აბო იაშაღაშვილი: იმას ვწერ, რაც ძალიან მიყვარს, თბილისი ძალიან მიყვარს
მაშო სამადაშვილი
 
თარიღი: 24/09/2015
კატეგორია: ჟურნალი "თიბისი"

 

როდის დაიწყეთ წერა? როგორ გამოიცა თქვენი პირველი წიგნიოსმალური მარში?

წერა დიდი ხნის წინ დავიწყე. რასაც ვკითხულობდი და მომწონდა, მინდოდა, ის ამბები და გაჩენილი ემოციები სხვანაირად გადმომეცა, ან ის პერსონაჟები სხვა გარემოში გადმომეყვანა. ეს თავიდან ჯერ ფიქრად ლაგდებოდა, შემდეგ ამის დაწერასაც ვცდილობდი. თუმცა საკმაოდ გაუმართავი ნაწყვეტები გამოდიოდა, სამარცხვინო. ძალიან დიდი შრომა დასჭირდა იმას, რომ ეს ყველაფერი რაღაცას დამსგავსებოდა. დიდი შრომა დაიხარჯა ენის სწავლაზე. ეს ახლაც გრძელდება და, რეალურად, ისეთივე მუშაობა და წვალება სჭირდება, როგორც, დავუშვათ, უცხო ენის სწავლას. 2013 წლის ბოლოს ერთი მოთხრობა გავაგზავნე „ლიტერატურულ გაზეთში“, მომიწონეს და დაბეჭდეს. საერთოდ, მოთხრობებს ვწერდი. კიპლინგი მიყვარს და მის ყაიდაზე წერას ვცდილობდი. შემდეგ სიუჟეტები დამენანა მოთხრობებისთვის და ვცადე ისინი რომანებად მექცია. „ოსმალური მარშიც“ თავიდან მოთხრობა იყო და შემდეგ გამსხვილდა.

მისი გამოცემის ამბავს რაც შეეხება, რაკი მივხვდი, რომ ჟურნალში რომანის დაბეჭდვა არ გამოვიდოდა, ვიფიქრე ის რომელიმე გამომცემლობისათვის შემეთავაზებინა. რომანიდან ნაწყვეტი გავგზავნე ერთგან და მათ მთლიანი ტექსტის ჩვენება მთხოვეს, შემდეგ ათი დღე მალოდინეს და უარი შემომითვალეს. ეს მტკივნეული მოსასმენი იყო, თუმცა ტექსტი იმ დღესვე სხვა გამომცემლობაში გავგზავნე. სულ ორი გამომცემლობა ვიცოდი, მეორე „დიოგენე“ იყო, მათაც მთლიანი ტექსტის გამოგზავნა მთხოვეს და მეორე დღესვე დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ წიგნის გამოცემას წინ არაფერი დაუდგებოდა. ერთ თვეში ხელში უკვე სტამბიდან გამოტანილი „ოსმალური მარში“ მეჭირა. ყდაც საკუთარ გემოზე გამაკეთებინეს და მათ მხატვართან ერთად ჩავუჯექი და ორივე წიგნის შემთხვევაში ერთად მოვიფიქრეთ.

მას შემდეგ, რაც ტექსტისაბაზეწარადგინეს, რამდენად ელოდით მის დებიუტის ნომინაციაში მოხვედრას?

როცა გრძელ სიაში აღმოვაჩინე ორივე წიგნი, გამიხარდა ძალიან, და როდესაც ორივე ფინალში აღმოჩნდა, ეს დიდი მოულოდნელობა იყო და გამიხარდა, ბუნებრივია. ამის შემდეგ უკვე თავისთავად გაგიჩნდებოდა ერთგვარი მოლოდინი. როცა ხედავ, რომ ორი წიგნი დებიუტის და საუკეთესო რომანის ნომინაციაზე მოხვდა, ლოგიკურია, გქონდეს დებიუტში „საბას“ აღების მოლოდინი. ეს თავისთავად ასე გილაგდება გონებაში. თან ამასობაში გარშემოც ბევრმა წაიკითხა და ალალად და სიხარულით საკუთარ დამოკიდებულებას შემოთვლიდნენ. ეს მახარებდა, ბუნებრივია, წიგნიც ხომ იმ განწყობით დაიწერა, რომ ყოფილიყო ერთგვარი ხალისის, სიხარულის, კაეშნის განქარვების და მისთანების მომტანი.

ფიქრობდით, რომ რომანის კატეგორიაში გამარჯვებული გახდებოდით?

