„ბაში აჩუკი“ და ოთხი სკამის ისტორია
 
თარიღი: 29/09/2015
კატეგორია: სტატია

 

„ბაში აჩუკი“ და ოთხი სკამის ისტორია

 

@ლაშა ჩხარტიშვილი

       

ღმერთია მოწმე (მთლად ეგეთი უღმერთოც არ ვარ) „ბაში-აჩუკის“ დადგმას მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე დიდი ინტერესით ველოდი. გარდა იმისა, რომ მაინტერესებდა როგორ გაცოცხლდებოდა აკაკი წერეთლის მოთხრობა სცენაზე, ნახვის წყურვილს და ინტრიგას მიძლიერებდა დაანონსებული ინფორმაცია სპექტაკლის გადაწყვეტაზე 3 D ტექნოლოგიაში, მაინტერესებდა რეჟისორის დიმიტრი ხვთისიაშვილის ახალი ნამუშევარიც და მასში მონაწილე მსახიობთა ანსამბლის ხილვაც განსხვავებულ ჟანრში (ისტორიული ჟანრის პიესების სცენაზე იშვიათად განხორციელების გამო). ველოდი ინტერესით და ვგულშემატკივრობდი კიდეც თეატრს. სპექტაკლზეც იმ განწყობით მივედი, რომ ჩემთვის ვფიქრობდი: ხომ შეიძლება ამ ერთხელ მაინც გამაოცოს, აღმაფრთოვანოს, მომანიჭოს სრული ბედნიერება და სიხარული ამ სცენაზე (დიდ სცენას ვგულისხმობ) დადგმულმა სპექტაკლმა- მეთქი. ამიტომაც, გადატვირთული თეატრალური საღამოებისა და პროგრამის მიუხედავად, მოზარდის „ბაში-აჩუკის“ პრემიერა პრიორიტეტულად და მნიშვნელოვან მოვლენად მივიჩნიე.

    

დიდი ხანია ვიცოდი, რომ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი აკაკი წერეთლის საიუბილეოდ „ბაში-აჩუკის“ პრემიერისთვის გრანდიოზულად ემზადებოდა. პომპეზური სამზადისი ამ განსაკუთრებული პროექტისთვის იგრძნობოდა ყველგან: სოციალურ ქსელში, ინტერნეტგამოცემებში, სატელევიზიო გადაცემებში. ინფორმაციის ფართო გავრცელებას, მათ შორის, ქართულ ტელევიზიებში ხელი შეუწყო არა მხოლოდ მწერლის საიუბილეო თარიღმა, არამედ დაანონსებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ „ქართულ თეატრში პირველად იდგმებოდა სპექტაკლი 3D ფორმატში“. მოგვიანებით ეს ინფორმაცია შეიცვალა, რადგან ორი წელი არ არის ბევრი, რომ დაგვიწყებოდა ზაალ ჩიქობავას მიერ სპორტის სასახლეში დადგმული „თოვლის დედოფალი“, რომელშიც ქართული თეატრის სამსახიობო ამქრის პოპულარული სახეები, შესაბამისად პროფესიონალები მონაწილეობდნენ).  „პირველობის“ ფენომენი იმდენად მომხიბვლელია (თანაც პრესისთვის მიმზიდველი), რომ პროექტის გაპიარების დროს, ერთ-ერთმა თანადამფინანსებელმა - თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის პრესსამსახურმა პრესრელიზში სიტყვა „პირველი“ გადაათამაშა და  სათაური ასე ჩამოაყალიბა: „პირველად ქართულ თეატრალურ სცენაზე „ბაში -აჩუკი“ 3 D-ში!“. ვერაფერს იტყვი და პრესრელიზის ავტორსაც ვერაფერში შეედავები, მაგრამ ჭკვიანი ჟურნალისტი ალბათ მიხვდებოდა, რომ სიტყვა „პირველი“ აქ მარკეტინგული ხრიკია, რადგან „ბაში-აჩუკი“ არასდროს შეგვხვედრია ქართული თეატრის სარეპერტუარო აფიშაზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ არ დადგმულა (ყოველ შემთხვევაში მეოცე საუკუნის განმავლობაში). აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არსებობს ლეო ესაკიას პოპულარული ეკრანიზაცია და არჩილ კერესელიძის ოპერა. ასე რომ, მოზარდის „ბაში-აჩუკი“ არა მხოლოდ პირველი მცდელობაა 3 D ფორმატში სპექტაკლის განხორციელების, არამედ სახელმწიფო პროფესიულ თეატრში მოთხრობის პირველი სცენური ინტერპრეტაციაც. თავად ფაქტი, ნამდვილად ისტორიულია, როგორც თავად მოთხორბა, მაგრამ რამდენად გაუძლებს ის დროს, ლიტერატურულ პირველწყაროსთან  შედარებით, ეს უკვე თავად დროისა და პროფესიული კამათის საკითხია.

