანუ ეს შეხამება ახდენს ხელოვნებაზე – შესაბამისი ფიზიკური რეაქციის დემონსტრირებას. ჩვენთვის კი კავშირი სხეულსა და პოეზიას შორის ჯერ კიდევ ბარდების ეპოქაში დაიკარგა – როდესაც ლექსებს ვკითხულობთ, ჩვენ ვსუნთქავთ კარტეზიანული ანტიესთეტიკური აირით.

 

ჩრდილოეთ ინდოეთში არამუსიკალურ დეკლამაციასაც კი მოჰყავს მსმენელები ხმაურსა და მოძრაობაში, ყოველი სწორად ნასროლი სტროფი იწვევს ოვაციებს და აპლოდისმენტებს. მაყურებლები მონეტებს ისვრიან... ჩვენ კი პოეზიას ვისმენთ ისე, როგორც ამას გააკეთებდა დოქში ჩადებული მავანი მეცნიერულ-ფანტასტიკური გონი, საუკეთესო შემთხვევაში ვპასუხობთ შეკავებული ღიმილით ან გრიმასით, პირის ღრუს სამოქმედო რუდიმენტებით, იმ დროს როდესაც დანარჩენი სხეული სადღაც სხვა პლანეტაზე იმყოფება.

 

აღმოსავლეთში პოეტებს ხშირად სვამენ ციხეში _ ეს თავისებური შექებაა, რადგან იგულისხმება, რომ ავტორმა, ყველაზე ცოტა, ჩაიდინა რაღაც ისეთივე რეალური, ისეთივე ნამდვილი, როგორც ყაჩაღობა, გაუპატიურება ან რევოლუცია. აქ კი პოეტებს ყველაფრის გამოქვეყნება შეუძლიათ, რაც კი მოესურვებათ. და ეს თავისებური დასჯაა, ციხე კედლების გარეშე, ექოს გარეშე, გრძნობადი არსებობის გარეშე -- ბეჭდვის ან აბსტრაქტული აზრის ნისლიანი უღრანები -- სამყარო რისკისა და ეროსის გარეშე.

 

ასე რომ პოეზია ისევ მკვდარია - და თუმცა მუმიამ რამდენადმე შეინარჩუნა თავისი განმაკურნებელი შესაძლებლობა, მაგრამ აღდგომა მას არ ძალუძს.

 

თუ ხელისუფლებები სტიქიებს არ ჩათვლიან დანაშაულად, მაშინ ვიღაცას მოუწევს ისეთი დანაშაულების ჩადენა, რომლებიც შეასრულებენ ლექსებისა და ტექსტების როლს, და ამას ტერორიზმისთვის დამახასიათებელი რეზონანსი ექნება. ნებისმიერ ფასად უნდა აღდგეს პოეზიისა და სხეულის კავშირი. დანაშაული არა სხეულის, არამედ იდეის წინააღმდეგ, მკვდარი და მომაკვდინებელი იდეების წინააღმდეგ. ეს არ არის იდიოტური თავისუფლება, არამედ სამაგალითო დანაშაულებია, ესთეტიკური დანაშაულები, დანაშაულები სიყვარულის სახელით.

 

ინგლისში დღემდე აკრძალულია რამდენიმე პორნოგრაფიული წიგნი. პორნოგრაფია შესაბამის ფიზიოლოგიურ ეფექტს ახდენს მკითხველებზე. პროპაგანდის მსგავსად, ის ცვლის ცხოვრებას, რადგანაც ნამდვილი სურვილები გამოაქვს სააშკარაოზე.

 

ჩვენი კულტურა მის მიერ ნაწარმოები პორნოგრაფიის უდიდეს ნაწილს სხეულისადმი სიძულვილზე აფუძნებს, რაც ცუდია. ეროტიკული ხელოვნება, როგორც ასეთი მშვენიერი საშუალებაა ყოფიერების\\ბედნიერების\\გაცნობიერების განსავითარებლად - როგორც ეს არის რამდენიმე აღმოსავლურ ნიმუშში. დასავლური ტანტრის მაგვარი რამე შეძლებს დაგვეხმაროს სხეულის გალამაზებაში, რათა ის გასხივოსნდეს დანაშაულებრივი ნათებით.

