ბეწვის ხიდით ოქროს შუალედისკენ, ანუ სად დაუშვა შეცდომა მატრიარქმა ლისისტრატემ?
 
თარიღი: 25/05/2016
კატეგორია: სტატია

          

© ლაშა ჩხარტიშვილი

„ლისისტრატე“ ასე ქვია ლაშა ბუღაძის პიესას და დავით საყვარელიძის ახალ სპექტაკლს, რომლის პრემიერაც გასული წლის დეკემბერში რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე შედგა და დღემდე რჩება მიმდინარე რეპერტუარის ლიდერ სპექტაკლად. „ლისისტრატეს“ ამგვარი პოზიცია განპირობებულია არა მხოლოდ სპექტაკლის მხატვრული ხარისხსის, არამედ მაყურებლის ინტერესის გამოც, რაც ალბათ, არა მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ სპექტაკლი ჩვენი დროის საჭირბოროტო  საკითხებს, გნებავთ უმნიშვნელოვანეს და მწვავე პრობლემებს ეხება,  არამედ იმით, რომ რუსთაველის თეატრის ამაღლებული სცენიდან მსახიობები მაყურებელს (შესაბამისად ჩვენს საზოგადოებას) თანამედროვე ხერხებით მათთვის მარტივ და ახლობელ ენაზე,  გასაგები ლექსიკით ესაუბრებიან, ყოველგვარი  კეკლუცობისა და თეატრალური პათეტიკურობის გარეშე. მაყურებლისთვისაც საინტერესოა, როცა საყვარელ მსახიობებს განსხვავებულ და უფრო ახლობელ ამპლუაში რომ ხედავს, ვიდრე თეატრალიზებული ინტონაციებით და რეჩიტატივებით  (რუსთაველის თეატრისთვის დამახასიათებელი წამღერებითი ინტონაციით) მოლაპარაკეს სცენიდან.  

ლაშა ბუღაძის და დავით საყვარელიძის შემოქმედებითი თანამშრომლობა ათეულ წლებსაც და გარკვეულ ერთობლივ წარმატებებსაც ითვლის, მაგრამ მათი შეხვედრა „ლისისტრატეს“ სცენაზე გაცოცხლების შემთვევაში, განსაკუთრებით წარმატებულია სპექტაკლის ევროპულობის, ზომიერი ემოციურობის, ესთეტიკური დახვეწილობის და გარკვეული მარადიული პრობლემების ახლებური კუთხით დასმის გამო.

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართულ სიტყვაკაზმულ მწერლობაში ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ დრამატურგიაში (გნებავთ სათეატრო ტექსტებში) მას ლიდერის პოზიცია უჭირავს, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ იმით, რომ მის პიესებს თარგმნიან, კითხულობენ (თეატრალიზებულად) ან დგამენ უცხოეთში და ჩვენში, ან იმით, რომ მისი პიესები იმარჯვებს ეროვნულ თუ საერთაშორისო კონკურსებში, არამედ იმითაც, რომ ის ყველაზე უკეთ ფლობს დრამატურგიის ხერხებს და მისი გმირები ყოველთვის არიან ჩვენი თანამედროვენი, მიუხედავად მათი ისტორიზმულობისა. ისტორიზმის წიაღიდან იშვა მისი ახალი პერსონაჟები პიესიდან „ლისისტრატე“, ისინი ერთდროულად ანტიკური ეპოქისა და ჩვენი თანამედროვეობის გმირები არიან.  მოქმედება პარალელურად მითოსურ ეპოქასა და ჩვენს დროში, დღეს და აქვე მიმდინარეობს. პიესა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამის „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში შეიქმნა, მეტად მნიშვნელოვან საკითხებს, აქტუალურ პრობლემებს და თემებს ეხება, რომელიც ერთი მხრივ, ავლენს და ამხელს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ საშიშ ტენდენციებს, ხოლო მეორე მხრივ, დრამატურგი ცდილობს შემოგვთავაზოს ამ პრობლემების გადაჭრის გზები. ბუნებრივია, პიესაში კონფლიქტს ორი განსხვავებული პოზიცია წარმოშობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავად დრამატურგი, ისე როგორც რეჟისორი, განსახილველ საკითხებს ცივი გონებით განსჯის და არცერთი მხარის პოზიციას არ იჭერს, ისინი ორივეს მიმართ ცდილობენ იყვნენ ირონიულები და ზოგჯერ სასტიკად სარკასტულებიც კი. ლაშა ბუღაძე „გარედან“ და იუმორისტული მიდგომით ინარჩუნებს ობიექტურობას და მხოლოდ პოზიციათა პრეზენტირებით შემოიფარგლება. ორივე მხარის არგუმენტები მყარად და ობიექტურად გამოიყურება, გააჩნია მას რომელი ეპოქის გადასახედიდან, ან თუნდაც მხრიდან შევხედავთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ და როგორი განწყობით მივუდგებით გადასაჭრელ პრობლემას. დრამატურგის ოსტატობა კი იმაშია, რომ კონცეპტუალურ და საკმაოდ ვრცელ ტექსტს (რომელიც შინაარსობრივად შეგონებაცაა, რაც სცენას დიდად არ უხდება) მონოლოგებსა და დიალოგებში  ისე გვაწვდის, რომ მოსაწყენ–მოსაბეზრებელ დარიგებად კი არ ჟღერს, არამედ სახალისოდ მოსასმენ ტექსტად, რომელიც რეფლექსურად გაიძულებს გაანალიზებას. ტექსტის ასეთი გაცოცხლება კი რეჟისორის და მსახიობების უპირობო დამსახურებაცაა. დავით საყვარელიძემ გარკვეული პერიოდი, თავისი რესურსი საქართველოში საოპერო ხელოვნების განვითარებაში დააბანდა (და ბევრი წარმატება მოუტანა ქართულ საოპერო ხელოვნებას), ამიტომაც დრამატულ თეატრში ის იშვიათად ახორციელებდა პროექტებს. ბოლო ათწლეულის მანძილზე მან მხოლოდ ორი სპექტაკლი („ნაფტალინი“, „სულიერი არსებები“), ორივე ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგა და ამჯერად, ის იმ წიაღს დაუბრუნდა, საიდანაც მისი რეჟისურა იშვა.

