შესაფერისი სინამდვილე (ეპიზოდები)
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 18/07/2012
კატეგორია: სტატია

                                                                                         ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

შესაფერისი სინამდვილე (ეპიზოდები)

 

მოქმედი პირი: მე

მოქმედების ადგილი: ოთახი

 

მე: რას იტყვიან ჩემზე

ეს სკამები, საწოლი

ასე უძრავად რომ ვარ მთელი დღე.

 

ჩუმად ეშვება ფარდა.

 

 

***

აკვირდები ე.ი არსებობ გაგკვირდებიან მითუმეტეს არსებობ არადა ხომ მიატოვე ეს ყველაფერი ერთხელ გამთენიისას როცა ხეები იხრებოდნენ ერთმანეთისკენ ქარის დაძახილზე

 

***

უძილობა - შავი ბილიარდის მაგიდაა, რომელზეც ჩვენი თვალები დაგორავენ.

 

***

სად იწყება ჩვენი ბედნიერება და სად მთავრდება ჩვენი ბედნიერება და სად უნდა დაწყებულიყო ჩვენი ბედნიერება და სად უნდა დამთავრებულიყო ჩვენი ბედნიერება და სად დაიწყო ჩვენი ბედნიერება და სად დამთავრდა ჩვენი ბედნიერება და სად დაიწყება ჩვენი ბედნიერება და სად დამთავრდება ჩვენი ბედნიერება...

 

***

წმინდა დრამაა - ეჭვის შეტანა, როგორც კონტრაბანდის შთამომავლობის გაგრძელების უხმო პერსპექტივებში, სადაც ტიპები ჩამოქნილან ისტორიის ტლანქი ხელებით და რა გინდა რომ ჰქნა... როცა შენი ადგილი დაკავებულია, როგორც სკამი ავტობუსში, რომელიც სადღაც გადაიჩეხა.

 

***

გიჩნდება შეკითხვა, რომელიც ამოწმებს რამდენად რეალურია ეს ქალაქი და შენ ამოწმებ რამდენად რეალურია ეს შეკითხვა წვიმს ერთმანეთზე მიწყობილი მიმართულებებით საწოლი ჭრიალებს და შეთითხნილი ნაცრისფერი პეიზაჟები არახელსაყრელი კარტივით მოგვდის... განწირულები წაგებისათვის ვუყურებთ ხიდან აშლილ ყვავებს სასაფლაოსკენ რომ მიფრინავენ.

 

***

სპილო კვდება ზოოპარკში გახელილი თვალებით გოგონა უყურებს როგორ თხრიან საცურაო აუზისხელა საფლავს სიკვდილს წვიმა თაიგულივით უჭირავს ხელში ჩემი განუხორციელებელი სხეული განხორციელებული მეტასტაზებით სისხლის ძაფებად ირღვევა

 

***

ჩემი ნათქვამის ხის სიტყვა–ტოტებიდან ფრთხიალით გაფრინდნენ შენი სიტყვა–ჩიტები...

 

***

ამ ღამეს არაფერი მოხდება შეეგუე ამას უდარდელი სახე მიიღე და გადი გარეთ მეტიც სახეზე ღიმილშემხმარმა დაიწყე ცეკვა და ტანზე ცეკვაშემხმარმა დაიწყე ტირილი და ღმერთზე ლოცვაშემხმარმა და სიკვდილზე სიცოცხლეშემხმარმა ღრმად ჩაყვინთე ლოგინში სიზმარი აღვირახსნილი სუპერგმირივით მოვა საშველად ალესილი რძისფერი ნაჯახით დილიდან კი ყველაფერი განმეორდება.

 

***

გამოგონილ დედებს როდის უჭირავთ დრო დასამთავრებელი თვითმკვლელობისთვის ქარისგან გამოჭრილი თვალებით უყურებ როგორ იძახის ყულფთან მინდორი...

 

***

მთრთოლვარე სარკის ზედაპირზე აბლაბუდასავით მოქსოვილ ჩვენს სახეში გაბმული ღიმილისკენ დაიძრა სასოწარკვეთილების ვეება ობობა.

 

***

იწვა ყინვაში ცივი კიბის საფეხურზე და მღეროდა, ერთ ფრაზას იმეორებდა: "ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები, ისევ ეშვება ღამე, აღარასოდეს განმეორდები, ვხედავ ითვლიან წამებს." მეტყველება ერეოდა, ბოლოს სიტყვებს ვერც არჩევდი. იმ მაწანწალას "Jesus blood never failed me yet"-ის გამახსენდა, ბრაიერსის და უეიტსის რამდენიმე საათიანი ჩანაწერიდან. მაგრამ ეს უფრო საწყლად მღეროდა, გულშიჩასაჩეხად და დამზაფრავად. ახლაც მესმის. ხალხის ნაკადი, გარემოვაჭრეების გაყინული ხილი, ლოთები, მიწისქვეშა გადასასვლელი. უკან კი მისი ხმა და გასვრილი, დასახიჩრებული, დაგრეხილი სხეულის სურათი - 2012 წელი, წმ. ვალენტინის დღე.

 

***

ორსული ქალის მრგვალ მუცელს აფორმებ ორნამენტებით, როცა ღამით სიზმარი რეკავს, როგორც ტელეფონი მეზობლის სახლში. ისვენებ მთვარესავით და დაგეგმილი ტერაქტივით გარინდული უყურებ ფანჯრიდან რომ ტყიდან გამოსულ კაცს ყურზე რადიო აქვს მიდებული. თვალებით ჭამ ამინდს. ჩემი მონჯღრეული სათვალე გავიკეთე. ვხედავ საწოლისკენ მოიწევს ტანის რხევით და სამოსის უკანასკნელი ნარჩენები ტალღასავით გრჩება იატაკზე...

 

***

ყოველდღიურობის მჭიდში ჩაწყობილ სახეებს ისვრის ეს ქუჩა ვის ამოვეფარო სისხლის წვეთებს ამოგკენკავენ დამიფაროს პომადის ფერიამ უბრალოდ დავიღალე ეს შეეფერება სინამდვილეს თუმცა სინამდვილე არ შემეფერება...