 

ამერიკაში არის სიტყვის თავისუფლება _ ყველა სიტყვა იქ ერთნაირად სულამომხდარია. ყურადღებას მხოლოდ სახე-ხატებს აქცევენ _ ცენზორებს უყვართ სიკვდილის\\ტრავმების სცენები, მაგრამ იშოკებიან, როცა ეკრანზე ხედავენ ბავშვს, რომელიც მასტურბირებს _ ალბათ მათი შეფასებით ეს არის თავდასხმა მათ ეგზისტენციალურ დაკანონებულობაზე, მათ იდენტიფიკაციაზე იმპერიასთან და მის დეტალებთან.

 

არავის ეჭვი არ ეპარება, რომ ყველაზე პოეტური პორნოც კი ვერ ააცეკვებს და ვერ აამღერებს უსახო გვამს (როგორც ამას აკეთებს ჩინური ფრინველი-ქაოსი....) - მაგრამ...

 

წარმოვიდგინოთ სამწუთიანი ფილმის სცენარი _ სახლიდან გაქცეული ბავშვების ზღაპრული კუნძულის შესახებ, ისინი ცხოვრობენ ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევებში ან აშენებენ ტოტემურ საცხოვრებლებს “შემჯდართა” კომპანიისთვის. ანიმაციის, კომბინირებული გადაღებების, კომპიუტერული გრაფიკის და ფერადი ფირის ნაზავი - ისევე პროფესიონალურად დამზადებული, როგორც ფასტ-ფუდის რეკლამა.

 

...შიშვლები და უცნაურები, ბუმბულები და ძვლები, კრისტალური ძაფით შეკერილი კარვები, შავი ძაღლები, ცისფერი სისხლის შხეფები ტოტებზე -- სახეები ვარსკვლავური ნიღბებით, რომლებიც კოცნებით ეკვრიან კანის ნაზ ნაკეცებს -- პირატები-ანდროგინები, ყვავილებზე ჩამოძინებული, უარყოფილი კოლომბინების სახეები, სახე თეთრია, როგორც მისი თეძოების კანი, მდინარეების ხვლიკები, რომლებიც ლოკავენ დაღვრილ რძეს, შიშველი ბრეიქ-დანსი, ვიქტორიანული აბაზანა რეზინის იხვებით და ვარდისფერი სასქესო ორგანოებით...

 

... ატონალური პანკ-რეგეი, სინთეზატორი, საქსოფონები და დასარტყამი ინსტრუმენტები _ საბავშვო დასი, რომელიც მღერის ჰიმნებს ელექტრონული ბუგისთვის _ ონტოლოგიური ანარქიზმის პოეზია, ერთად არეული და სინთეზირებული: ხაფიზი და პანჩო ვილი, ლი ტაი ბო და ბაკუნინი, კაბირო და ცარა. და დავარქვათ ამას “ქაოსი-როკ-ვიდეო!”

 

მაგრამ.. ეს მხოლოდ ოცნებებია.. გადაღება ძალიან ძვირი დაჯდება, და გარდა ამისა, ვინ უყურებს ამ ყველაფერს? რ.თ.უ. ბავშვებს ამას არ ანახებენ, იმიტომ ეს მათ “გარყვნის”. პირატული ტელევიზიები - უსარგებლო ფანტაზიაა, როკი - მხოლოდ კიდევ ერთი მორიგი საქონელი - დავივიწყოთ ნატიფი ხელოვნებაც. ავავსოთ საბავშვო მოედანი ცეცხლგამძლე ფელეტონებით -- პორნოპროპაგანდა, შეუზღუდავი თვითგამომცემლობა, რათა სურვილი გამოვათავისუფლოთ ტყვეობიდან.