ის, რომ ორივე წიგნი ასე გამოარჩიეს, უკვე დიდი სტიმული იყო, რომ შემდეგი წიგნები უფრო მონდომებით დაწერილიყო. თუმცა მას მერე, რაც ბოლო დღეებში გარშემო ბევრმა გაიგო ამ საფინალო დაჯილდოების შესახებ და ყოველდღე მეკითხებოდნენ, იქ წამოსვლაზე იქაჩებოდნენ, თან ვხედავდი, რომ ყველას უნდოდა „საბას“ აღება, უკვე ერთგვარი ინსტინქტი ჩაირთო. ესეც დაცემული ბუნების ინსტინქტია, მეც ჩამითრია და რაღაც აღარ გამოდიოდა ამ ჯილდოს გარეშე. ეს დებიუტზეა საუბარი. საუკეთესო რომანზე ფიქრი, ბუნებრივია, არ ყოფილა. ეს დიდად ჯანსაღი ფიქრი ვერ იქნებოდა. და უცებ „როიალ-მერიმ“ აიღო წლის საუკეთესო რომანის ჯილდო. მერე რომ ვფიქრობდი, ძალიანაც კარგი, რომ აიღო.

როგორ მუშაობთ ტექსტზესაიდან მოდის თქვენი სიუჟეტები და პერსონაჟები? არქივებს ამუშავებთ, ისტორიას იკვლევთ, ზეპირსიტყვიერების მაგალითებს იშველიებთ?

წერა იოლად არ მეძლევა. ზოგჯერ ხდება, რომ მეტად იოლად და ერთი ამოსუნთქვით იწერება მთლიანი თავი და შემდეგ მასში არც არაფერი იცვლება და, საბოლოოდ, ყველაზე უკეთესი ისინი გამოდის. თუმცა ეს იშვიათად ხდება და უმეტესად გადაკეთება-გადმოკეთებით მიიწევს ტექსტი წინ. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, წინ დიდი მოსამზადებელი მუშაობა უსწრებს. ათი წელია სისტემატურად დავდივარ ბიბლიოთეკაში. თავიდან დავეძებდი XIX საუკუნის სხვადასხვა თარგმანს ქართულ ენაზე და იმ დროის მთარგმნელების ენის დასწავლას ვცდილობდი. ისინი დღეს უმეტესად დავიწყებული ხალხია, არადა, ამბებს არაჩვეულებრივი ენით ჰყვებიან. თარგმანის ხერხებისა დიდად არ გაეგებათ, სამაგიეროდ, ენა აქვთ ოქროსი და გასაოცარი. უფრო ცნობილებიდან ესენია: ანტონ ფურცელაძე, დიმიტრი ყიფიანი, სერგეი მესხი, ილია ჭავჭავაძე, ასევე ივანე მაჭავარიანის და ნიკო ავალიშვილის არაჩვეულებრივი და საუკეთესო თარგმანები. დღეს მივიწყებულებიდან ესენი იყვნენ: ილია ნაკაშიძე,  ცისკარიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, გ. დიდებულიძე, გ. წერეთელი, გოლა ჩიტაძე, გენო-ლახვარი, ხოჯევანიშვილი და ბევრიც სხვა. მათი უამრავი თხელი წიგნი და თარგმანი დაკარგული მხვდებოდა, რაც გულდასაწყვეტია, რაკი მათ დაკარგვასთან ერთად ის კეთილხმოვანება ქრება, რაც შიგ მოკრებილა, ერთგვარი ზარდახშები დაიკარგა. შემდეგ XIX საუკუნის ქართულ და რუსულ გაზეთებს ვკითხულობდი და იქიდან ვიცნობდი იმ დროის ტფილისს. ესეც საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ხდება, რომ ას, ას ორმოცდაათ ნომერს გადაათვალიერებ და შენთვის ღირებულს ვერაფერს მონახავ.