დავით საყვარელიძე დრამატურგთა პიესებს (მით უმეტეს, ლაშა ბუღაძის პიესების დადგმისას) განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობა და დადგმისას ტექსტში რადიკალური ცვლილებები არასოდეს შეაქვს. ბუნებრივია, რეჟისორი და დრამატურგი ინტენსიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რისი გამოისობითაც დრამატურგიული პირველწყარო რეჟისორის ხელშეუხებლად  გადადის სცენაზე. დავით საყვარელიძის ინტერპრეტაცია დრამატურგის ტექსტის გადაკეთებაში კი არ ვლინდება, არამედ ამ ტექსტის თეატრად გადაქცევაში, დიალოგების და მიზანსცენების აგებაში და თეატრის ანტიკურობის ხანაში მინიჭებული ფუნქციის რეკოსტრუირებაში. ლაშა ბუღაძის პიესა არისტოფანეს პიესის ერთგვარ რეცეფციას წარმოადგენს. სწორედ ანტიკურობაში შექმნილი „ლისისტრატე“ და თანამედროვე ქართული რეალობა გახდა ინსპირაცია 21–ე საუკუნის ავტორისთვის ახალი რეალობის შესაქმნელად, რომელიც სამწუხაროდ დიდად არ განსხვავდება ძველისგან.

აღსანიშნავია, რომ დავით საყვარელიძე სპექტაკლშიც ინარჩუნებს ლაშა ბუღაძის პიესის სრულ კონტექსტს, სტილსა და ატმოსფეროს. შესაბამისად, სპექტაკლში დაპირისპირებული მხარეები ბუღაძისთვის დამახასიათებელი სარკასტულობით, ირონიულობით, იუმორითა და მოხერხებული დრამატურგიული ხერხებით არის დახატული. რეჟისორი (შესაბამისად, დრამატურგიც) ბეწვის ხიდზე გადის ოქროს შუალედის მოსაპოვებლად. რეჟისორი ხაზგასმით მიუთითებს ორივე მხარის მანკიერ და პოზიტიურ მხარეებზე, თუმცა მისი პოზიცია მაინც პროგრესული იდეებისკენ იხრება, თუმცა ოქროს შუალედის პოვნა თვითკრიტიკული და დაშვებული შეცდომის ძიების, საკუთარ თავში ჩაღრმავების ხარჯზე მიიღწევა სპექტაკლში, რომელიც ლისისტრატეტს საფინალო მონოლოგში ვლინდება.

პირდაპირი მინიშნებებით დავით საყვარელიძე ლაშა ბუღაძის ტექსტითა და რუსთაველის თეატრის გამორჩეული არტისტების წყალობით იმ რეალობას ხატავს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მაყურებელი საკუთარი თავის გარდა, სცენაზე მოქმედ გმირებში აუცილებლად ამოიცნობს თანამედროვე მოხელეთა, საზოგადო მოღვაწეთა პროტოტიპებს, რომლებიც ყველა დროში იყვნენ და სამწუხაროდ, მუდამ იქნებიან.

