რეალითი შოუ „ცივილიზაციის რეკონსტრუქცია“
შოთა იათაშვილი
 
თარიღი: 13/07/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ შოთა იათაშვილი

 

 

რეალითი შოუ „ცივილიზაციის რეკონსტრუქცია

 

 

რამდენიმე დღეა, უცნაური კითხვა ამეკვიატა: ნეტა რამდენ ხანში გაირბენს კაცობრიობა თავისი განვითარების ყველა ფაზას, ქვის ხანიდან დაწყებული, დღევანდელი ტექნოლოგიური ეპოქით დამთავრებული, თუკი მასში ამ პერიოდის გასავლელი მთელი ცოდნა წინასწარ იქნება მოცემული? ანუ, წარმოვიდგინოთ ახალი ნოეს კიდობანი, რომელშიც მოსალოდნელი ახალი წარღვნის წინ შევლენ საუკეთესო მათემატიკოსები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ბიოლოგები, გეოლოგები, მეტალურგები, ინჟინრები, პროგრამისტები, ხელოსნები და ა.შ. თვით ჰუმანიტარული და სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლებიც კი (ვინ იცის, რაში გამოგვადგნენ სამომავლოდ!), ხოლო წარღვნის შემდეგ ყველანი, ცარიელ მიწაზე, შიშველი ხელებით, თავიდან დაიწყებენ ცივილიზაციის შექმნას, ანუ, დაახლოებით იმავე გზის გავლას, რომელიც ერთხელ უკვე გამოიარა დედამიწამ. მთავარი განსხვავება ის იქნება, რომ თავდაპირველად კაცობრიობა ნელ-ნელა იმეცნებდა სამყაროს, აკეთებდა აღმოჩენებს და ამის საფუძველზე კუს ნაბიჯით მიიწევდა წინ, ამ შემთხვევაში კი ცოდნა არ იქნება დაკარგული, საჭირო იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და განვითარების იმავე ფაზამდე მისვლა, სადამდეც იგი ერთხელ უკვე მისული იყო.

 

არადა, მე რომ მკითხოთ, ამის გასარკვევად აპოკალიფსი, ნოეს კიდობანი და ბიბლიური სიუჟეტის რიმეიკი სულაც არა საჭირო. საამისოდ საჭიროა ერთი გრანდიოზული ექსპერიმენტის ჩატარება, და თუკი იგი  „ნასა“-ს გასაიდუმლოებული პროექტი არ იქნება, შეიძლება მან წარმოუდგენლად ფართომასშტაბიანი „რეალითი შოუს“ ფორმა მიიღოს. მთელი მსოფლიოდან მოიკრიბება 1000, 2000, 5000 თუ რამდენიც საჭიროა, იმდენი ადამიანი სხვადასხვა სპეციალობისა (აუცილებელია, საკმაო რაოდენობით იყონ ახალგაზრდები და ორივე სქესის წარმომადგენლები). მათ დაასახლებენ რომელიღაც უკაცრიელ კუნძულზე, და დანარჩენი კაცობრიობა დაიწყებს თვალის დევნებას იმისა, თუ როგორ შეუდგებიან ისინი ამ კუნძულზე ცივილიზაციის შენებას. ეს იქნება რობინზონ კრუზოების პოპულაცია, ყოველმხრივ აღჭურვილი საჭირო ცოდნით.

 

დარწმუნებული ვარ, ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანებს ისინი ძალიან სწრაფად გაირბენენ. მართალია, თავიდან გეოლოგებს ქვის იარაღებით მოუწევთ მიწის თხრა და სასარგებლო წიაღისეულის ძიება, მერე კი ქიმიკოსებთან თუ მეტალურგებთან ერთად ამ წიაღისეულის გადამუშავება, მაგრამ სხვა გზა არაა, დასაწყისი ასეთი უნდა იყოს და ამიტომ ინტელექტუალი რობინზონ კრუზოებიც პირველყოფილ ცხოვრებაში ბოლომდე ჩაერთვებიან. მეტიც, ალბათ დიაქრონულ რეჟიმში დაიწყებენ ამ ეპოქების ათვისებას. ვინ იცის, შეიძლება ერთი წელიც კი არ დასჭირდეთ იმისათვის, რასაც კაცობრიობამ მილიონობით წელი შეალია. კარგი ხელოსნები იქნებიან ამისათვის საჭირო, რათა მომავალი განვითარებისათვის აუცილებელი იარაღები დროულად და ხარისხიანად დაამზადონ.

 

იარაღები თუ ექნებათ, ნორმალურ სახლებსაც მალე აიშენებენ. თუ მოინდომეს, თანამედროვე ტიპის შენობებსაც კი წამოჭიმავენ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის შესატყვის ეპოქაში მყოფნი. ბოლო-ბოლო, რაც უფრო კომფორტულად იცხოვრებენ, ეს საქმეს ხომ უფრო წაადგება!.. მინიმუმ ერთი კარგი ისტორიკოსი აუცილებლად დასჭირდებათ, აი, ისეთი, ცივილიზაციის განვითარების პერიოდები ზეპირად რომ იცის. ერთი დღის საქმეს რომ მოითავებენ და მეორე დღის გეგმის დასაწყობად შეიკრიბებიან, ისტორიკოსი ეტყვის მათ, ახლა ამ საქმეს უნდა მივაწვეთ, ისტორიულად ასე მოხდაო. მაგრამ ყოველთვის არ დაუჯერებენ რობინზონები თავიანთ ისტორიკოსს და რაღაცეებს აურ-დაურევენ. სადღაც გადახტებიან, სადღაც ჩამორჩებიან. რაც არ უნდა იდეალურად იყოს დაკომპლექტებული მათი კომუნა, მაინც აღმოჩნდება, რომ რაღაცას ვერ ახერხებენ, ვიწრო სპეციალისტი მოცემული კონკრეტული საქმისა მაინც არა ჰყავთ, ამიტომ თვითონ მოუწევთ თავის მტვრევა ზოგიერთ პრობლემაზე. ანუ რაც უფრო წინ წაიწევენ, მით უფრო ხშირად გაიჭედებიან. მაგრამ იმასაც ისწავლიან, როგორ აუარონ რაღაცას გვერდი და მის გარეშე განვითარდნენ, თუ ეს „რაღაცა“ აბსოლუტურად აუცილებელი არაა.

 

ახალგაზრდები ბევრნი უნდა იყონ მეთქი, ტყუილად არ ვთქვი. იმიტომ რომ, ეჭვი მაქვს, პირველი თაობა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მაინც ვერ მოახერხებს თანამედროვე ტექნოლოგიებამდე მისვლას: კომპიუტერის თუ მობილური ტელეფონის შექმნას. ის კი არადა, ივან ილიჩის ნათურამდეც შეიძლება ვერ მიაღწიოს. ჰა-ჰა, გუტენბერგის ეპოქამდე... თუმცა ეს ყველაფერი სულ ვარაუდებია, რეალობაში, ანუ „რეალითი შოუში“ რა მოხდება, არავინ იცის. ამიტომ უნდა დაწყვილდნენ, ბავშვები გააჩინონ, და მერე გაზარდონ, მთელი თავიანთი ცოდნა გადასცენ მათ, რათა ახალმა თაობამ დაწყებული საქმის გაგრძელება შეძლოს. ესეც ცხადია, დიდ დროს წაიღებს...

 

ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ საწყის ეტაპზე ყველაზე უსაქმურები პროგრამისტები და თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტები იქნებიან. აბა, თუ კომპიუტერის აწყობის ტექნიკური შესაძლებლობა ჯერ არ ექნებათ, მაშ რა უნდა აკეთონ? მოუწევთ შავ მუშებად მუშაობა. მხარში უნდა ამოუდგნენ გეოლოგებს, მიწათმოქმედებს თუ დურგლებს. ცხადია, თავისი საქმეც არ უნდა დაივიწყონ, მაგრამ რაც მთავარია, წიგნები უნდა წერონ მათ: ის თეორიული წიგნები თუ პრაქტიკული სახელმძღვანელოები, რომელთა გარეშეც მომავალ თაობას ძალიან გაუჭირდება გასავლელი გზის გამეორება. საერთოდ, კუნძულელებიდან ბევრს მოუწევს წერილობითი სახით საკუთარი უნიკალური ცოდნის დაფიქსირება. ზეპირი ცოდნით რის გადარბენასაც ერთი თაობა მოასწრებს, ხომ კაი, მაგრამ რასაც ვერა, ეს ყველაფერი თეორიულად აუცილებლად უნდა აღიწეროს და დაიდოს, რომ არ დაიკარგოს.