პერსონაჟებსა და სიუჟეტებს რაც შეეხება, ეს რთული სათქმელია. სიუჟეტი თავისით ჩნდება, როცა ბევრს მუშაობ და იმ სამყაროში ტრიალებ, მერე რაღაცა გამოვარდება ხოლმე და ამბავი შეიკვრება. თუ მთლიანი ფაბულა გაჩნდება, შემდეგ შიგ ჩასამატებელი თავების მოფიქრებას ვცდილობ და პერსონაჟებიც თავისით გამოძვრებიან ხოლმე. თუმცა, ესეც გამუდმებული მუშაობისა და ფიქრის შემდეგ. ამასთან, წერის დროს სხვადასხვა დიდ წიგნებს ამოყრის ხოლმე გონება თავისით, წიგნებს, რომლებიც ბავშვობიდან მიყვარს და ისინი ერთგვარად გაერევა ხოლმე თხრობაში და ალუზიებად გამოდის. რამდენჯერმე უკვე მზა პერსონაჟი გადმოვიყვანე, დავუშვათ, გოგოლის წიგნებიდან, იმავ გვარითა და ხელობით და შევურიე თხრობაში, რომ ამას ამბავში ერთგვარი თავბრუსხვევა გაეჩინა. თან ტფილისი ძალიან საინტერესო ქალაქი იყო, შესაძლოა ყველაზე საინტერესო ქალაქი, რაც კი წიგნებში შემხვედრია. ასეთი რაოდენობის სხვადასხვა კულტურა, რომელიც მონაწილეობდა ამ ქალაქის ცხოვრებაში და თავის შტრიხს ტოვებდა, ძნელი მოსაძებნია. სამწუხაროა, რომ ის განსაკუთრებული, მეტად გამორჩეული ქალაქი სრულიად ქრება, სულ ბოლო ნამსხვრევებს ვხედავთ და ისიც სრულიად უპატრონოდ, ყოველდღიურად ქრება და ნიავდება და მის ადგილას მეტად ბანალური, უშინაარსო, უგემოვნო იერის ქალაქი ყალიბდება. რაც გაუნათლებლობის, შინაგანი კულტურის და გემოვნების არქონის შედეგია.

გაჩნდა მოსაზრება, რომ თემატიკით, რომელზეც წერთ, თქვენი წიგნები ჰგავს აკა მორჩილაძის პროზას. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას? თუ ასეა, რამდენად სარისკო იყო იმ ნიშის აღება, რომელშიც ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მწერალი უკვე წერს?

აკა მორჩილაძე დიდი მწერალია. ჩემთვის ძალიან დიდი მწერალია. ჩემი მასწავლებელიცაა, მე ასე ვთვლი. რაც ყველაზე მთავარია, მისი წიგნების უკან უაღრესად კეთილშობილი ადამიანი ჩანს. ეს არის ადამიანი, რომელმაც 1990-იან წლებში წიგნისკენ მოაბრუნა მკითხველი. მისი საფეხბურთო სვეტების მოლოდინში, ჯერ შაბათს და მერე ორშაბათს ძალიან ველოდებოდი. მან დიდი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. მისი მადათოვის ციკლი კი შედევრია, რომელიც, მეჩვენება, რომ სათანადოდ არც არის დაფასებული.

ნიშას რაც შეეხება, არავითარი ნიშა არ ამიღია, იმას ვწერ, რაც ძალიან მიყვარს, თბილისი ძალიან მიყვარს. თბილისში სიარული, ხეტიალი კიდევ უფრო მეტად. საქმიანობაც ასეთი გამოვნახე. მთის გიდად ვმუშაობ და ვიდრე მთაში ავალთ, ერთი დღე თბილისის დათვალიერება გვიწევს და ეს საქმიანობა არანაკლებ მიყვარს, ვიდრე მთაში ყოფნა.

სიტყვა რისკზე მეცინება. ამ საქმეს დიდი სიყვარულით ვაკეთებ, არც რაიმე გამორჩეულობის ან განთქმულობის დევნაში ვარ და ვცდილობ, სიხარული გავაჩინო ამ წიგნებით, პირველ რიგში, ასე გამოდის – საკუთარი თავისთვის და შემდეგ, თუ ვინმეს ახარებს და მოსწონს – მისთვისაც. ასეთი დიდი ინგლისელი მწერალი იყო გილბერტ კიიტ ჩესტერტონი. საოცარი ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანი. საუკეთესო ესეისტიკის დამწერი. მისი გემოვნება ჩემთვის ძალიან ახლოა და, ვცდილობ, ამ გზით ვიარო.

ამჟამად რაზე მუშაობთ? უნდა ველოდოთ XIX საუკუნის ტფილისზე საფათერაკო ციკლის შემდეგ წიგნს?

თავიდან ისე მქონდა ჩაფიქრებული, რომ ეს ციკლი XIX საუკუნის ტფილისზე ათი მცირე რომანისაგან იქნებოდა შემდგარი. ორი გამოიცა, რამდენიმეც სანახევროდ დაწერილია და ახლა მათი მოსრულებით, გათლა-გაშლა-დაწერით ვარ დაკავებული. ესეც მეტად შრომატევადი საქმიანობაა. თანაც, თანამედროვე თბილისის ამბებმაც გამიტაცა და ამაზეც ვცდილობ წერას, ოღონდ ესეც სწავლას მოითხოვს. ვეცდები, ის XIX საუკუნის ციკლი ბოლომდე მივიყვანო და ნელ-ნელა ყველა ეს წიგნი დასრულდეს და გამოიცეს.

მასალა მოამზადა ჟურნალმა „თიბისი“. პრემია „საბას“ წლევანდელი გამარჯვებულების მიმოხილვა ვრცლად იხილეთ ჟურნალის შემდეგ ნომერში.