გიორგი წითური- Bowie
 
თარიღი: 27/01/2016
კატეგორია: სტატია

                                                            Blackstar

 

 ბოუი ერთადერთი მუსიკოსი იყო, რომელიც მეგონა  არასდროს დაგვტოვებდა. ეს განცდა გვქონდა ყველას,  ვისაც ოდნავ მაინც გვქონია შეხება მის შემოქმედებასთან. დიახ, ბოუი უკვდავი გვეგონა და მისმა უეცარმა გარდაცვალებამ უცნაურ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. სადღაც ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ გვატყუებს, რაიმე მორიგ სპექტაკლს ხომ არ თამაშობს-მეთქი, რაც რაღაც მხრივ მართალიც აღმოჩნდა. ბოუიმ წასვლაც ისეთი მოიფიქრა, როგორიც მისი შემოქმედება იყო - მრავალფეროვანი.

როგორი მძიმე ასაღიარებელიც არ უნდა იყოს, ერთ მხრივ მადლობელი უნდა ვიყოთ იმ ექიმის, რომელმაც ბოუის სასტიკი დიაგნოზი დაუსვა და ახალი ძალა მისცა ამჯერად ბოლოჯერ მოერგო ლამაზი ნიღაბი და ეთამაშა ფინალური სპექტაკლი. ბოუიმ თავისი წასვლა ხელოვნების ნაწილად აქცია, სევდიანი ხელოვნების, რომელიც კიდევ დიდ  ხანს მოგვცემს ფიქრის და უბრალოდ სიამოვნების საშუალებას.

„Blackstar”- ბოუის ფინალური შედევრი სავსეა სიმბოლიზმით, რომელშიც გარკვევა არც თუ იოლი საქმეა. იქნება ეს ტექსტები რომლებმაც უეცრად სულ სხვა დატვირთვა მიიღეს, თუ მუსიკა რომელიც უკვე სხვა სამყაროდან გველაპარაკება - სამყაროდან სადაც ბოუი კვლავ ის ვარსკვლავია რომელიც ცოტა ხნით  ჩვენს პლანეტაზე დაეშვა და თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.

რთულია ბოუის შემოქმედებაზე წერო. ძალიან დიდია ალბათობა ათასი მნიშვნელოვანი რამ გამოგრჩეს. რთულია მისი ნაშრომი  ერთ მთლიანობად განიხილო, რადგანაც მისი შექმნილი პერსონაჟები და ამ პერსონაჟების მიერ ჩაწერილი ალბომები ცალკე თავებად არის დასაყოფი, რომლის განხილვაზეც ერთი სტატია ნამდვილად არ გეყოფა. მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ ამ სტატიის წერას ? უბრალოდ შინაგანად გიჩნდება ადამიანს სურვილი ვალი მოიხადო და იმ ადამიანზე დაწერო, რომელმაც პირადად ჩემი ცხოვრება შეცვალა და დარწმუნებული ვარ ასეთი მარტო მე არ ვარ.

ბოუის გარდაცვალების შემდეგ თითქმის მთელი სოციალური ქსელი ამ ამბავმა მოიცვა და რამდენიმე დღის მანძილზე ფაქტობრივად არ იყო სხვა თემა რომელიც ადამიანს თვალში მოხვდებოდა. არც კი მახსენდება მუსიკოსი  რომლის გარდაცვალებას შეიძლება ამდენი „ხმაური“ მოჰყოლოდა. დიდი ხნის სიცოცხლე ბობ დილანს, თუმცა ძალიან მეეჭვება მის წასვლას ასეთი ელფერი ჰქონდეს. რატომ იყო და არის ბოუი ასეთი მნიშნელოვანი ფიგურა? ალბათ, მთავარი მიზეზი ის გახლავთ რომ მუსიკოსს როგორც ერთ ინდივიდს ჩვენი გონება ვერ აღიქვამს. ის ნაკრებია სხვადასხვა ფერადი ვარსკვლავური მტვრის, რომელიც ჩვენს პლანეტას მოეფინა.

ბოუი ერთადერთია რომლის მიმართებაშიც პათეტიკა არ მაშინებს და ესეც ხაზს უსვამს მის გამორჩეულ მნიშვნელობას.  იგი ყოველთვის ზუსტად გრძნობდა დროს და ხშირად ისე კარგად ამუშავებდა საზოგადოებაში მომწიფებულ იდეებს, რომ ვინმეს მისთვის ქურდი ეწოდებინა გამორიცხული იყო. ზუსტად ბოუის იდეებით დამშვენებული ახალი თაობა კი ხან რა მოძრაობას წამოიწყებდა და ხან რას.