 

 

სულიერი პალეოლითიზმი და მაღალი ტექნოლოგიები

 

 

ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია ხშირად ახსენებს “პალეოლითს”, მაგრამ არ იფიქროთ თითქოს ჩვენ ქვის ხანაში გვსურს დაბრუნება.

 

ჩვენ არავითარი ინტერესი არ გვაქვს “დავუბრუნდეთ მიწას” თუ ეს გულისხმობს განავალში-მქექავი მიწათმოქმედი გლეხის მოსაწყენ ცხოვრებას – ჩვენ არ ვემხრობით “ტრაიბალიზმს” თუ ის მოდის თავისი ტაბუებით, ფეტიშებითა და კვების ნაკლებობით[ცუდი კვებით]. ჩვენ არ ვერჩით კულტურის კონცეფციას – თავისი ტექნოლოგიებით ჩვენი პრეტენზიები იწყება ცივილიზაციასთან შეხებისას.

 

ის, რაც ჩვენ გვიზიდავს პალეოლითურ ცხოვრებაში ჩამოყალიბებული იყო ანთროპოლოგიური სკოლის “ხალხი-ავტორიტარიზმის-გარეშე”-ს მიერ: მონადირე/შემგროვებელთა საზოგადოების ელეგანტური სიზარმაცე, 2 საათიანი სამუშაო დღე,  აკვიატებული ხელოვნება, ცეკვა, პოეზია და შეყვარებულობა, “შამანიზმის დემოკრატიზაცია”, აღქმის კულტივაცია... მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვიზიდავს კულტურა.

 

ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს ცივილიზაციაში გამომდინარეობს შემდეგი პროგრესიიდან: “აგრიკულტურული რევოლუცია”; კასტების წარმოშობა; ქალაქი და მისი იერარქიული კონტროლის კულტი [“ბაბილონი”]; მონობა; დოგმა; იმპერიალიზმი [“რომი”]; სექსუალობის ჩახშობა, სუბლიმაცია “მუშაობაში” “ავტორიტეტის” მეთვალყურეობის ქვეშ. “იმპერია არასოდეს გამქრალა”.

 

ფსიქიური/სულიერი პალეოლითი დაფუძნებული მაღალ ტექნოლოგიებზე – პოსტ-ინდუსტრიალური, ნომადური [“უფესვო კოსმოპოლიტიზმი”],”ნულოვანი სამსახურით” – კვანტური პარადიგმის საზოგადოება – აი რა არის ჩვენთვის მომავლის იდეალური ხედვა როგორც ქაოსის თეორიის მიხედვით, ასევე “ფუტუროლოგიის” მიხედვით [ამ ტერმინის რობერტ ანტონ უილსონისა და ტიმოთი ლირისეული გაგებით]

 

რაც შეეხება აწმყოს: ჩვენ უარვყოფთ ყველანაირ კოლაბორაციას ანორექსიისა და ბულემიის ცივილიზაციასთან, ხალხთან ვისაც იმდენად რცხვენია რომ არასოდეს უტანჯიათ რომ განდეგილი ბერის ტანისამოსები გამოიგონეს თავისთვის და სხვებისთვის – ან იმათთან ვინც თანაგრძნობის გარეშე, ხარბად ჭამს, ხოლო შემდეგ აღებინებს საკუთარ დახშულ დანაშაულს დიეტებისა და ძუნძულის მაზოხისტურ თამაშებში. ყველა სიამოვნება და თვით-დისციპლინის ფორმები ჩვენ ბუნებისგან გვეკუთვნის – ჩვენ არასოდეს უარვყოფთ საკუთარ თავებს, ჩვენ არასოდეს დავთმობთ რამეს; მაგრამ რაღაცეებმა პირიქით ჩვენ დაგვთმეს და მიგვატოვეს იმიტომ რომ ჩვენ ზედმეტად დიდები ვართ მათთვის. მე ერთდროულად გამოქვაბულის ადამიანი და ვარსკვლავური მუტანტი ვარ, კრიმინალი და თავისუფალი პრინცი.

 

ერთხელ ინდიელი ბელადი თეთრ სახლში ბანკეტზე მიიწვიეს. როცა საჭმელი  მოიტანეს, ბელადმა მისი თეფში მთლიანად გაავსო, და არა ერთხელ, არამედ სამჯერ. ბოლოს მის წინ მჯდარმა თეთრმა უთხრა ბელადს: ”ბელადო, ჰეჰეჰ, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს ძალიან ბევრია [ზედმეტია]?”

 

“აჰა”, უპასუხა ბელადმა, “ძალიან ბევრი – ზუსტად საკმარისია ბელადისთვის”

 

ამის მიუხედავად მაინც, “ფუტუროლოგიის” გარკვეული დოქტრინები ჩვენთვის პრობლემატურია. მაგალითად, თუნდაც დავუშვათ, რომ ისეთი ახალი ტექნოლოგიებს როგორიცაა ტელევიზორი, კომპიუტერები, რობოტიკა, კოსმოსის კვლევა და ა.შ. განმათავისუფლებელი პოტენციალი გააჩნიათ, ჩვენ მაინც ვხედავთ ცარიელ დასაძლევ სივრცეს პოტენციალურსა და აქტუალიზაციას შორის. ტელევიზორის გაბანალურება, კომპიუტერების “იაპიფიკაცია” და კოსმოსის მილიტარიზება “გვეუბნებიან,” რომ ეს ტექნოლოგიები თავიანთ თავში წინასწარ,“დეტერმინირებულად” არ ატარებენ განმათავისუფლებელ პოტენციალს.

 

თუ ჩვენ უარვყოფთ თუნდაც ბირთვულ ჰოლოკოსტს, როგორც მომდევნო დიდ სპექტაკლს, რომელიც ჩვენს ყურადღებას რეალური პრობლემებიდან სხვაგან მიუძღვება ორკესტრის დირიჟორივით, ჩვენ მაინც ვაღიარებთ, რომ “გარანტირებული საერთო უერთიერთგანადგურება” და “სუფთა ომი” რამდენადმე “აცივებს” ჩვენს ენთუზიაზმს მაღალ-ტექნოლოგიური მოგზაურობის გარკვეული ასპექტების მიმართ. ონტოლოგიური ანარქიზმი ინარჩუნებს თავის სიყვარულს ლუდიზმის როგორც ტაქტიკისადმი: თუ მოცემული ტექნოლოგია,იმის მიუხედავად თუ რამდენად საინტერესოა მისი პოტენციალი მომავალში, გამოიყენება ჩაგვრისთვის აქ და ახლა, მაშინ მე უნდა შევიარაღდე საბოტაჟით ან ხელში ამ ტექნოლოგიის წარმოების საშუალებები [ან შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი – კომუნიკაციის წარმოების საშუალებები] ჩავიგდო. არ არსებობს კაცობრიობა ტექნეს გარეშე – მაგრამ არ არსებობს ტექნე რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ჩემი ადამიანურობა.

 

ჩვენ უარვყოფთ ანტი-ტექნოლოგიურ ანარქიზმს – პირველ რიგში ჩვენთვის [სადღაც ალბათ არსებობს ხალხი ვისაც სიამოვნებს ფერმერობა, ყოველშემთხვევაში ასე ამბობენ] – და ჩვენ უარვყოფთ ტექნოლოგიური “რემონტის” კონცეფციასაც. ჩვენთვის ყველა ფორმის დეტერმინიზმი ერთდროულად მიუღებელია – ჩვენ არ გვინდა ვიყოთ მონები არც ჩვენი გენების, არც ჩვენი მანქანების. “ბუნებრივი” არის ის რასაც ჩვენ წარმოვიდგენთ და ვქმნით. “ბუნებას არ გააჩნია კანონები – მას აქვს მხოლოდ ჩვევები.”

