12 „გამარჯობა“ 12 ილუსტრაციაში
 
თარიღი: 27/01/2016
კატეგორია: სტატია

 

12 „გამარჯობა“ 12 ილუსტრაციაში

ახალგაზრდა  დიზაინერებმა და მხატვრებმა წელიწადის 12 თვე, 12 ნამუშევარში გამოსახეს: მათი ილუსტრაციებისა და ნახატების მთავარი თემა „გამარჯობაა“.  საკუთარ ნამუშევრებთან ერთად, არტისტები ყოველ თვე მისამლების განსხვავებულ ისტორიას გვიყვებიან.  

 

აბესალომ ყაველაშვილი:

ადამიანებს მფრინავ კუნძულებზე პატარა სამყაროები აქვთ მოწყობილი.  დაფრინავენ და ერთმანეთს ასე ეკონტაქტებიან, თუმცა, არასდროს იციან, ვის, სად და როგორ შეხვდებიან.  გახსნილობა და ურთიერთობები ისეთივე ხელსაწყოა ჩემს შემოქმედებაში, როგორიც  –  ფანქარი, ან „ფოტოშოპი“.

  

ვანო საგინაშვილი - Van Sage:

„გამარჯობის“ თქმით ადამიანებს ვაგრძნობინებთ რომ ისინი ჩვენთვის მნიშვნელოვანნი არიან. თუმცა, ამ სიტყვით შემდგარი კავშირი ჩემთვის მხოლოდ ვერბალურად არ გამოიხატება. ამ დროს ორ ადამიანს შორის ემოციური, თვალისთვის უხილავი კავშირი იბმება.

ვანო საგინაშვილი - Van Sage:

ყოველი ახალი ურთიერთობის დასაწყისი საკუთარი თავის ახლიდან აღმოჩენაა. ეს სახეცვლილებაა და უშულაობისკენ სწარფვა. ხელოვნება ჩემთვის ემოციაზეა დაფუძნებული,  ემოციის მთავარი წყარო კი ურთიერთობებია. გამარჯობა კეთილგანწყობის გამოხატულებაა.

 

რუსლან ბერიძე:

მთის სოფელში, მაგალითად, სადღაც აჭარაში, როცა მყუდრო ღამეა, ორ პატარა სახლს შეიძლება გარესამყაროსთან ნაკლები კავშირი ჰქონდეს, მაგრამ ერთმანეთთან  მაინც ურთიერთობენ.  „გამარჯობა“ პოზიტიური ემოციაა, რომელსაც ერთმანეთს ვუგზავნით.

რუსლან ბერიძე:

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ან სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ისინი ერთმანეთს მაინც ესალმებიან. „გამარჯობას“ რომ არ ვამბობდეთ, ალბათ ურთიერთობები ნაკლებად  თბილი, უფრო აგრესიული იქნებოდა.

დავით ჭიპაშვილი:

ჩემი „გამარჯობა“ მარსზე წყლის აღმოჩენის მოვლენით არის შთაგონებული. ურთიერთობები, მათი გახსნილობა, ინიცირება ხელოვნებაში ახალ იდეებს წარმოშობს. ხოლო  მისალმების გარდა, ადამიანის „გამარჯობით“  მის ხასიათს, განწყობას იგებ.

თაკო აბრამია:

ურთიერთობები იმდენად ვირტუალური გახდა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ერთ ოთახში, საათობით, საკუთარ ონლაინსამყაროს  მიჯაჭვულები ისხდნენ. როცა ვირტუალური აქტივობები მცირდება, რეალური ცხოვრება უფრო საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ხდება. ამ ყველაფრის საწყისი კი ყოველთვის არის “გამარჯობა”. მას რომ არ ვამბობდეთ, ალბათ არც დავემშვიდობებოდით ერთმანეთს და ერთ მთლიან მოვლენაში გავიწელებოდით, დასაწყისებისა და დასასრულების გარეშე.

თეზი გაბუნია:

ადამიანებს „გამარჯობის“ თქმისას გაერთიანების სურვილი გვამოძრავებს.  მისალმება, გარკვეულწილად, საკუთარი შეზღუდულობებისაგან გათავისუფლების მცდელობაც კი შეიძლება იყოს. ხელოვნება თავად არის გახსნილობის, ინიციატივის, ურთიერთობისა და   კომუნიკაციის უმაღლესი ფორმა.

ჩემი შთაგონების ძირითად წყაროს ინტერნეტსივრცე წარმოადგენს.  ეს ნახატი  კი ასახავს  დიალოგს მხატვრობასა და ციფრულ თამაშებს შორის.

გიორი წოწკოლაური  • Wer Michèlle • :

„გამარჯობა“ ალბათ მექანიკური ჩვევაა, თუმცა, მისი  დატვირთვა, პირველ რიგში, ჩაკეტილობისგან გათავისუფლებაა. მისალმება ემოციურად ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ზუსტად იმის გამო, რომ ის ამ ჩაკეტილობისგან და ეგოიზმისგან გაცალკევებს.

მაშო მარგიშვილი:

„გამარჯობა“ არა მხოლოდ ადამიანებს შორის კომუნიკაციის ვერბალური საწყისია, არამედ იგი ასევე სალამია სამყაროში ადამიანებისა და ცხოველების, მცენარეებისა თუ სხვა არსებების შეხვედრისასაც.  „გამარჯობას“   კეთილი ნების გამოსახატავად ვამბობთ.

მაშო მარგიშვილი: 

„სიყვარული. დაკვირვება“ – ეს ილუსტრაცია ვიეტნამში შეიქმნა და ის უცხო ადამიანების შეხვედრას, ჩუმ სალამს და შემდეგ ერთმანეთზე დაკვირვებას ეხება. თუ „გამარჯობას“ საუბრის წამოწყების ინიციატივად მივიჩნევთ, მაშინ მას ერთგვარი გამბედაობაც სჭირდება. გამბედაობა კი, ჩემი აზრით, თავისუფლების შემადგენელი ნაწილია.

ლევან ამაშუკელი:

სოფელში არის ხოლმე ასე – ყველა „გამარჯობას“ ეუბნება ერთმანეთს და ამით დადებით მუხტს გამოყოფენ.  კარგი იქნებოდა, ქალაქშიც ასე ვიქცეოდეთ.  სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველა ხომ ადამიანები ვართ… „გამარჯობა“ დადებითი ენერგიაა.