 

ასე რომ, ყველაფერი არც ისე იოლადაა, როგორც თავიდან შეიძლებოდა მოგვჩვენებოდა: თუ ცოდნა არაა დაკარგული, მიყევი და გაიმეორე! მაგრამ არა - შეიძლება ისეთი რაღაცეები მოხდეს, რომ ინტელექტუალი რობინზონების პოპულაციაში ღრმა კრიზისი დადგეს. საუკეთესოთა შორის შერჩეული ადამიანებიც ხომ მაინც ადამიანები არიან. ცივილიზაციის განვითარება კი იერარქიას ბადებს, რაც მუდამ კონფლიქტების საბაბია. აი, მაგალითად, შეიძლება პირველი ავტომობილი ააწყონ ძლივსძლივობით კუნძულზე და იმ მანქანის გამო დახოცონ მერე ერთმანეთი: ყველას ერთდროულად მოუნდება თავისი ცოლ-შვილი თუ შეყვარებული გაასეირნოს ავტომობილით!

 

აქეთ კიდევ ეს ხელოვანები! მთელი კუნძული რომ მუხლჩაუხრელ შრომაშია ჩაბმული, ცხადია, საღამოთი ლექსების თუ მუსიკის მოსმენა სულის მოსაოხებლად აუცილებელზე აუცილებელი გახდება, ამიტომ რაც დრო გავა, სულ უფრო პრეტენზიულები გახდებიან არტისტები, წამოწვებიან ხის ჩეროებში და მუზას დაელოდებიან, საერთო საქმეს ხელსაც არ წააშველებენ, ხომ ვიცი მაგათი ამბავი! ანუ საშინლად გართულდება ნელ-ნელა ცხოვრება კუნძულზე, არაა გამორიცხული, ზუსტად ისევე გართულდეს, როგორც დედამიწაზეა გართულებული...

 

ნეტა ფულის ბეჭდვას დაიწყებენ? ხელფასების გაცემას? არჩევნები ექნებათ? პრეზიდენტი ეყოლებათ? ოპოზიციური პარტიები შეიქმნება? თუ მოახერხებენ, რომ კომუნად დარჩნენ? დარჩნენ ცივილიზაციის აღდგენის იდეით შეპყრობილ აპოლიტიკურ და ასოციალურ საზოგადოებად? ძნელი სათქმელია...

 

არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვთქვათ და ამ კუნძულზე ასე საჭირო წიაღისეულიდან ზოგიერთი არ მოიპოვება, რომელიღაც ქიმიური ელემენტი საერთოდ არაა იქ. რა გამოსავალია მაშინ? ამ შემთხვევაში, რობინზონებმა კუნძულის ტერიტორიაზე არარსებული პროდუქციის იმპორტი უნდა მოითხოვონ და დედამიწამ, რომელიც მათ მოღვაწეობას აკვირდება, მათი ეს თხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, რადგანაც კაცობრიობა მუდამ გაცვლა-გამოცვლის, იმპორტ-ექსპორტის მეშვეობით ვითარდებოდა. ის კი არადა, ვფიქრობ, მათ აქვთ უფლება, პომიდვრის, სიმინდის, კარტოფილის თესლიც კი მოსთხოვონ ამერიკას და ამით ამ საკვები პროდუქტების ევროპაში გაჩენის ისტორია გაიმეორონ. ანუ, დანარჩენ სამყაროსთან კონტაქტის გარეშე ეს პროექტი მაინც ვერ განხორციელდება, ვინაიდან ისინი პატარა ტერიტორიაზე იქნებიან დასახლებულები და ეს პატარა ტერიტორია თავისთავად თვითკმარი ვერ იქნება.

 

ინფრასტრუქტურის განვითარება თანდათანობით მუშახელის საშინელ დეფიციტსაც წარმოშობს და ამ პრობლემას როგორ გაუმკლავდებიან, ესეც რთული წარმოსადგენია. კარგი, წარმოვიდგინოთ, რომ ადრე თუ გვიან რაღაცნაირად შეძლებენ ტელევიზორის აწყობას, მაგრამ რა საჭიროა ტელევიზორი, თუკი ტელევიზია არ იარსებებს? ააწყობენ კინოკამერას, მაგრამ თუ კინოკამერას ააწყობენ, კინოც ხომ უნდა გადაიღონ? შესძლებს პატარა პოპულაცია ყოველივე ამას გაუმკლავდეს? ცხადია, რომ ვერა. აქ ისინი ჩიხში შევლენ. მაგრამ თუ აქამდე მივლენ, საჭირო მუშახელი და სპეციალისტები მათ ისევ დანარჩენმა კაცობრიობამ უნდა მიაშველოს. აქ კი უკვე პროექტის კონცეფცია თითქოსდა ირღვევა...

