ნარცისული ხელშეკრულება საკუთარ თავთან და კლერამბოს სინდრომის ნაკვალევი გალაკტიონთან
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 11/07/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ გაგა ლომიძე

 

 

ნარცისული ხელშეკრულება საკუთარ თავთან და კლერამბოს სინდრომის ნაკვალევი გალაკტიონთან

 

 

„შენ ვერ გამიგებ.“ - ეუბნება ოდრი ტატუს პერსონაჟი – ანჟელიკი თავის მეგობარ ლეტიციას  ფილმში “ვუყვარვარ... არ ვუყვარვარ”, როდესაც მის ამოჩემებულ ლოიკ ლე გარეკთან წარმოსახულ ურთიერთობაზე ელაპარაკება და ამით წერტილს სვამს, რომ მეტი შეკითხვა აღარ გაჩნდეს – თითქოს თავს იზღვევს და ბოლომდე თავის ილუზიაში ეშვება. ფილმს ეპიგრაფად უძღვის კლერამბოს სინდრომით, ანუ ეროტომანიით შეპყრობილი პაციენტის ჩანაწერი: „მართალია ჩემი სიყვარული გიჟურია, მაგრამ გონება გულის მძაფრ ტკივილს მიამებს და მოლოდინით და სამუდამო იმედით ავსებს მას.“

 

იქნებ მართალი არიან ფსიქოანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ეროტომანია სექსუალური კავშირის მიმართ შიშის საფუძველზე წარმოიშობა: ეროტომანი სიყვარულის ობიექტად ირჩევს ისეთ ადამიანს, რომელიც მისთვის მიუწვდომელია. ამიტომაც ასეთ ობიექტთან სიახლოვე უსაფრთხოა, რამდენადაც შეუძლებელია და ეროტომანის ფანტაზიებსაც სრული თავისუფლება ენიჭება. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი თითქოს იმას წააგავს, რასაც “პლატონურ სიყვარულს” ეძახიან. მაგარამ პლატონი „ფედროსში“ შეპყრობილობის სახეობების მიმოიხილვისას, როგორც რაციონალისტისგან არის მოსალოდნელი, შეშლილი სიყვარულის შესახებ არაფერს ამბობს. თუმცა მის მიერ შემოთავაზებული სქემიდან ეროტომანია შეგვიძლია დიონისურის და აფროდიტულის ნაზავად წარმოვიდგინოთ – ანუ საკუთარი „მე“–ს დაკარგვა, რომ ისევ ახალი „მე“ ვიპოვოთ+სიყვარული.

 

პირველი, ვინც საფუძვლიანად გამოიკვლია ეროტომანიის სინდრომი, ფრანგი ფსიქიატრი კლერამბო იყო და დაასკვნა, რომ პაციენტი, ანუ სუბიექტი ამ დროს ობიექტის ტყვეობაშია და სინამდვილეს მცდარად აღიქვამს. კლერამბოს პრაქტიკიდან ყველაზე საგულისხმოა მისი 53 წლის პაციენტის – ფრანგი დიზაინერი ქალის შემთხვევა, რომელსაც ჯეროდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჯორჯ V–ს თავდავიწყებით უყვარდა ის. ეს ქალბატონი 1918 წლიდან, 10 წლის განმავლობაში დასდევდა მეფეს და ამ მიზნით, რამდენჯერმე საგანგებოდ ეწვია კიდეც ინგლისს. ყოველდღე ბაკინგემის სასახლესთან იცდიდა ხოლმე და ერთხელაც, როდესაც სასახლის ერთ–ერთი ოთახის ფარდა შეირხა, ქალბატონმა ეს მეფის მინიშნებად ჩათვალა. ამ დროიდან დაიჯერა, რომ „მათი სიყვარულის“ ამბავი მთელმა ლონდონმა იცოდა…

 

ეროტომანიის სიმპტომების - ამოჩემებული ყურადღების ობიექტის დახმარების, წარმოსახული საფრთხიდან გამოხსნისკენ სწრაფვის გათვალისწინებისას, შეიძლება პირველად სერვანტესის ლამანჩელი რაინდი გაგახსენდეთ - სინამდვილესა და წარმოსახვას შორის ზღვარის დაკარგვით.

 

სამაგიეროდ, მე ქართულ პოეზიაში ეროტომანის მონოლოგი მახსენდება: გალაკტიონის “რაც უფრო შორს ხარ”, სადაც ლექსიკურ დონეზეც კი ცხადია კლერამბოს სინდრომის მსხვერპლის აღსარება: “მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი”, “მიუწვდომელი - როგორც ედემი”, სადაც ლირიკული “მე”, ანუ ის, ვინც მონოლოგს კითხულობს, აღიარებს კიდეც, რომ მთელი მისი დამოკიდებულება ობიექტისადმი “ავადმყოფი გულის” ოცნების თუ “ბოდვის” ნაყოფია: “და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,/მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!”

 

მეორე მხრივ, თუკი სიყვარულის პლატონისეული გაგების, როგორც მიწიერი სილამაზის ჭვრეტის გზით ღმერთთან ზიარების თავისებურებებს გავითვალისწინებთ და “ედემივით მოუწვდომელ” ობიექტს უბრალო მოკვდავიდან სამყაროს შემოქმედით ჩავანაცვლებთ, ლექსის შინაარსი ჩვეულებრივი კლინიკური შემთხვევიდან სულიერი გამოცდილების კლინიკურ შემთხვევის საფეხურზე გადავა და თითქოს დაგვანახებს, რომ ჩვენი მრწამსი, ცოტა არ იყოს, პარანოიული ბუნებისაა, რადგან მუდმივად გვაკვირდება “უხილავი თვალი”; რომ ეროტომანიას საფუძვლად ნარცისული რომანტიკა უდევს, სადაც რომანტიკული ტრფობის ობიექტი სუბიექტის ნარცისული პროექციაა და მოაზროვნე სუბიექტი სასურველს ჯერ წარმოისახავს და შემდეგ ირწმუნებს; სადაც “სამყაროში გადასროლილი” ადამიანი, თავდაცვის მიზნით, წარმოიდგენს, რომ რაღაც ძალას შეშლილობის ზღვრამდე უყვარს, მაგრამ დამაბრკოლებელი გარემოებები მასზე კეთილდღეობის ზრუნვაში ხელს უშლის. და ამაზე პასუხიც ერთ ფრაზაშია გაცხადებული: “ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა/და სიყვარულის დღესასწაული”. ამიტომაც დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, ყველაზე უკეთ პასუხს telepopmusic გაგცემთ: