ტრადიციული და თანამედროვე “სტუმარ–მასპინძელი”
 
თარიღი: 26/04/2016
კატეგორია: სტატია

 ლაშა ჩხარტიშვილი

       

უცებ ალბათ ძნელია წარმოდგენა, როგორ შეიძლება ტრადიციული იყოს თანამედროვე, ან პირიქით, მაგრამ ამ თვისებას ყველაზე მეტად ფოლკლორი დაატარებს. ხალხის წიაღში წარმოშობილი სიბრძნე საუკუნეებს გამოივლის და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ხალხური სიბრძნით გაჟღენთილია ვაჟა–ფშაველას შემოქმედებაც, რომელიც ერის მითოლოგიური მეხსიერებიდან წარმოშობილ ღირებულებებს ეფუძნება. ასე სინთეზურია ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას ახალი სპექტაკლიც „სტუმარ–მასპინძელი“, რომელშიც გაცოცხლებულია უძველესი რიტუალები და კონსერვირებულია ჩვენი თანამედროვეობა.

ვაჟა–ფშაველას ნაწარმოებების არაერთი, მათ შორის, წარმატებული სცენური ინტერპრეტაცია ახსოვს ქართული თეატრის სცენებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად ამ გენიალური პოეტის პიესა „მოკვეთილი“ ან სხვა რომელიმე პოემა კი არ იდგმება, არამედ „სტუმარ–მასპინძელი“. პოემა, გარდა ფუნდამენტური ღირებულებებისა და მარადიული თემებისა, გამოირჩევა თეატრალური ფორმით, პერსონაჟთა მკვეთრი, ნათელი ხასიათით და მოვლენათა ეფექტური თანმიმდევრობით. „სტუმარ–მასპინძელი“ ქართული პოეტური ხელოვნების კლასიკური ძეგლია, ამიტომაც ის იძლევა მუდმივი ინტერპრეტაციის საშუალებასაც, რომელსაც ქართული თეატრი რატომღაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. ვაჟა–ფშაველას სამყაროს მოდერნიზაცია სპექტაკლში „გველისმჭამელი“ ლევან წულაძემაც სცადა, თუმცა იქ მხოლოდ სცენური სივრცე იყო მოდერნიზებული და არა თავად პერსონაჟები, თავისი მსოფლმხედველობით.  

ახმეტელის თეატრი ბოლო პერიოდში ექსპერიმენტებისა და შემოქმედებითი ძიებების ერთგვარ სივრცედ იქცა. აქ მუდმივად ეძებენ ახალ ფორმებს, თემებს, შესრულების სტილსა და მეთოდებს. ექსპერიმენტი ზოგჯერ წარმატებულია და ბევრისთვის მისაღები, ზოგჯერ კი ნაკლებად წარმატებული და მიუღებელი, საკამათო, მაგრამ „წარუმატებლობის“ შემთხვევაშიც კი თითოეულ ექსპერიმენტს ზოგადად პროცესისთვის აქვს დიდი მნიშვნელობა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ახალგაზრდა რეჟისორის ირაკლი გოგიას მორიგი დადგმა ის ექსპერიმენტია, რომელსაც მხოლოდ პროცესისთვის კი არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ კლასიკური ნაწარმოების (ვაჟა–ფშაველას „სტუმარ–მასპინძელს“ ვგულისხმობ) ინტერპრეტაციის ისტორიისთვის. ირაკლი გოგიას სპექტაკლი კლასიკური ნაწარმოების, საკულტოსიც კი, ისეთი ინტერპრეტაციაა, რომელიც ერთდროულად იტევს უკიდურეს თანამედროვეობასა და უძველეს ტრადიციებს. რეჟისორი თავის საკამათო ექსპერიმენტებში მუდმივად ცდილობს ახალი, დღემდე აღმოუჩენელი ფაქტორების აღმოჩენასა და მათ წარმოჩენას. იგი უკვე გაზეპირებულ და გადამუშავებულ ტექსტშიც კი ხელახალი წაკითხვის გზით, იმ მხარეებს წამოსწევს მაყურებლის სამჯავროზე, რომ მინიმუმ გაკვირვებას და მაქსიმუმ კამათს იწვევს. სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი ხშირად  მიბრუნებია ლიტერატურულ პირველწყაროს, ამის გამო ახმეტელის თეატრის სპექტაკლები არაერთხელ გამხდარა დისკუსიის საგანი პროფესიულ წრეებსა და სოციალურ ქსელში.

ირაკლი გოგიამ სპექტაკლი „სტუმარ–მასპინძელი“ მისტიკურ სანახაობად წარმოგვიდგინა. მან წარმოდგენა თეატრის რიტუალურ, საწყის ფორმაში და სინკრეტულობის ეპოქაში გადაიტანა. ეს უფრო ძველი პერიოდია, ვიდრე თავად ვაჟა–ფშაველას, ან მკითხველს წარმოედგინა, შესაბამისად მაყურებელსაც. სინკრეტულობა გამოვლინდა არა მხოლოდ სპექტაკლის რიტუალურ ფორმაში, არამედ პერსონაჟთა კოსტიუმმებშიც. ჯოყოლასა და ზვიადაურს ერთი სტილის კოსტიუმები აცვიათ, მათ შორის, ძნელია გაარჩიო რომელია ხევსური და რომელი ქისტი, მათ შორის ეროვნულობა წაშლილია. მთავარი გმირები:– ჯოყოლა და ზვიადაური ირაკლი გოგიას სპექტაკლში ერთი სოციალური ფენის, მსოფლმხედველობის, მრწამსის ადამიანები არიან, მათ საერთო ღირებულებები აქვთ. ორივე თანაბრად გამოირჩევა კეთილშობილებით, ჰუმანურობითა და ვაჟკაცობით, მაგრამ მოცემულობა მათ აქცევთ მონსტრებად და მატყუარებად, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ეს ის შემთხვევაა, როცა ბედისწერა, რეალურად კი თემი და მისი ტრადიციები (ვერ ვიტყოდი რომ რეტროგრადული) გამოსავალს აღარ ტოვებენ. აქ ორი ტრადიცია, ადათ–წესი უპირისპირდება ერთმანეთს და მუსას (რომელიც ქისტების იდეოლოგიური წინამძღოლია) შეხედულებები სამყაროს სამართალზე იმარჯვებს. მის მხარეს არის ძალაუფლება და შესაბამისად საზოგადოების დიდი ნაწილიც. აქ ყველაფერი სამყაროს კანონზომიერებას ეფუძნება და ამ წესებით ხელმძღვანელობს.

ირაკლი გოგიას მიერ შემოთავაზებული რიტუალის ფორმა გარკვეულ მისტიკას ქმნის სცენაზე. მისტიკურ ატმოსფეროს ამძაფრებს სცენოგრაფია, რომელიც სადა და მინიმალისტურია, ამავდროულად მხოლოდ ორ ფერშია (შავსა და თეთრში) გადაწყვეტილი, მაგრამ სამყაროს მაინც ჭრელად წარმოაჩენს, რადგან სცენოგრაფმა ლაშა იაშვილმა გაშიშვლებული სცენა ვეებერთელა სარკეებით „შეავსო“, აქა იქ პერსონაჟებს ხელში გრძელი თოკები დააჭერინა, რომელიც ყოფითი დანიშნულების გარდა, ბედისწრის ძაფების ფუნქციასაც იძენს. სარკის ანარეკლში კი ვხედავთ მაყურებელსაც და პერსონაჟებსაც, რომლებიც ძირითადად შავ ფერში გადაწყვვიტა კოსტიუმების მხატვარმა მარიკა კვაჭაძემ. კოსტიუმები – ტყავის პირველყოფილი კაბა – მთავარ გმირებს ერთნაირად აცვიათ, განსხვავებულ კოსტიუმს მხოლოდ მუსა დაატარებს, რომელიც სპექტაკლის მოვლენათა ქმედების ყველაზე შავ–ბნელი ხაზია. რეჟისორის განსხვავებული მიდგომა კლასიკის ინტერპრეტაციისას მხოლოდ შინაარსის ზემოხსენებული წაკითხვით, ან სცენოგრაფიული გადაწყვეტით როდი შემოიფარგლება. რეჟისორი რიტუალთან ერთად ცდილობს ანტიკური ქოროს რეკონსტურქციასაც, ოღონდ ფრაგმენტულად. სპექტაკლში გოგონათა კამერულ გუნდს, რომელიც სხვადასხვა საგუნდო ნაწარმოებებს ასრულებს, ანტიკური ქოროს ფუნქცია სულაც არ აქვს. ისინი სპექტაკლში ერთდროულად ბრბოს განასახიერებენ და სპექტაკლის მუსიკალურ–ხმოვანი პარტიტურის მთავარი გამხოვანებელ–შემსრულებლები არიან. ქალთა კამერული გუნდი „ქალდეა“ (ხელმძღვანელი ზვიად ბერიაშვილი) სპექტაკლის ცოცხალ და ქართულ თეატრში ასე ნანატრ მუსიკალურ თანხლებას ქმნის. სხვადასხვა საგუნდო ნაწარმოებებს ისინი განსხვავებული ინტერპრეტაციით ასრულებენ, როგორც სპექტაკლის ქმედების ორგანულ, თანმდევ ნაწილს.

