მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერასოდეს გაფრინდები!
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 23/07/2012
კატეგორია: სტატია


 

 

@ ლელა ჩილინგარიშვილი

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერასოდეს გაფრინდები!

 

 

სამყარო რომ მსუბუქდება და მე რომ ფეხისწვერებზე თოკზე ვდგები, ვგრძნობ ჩემი სხეულის ღერძს და ვცდილობ ეს ღერძი ფეხების ცერა თითებში მოვათავსო და გავწონასწორდე. მე ამ ღამით უნდა გავიარო თოკზე, რომელიც გაბმულია ჩემს საწოლსა და ბუნდოვან მისტერიას შორის, რომლის შეუცნობლობა ყოველ გაღვიძებისას მღრღნის. უნდა გავიარო და უნდა გადავიდე მეორე მხარეს!

 

გავსწორდი და სუნთქვადაბმულ ფეხის ტერფებში ვიგრძენი თოკი, როგორც მედიუმი, როგორც გამტარი. მე ვდგავარ თოკზე და მივიწევ წინ. აი, სულ ცოტაც და... აი, სულ რამდენიმე ნაბიჯიც და... აი, ხელის სულ რამდენიმე აქნევა და... ისევ ავტრიალდი თოკიდან. ფეხის წამოკვრამ საწოლში ამახტუნა და გადამიყვანა ძილის დროში. აქ სფერო თბილია და მძიმე და ჩემი ფრენის სურვილი ხვალამდე უბრუნდება უკიდეგანო მეხსიერების საწყისს – ამჟამად ჩემს საზრისში.

 

სამწუხაროდ,  ჩემი  მუდმივი  ფრენის  მცდელობა  უშედეგოდ მთავრდება ყოველ ღამით... მუდმივი სურვილი, შევიცნო რაღაც, რაც არ შემიძლია და რაც არ ვიცი და რაც ადამიანს გაჩენიდან დაჰყვა – როგორც  მტანჯველი  არასრულფასოვნება: ვერ  გადალახოს სიკვდილის გარდაუალობა და ვერ გაფრინდეს!

 

ამ სურვილის ყოველღამეული პრაქტიკა მედიტაციური ვარჯიშივითაა, იმეორებ, იმეორებ, იმეორებ იმისთვის, რომ განმეორებაში გააქრო შენი პესიმისტური სიჯიუტე. დღითიდღე უკეთესად  გამოგდის  და  გიხარია  მოქმედების  განმეორება, მიუხედავად იმისა, რომ იცი – შენ ვერასოდეს გაფრინდები!



სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სურვილს, ძილის ინსტანციის შესასველთან ჩემსავით არ ტოვებენ და პრაქტიკაში ჯიუტად იმეორებენ, იმეორებენ, იმეორებენ, იმეორებენ, იმეორებენ....!

 

ძალიან ბევრი ადამიანი გაფრენის ვნებას თავის გაღუმელებულ გონებაში ოცნება–ილუზიებად აცხობდა და დღემდე აცხობს. ასე გამოცხვა ჯერ ისტორიები ანტიკურ იკაროსზე, ოქროს ხალიჩებზე, ფარშევანგებზე და ათას მფრინავ არსებებზე, რომელთა საშუალებით ადამიანი მიწას ასცდა. რელიგიებმა და განასკუთრებით ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ცისკენ მიმართულ თვალებს და პირველი პილოტებიც მოუვლინა ადამიანებს: უცოდველი და ამიტომ მათზე უფრო მსუბუქი მფრინავი არსებები – ანგელოსები. სიკვდილის შემდეგ ანგელოსებთან მიახლოება, ან ანგელოსების სამყაროსთან მიახლოება, ადამიანში ოდესმე მფრინავ არსებად გარდასახვის იმედი გააჩინა. თუმცა ამ მიზნის მიღწევა ბევრი კომპრომისების გარეშე, ფაქტიურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ანგელოსის ფრთებით ფრენა, იკაროსის მცდელობაზე წარმატებულად შემორჩა ჩვენი ოცნების მეხსიერებას. თუმცა ასკეტური ცხოვრება და ოცნება ანგელოსად გარდასახვაზე, ყველას  არ შეუძლია  და  არც  მაშინ შეეძლო, და  რა  უნდა  ექნა  იმას, ვისაც ფრენა სიცოცხლეშივე უნდოდა? მან მოიფიქრა საშუალება, რომელიც რელიგიის დოგმას და ფიზიკის კანონებს დაარღვევდა და ადამიანს მიწისაგან ასწევდა. ასეთი ადამიანები, რომელთაც ვიზიონერები, უტოპისტები ან უბრალოდ გენიოსები ჰქვიათ, აკვირდებოდნენ ფრინველებს და მწერებს და მფრინავი არსებების მაგალითზე  ცდილობდნენ  შეექმნათ  სხვადახვა  აპარატები  და მანქანები, რომლებიც ადამიანს ფრენას შეაძლებინებდა.