 

ჩვენთვის სიცოცხლე არ ეკუთვნის არც წარსულს – ამ საქვეყნოდ განთქმული ლანდების სამეფოს, სადაც ისინი ღობედ არიან ჩამწკრივებულები ძველი პროდუქტებივით თავიათ გაფერმკრთალებულ საფლავებთან, სიცოცხლე არ ეკუთვნის არც მომავალს,რომლის მუტანტი მოქალაქეები მთელი მზრუნველობით[შურით] იცავენ უკვდავების, სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად გადაადგილების, გენეტიკური ინჟინერიისა და სახელმწიფო აპარატების ჭკნობის საიდუმლოებებს. Aut nunc aut nihil  . ყოველი მომენტი შეიცავს უსასრულობას,რომელშიც შესაძლებელია ჩაყვინთვა – და მაინც ჩვენ ვიკარგებით მკვდარი ადამიანების თვალებიდან დანახულ ხილვებში, ან ჯერ კიდევ დაუბადებელი სრულყოფილების ნოსტალგიაში.

 

ჩემი წინაპრებისა და ჩემი შთამომავლების ცოდნა ჩემთვის იმაზე მეტი არაა, ვიდრე დიდაქტიკური ან საინტერესო ზღაპარი – მე არასოდეს ვიტყვი, რომ ისინი ჩემზე უკეთესები არიან, თუნდაც ჩემი სიუძლურის [სიპატარავის] გასამართლებლად. მე ჩემს თავს მივეცი ლიცენზია, რომელიც უფლებას მაძლევს გავძარცვო ისინი, მოვიპარო მათგან ის რაც მე მჭირდება – სულიერი პალეოლითი თუ მაღალი ტექნოლოგიები, თუნდაც ცივილიზაციის ულამაზესი ნამტვრევები, ფარული მაგისტრების საიდუმლოებები, ფუქსავატ არისტოკრატთა სიამოვნებები და ბოჰემის ცხოვრება.

 

იმის მიუხედავად, თუ რას ამბობდა ნიცშე, დეკადანსი ისეთივე ღრმა როლს თამაშობს ონტოლოგიურ ანარქიზმში, როგორც ჯანმრთელობა – ჩვენ ყველასგან ვიღებთ  იმას, რაც ჩვენ გვინდა/გვჭირდება. დეკადენტი ესთეტები არ მართავენ სულელურ ომებს და არ ძირავენ საკუთარ ცნობიერებას მიკროცეფალურ სიხარბესა და შეურაცხყოფებებში. ისინი თავგადასავლებს არტისტულ ინოვაციებსა და არა-ორდინარულ სექსუალობაში ეძებენ, ვიდრე სხვათა გაჭირვებაში. ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია აღფრთოვანებულია და იარაღდება მათი სიზარმაცით, მათი ზიზღით უინტელექტობისა თუ ნორმალურობის მიმართ, მათ მიერ არისტოკრატიული მგრძნობელობის ექსპროპრიაციით. ჩვენი აზრით ეს თვისებები პარადოქსალურად ეთავსება უძველესი ქვის ხანის უსაზღვრო ჯანმრთელობას, იერარქიულობის უარყოფას,  კანონების ნაცვლად სათნოების/ღირსების კულტივაციას. ჩვენ ვითხოვთ დეკადანსს ავადმყოფობის გარეშე და ჯანმრთელობას მოწყენილობის გარეშე!

 

ამიტომაც A.O.A. [ონტოლოგიური ანარქიზმის ასოციაცია] მთლიანად მხარს უჭერს ყველა მკვიდრი,ადგილობრივი ტომის ბრძოლას ავტონომიისთვის – და ამავდროულად მხარს უჭერს ფუტუროლოგების ველურ,ყ ველაზე “გასულ” სპეკულაციებსა და მოთხოვნებს, მომავლის პალეოლითი [რომელიც ჩვენთვის, როგორც მუტანტებისთვის უკვე არსებობს] გლობალურ დონეზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ წარმოსახვის/ფანტაზიის ტექნოლოგიების მასობრივი გავრცელების შემდეგ, მხოლოდ ისეთი მეცნიერული პარადიგმის გავრცელების შემდეგ,რომელიც სცდება კვანტური მექანიკას და თავს აღმოაჩენს ქაოსის თეორიისა და სპეკულაციური გამონაგონის ჰალუცინაციებში.

