ტოლსტოიმ რა დააშავა?!
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 25/07/2012
კატეგორია: სტატია

 

                                                 ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

 

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

ტოლსტოიმ რა დააშავა?!

 

 

ოთხი წლის წინ, როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ძალიან მალე ომი დაიწყებოდა. მახსოვს, ზაფხულის სიცხეს ქუთაისთან ახლოს, სოფელში ვემალებოდი, მერე ომი დაიწყო... რვა აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში მეძინა. წინა დღეების ღამენათევი არავის გავუღვიძებივარ.  გაღვიძებისთანავე კი მეგონა, რომ ომი გამოვტოვე, მაგრამ ყველაფერი წინ იყო. როცა შუქი გამორთეს, ინფორმაციის ვაკუუმს რადიოთი ვებრძოდი. იმ მომენტიდან ყველაზე ნათლად ჩემი მეზობელი ბავშვი მახსოვს, რომელმაც პროტესტის ნიშნად ,,ომი და მშვიდობის’’ კითხვა შეწყვიტა და ეს ამბავი მშვიდი სახით მამცნო. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ტოლსტოიზე დიდად არ ვგიჟდები, მაგრამ ჩემი გემოვნება აქ არაფერ შუაშია, საქმე ის გახლავთ, რომ ტოლსტოის არაფერი დაუშავებია. რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასოდეს მომწყინდება ვთქვა - კულტურას ეროვნება არ გააჩნია! ხოლო თუ წიგნებს ადამიანებივით დავყოფთ, მაშინ ლიტერატურას თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წავართმევთ. არ არსებობს ბოროტი და კეთილი წიგნები, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათ შესახებ საუბრობენ. მაგრამ თუ ამგვარი დაყოფის მომხრე ვიქნებით, ნებისმიერი ,,ბოროტი’’ წიგნი ჩემთვის კეთილ ადამიანზე ძვირფასია.

 

როდესაც ამ თემაზე ბლოგის წერა დავიწყე, ჩემი ცოლის ლეპტოპში სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, ტექსტს ომის თემაზე, რომლის წაკითხვისთანავეც სხვანაირი გემო დამრჩა. ის ჩემზე ოთხი წლით უმცროსია და მივხვდი, რომ ომს ყველაზე მტკივნეულად უმცროსები განიცდიან. 

 

 

 ქალაქი

 

ილუზია:

 

აქ ომი არასდროს ყოფილა. ადამიანები ბედნიერები არიან. ღიმილი ხეებზე მწიფდება. ყველა ცრემლი ტუჩებით შრება. მე ყოველ საღამოს ვსეირნობ ქუჩებში. სუფთა ნიავი შემდის საფეთქლებში. ვმჩატდები და მივდივარ ზემოთ, უღრუბლო ცისკენ. მე ვიბერები ჰაერით... ანძებისა და ელექტრო ხაზების მაღლა... თვითმფრინავებიდან ხელს მიქნევენ უბილეთო მგზავრები. ღამით კარლსონივით სახურავზე ვიძინებ, რადგან აქ, ყველა სახურავზე  მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ყვავილთა ჰერბარიუმია. შუაღამისას ტაძრის კედლებზე ანგელოზები ეშვებიან. აქ ციხეები ცარიელია: არავინ არავის კლავს, არავინ არავის ძარცვავს. მხოლოდ ერთი დანაშაული არსებობს: სიყვარულს ვერ გადავეჩვიეთ. ქალები თეთრები და სურნელოვანნი არიან. მე მათ კაბის ღილებს ჩუმად არ ვხსნი, ისინი თავად წყდებიან, რადგან სიყვარული სავალდებულოა. ესაა ჩვენი გადასახადი, სამოქალაქო გადასახადი. ქალაქში ათასი კაცი ცხოვრობს, თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავს. ბავშვები ჰაერს ზღარბებით ავსებენ, ფანჯრის მინებს ამსხვრევენ, გაუთავებლად ყვირიან აქ ბავშვობა დიდხანს გრძელდება. ახლა ღამის მეცხრამეტე წამია, რძიანი წვიმა ასველებს ფილაქანს. ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი. მე  საჭირო კაცი ვარ

 

რეალობა:

 

მე შევიშალე. მხოლოდ რამდენიმე წუთით შემიძლია გამოვძვრე ჰალუცინაციებიდან. და ვხვდები ცარიელ ქალაქში, სადაც ვირთხებთან ერთად ვცხოვრობ. მე უგვირგვინო მეფე ვარ დანგრეული შენობების, მყრალი სივრცის და კიდევ მკვდრების. ცარიელი ქალაქი გვამებითაა სავსე. ისინი ნელ-ნელა იხრწნებიან. მე ვტირი. ომი ალბათ წლებია დამთავრდა, მაგრამ აქ, ქვემოთ, ჩემთან ყველაფერი ტყვიისფერია, სუზმის გვერდით ნატურმორტივით დევს ავტომატი და სანაგვიდან წამოღებული ქალის მკერდი. სისხლიანი.

 

ცაში ნისლია. შავი ნისლია და მზე აღარაა და აღარც სილურჯე და აღარც ცისარტყელა და აღარაა არაფერი ფერადი.

 

მარტო რომ არ ვიყო, ბაღში გაზრდილი ბავშვები დავაჯინე. გაყინული სახეები და გადაკარკლული თვალები აქვთ. სუსტი თაობა მოდის, და კიდევ აქ ბავშვობა დიდხანს გრძელდება ყველა თამაში გარდა ომისა წარსულს ჩაბარდა. მარტო ვარ მკვდართა ქალაქში.

 

გადახვევა:

 

უპატრონო მკვდართა სასაფლაოზე იყვნენ და იმდენი იყო, იმდენიმეც იქ ვიქნებიმეცვარვიყავი

 

p.s. პაციენტი N19. დამამშვიდებელი. ყვირილი: “მძულხართ ყველა, ვისაც შეგიძლიათ გეცვათ ორთათიანი შარვალი!”