    

ინიციატივებს რომ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი არ უჩივის, ეს აკაკი წერეთლის 175 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებითაც კარგად გამოჩნდა და შესაბამისად, ჩანს ხელშეწყობაც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრია სამინისტროს პრიორიტეტული სსიპ-ი , მაგრამ არც დაჩაგრული რომ არის, ეს უკვე კარგია, რადგან სამინისტრო მხარს უჭერს ინოვაციურ პროექტს, მაგრამ პასუხს აღარ აგებს პროდუქტზე, რომელსაც ის აფინანსებს. გულწრფელად რომ ვთქვა, მეც დავუჭერდი მხარს ისეთ პროექტს, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მცდელობა: თანამედროვე ტექნოლოგიების თეატრში დანერგვის, კლასიკური ნაწარმოების ახლებური ინტერპრეტაციის, კონკრეტული სპექტაკლისთვის ორიგინალური მუსიკის შექმნის, ილიკო სუხიშვილის თეატრში შემოსვლის... სამინისტროსა და თბილისის მერიის დაფინანსება და მხარდაჭერა შემთხვევით არ მიხსნებია, რადგან სპექტაკლის 3 D ფორმატში განხორციელების ხარჯებს, თავად თეატრი ვერ გასწვდება. ამიტომაც, არის მნიშვნელოვანი მათ მიერ ინიციატივების მხარდაჭერა, მაგრამ პრობლემაა, რამდენად ართმევს თავს, ამ შემთხვევაში თეატრი, 3 D ფორმატში სპექტაკლის განხორციელებას, ან 3 D - განზომილების გამოყენებას სპექტაკლში.

3 D განზომილება კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თანამედროვე პროდუქტია, რომელიც ალბათ იმიტომ შექმნეს, რომ მაყურებელსა და გამოსახულებას შორის უფრო ახლო, ინტიმური და ხელშესახები კავშირი დამყარებულიყო, რაც თეატრს ისედაც აქვს და რითაც გამოირჩევა ის სხვა ხელოვნების დარგებისაგან. მიუხედავად ამისა, თეატრი მუდმივად ცდილობს ტექნიკურ პროგრესს არ ჩამორჩეს და ყველაფერი ახალი დანერგოს მასში, რადგან ახალ ეპოქაში თავი გადაირჩინოს და გახდეს კვლავაც მიმზიდველი, როგორც კინოს და ტელევიზიის შექმნამდე იყო. თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მაყურებელს, იმ სეგმენტს, რომელზედაც ის მუშაობს ძირითადად და სწორედ, ტექნოლოგიური სიახლეებით და გამომსახველობითი საშუალებების სიუხვით დააინტერესოს მოზარდი მაყურებელი, მაგრამ „ბაში-აჩუკის“ სანახავად მისული მაყურებელი მოტყუებული აღმოჩნდება, რადგან „კაკადუ სტუდიამ“ 3 D ტექნოლოგიის პროვოკაცია დაგვახვედრა, რითაც გაგვაბითურა კიდეცდა თვალში ნაცარიც შემოგვაყარა. არ დავიწყებ ახლა იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს 3 D ტექნოლოგია, რადგან ყველამ შესანიშნავად იცის​(შესაძლოა ჩემზე უკეთაც), მაგრამ ვინც მწყრალად არის ახალ ტექნოლოგიებთან, ისიც მიხვდება, რომ დაანონსებული 3 D გამოსახულების ნაცვლად, ერთ განზომილებიანი (მაქსიმუმ ორ) გამოსახულება ნახა. ცალკე საკითხია, რამდენად ხარისხიანი, თანმიმდევრული, სტილისტურად გამართული ან დაცული იყო თავად ჟანრი, რომელშიც გამოსახულება (ნახატი) იყო შესრულებული და  რომელიც 3 D გამოსახულებად შემოგვასაღეს, მაგრამ სცენის იატაკი და გვერდითა კულისები მულტიმედიით რომ უნდა ყოფილიყო დაფარული, ამას ის მაყურებელი ყველაზე უკეთ მიხვდება, რომლისთვისაც ეს პროექტი განხორციელდა. 