 

როგორც უფესვო და უსამშობლო კოსმოპოლიტები ჩვენ პრეტენზიას ვაცხადებთ წარსულის ყველა სილამაზეზე, იქნება ეს აღმოსავლეთის თუ ტომური საზოგადოებების – ეს ყველაფერი უნდა იყოს და შეიძლება იყოს ჩვენი, ესენიც და იმპერიის ოქროებიც: ჩვენ უნდა ვფლობდეთ მას იმისათვის, რომ გავუყოთ სხვებს. და ამავე დროს, ჩვენ ვითხოვთ ტექნოლოგიას, რომლიც გარდაქმნის სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიას, ელექტროობის ყველგანმყოფობასაც კი; ჩვენ ვითხოვთ “ჰარდვეარს” რომელიც გადაიკვეთება ჩვენი ცნობიერების ბიოლოგიურ არქიტექტურასთან, რომელიც შეიცავს კვარკების ძალას, სავსეა იმ ნაწილაკებით, რომლებსაც ძალუძთ დროში უკან მოგზაურობა, ჩვენ ვითხოვთ ტექნოლოგიას, რომელსაც გააჩნია კვაზარებისა და პარალელური სამყაროების ენერგია.

 

ანარქიზმისა და ლიბერტარიანიზმის მოქიშპე იდეოლოგიები ყოველი მისი ბრენდის შესაბამისი, შეზღუდული ხედვის საფუძველზე ხატავს რაიმე უტოპიას – ერთთათვის ეს გლეხური კომუნაა, მეორეთათვის განვითარებული კოსმოსური ქალაქი. ჩვენ კი ვამბობთ: დაე აყვავდეს მილიონი ყვავილი, მხოლოდ იმ მებაღის გარეშე, რომელიც თხრის სარეველებს და “ალამაზებს” ბაღს, რომელიმე მორალისტური ან ევგენიკური სქემის მიხედვით. ერთადერთი ჭეშმარიტი კონფლიქტი არსებობს ტირანის ავტორიტეტსა და რეალიზებული “მე”-ს ავტორიტეტს შორის – დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა, ფსიქოლოგიური პროექცია, ფუჭი მრავალსიტყვაობა.

 

გარკვეული გაგებით გაიას[დედამიწის] გოგოები და ბიჭები არასოდეს გაცდენილან პალეოლითს, სხვა გაგებით, მომავლის ეს სლუყოფილებები უკვე ჩვენია. და მხოლოდ ამბოხს შეუძლია “გადაწყვიტოს” ეს პარადოქსი; მხოლოდ ამბოხი, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი ცრუ ცნობიერების წინააღმდეგ – დაანგრევს ჩაგვრის ტექნოლოგიას და სპექტაკლის სიმდაბლეს. ამ ბრძოლაში შამანის მოხატული ნიღაბი შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც თანამგზავრის ან დაშიფრული კომპიუტერული ქსელის დაპყრობა.

 

ჩვენთვის იარაღის არჩევის ერთადერთი კრიტერიუმი – მისი სილამაზეა. საშუალებები უკვე რაღაც გაგებით გადაიქცნენ მიზნებად; ამბოხი უკვე გახდა ჩვენი თავგადასავალი. Becoming is Being. წარსული და მომავალი არსებობს ჩვენში და ჩვენთვის, ალფა და ომეგა. არ არსებობენ სხვა ღმერთები ჩვენამდე და ჩვენ შემდეგ. ჩვენ ვართ თავისუფლები დროში – და აუცილებლად ვიქნებით ასეთივე თავისუფლები სივრცეში.