სპექტაკლში ერთ მხარეს ლისისტრატეტს მომხრეები, გამარჯვებულთა შიშებით დატანჯული ქალები დგანან, რომლებსაც მატრიარქატი აქვთ პოლისში დამყარებული, ხოლო მეორე მხარეს, მათი ოპოზიცია – საზოგადოებრივი გაერთიანება „დედები“, რომლებიც რეტროგრადული იდეებით შეპყრობილი დედებია გაერთიანებული. ეს გაერთიანება ექსტრემისტულ – ტერორისტულ ორგანიზაციასთან ასოცირდება მათ ოპონენტებში, რეალურად კი თეოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მომხრეები არიან. ამ ორი გაერთიანების შუაში კი შეყვარებული ახალგაზრდები არიან, თანაც ორივე ბანაკიდან, რომლებიც მშობლების გავლენას განიცდიან და ფაქტობრივად შეუძლებელია თავის დაღწევა მათი გავლენისგან, მათ ცხოვრებაში ყველაფერი ისეა, „რაც მამას უნდა“ (ანუ დედას).

სპექტაკლში წაშლილია ერთი კონკრეტული ეპოქის კვალი. ამბავი, რომელიც სპექტაკლში კომიკურობიდან ტრაგიკულობამდე  ვითარდება განფენილია დროის თვალუწვდენელ სივრცეში, ანტიკურობიდან დღევანდელობამდე. აქ ერთმანეთს ოსტატურად ერწყმის სინკრეტულობა და ავანგარდი, ანტიკური დემოკრატია და თანამედროვე თეოკრატია, უკიდურესი ჩამორჩენილობა და პროგრესული იდეოლოგია, სიუჟეტის გაუცხოების ეფექტი და გამოსაცნობი კონკრეტულობა...

სცენური სივრცე ირაკლი ავალიანმა მარტივად, სადად, მაგრამ მეტაფორულად გადაწყვიტა. მთელი სივრცე მოძრავ წრეში ჩაკეტა, რომელიც შემოსაზღვრულია ჟალუზებით. მხატვარმა ერთდროულად მოგვცა „ჩაკეტილი (შეკრული) წრისა“ და პრობლემის მარადიულობის, მუდმივად „წრეზე ბრუნვის“ მეტაფორა, ხოლო სივრცე (სტილისტურად და ფორმით) მაქსიმალურად მიუახლოვა თანამედროვეობას. ირაკლი ავალიანის სცენოგრაფია დინამიკურია და ცოცხალი. მოძრავი წრეები გარკვეულ ეფექტს ახდენს მაყურებელზე, რომელიც სივრცის შეცვლის მოჩვენებით განცდას გვიტოვებს, სინამდვილეში კი ინტერიერიც კი არ იცვლება, ისე როგორც პრობლემა რჩება უცვლელი ეპოქების მონაცვლეობის მიუხედავად. იუველურად იმუშავა კოსტიუმებზე პოლინა რუდჩიკმა, რომელმაც დახვეწილი, თანამედროვე კოსტიუმები შექმნა, სადაც დეტალებით მიანიშნა პერსონაჟთა ხასიათების, ტიპაჟების შესახებ, რითაც გაამძაფრა და ხაზი გაუსვა დრამატურგის ჩანაფიქრს მათ სოციალურ სტატუსსა და მდგომარეობას.

 