3 D - ტექნოლოგიის ნაცვლად, სპექტაკლში ჩვეულებრივი ეკრანი დაგვხდა, რომელზედაც ხან ფოტოკოლაჟი გადიოდა, ხანაც თვალისმომჭრელი ბრჭყვიალა ლაბირინთი, ჰოლოგრამული ნახატი (სოცქსელებში „იპოვე მესამე თვალის“ სახელით რომ გვხდება ისეთი), ხანაც „ჩხიკვთა ქორწილის“ მსგავსი მულტიპლიკაციური გამოსახულება და ასევე ფოტოს (თბილისის ხედებით) და ორიგინალური ნახატის (პეიზაჟები, სხლების ინტერიერები) ეკლეკტური კოლაჟი. ეკრანზე მეტწილად მულტიპლიკაციური გამოსახულების პარალელურად, სცენაზე რეალური და ისტორიული ამბები თამაშდება, ოდნავ პათეტიკურად წარმოთქმული ტექსტითა და დეკლამაციით. სცენაზე შექმნილი ეს კონტრასტი გამოსახულებასა და მსახიობთა შორის, არღვევდა ზღვარს რეალობასა და ირეალობას შორის, მულტიპლიკაციასა და ნამდვილ ამბავს შორის, მულტიმედიასა და ცოცხალ პლანს შორის, მაგრამ რისთვის და რატომ?! რა აუცილებლობით იყო გამოწვეული?! ამაზე პასუხი არ მაქვს.

ეკრანის გამოყენების ტრადიცია (თითქმის იმ პრინციპით, რა პრინციპითაც გვხდება სპექტაკლში „ბაში-აჩუკი“) ქართულ თეატრში საუკუნეზე მეტს ითვლის. თეატრში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ტრადიციას სათავე კოტე მარჯანიშვილმა ჩაუყარა და მომდევნო თაობის რეჟისორებმა განავითარეს და დღეს უკვე 3 D სპექტაკლიც განახორციელეს (ზაალ ჩიქობავას „თოვლის დედოფალს“ ვგულისხმობ) და საკმაოდ წარმატებითაც. „ბაში-აჩუკი“კი, გასული საუკუნის ტექნოლოგიის ხელახალი ათვისების მცდელობა უფროა, ვიდრე 3 D ფორმატის სპექტაკლი.