 

ეს ყველაფერი ძალიან ბუნდოვანი კონტურებია ყოველივე იმისა, რაც ცოდნაშენარჩუნებული კაცობრიობის მიერ ცივილიზაციის რეკონსტრუქციის მცდელობას შეიძლება მოყვეს. ყოველ თქვენგანს, ამ ტექსტის კითხვისას ალბათ წარმოსახვა აეშლება და თავისებურად დაინახავს სამყაროს ხელახლა შენების სურათს. ეს კი ლიტერატურა იქნება - უფრო კონკრეტულად, სამეცნიერო ფანტასტიკა. და პრინციპში, რაც მე დავწერე, ამ ჟანრის რომანის ქარგას ჰგავს, დაბადებულს მწერლის გონებაში - არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, თავის პერსონაჟებს ახალ ნოეს კიდობანში ჩასვამს იგი და წარღვნის მერე მოშიშვლებულ მიწაზე დატოვებს თუ მართლა „რეალითი შოუს“ პერსონაჟებად აქცევს...

 

ძლიერი საი-ფაი მწერლები საუკეთესო ფუტუროლოგები არიან და ხშირად საოცრად ზუსტ დიაგნოზებს სვამენ საკუთარ ნაწარმოებებში. ამ მხრივ, ცხადია, ლიტერატორთა ხედვა ფრიად ყურადსაღებია. ისე კი, ფილოსოფიური კუთხით რომ მივუდგეთ, ეს „ექსპერიმენტი“ ფილოგენეზისა და ონტოგენეზის ურთიერთშესაბამისობის ჭრილშია დასანახი. იგი პასუხი უნდა იყოს იმაზე, თუ ცივილიზაციის ფილოგენეზს როგორ, რა ფორმებით და რა სიჩქარით გაიმეორებს ინტელექტუალურად აღჭურვილი ადამიანების ონტოგენეზი. ასე რომ, ფილოსოფიური კატეგორიებით გაანალიზებული ეს ფენომენი ასევე ძალიან საიტერესოა.

 

როგორც ხედავთ, სიტყვა „ექსპერიმენტი“ ბოლოს მაინც ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან რეალობაში მისი განხორციელების დიდი იმედი არა მაქვს. ვიცი, იტყვიან, კაი, ძალიანაც რომ გვინდოდეს ამის გაკეთება, სად ვნახავთ ამდენ მეცნიერს, რომელიც ასეთ გრძელვადიან ექსპერიმენტზე დათანხმდება და სიცოცხლის ბოლომდე  ინტელექტუალ რობინზონ კრუზოდ წავა კუნძულზეო. არადა, მგონია, რომ ასეთი ადამიანების მოძებნა და შეკრება სულაც არ უნდა იყოს რთული. მე, მაგალითად, ცივილიზაციის რეკონსტრუქციისათვის საჭირო რომელიმე ცოდნას საფუძვლიანად რომ ვფლობდე, დიდი ხალისით წავიდოდი იქ. წარმოიდგინეთ, რა მაგარია, როდესაც სულ რაღაც 20 თუ 30 წელიღა გაქვს დარჩენილი სიცოცხლის ბოლომდე და უცებ შანსი გეძლევა, ამ დარჩენილ მოკლე ვადაში კაცობრიობის განვითარების ათასწლეულები და ასიათასწლეულები გაიარბინო, აბსოლუტურად სხვადასხვა ეპოქები საკუთარ თავში გამოატარო და  ბოლომდე იგრძნო!.. კარგად დაფიქრდით, ამ მოსაწყენ სიგიჟეში მყოფთ ამის შანსი რომ მოგცემოდათ, უარს იტყოდით?.. მგონი არა! რატომღაც ვფიქრობ, რომ მიატოვებდით მთელ ამ ტექნოკრატიულ ნევროზს და ქვის ხანაში გაიქცეოდით, რათა თქვენს თანამზრახველებთან ერთად რამდენიმე ათწლეულში უზარმაზარი დისტანცია დაგეფარათ და სულ ცოტა ხნის წინ მიწიდან ამოღებული  და გადამუშავებული სასარგებლო წიაღისეულისაგან დამზადებული  დეტალებით საკუთარი ხელებით სიკვდილის წინ პირველი რადიო აგეწყოთ...!