სპექტაკლი საგუნდო ქორალის შესრულებით იწყება, რომელსაც ერთგვარად პროლოგის ფუნქცია აქვს. გუნდი გვამცნობს, რომ წარმოგვიდგენს „ამბავს შავი დღისაო“. მისტიკურ, უფრო დამამძიმებელ ატმოსფეროს სწორედ საგუნდო ქორალის მსგავსი მუსიკალური შესავალი ქმნის სპექტაკლში, ხოლო სიუჟეტი ორიგინალი ტექსტის პარალელურად, ჯოყოლასა და ზვიადაურის შეხვედრით იწყება. ამ გმირებს ახმეტელის თეატრის ორი ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ცხადაძე (ჯოყოლა) და ანდრია გველესიანი (ზვიადაური) განასახიერებენ. ისინი თანაბრად წარმოაჩენენ მთის შვილთა ვაჟკაცურ და სპეტაკ ბუნებას. ამ გმირებში ვერ ვხვდებით ოდნავ აგრესიულობასაც კი, მანამ სანამ ჯოყოლას პროვოცირებას არ მოახდენს მუსა (გიგი მიგრიაული). ანდრია გველესიანის ზვიადაური მსხვერპლია ორი სიმართლის დაპირისპირების. ერთ მხარეს გიგი მიგრიაულის მუსაა, თემის წესებით და მეორე მხარეს გიორგი ცხადაძის ჯოყოლა ასევე თემის, ოღონდ გაცილებით ჰუმანური წესებით. ანდრია გველესიანის გმირი ღირსეულად ეწირება მსხვერპლად ქისტების ადათებს. მსახიობი სიყალბისა და ხელოვნური დრამატიზმის გარეშე, მინიმალისტური გამომსახველობითი საშუალებებით, პაუზებითა და სიტუაციას შესატყვისი აქცენტებით ხატავს გმირის მხატვრულს სახეს, ეროვნებისა და ვიწრო ლოკალური წარმოშობის გარეშე. სპექტაკლის მთავარი გმირი მაინც ჯოყოლაა, რომელიც ბოლომდე ილაშქრებს თემის წესების წინააღმდეგ, ოღონდ მას საპირწონედ თემის მეორე, ასევე მნშვნელოვან, გაცილებით უფრო ჰუმანურ – სტუმართმოყვარეობის წესს უპირისპირებს, მაგრამ ამაოდ. ბრძოლის ტრაგიკულ პროცესს ოსტატურად ხატავს გიორგი ცხადაძე. მისი გმირი ჩვენი დროის გმირია, რეალისტური და უშუალო, ჩინ–მედლებისა და წოდებების გარეშე, უბრალო ადამიანი, მაგრამ მრავალი ღირსებით დაჯილდოებული. მსახიობის ხმის ტემბრი, გარეგნობა და თამაშის მანერა დადებითად განაწყობს მაყურებელს მისი გმირის მიმართ. გიორგი ცხადაძის გმირი ლიბერალი ჯოყოლაა, ეს კიდევ ერთი ფაქტორი, რითაც განსხვავდება მსახიობის მიერ შექნილი მხატვრული სახე. მისი ლიბერალურ–მიმტევებლური ხასიათი ცოლთან, აღაზასთან საფინალო დიალოგშიც სჩანს, როცა გიორგი ცხადაძის გმირი განსაკუთრებული მიმტევებლობით, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე, ანუგეშებს ცოლს ზვიადაურის გვამის დატირებისთვის. არანაკლებ ტრაგიკულ პერსონაჟს, ჯოყოლას მეუღლეს, აღაზას ასახიერებს ახალბედა მსახიობი თინა გვაზავა, რომელიც ზომიერი დრამატულობით ხატავს გმირი ქალის მხატვრულ სახეს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ზვიადაურის ცხედრის გაპატიოსნების სცენა, სადაც მსახიობი აღაზას გმირის ხასიათის მრავალპლანიანობას უსვამს ხაზს. ამ ეპიზოდში ერთდროულად არის ქალის უდიდესი ტარგიზმი, გაუცნობიერებელი ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი, პატივისცემა სტუმრისა და მიცვალებულისადმი, რომელიც წმიდათაწმიდაა მთაში. სპექტაკლში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა ხევსური ქალი, რომელსაც გვანცა კანდელაკი ასრულებს. ამ პერსონაჟს კორიფევსის ფუქნცია აქვს სპექტაკლში. ის ავტორის ტექსტებს ახმოვანებს და ხშირ შემთხვევაში ერთვება კიდეც სიუჟეტში.

სპექტაკლის საფინალო ეპიზოდში რეჟისორი უკიდურეს პირობითობას მიმართავს და გვთავაზობს მოსალოდნელ კონცეპტუალურ ფინალს. საფლავიდან წამომდგარი ჯოყოლასა და ზვიადაურის სულები დედაბოძს უდგანან ბურჯად. თუკი კაცობრიობის ღირებულებები არსებობს დღემდე, ეს ჯოყოლასა და ზვიადაურის მსგავსი პიროვნებების დამსახურებაა. დედაბოძი კი სწორედ ასეთი გმირების დაცულ ღირებულებებზე დგას.