ერთი ალტერნატივა პოსტსაბჭოური სამოქალაქო თუ საქალაქო რეალობისთვის
ლელა ჩილინგარიშვილი
 
თარიღი: 27/07/2012
კატეგორია: სტატია

 

 
 
 
@ ლელა ჩილინგარიშვილი
 
 
ორი დღის წინ კინოში ვიყავი და ფილმის დაწყებამდე, შოკოლადის და ნაყინის ეროტიკულ რეკლამებს შორის, ერთი ძალიან სასიამოვნო, ფაქტობრივად სოციალური ხასიათის რეკლამა ვნახე. რეკლამის შემკვეთია ბერლინის ყოველდღიური გაზეთი „Berliner Morgenpost“ (ბერლინის დილის ფოსტა). 
 
 
 
 
რეკლამის მთვარი პროტაგონისტია თავად ქალაქი ბერლინი. ის, ვიდეოს შინაარსის არსებითი სახელია და დაესმის კითხვა რა? ამ კითხვას 6 სიუჟეტად დაყოფილი რეკლამა 6 მესიჯით პასუხობს.
 
თუმცა ეს პასუხები, უფრო აკმაყოფილებენ შეკითხვას – როგორია ბერლინი? ჰოდა, ამის საჩვენებლად ვიდეოში ცოცხლდებიან ბერლინის ზედსართავი სახელები: მრავალფეროვანი, ლიბერალური, ახალგაზრდული, დინამიური, ღია, მრავალიდენტური, მრავალეროვნული, მრავალრელიგიური, მულტიკულტურული და ა.შ.
 

 
 
ამ რეკლამის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი საქართველოში მომხდარ ბოლო ჰომოფობიურ ფაქტზე, (ვგულისხმობ ლ.გ.ტ.ბ. – ს მსვლელობის დარბევას 17 მაისს ქალაქ თბილიში) და გამიჩნდა სურვილი, რომ ბერლინის მიმზიდველობის მიზეზები, რომელიც დასავლეთ ევროპის ახალგაზრდობის, მათ შორის ასევე ბევრი ქართველის, ფავორიტია ამ რეკლამის მიხედვით გამეანალიზებინა, რადგან რეკლამაში ტექსტით და გამოსახულებით ილუსტრირებული ბერლინის მიმზიდველობა, ქმნის ერთი ცოცხალი ქალაქის სიმბოლოს – ერთ უკეთეს ალტერნატივას, დღევანდელი ქართული სამოქალაქო თუ საქალაქო რეალობისთვის.
 
***
თუ ვიდეო უკვე ნახეთ, შეგვიძლია საქმეს შევუდგეთ 
 
პირველი, რითაც იწყება ვიდეო, ტბის სანაპიროა, სადაც ყურადღება შუა ასაკის შიშველ მამაკაცზე, უფრო ზუსტად მის უკანალზე წამიერად ჩერდება. ამ უკანალით და კადრში გამოჩენილი სხვა ნაკლებად აპოლონისეული, სხვადასხვა ასაკის ადამიანების შიშველი სხეულები, წარმოადგენენ ბერლინის ერთერთ სიმბოლოს – ნუდისტურ კულტურას, რომელიც სათავეს გერმანიის ყოფილი საბჭოეთის ზონიდან იღებს. ე.ი. აქ გვაქვს იმ მოქალაქეებთან საქმე, რომელთაც ღობის და კლდის გარეშე ყოველგვარი ადამიანური და მორალური უფლება აქვთ იყვნენ ბუნებასთან ახლოს, იმ ფორმით, როგორც მათ ეს სწორად მიაჩნიათ.
 
წარმოიდგინეთ მიუმალავი ნუდისტური პლაჟი ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც შენ გვერდით დგას, უბრალოდ იხდის ყველაფერს და ბანაობს წყალში და მერე წარმოიდგინეთ ამ ადამინის ბედი რომელიმე ქართულ ქალაქში. ჰოდა ამ ეპიზოდით, კითხვაზე თუ რა არის ბერლინი, პასუხი შემდეგია, ბერლინი არის ის, როცა თითოეული ადამიანი ჩაიცვამსს იმას, რასაც უნდა - „Wenn jeder anzieht, was er will.“
 
შემდეგი ეპიზოდის სცენა ბერლინის Mauer Park–ია, სადაც ყოველ კვირა დღეს, ახლა უკვე ყოველ მეორე კვირას მოდის ათასობით ადამიანი კარაოკეს სამღერად და მოსასმენად. ეს ერთჯერადი სიამოვნებაა და ნამდვილი ბერლინია, სადაც ყველას, ყველა ენაზე შეუძლია იმღეროს მრგვალ ცარიელ სცენაზე, პატარა, სასაცილო კარაოკე მოწყობილობის დახმარებით და ასობით ადამიანის ტაში და ოვაცია მიიღოს. რეკლამაში ამ კვირის კარაოკეს ფონზე ერთი ბერლინური ოჯახი დახტის, რომელიც ორი დედისგან და ერთი შვილისგან შედგება. ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ერთშვილიანი ბედნიერი ოჯახი ბერლინული ქსოვილის ძალიან ორგანული ნაწილია. ანუ რეკლამის მესიჯით, ბერლინი არის ის, როცა ზოგიერთი ოჯახი ისე არ გამოიყურება, როგორც საერთოდ ოჯახი გამოიყურება - „Wenn eine Familie nicht aussehen muss wie eine Familie.“
 