რუსთაველის თეატრის „ლისისტრატე“ მდიდარი მხატვრული სახეებით და არტისტული მრავალფეროვნებით გამორჩეული სპექტაკლია. რუსთაველის თეატრის მსახიობებს ნანა ლორთქიფანიძეს, მანანა გამცემლიძეს, მანანა აბრამიშვილს, ეკა მოლოდინაშვილს, ქეთი ხიტირს, რუსკა მაყაშვილსა და ლაშა ჯუხარაშვილს, რომ არ შეექმნათ ორიგინალური მხატვრული სახეები, „ლისისტრატეს“ მხატვრულ სახეთა გალერეას ნინო კასრაძისა (მესამე დედა) და ია სუხიტავილის (ლისისტრატე) მიერ შექმილი როლები დაამშვენებდა, რომლებიც არტისტული თვალსაზრისით იუველური ნამუშევარია, რომელსაც არც სიღრმე აკლია და არც სისადავე. ნინო კასრაძის გმირი ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული პერსონაჟია. მსახიობი ამ ბეწვის ხიდს ხარვეზების გარეშე წარმატებულად გადის. მსახიობი იყენებს დახვეწილ გამომსახველობით ხერხებს, რომლებიც მხოლოდ დეტალებში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ის მოძალადე ცოლი იყო, მაყურებელი მსახიობის მიმართ მაინც პოზიტირუად არის განწყობილი, რადგან ნინო კასრაძე ახერხებს გმირის მანკიერი თვისებების წარმოჩენის მიუხედავად, დადებითი მხარეებით გადაფაროს მისი გმირი. მსახიობი ოსტატურად, მაღალპროფესიულ დონეზე ხატავს მზრუნველი და მოაზროვნე ქალის, ამავდროულად ტიპიური დედის (მშობლური სისუსტეებით) მხატვრულ სახეს. ტრაგიკული გმირია ია სუხიტაშვილის ლისისტრატე, ერთგვარი მატრიარქი, რომელსაც პირდაპირი პროტოტიპი ჩვენს დროში მოეპოვება. ია სუხიტაშვილი მხოლოდ ერთ ეპიზოდში, ფინალისკენ მჩნდება, მაგრამ მსახიობი ახერხებს არა მხოლოდ მაყურებელს დამახსოვროს თავი განსაკუთრებულად, არამედ თვალნათლივ დაგვანახოს ლისისტრატეს ხასიათი, მის მიერ განვლილი გზა... მსახიობი ახერხებს მაყურებელი მოკრძალებით განაწყოს მისი გმირის მიმართ. საინტერესო, სახალისო და ერთმანეთისგან განსხვავებულ ტიპაჟებს ქმნიან (მიუხედავად მათი იდეოლოგიური მოკავშირეობისა) ქეთი ხიტირი და ნანა ლორთქიფანიძე; ასევე ორგანიზაცია „დედების“ მესვეურები ეკა მოლოდინაშვილი, მანანა გამცემლიძე, მანანა აბრამიშვილი. ეს სამეული თავიანთი კონცეფციით მაყურებელში მხოლოდ ღიმილს, იშვიათ შემთხვევაში კი სიბრაზეს იწვევენ. მსახიობები ზუსტად გრძნობენ ჟანრს და შექმნილ მოცემულობაში ხატავენ იმ კონტექსტს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ისინი ჩვენს გვერდით (ოჯახებში, სამეზობლოში) არიან. სპექტაკლის ცენტრში მაინც ორი პერსონაჟი კინესიასი (ლაშა ჯუხარაშვილი) და კლეონიკე (რუსკა მაყაშვილი). ლაშა ჯუხარაშვილი მახინჯი ტრადიციებით თავგამოტენილ პერსონაჟს ხატავს, რომელსაც განათლების პრობლემაც აქვს და რეტროგრადულ ოჯახში, დამახინჯებული მეთოდოლოგიითა და მსოფლმხედველობით აგრესორად და მოძალადეთ იქცა. მსახიობი ამ  გზას სადად, მაგრამ თვალნთალივ ხატავს, რაც შეეხება რუსკა მაყაშვილის გმირს, ის ტიპიური ქალია, რომელმაც განათლების მირების პროცესი სიყვარულის გამო შეწყვიტა, რუსკა მაყაშვილის გმირი მეოცნებე გოგონაა, რომელიც როგორც ყველა, მშობლის რჩევებს მუდმიბად აპროტესებს და არ იზიარებს, რაც მას სავალალო შედეგამდე მიიყვანს. მაყურებელში რუსკა მაყაშვილის გმირი სიბრალულს და თანაგანცდას იწვევს.

დავით საყვარელიძის სპექტაკლში ჩვენი დღევანდელობა, მარტივი მინიშნებებით, რთული მეტაფორების გარეშე ხელის გულზეა გადაშლილი, ასე ვთქვათ, ლანგარზეა მოწვდილი. ეს არის სპექტაკლი მშობლებზე და შვილებზე, მრევლსა და ეკლესიაზე, პროგრესულობასა და რეტროგრადობაზე, სიბნელესა და სინათლეზე, წარსულსა და მომავალზე, პერსპექტივაზე და უპერსპექტივობაზე, დაშვებულ შეცდომებსა და მიღწეულ წარმატებებზე, ერსა და ბერზე, ძალაგამოცლილ და მხოლოდ ავტორიტეტის ამარა დარჩენილ მატრიარქსა და მოძლიერებულ ფარისევლებზე, ჭეშმარიტებისა და ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ საეჭვო მოძღვრების ფარისევლებზე, დამონებულ ახალგაზრდა ქალებზე, დეგრადირებულ ახალგაზრდა კაცებზე, სასოწარკვეთილ დიასახლისებზე და რევანშის სურვილით შეპყრობილ–აღგზნებულ მამალ ქალებზე, დემაგოგობაში განსწავლულ პოლიტიკოსებზე, პროტესტის გამოთქმის უუნარობასა და მძიმე რეალობასთან შეგუებაზე...

დავით საყვარელიძის სპექტაკლი თანამედროვე სპექტაკლია, რაც გამოიხატება ტექსტის მკაფიო და აქტუალური ჟღერადობით, სცენოგრაფიული გადაწყვეტით,  მსახიობთა თამაშის მანერით, მოკრძალებული, სადა და დახვეწილი რეჟისორული ხერხებითა და ორიგინალური მეტაფორებით, ზომიერი პირობითობითა და გააზრებული კონცეფციით.