თეატრი და მისი პროდუქტი, რომ მხოლოდ თანამედროვე ტექნიკური მიღწევების ათვისება არ არის ეს ცხადია. სპექტაკლი რეჟისორის, ინსცენირების ავტორის, კომპოზიტორის, მხატვრისა, ქორეოგრაფისა და რაც მთავარია, უპირველსად მსახიობების შემოქმედების ერთობლიობაა. „ბაში-აჩუკიც“ პროფესიონალების გუნდმა შექმნა და მაყურებლისთვის მხატვრულად გააცოცხლეს ჩვენი ისტორიის ერთი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება წინააღმდეგობებით, ერთმანეთის გატანითა და ღალატით, სიკეთითა და სიძულვილით, მაგრამ ამბავი სპექტაკლში მოვლენები მაინც დანაწევრებულად ვითარდება. შესაძლოა, ეს მსახიობთა მიერ ბუნდოვნად წარმოთქმული ტექსტითაც არის გამოწვეული. ინსცენირების ავტორი სპექტაკლის რეჟისორ დიმიტრი ხვთისიაშვილთან ერთად ცნობილი თეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორია, რომლებიც აკაკი წერეთლის ტექსტში უხეშად არ ჩაერივნენ, „შეულამაზებლად“  დატოვეს ორიგინალური წყობაც და მწერლის ტექსტი დიალოგებად აქციეს.

პირველი სცენა ხანგრძლივ დიალოგს წარმოადგენს, რომელიც საექსპოზიციო ნაწილის დინამიკურ განვითარებას ოდნავ აფერხებს. ამას ემატება მოძღვრის (ნიკა კვანტალიანი) სიზმრის მონოლოგი, რომელიც ფანტასტიკის ჟანრის მულტიპლიკაციური გამოსახულების თანხლებით მიმდინარეობს. გამოსახულება, მუსიკალური თანხლება (კომპოზიტორი დავით მალაზონია) და მსახიობის მონოლოგი ერთმანეთში ირევა და სავარაუდოდ ხელსაც უშლის, რადგან მაყურებელს უჭირს ერთდროულად სამივე განზომილებაზე კონცენტრირება. პირადად ჩემი ყურადღება მაინც გამოსახულებამ მიიქცია, რადგან მსახიობის მიერ ავანსცენიდან პათეტიკურად წაკითხულმა მონოლოგმა ვერ დამაინტერესა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ტექსტი ცუდად ისმოდა. ბუნებრივია, ამ პრობლემის აღმოფხვრა მომდევნო სპექტაკლებზე შესაძლებელია, მაგრამ მსახიობს ალბათ პათეტიკის დაძლევისთვისაც მოუწევს მუშაობა, ისე როგორც სპექტაკლში მონაწილე არტისტების გარკვეულ ნაწილს. სპექტაკლში ასევე პრობლემაა ისიც, რომ მსახიობები ერთმანეთს არ უსმენდნენ (ყოველ  შემთხვევაში, საპრემიერო ჩვენებაზე) და ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში წარმოსთქვამდნენ ტექსტს.

ქართველი მაყურებელი რომ მომსმენი მაყურებელი არ არის, ესეც არ ახალია. მათი „დაჭერა“ თეატრში რამდენიმე საათი მხოლოდ ერთეულ არტისტებს შეეძლოთ, ჩვენი მაყურებელი სანახაობის მოყვარულია... 120 წუთიან სპექტაკლში მოქმედების დეფიციტიცაა (თუმცა ვხვდებით ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიულ ნახაზებსაც), აქ ძირითადი აქცენტი დიალოგებზეა და ტექსტზე გადატანილი. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ ნაწარმოებში მნიშვნელოვანია ტექსტი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, მაგრამ ვშიშობ, მოზარდი მაყურებელი რამდენიმე წუთის შემდეგ გადაიღლება და ეს უკვე გამოჩნდა პირველივე წარმოდგენაზე დარბაზში, როცა ბავშვები და მოზარდები დიალოგს გამოეთიშნენ. რაკი ზემოთ ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფია ვახსენე, უნდა ავღნიშნო, რომ სახელგანთქმული სუხიშვილების მემკვიდრემ სამუშაო ზედაპირულად შეასრულა, (ჟარგონულად რომ ვთქვათ - წაიხალტურა). ისეთი ორი-სამი ქორეოგრაფიული ჩანართის (ბრძოლის და ფერხულის ეპიზოდი) დადგმას, რომელიც ქორეოგრაფმა შემოგვთავაზა, თავად სპექტაკლში მონაწილე არტისტებიც შეძლებდნენ, რომლებიც ცეკვასთან შესანიშნავად მეგობრობენ. ბრძოლისა და საფინალო ფერხული თავად ცეკვასა და ქორეოგრაფიულ ესკიზს შორის გაჩხერილი მოძრაობების ერთობლიობაა.

ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერსონაჟები სპექტაკლში შაჰ-აბას II (ზურაბ ავსაჯანიშვილი) და ალი ყული ხანი (ნიკა ფაიქრიძე) არიან. ორივე მსახიობმა შექმნეს ტიპაჟები, შეძლეს გარდასახვა არა მხოლოდ იდეალური გრიმის და კოსტიუმის ხარჯზე, არამედ შინაგანი გარდასახვის, გმირების ხასიათების სიღრმისეული წვდომის და მათი ინდივიდუალური არტისტული რესურსის ხარჯზეც. ისინი არ არიან სქემატური პერსონაჟები, მეტყველებენ გარკვევით და რეალისტურად, შორს არიან პათეტიკისა და ტექსტის დეკლამაციური კითხვისაგან. ისინი ქმნიან ატმოსფეროს და ანგრევენ სტერეოტიპებს ამ გმირების გაცოცხლებისა, რომელიც ლეო ესაკიას ფილმა შექმნა. განსაკუთრებით ეს ალი ყული ხანის როლის შემსრულებელს ნიკა ფაიქრიძეს ეხება, რომელიც იცვლის ხმის ტემბრს, საუბრისას ინტონაციას, მუშაობს მიმიკითა და თვალებით, რომელიც მის გმირს ორგანულს, ცოცხალსა და მეტყველს ხდის. დასაფასებელია რამდენიმე მსახიობთა მუშაობა, ისე როგორც, მსახიობ თამარ მამულაშვილის, რომელიც სპექტაკლში თიმსალ მაკოს როლს ასრულებს. მსახიობი ეპიზოდური როლის მიუხედავად (ის რამდენჯერმე, ფრაგმენტულად ჩნდება), ასწრებს თავისი გმირის მაყურებლისთვის გაცნობას. მოულოდნელი და ეფექტურია მისი პირველი გამოჩენის სცენა. მსახიობმა მიაგნო გმირის მთავარ მახასიათებლებს და გროტესკის ხერხის გამოყენებით ხატავს მლიქვნელი, მოხერხებული და ანგარებით სავსე ჭორიკანა ქალის მხატვრულ სახეს. თუმცა ამ გმირის ახლებურ სცენურ ინტერპრეტაციაში თელაველი ქვრივი სომხის ქალად იქცა, რომელმაც ქეთი ცხაკაიას მიერ განსახიერებული სირანო ბაბო მომაგონა ლევან წულაძის სპექტაკლში „ხანუმა“ (კოსტიუმებიც კი ერთმანეთს ჰგავს).  

სქემატური და არაეფექტური მხატვრული სახეა სპექტაკლში გიორგი შავგულიძის აბდუშაჰილი. ღიმილს (ანუ არაადეკვატურ რეაქციას) იწვევს მაყურებელში პირიმზისა/პირიმთვარისა (თეკლა ჯავახაძე) შეხვედრის და ერთმანეთის ამოცნობის ეპიზოდი, როცა აბდუშაჰილი ტყუპისცალს გადაეყრება, რომელიც მას მკვდარი ჰგონია. გიორგი შავგულიძის შეფასებები, როგორც მოვლენის, არ არის დამაჯერებელი და სცენაზე კომიკური სიტუაცია იქმნება, რაც გარკვეულ უხერხულობას იწვევს მაყურებელში.

