„მარტოობის გაკვეთილები“
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 26/07/2012
კატეგორია: სტატია

                                                                                                ფოტო: გიორგი ნებიერიძე

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

„მარტოობის გაკვეთილები“

 

 

პიესას ვწერდი, მაგრამ გავიჭედე. თემა მოცემული მქონდა - ძალადობა ოჯახში. რა არ გავისხსენე, რა ისტორია არ დავიხვიე ხელზე, მაგრამ საბოლოოდ ყველა პერსონაჟი მარტო რჩებოდა და არაფრის დიდებით არ შედიოდა სხვასთან კონტაქტში. ვერავინ ავალაპარაკე, ვერ გამოვტეხე. არ მქონდა კულმინაცია. გაყინულ გონებაში გაჩენილი ბზარები მომენტალურად კრავდნენ პირს და აზრის ნებისმიერ გაფაჩუნებას შიგ იყოლებდნენ.

 

ერთ საღამოს სახლში ვბრუნდებოდი. ქუჩის ორივე მხარეს ჩამორიგებული ბებერი ხეები კიდევ უფრო ბნელს აჩენდნენ ქუჩას. გზის განაპირას ერთი მანქანა გაჩერებულიყო. ანთებული ფარების შუქზე, მანქანასთან, სამი ადამიანი ცეკვავდა. მათი სქესი ვერ გავარჩიე. უფრო ბიჭებს ჰგავდნენ, ქალის სამოსში გამოწყობილ მეკობრეებს, ბეროუზის ველურ ბიჭუნებს. ცეკვავდნენ გამომწვევად, ვულგარულად, თითქოს სპილენძის, დრეკადი ძვლები ჰქონდათ და მათი ცეკვა უკაცრიელი სხეულიდან ამოხეთქილი ლავა იყო.

 

გვერდზე ჩავუარე და უცბად მივხვდი, რომ ქალაქი, რომელშიც გზა გრძელდებოდა, აღარ იყო ის ქალაქი, სადაც მანამდე მოვდიოდი. თითქოს წინ ბევრი შავთეთრი ფოტო დამიყარეს, რომელთა თვალიერებამ ისე გამიტაცა, რომ თავბრუ დამეხვა, გონება დავკარგე და თვალი რომ გავახილე მეც ერთ-ერთი ფოტო ვიყავი.

 

ფოტო, რომელზეც გამოსახულია მარტოსული ადამიანი. ის არ უყურებს არც კამერის ობიექტივს, არც ფოტოგრაფს, არც მიწას, არც ჰორიზონტს... აი, რაღაცნაირად შებრუნებული მზერებიც ხომ არსებობს...

 

მარტოობა ქმნის ადამიანებს. ის ძერწავს მათ ცხოვრებას და მათ ცხოვრების წესს. თან ყველა მარტოა. აი, ხეები ერთმანეთის გვერდით დგანან, ჩვენც ვდგავართ ერთმანეთის გვერდით. მაგრამ ადამიანები ხეები არ არიან და სისულელეა ფესვებზე ლაპარაკი.

 

მარტოობამ განაპირობა ჩვენი უაზრო გადაწყვეტილებები:

ქმარი ცემს ცოლს, იმიტომ რომ ეშინია მარტო დარჩენის.

ცოლიც იმავე მიზეზით უთმენს.

ქალს შვილის გაჩენა უნდა, იმიტომ რომ სიკვდილივით ეშინია მარტო დარჩენის.

მარტოობა გვაქცევს უყურადღებო და სასტიკ ადამიანებად.

 

ისეც ხდება, რომ გვგონია ვიპოვნეთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც თავს მშვიდად ვგრძნობთ, შინაარსი გვეძლევა, მაგრამ საიდანღაც ისევ გვეპარება მარტოობის აჩრდილი, მოდის შეუმჩნევლად, მოულოდნელად... 

 

 

ვსწავლობთ, ვმუშაობთ, იმიტომ რომ მარტოობას გვინდა გავექცეთ.

ჩვენ ჩვენს კომფორტულ სახლებში ვიყუჟებით იმიტომ, რომ იმ ადამიანებს გვინდა მოვშორდეთ, ვინც თავს მარტოდ გრძნობს.

უცნაურია, მაგრამ მარტოობა ვირუსივით ვრცელდება, გადამდებია.

 

ვეძებთ ახალ-ახალ ურთიერთობებს, ერთი და იგივე სიტყვებით, ერთი და იგივე მოქმედებებით ვცდილობთ ახალი ადამიანის შემოყვანას იმ სიტუაციებში, როცა გარშემო ყველას ეპიზოდური როლი აქვს და მთავარი გმირისა კი არავის.

 

მთავარი კი იმის გაცნობიერებაა, რომ საწყისი წერტილი - მარტოობაა, საბოლოო წერტილი - მარტოობა და რომ წრფეს, რომელიც ამ ორ წერტილს აერთებს  პარალელური წრფე არ გააჩნია. ორ წერტილზე კი მხოლოდ ერთი წრფის გავლება შეიძლება. მაგრამ ვავლებთ და ვავლებთ ახალ წრეებს, ვამუქებთ, სანამ შავ დიდ ზოლს არ ვიღებთ, შავ კვადრატს, რომელიც მთლიანად ფარავს ჩვენს თვალსაწიერს.

 

და ვფიქრობ, ყველა გზა მარტოობამდე მიდის. გზაზე კი ცეკვავენ. უადგილოდ და სასტიკად. და რატომღაც ერთადერთი გამოსავალი ამ ცეკვაშია. მარტოობა ის კვერცხია, რომელიც ამ ცეკვის ბუდეში გამოიჩეკა, ლორწოვანი მასით დაფარული არსების მოუხეშავი მოძრაობები...

 

პიესაც ამ კუთხით გავაგრძელე. მარტოობით დაღლილი, სასოწარკვეთილი პერსონაჟების უიმედო ცეკვა აღვწერე, თავდავიწყება... მთელი მოულოდნელობა ამაში იყო - ცეკვა უადგილო დროს, უადგილო ადგილას, მაშინ როცა გზა შეწყდა.