მომდევნო ეპიზოდის გმირი, ბერლინის არცთუ მაინც და მაინც კეთილსიტყვიერი და ნაკლებად თავაზიანი გასტრონომიული მომსახურებაა. ჩვენ ვხედავთ ბარში ახლაგაზრდა მიმტანს ასეთ წარწერიანი მაისურით: Trinkgeld sonst Schnauze, რაც მიახლოვებით ნიშნავს “ჩაისთვის თუ არ დატოვებ, შენი ხმა არ გავიგო“. ბერლინში როცა შენ მიმტანი ხარ, არ გეძახიან უხეშად, ან თითების ქნევით და როგორც ბერლინის მაგალითზე ჩანს, პირიქით, შენ შეგიძლია იყო ნაკლებად თავაზიანი. აქ მომსახურე პერსონალის კარგ განწყობაზე სტუმრებმაც უნდა იფიქრონ, თუ სურთ თავადაც კარგად მომსახურებული იყვენენ, რადგან მომსახურე და მომსახურებული თანასწორია და ადამიანს მისი საქმიანობა სხვებზე პრივილეგირებულად არ აქცევს. გასტრონომიული მომსახურების სპეციალურ სტილი მაშინაა ბერლინური, როცა ნათქვამი უფრო მწარეა ვიდრე ის, რისი თქმაც სურდათ – გვეუბნება ამ ეპიზოდის დაკსვნა - „Wenn’s härter gesagt als gemeint ist.“
 
რეკლამაში ბარის ეპოზოდის შემდეგ ვხედავთ ველოსიპედებს, რომლებიც შუა მოძრაობისას ქალაქში სხვადასხვა ფერებს ასფალტზე აქცევენ და მანაქანების მოძრაობის შედეგად, ასფალტზე დაქცეული ფერები ვრცელდება ბერლინის ქუჩებში და ქალაქის გზები ფერადდება. ამ კადრში ბერლინის ის დიდი და ფართო სივრცეა ნაჩვენები, იქნება ეს ქუჩა თუ მოედანი, შენობა თუ პარკი, სადაც ექსპერიმენტალური იდეებისთვის ადამიანები მზად არიან. ქუჩის აქციები, პერფორმანსები ზედ გადასასვლელზე, როცა წამებში წითელი აინთება, ისეთივე ხშირია ბერლინში, როგორც შემოქმედება, რომელიც ქალაქის მოძრავ პროცესში იქმნება. ამიტომაც ბერლინი ის ადგილია, სადაც უეცრად ხელოვნება ჩნდება - ’’Wenn plötzlich Kunst ensteht’’.
 
ბოლოს წინა კადრი ბერლინის ერთერთ ეროვნულ უმცირესობას თურქ ქალებს წარმოგვიდგენს, რომელთა დიდი ჯგუფი, მამაკაცების გარეშე ქართული ჟარგონით რომ ვთქვათ, მწვადაობს. ჭრელთავსაფრიანი ქალები ფერადფერად ბოსტნეულს და ნებადართული ხორცეულობას აშიშხინებენ და ძალიან მხიარულად ცეკვავენ და მღერიან, რადგან არც ისინი არიან ბერლინის ქსოვილზე მიკერებული უცხო ფერის ნაჭრები, ისინიც ბერლინს ეკუთვნიან და ბერლინში თავს სახლში გრძნობენ. რეკლამის მესიჯიც ესაა: ბერლინიც ესაა, როცა 300 ქალი ერთად მწვადებს წვავს და ცეკვავს - “ Wenn’s 300 Damen vom Grill sind“.
 
რეკლამის დამამთავრებლი აკორდი ახალდაბადებული ბავშვია. დედის მხარზე მინებივრებული პატარა არსებიდან, კამერა რჩება კადრზე, რომელიც საწოლის კიდეზე ბავშვის სახელს და გვარს გვაკითხებს. ახალდაბადებული Paula Berlin Schulte, ბერლინის მოქალაქეა, რომლისთვის ბერლინი არამარტო დაბადების ადგილი, სახლი და მისი ქვეყნის დედაქალაქია, სადაც ის იცხოვრებს ბედნიერად მისი ფერით, სქესით და ორიენტაციით, რელიგიით, წარმოდგენებით და გემოვნებით, არამედ, სწორედ ამ ყველაფრის გამო ბერლინი ხდება უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ქალაქი შეიძლება იყოს. ის ხდება ახალდაბადებულის სახელი, მისი პიროვნულობის განუყოფელი ნაწილი.
 
ამ რეკლამაში თავმოყრილია, რა თქმა უნდა, მხოლოდ პოზიტიური და განსაკუთრებული ბერლინური ხასიათი (რადგან ბერლინს აქვს ასევე ნაკლებად პოზიტიური მხარეებიც), რომლებიც ამდენ მილიონ ადამიანს იზიდავს და ბერლინელებს ძალიან ამაყ მოქალაქეებად აქცევს.
 
მე ამ სიამაყეს ვისურვებდი და ვუსვურვებდი ქართველ მოქალაქეებს, და არა ათასობით შემინულ შენობას, ფანტანს და ტოტო კუტუნიოს. რადგან ქალაქს და მის განწყობას, პირველ რიგში მასში მცხოვრები ადამიანები ქმნიან. და თუ საქართველოს ქალაქებიდან მაინც და მაინც ბერლინის ასლი არ გამოვა, იქნებ ჩვენმა სამოქალაქო თუ საქალაქო საზოგადოებამ იზრუნოს იმაზე, რომ თავისუფალი, ტერიტორია ერთმანეთისთვის შექმნას და არა ერთმანეთისგან!
 
 
 
Lele-ta