რაც შეეხება მთავარ გმირს - ბაში-აჩუკს, რომლის სახელი აკაკი წერეთელმა მოთხრობას სათაურად დაარქვა, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლში, მეორეხარისხოვან პერსონაჟად იქცა. რეჟისორს აქცენტი გადატანილი აქვს შალვა (შალვა ანთელავა) და  ელიზბარ (მამუკა ბოგვერაძე) ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის (გიორგი ჯიქურიძე) პერსონაჟებზე, როგორც საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირებზე. რეჟისორი ამ არჩევანში თავისუფალია და მისი ამგვარი გადაწყვეტა გამართლებულიცაა, მაგრამ შესრულებულ როლებზე არაფრის თქმა არ შემიძლია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პერსონაჟთა ხასიათები სპექტაკლში გამოკვეთილი არ არის და ზოგადია, ძირითად სიუჟეტურ ხაზებშია მოცემული და გაუბრალოებულ-განზოგადებული სახით წარმოდგენილია სპექტაკლში, ისე როგორც, ნიკა ნანიტაშვილის ბაში-აჩუკი. მსახიობი სხვა სპექტაკლებშიც მინახავს და კარგად ვიცი, რომ ის დახვეწილ სცენურ მეტყველების კულტურას ფლობს, არც არტისტული ფაქტურა აკლია, შესანიშნავად მღერის და ცეკვავს კიდეც, მაგრამ სპექტაკლში მისი რესურსი და შესაძლებლობები გამოყენებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულ ეპიზოდებში ცეკვავს და მღერის კიდეც. თუმცა სპექტაკლის მონოტონური რიტმი ბაში-აჩუკის (ნიკა ნანიტაშვილი) აბდულშაჰილთან (გიორგი შავგულიძე) ჭიდაობის სცენიდან იცვლება და გაცილებით დინამიკური ხდება, სიუჟეტი კი ცოცხალი და განვითარებადი. იცვლება გამოსახულების ხერხებიც, თეთრ ეკრანზე ჩნდება გრაფიკული ტიპის ცოცხალი პერსონაჟები, რომლის მიღმაც დიალოგები წარმოებს, რეჟისორი იყენებს ჩრდილების თეატრის პრინციპებს, რაც ეფექტურობას ანიჭებს ეპიზოდს, ისე როგორც ეფექტურია (მაგრამ ჩემთვის გაუგებარი) ფინალში საქართველოს რუკაზე მოცეკვავე (და სხვათაშორის კარგად) ბაში-აჩუკი.

სპექტაკლის მხატვარი დავით მაჭავარიანია, ანიმაციები სპექტაკლისთვის „კაკადუ სტუდიამ“ შექმნა. სპექტაკლის სცენოგრაფია ვიდეოინსტალაციასა და ოთხ მოძრავ სკამზე „დგას“. სტილისტურად სივრცე, რომელსაც ინსტალაცია ქმნის ეკლეკტურია, ამავდროულად ხანაც მულტიპლიკაციური, ხანაც რეალისტური და ხანაც პირობითი (იმდენად, რომ მთვარე და ადამიანები ერთმანეთის ტოლები არიან). ასევე ნახატ დეკორაციაში სამხედრო კარავის ნაცვლად შაპიტოს გამოსახულებას ვხვდებით, ისე როგორც ბიძინა ჩოლოყაშვილის სახლში კედელზე ჩამოკიდებულ ჯვაროსნების ლოგოტიპურ ჯვარსა და ჩრდილოური ირმის რქებს.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დავით მაჭავარიანმა დახვეწილი, პერსონაჟთა ხასიათებისა და ეპოქის შესაბამისი კოსტიუმები შექმნა, ავტორმა ამ მხრივ ყველაფერი ისტორიულ ჩარჩოში მოაქცია და მკაცრად დაიცვა ეპოქის სტილი.