 

 

 

 

 

ფრენის ჟინით შეპყრობილმა, უნივერსალურად გენიალურმა ლეონარდო და ვინჩიმ მე–15 საუკუნეში შექმნა დღევანდელი შვეულმფრენის მიახლოებითი სისტემა და ასევე მფრინავი მექანიზმი, ფაქტობრივად  ფრთები, რომლის   მექნიზმი   და   სტრუქტურა      ფრინველების   და   მწერების ფრენის    აპარატების ასლია. გადმოცემის მიხედვით მასვე ეკუთვნის იდეა, რომელიც მოგვიანებით ძმებმა მონგოლფიერებმა ფრენის სისრულეში მოიყვანეს.

 

ცხელი აირით ავსებული აეროსტატით ფრენის შესაძლებლობა ლეონარდო და ვინჩიმ,  პაპის, ლეო X–ის  დაბადების  დღის  ზეიმზე  გამოსცადა.  მან პაპის გამოსახულებიანი ქალღალდის ფიგურები ცეცხლის ზემოთ თბილი ჰაერით გაბერა, რის შედეგადაც ეს ფიგურები აფრინდნენ. 


ლეონარდოს  იდეების  საფუძველზე  ძალიან  ბევრმა  ვიზიონერმა იფიქრა გაფრენის საშუალებებზე. სხვადსხვა საჰაერო ხომალდების და აეროსტატების მერე მე–19 საუკუნეში ადამიანებმა უკვე პლანერებით ფრენა გაბედეს.


ამ უტოპისტებს შორის იყო ოტო ლილიენტალი, გერმანელი მეცნიერი, რომელიც დღემდე ერთერთი პიონერია აერონავტიკის ისტორიაში. ის ქმნიდა პლანერებს, რომლებიც ადამიანებს ფრთების სახით უნდა მოერგოთ.  რამდენიმე  წარმატებული  ფრენის  შემდეგ  ის  თავისი ბოლო, კიდევ გაუმჯობესებული “ფრთების“ მსხვერპლი თავად გახდა.

 

 

 

ოტო ლილიენტალის სიკვდილის შემდეგ მისი კვლევების საფუძველზე ძმებმა ვილბურ და ორვილ ურაითებმა 1903 წელს თავიანთი პირველი მოტორიზებული მანქანა შექმნეს და... გაფრინდნენ, ყველაზე ხანგრძლივი დროით დედამიწის ისტორიაში.

 

 

აი, აქ მთავრდება ადამიანის ფრენის ისტორია, რომელიც შეცვალა ადამიანების მანქანებით ფრენის ისტორიამ. მანქანებმა ადამიანებს აჩვენეს კოსმოსი, სხვადასხვა მისტიკური და ციური სიშორეები. მაგრამ, მაღალგანვითარებული საჰაერო ტრანსპორტების გამომგონებელი ადამიანი მაინც იმედგაცრუებულია. ძალიან მოინდომა, მაგრამ ის თავისი სხეულით მაინც ვერ გაფრინდა.

 

დღეს, როცა google-ში აკრეფ სიტყვა ფრენას, კაცობრიობის დიგიტალიზირებული მეხსიერება მილიონობით თვითმფრინავის რეისს გიგდებს, კომფორტულს, უსაფრთხოს და სწრაფს, რომელსაც არაფერი აღარ აქვს საერთო იმ გაფრენის ოცნებასთან, ვიზიონერები რომ  ინახავდნენ  და  ჩემამდე  და  შენამდე  მოიტანეს  ეს  იდეა.    ჩვენ კიდევ, ყოველ ღამე, შესაძლებლობიდან – ძილის ზღვარზე გადაპარულებს, შეუძლებობაზე წამოვკრავთ ფეხს თუ არა, ეგრევე გვეძინება, რომ მომავალ ღამემდე დაგვავიწყდეს ჩვენი არასრულფასოვნება: რომ ჩვენ ვერასოდეს გავფრინდებით!