მახსოვს, თავიდან როცა მუსიკით დავინტერესდი, ბოუის შემოქმედება ვერ აღვიქვი. თუმცა, ჩემი უფროსი მეგობარი მარწმუნებდა რომ ყველაფერი ჯერ წინ იყო - რა თქმა უნდა ის მართალი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივი ინტერესის  გამო ალბომ The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars  მივადექი და პირველივე მოსმენით მივხდი, ჩემს მუსიკალურ გემოვნებას დიდი ცვლილებები ელოდა. პირველ ალბომს რა თქმა უნდა სხვა დანარჩენი მოყვა და მეც გარდავიქმენი იმ ადამიანად, რომელიც კითხვაზე “ვინ იყო ნომერ პირველი მუსიკოსი”, დაუფიქრებლად ვპასუხობდი - დევიდ ბოუი. ის ერთადერთია, ვისაც დღეში ერთხელ მაინც ჩავრთავ და ეს თვისება ცხოვრების ბოლომდე გამყვება. ჩემს პირადულს თავი რომ დავანებოთ (მართალია ამის გარეშე ცოტა რთულია) და მოვეშვათ წარსულსაც, ამაზე მუსიკოსის ცხოვრებაშიც იმდენი თქმულა თუ დაწერილა, რომ მეეჭვება რაიმე ახალი ვთქვა. ამრიგად კვლავ „Blackstar” -ს დავუბრნდეთ.

ალბომი 7 მშვენიერი კომპოზიციისგან შედგება და როგორც მაღლა ავღნიშნეთ მუსიკოსის ერთგვარი ეპიტაფიაა. ყველა კომპოზიცია რაღაც მხრივ სიკვდილს ეხება, თუმცა არა პირდაპირი გაგებით. ბოუი თავის შემოქმედებაში სიკვდილის თემას აქამდეც არა ერთხელ შეხებია, მარტო ჟაკ ბრელის იდეალური ქავერ ვერსია კმარა გახსენებისთვის, თუმცა აქ  სიკვდილმა სულ სხვა ფორმულირება მიიღო რაც ყველაზე კარგად კომპოზიცია „Lazarus“ -ში გამოჩნდა. ვერსად გავექცევით სკოტ უოლკერის ზეგავლენას, რომლის არსებობის შესახებაც თვითონ მუსიკოსიც არასდროს მალავდა და რომელიც ყველაზე კარგად კომპოზიცია Sue -ში ჩანს.

ბოუიმ გააკეთა ის რაც ყოველთვის ყველაზე კარგად ეხერხებოდა , შეკრიბა მის გვერდით განსხვავებული სტილის მუსიკოსები და ჩაწერა ალბომი რომელიც მის საუკეთესო ჩანაწერებს შესაძლოა ვერ უსწრებს, თუმცა  მათ გვერდზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს. მუსიკოსებს შორის პირველ რიგში აღსანიშნავია ჯაზ საქსაფონისტი დონი მაკასლინი, რომლის ჟღერადობაც მთელ ალბომს მიყვება და ერთგვარი სევდის და ტრაგიზმის შეგრძნებას ბადებს. თუმცა სიტყვა ტრაგიზმთან აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ - „Blackstar“ არ არის რექვიემი, ბოუი უბრალოდ არ იყო ამისთვის დაბადებული, თუმცა კომპოზიცია Dollar Days მოსმენისას შეუძლებელია სევდით არ ავივსოთ.  

ცალკე აღნიშვნის ღირსია „Blackstar“  - ის ვიდეორგოლი  რომელიც სიმბოლიზმით არის გაჟღენთილი და რომელზეც უკვე იმდენი უაზრობა დაიწერა , რომ თვითონ ბოუის გაუკვირდებოდა. ამ შემთხვევაშიც ვერსად გავექცევით ლიტერატურასაც, ბოუის საყვარელი ავტორები ყველასთვის კარგად ნაცნობია, ტექსტებში ხშირია მათი ციტირება ან რაიმე კუთხით მათი განხილვა. ხოლო კომპოზიცია I Can’t Give Everything Away რომელიც ალბომს ხურავს, ისევ ლაზარესთან გვაბრუნებს, რომელიც უნდა გაცოცხლდეს, ახალი პულსაციით და ახალი ძალით.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ალბომში საერთოდ არ იგრძნობა პესიმიზმი. სევდიანი კომპოზიციები პირიქით აღდგომის სულისკვეთებით არის სავსე. ბოუი სვამს არა ფინალურ წერტილს, არამედ მრავალ შავ ვარსკვლავს რომლითაც მიდის იქ, სხვა სამყაროში, რათა მორიგი მოგზაურობა წამოიწყოს.

ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა დაწერა - „სულ მაინტერებდა ეს დღე როგორი იქნებოდაო“ ანუ როცა დანამდვილებით გვეცოდინებოდა, რომ ბოუი ჩვენს გვერდზე აღარ იქნებოდა. აი ამ ვითომ ბანალურ სიტყვებშიც მთავარი ჭეშმარიტება იბადება და ნათლად ჩანს თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ბოუი ამ პლანეტისთვის.

„Blackstar“ -ით მუსიკოსმა საბოლოო საჩუქარი დაგვიტოვა, თავისი ბიოგრაფია თვითონვე იდეალურად დაასრულა და მის საყვარელ ქალაქში ჩუმად გარდაიცვალა, ხოლო მის მორიგ სახედ ლაზარე დაგვიტოვა. ლაზარე რომელიც აუცილაბლად უნდა აღდგეს, სხვანაირად ისტორია ვერ გაგრძელდება . . . .          

 

 გიორგი წითური 2016