ისე თუ ასე, ავად თუ კარგად, ბაში აჩუკისა და მისი თანამედროვეების ტრაგიკული ისტორია გავიგეთ, მაგრამ ამოუხსნელი დარჩა ოთხი სკამის გათამაშების ისტორია, რომლებიც უფრო მეტად არიან ყურადღების ცენტრში, ვიდრე თავად გმირები. ოცამდე მსახიობიდან, თითქმის არ დარჩენილა არცერთი, რომელთაც შეხება არ ჰქონდათ ოთხ სკამთან. ხელშესახები დეკორაციაც და მძიმე რეკვიზიტიც სპექტაკლში ეს ოთხი სკამია, რომელსაც წინ და უკან დაატარებენ, უფრო ზუსტად დაათრევენ მსახიობები (მათ შორის ქალებიც). შთაბეჭდილება რჩება, რომ მსახიობები გმირების ხასიათებზე ფიქრის ნაცვლად, იმაზე უფრო ფიქრობენ, რომ ეპიზოდის დამთავრების შემდეგ, სკამების გადაადგილება და მათთვის საგანგებო ადგილის მიჩენა არ დაავიწყდეთ. პერსონაჟები ყოველი სცენის დამთავრებისთანავე სკამებისკენ გარბიან და მომდევნო ეპიზოდისთვის ახალ განლაგებას ამზადებენ.

მსახიობები შემოდიან და გადიან (პირდაპირი მნიშვნელობით) ამოცანების გარეშე (ზოგჯერ შემოსვლა და სცენაზე ყოფნაც ფუნქციას მოკლებულია, მაგალითად, გაუგებარია რატომ შემოდის და გაყავთ ალის ფარეში (ანა ზამბახიძე), რომელიც უფუნქციოდ არის სცენაზე. მსახიობები გაითამაშებენ მიზასნსცენას, სკამებს დაალაგებენ სხვა კომპოზიციაში და გადიან. ოთხ სკამს რეჟისორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგანაც მხოლოდ სკამები დგას მოქმედების ეპიცენტრში, ისინი სპექტაკლში უსულო მოთამაშეები არიან, რომლებიც სახეს, როლს და ფუნქციას სიტუაციის შესაბამისად იცვლიან. ნაწილი მსახიობებისგან განსხვავებით, სკამები უფრო ახერხებენ გარდასახვას, რადგან ისინი ხან მაგიდად, ხანაც ტრიბუნა, ხანაც ბუჩქი, კლდის ჩამონაჭერად, ქვად გადაიქცევიან.

სპექტაკლში სამწუხაროდ, ვხვდებით პრიმიტიულ, გაცვეთილ, მოძველებულ მიზანსცენებს, რომელიც გასული საუკუნის თეატრისთვის იყო დამახასიათებელი. სცენებისა და ეპიზოდების გადასაბმელად რეჟისორი ძირითადად შუქის ჩაქრობის ხერხს მიმართავს, მაგრამ ეს არ არის მხატვრული პრინციპი. ასევე უხეშად იცვლება ეკრანზე რამდენიმე გამოსახულება, რომელსაც ეტაპობრივად კი არ გადავყავართ სურათიდან სურათზე, არამედ გამოთიშვის პრინციპით.

„ბაში-აჩუკი“ თანამედროვე ტექნიკური ხერხებით სპექტაკლის განხორციელების პირველი მცდელობაა, ამიტომაც ის ერთგვარ ექსპერიმენტად, ახალი ხერხების დამკვიდრების მოსინჯვად უნდა ჩაითვალოს. პირველ მცდელობას ახლავს ხარვეზები, მაგრამ იმედი მაქვს, თეატრი ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას და გარკვეულ გამოცდილებასაც დააგროვებს.

P.S. ჩვენს ეპოქაში ისე დაეცა თეატრის კრიტიკოსის ავტორიტეტი და ნდობა, რომ მაყურებელი მხოლოდ საკუთარ თავს ენდობა. ამიტომაც, გთხოვთ, რომ თავად გადაამოწმოთ ჩემი ნაამბობი (თუმცა ირაკლი გედენიძის ფოტოები ბევრ ჩემს მოსაზრებას დაგიდასტურებთ). მე კი, ჩემი მხრივ, დავსძენ, რომ ახლა პირფერობის და ლაქიაობის დრო არ არის, მოყვარეს პირში უნდა ვუძრახოთ და გულწრფელად ვუთხრათ ერთმანეთს სიმართლე.

ფოტოების ავტორი: ირაკლი გედენიძე