U - bahn presents -Hunter/Game
არტარეა
 
თარიღი: 28/12/2015
კატეგორია: სიახლეები

2 იანვარს კლუბი U Bahn წარმოგიდგენთ თანმედროვე იტალიური ელექტრონული მუსიკის სცენის საინტერესო მუსიკალურ პროექტს, Hunter/Game-ს. კლუბმა დაარსების შემდეგ უკვე უმასპინძლა ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Get Physical-ის Emanuel Satie და ერთი წლის წინ დახურული ლეგენდალური კლუბის,  Trouw-ის ყოფილი რეზიდენტი Nuno Dos Santos. მართალია U Bahn სულ რამდენიმე თვეა რაც აქტიურად ჩაერთო ქართულ საკლუბო სივრცეში, მაგრამ ამ დროის მანძილზე სულ ცოტა ის შეძლო, რომ საკუთარო მუსიკალური პოლიტიკის შესახებ მაინც ნათელი წარმოდგენა შეუქმნა მსმენელს. გარდა ამისა, კლუბის სერიოზულ განაცხადზე მეტყველებს ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიან ხმის სისტემის, Void-ის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი და ძალიან კომფორტული საკლუბო სივრცე, რომელიც მსმენელს საშალებას აძლევს მაქსიმალურად ისიამოვნოს იმ დროით, რომელსაც იგი U Bahn-ში გაატარებს.

მორიგი ივენთისთვის Hunter/Game-ს მოწვევა შემთხვევითი არ ყოფილა. კლუბის მუსიკალური პოლიტიკის ნაწილია ის მიდგომაც, რომ მოწვეული არტისტები ძირითადად თავიანთი კარიერის ისეთ ეტაპზე უნდა იყვნენ, სადაც მათი ჟღერადობის თუ მუსიკალური ფილოსოფიის ფორმირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ მოსალოდნელია, რომ 2016 წლის ლაინ აპში ხშირად შეგვხვდეს ახალგაზრდა, პერსპექტიული მუსიკოსები, რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სცენები სოლიდურ ავანსებს გასცემენ. Martino Bertola და Emmanuele Nicosia-ს პროექტი Hunter/Game-ც სწორედ ამ კონტექსტში განიხილება, რადგან Last Night On Earth,Kompakt, Diynamic Music, Just this და Innervisions-ზე გაკეთებული რელიზების შემდეგ, ისინი იტალური სცენის  ერთ-ერთ მთავარ პერსპექტიულ ძალად განიხილებიან.

„ჩვენ ყოველთვის ასოცირებული ვართ მილანთან. ჩვენი აზრით ტექნოს რომანტიული ასპექტები მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ამ ქალაქთან, რადგან მილანში ძალიან საინტერესო სცენაა. სწორედ ამის გამო არ დავტოვეთ იგი და არ გადავედით მაგალითად ბერლინში, როგორც უმეტესად ხდება ხოლმე. ჩვენ ამ ქალაქისგან მუდმივად ვიღებთ შთაგონებას, ამიტომაც არ ვტოვებთ მათ“ – Martino და Emmanuele-მ წლების წინ დაიწყეს სოლო კარიერა, თუმცა გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ კოლაბორაციული პროექტი, რომელსაც Hunter/Game-ს სახელით ვიცნობთ.

დუეტის პირველი რელიზი, სახელწოდებით "Touch Me" ლეიბლ Diynamic-ზე გამოიცა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათ კარიერას. "Touch Me"-ს შემდეგ მათ დიჯეის კარიერაზეც დაიწყეს ზრუნვა და ბევრ საინტერესო კლუბშიც დაუკრეს, თუმცა ძირითადი აქცენტი მუსიკის წერაზე გადაიტანეს და როგორც აღმოჩნდა, არც თუ უსაფუძვლოდ. მათი მუსიკისთვის კარი გაიღო Jamie Jones-ის Hot Creation-ზე და თანამედროვე ჰაუს მუსიკის უდიდეს პლატფორმაზე, Innervisions-ზე, თუმცა იტალიელმა მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ მათ საკუთარი პლატფორმა სჭირდებოდათ და თვითონვე შექმნეს ლეიბლი სახელად Just This. სწორედ ამ ლეიბლზე, 2015 წლის მაისში გამოიცა მათი Genesis EP, სადაც ორიგინალურ ტრეკებთან ერთად მოწვეული არტისტების, Ripperton და Chymera-ს რემიქსებიც შევიდა.

ამ წარმატებული მუსიკალური კრებულის შემდეგ Hunter/Game მუშაობა დაიწყო თავის სადებიუტო ალბომზე, რომლისთვისაც იდეალური ლეიბლი შეირჩა, ლეგენდალური Kompakt Records. ამ ლეიბლთან Martino Bertola და Emmanuele Nicosia-ს ძველი თანამშრომლობაც აკავშირებდათ და როდესაც ახალი ალბომის მუსიკალური ორიენტაცია განისაზღვრა, მათ გადაწყვიტეს, რომ ის Kompakt-ის ჟღერადობისთვის იდეალური იყო. ალბომ Adaptation-ის გამოცემა 2016 წლის თებერვლისთვის დაიგეგმა, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან U Bahn-ის სტუმარს საშუალება ექნება ალბომის გამოსვლამდე მოუსმინოს მასში შესულ ახალ და საინტერესო კომპოზიცებს.

„ალბომის სახელი [Adaptation] პირდაპირ უკავშირდება მასში გადმოცემული მუსიკის შთაგონების წყაროს.  ეს მოიცავს ადამიანების ადაპტაციის იდეას თანამედროვე მეტროპოლისებსა და ქალაქებში, ასევე მუსიკის ადაპტაციას ახალ ტექნოლოგიურ ერაში, რომელშიც ჩვენი თაობისთვის დამახასიათებელი ნიშანი გახდა“.

10 ტრეკისგან შემდგარი ალბომი მზის სინათლეს თებერვალში ნახავს, თუმცა მანამდე ამ ალბომის უკან მდგარი არტისტების ხილვა 2 იანვარს იქნება შესაძლებელი U Bahn-ში და ამ მუსიკალურ მოგზაურობაში მათი მხარდამჭერი ქართველი დიჯეი, გიო შენგელია იქნება.