კანის ლომები- დღე პირველი
თათია კარიაული
 
თარიღი: 22/06/2016
კატეგორია: ლიტერატურა

 

კანის ლომები

დღე 1 – Thank You Creativity

 

  

 რატომ არ ვცხოვრობ კანში? როდესაც აეროპორტიდან ფეხს ჩამოდგამ და ცისფერ და ლურჯად დაზოლილ ქვიშიან სანაპიროს გამოუყვები, პირველი ეს კითხვა გიჩნდება. ამდენი სასიამოვნოდგარუჯული, მომღიმარი და ბედნიერი ადამიანი თავიდან ცოტა უჩვეულოდ გეჩვენება, მაგრამ მალევე ეჩვევი და ოდნავ თუ მაინც შემოგრჩა „დაძაბული“ აურა, იმასაც ატან ზღვაზე მოყიალე თოლიებს და გეღიმება.

შემდეგ კი როცა ფესტივალების სასახლეში პირველი გამოსვლა იწყება, ხვდები, რომ სხვა სამყაროში ხარ, ავატარების და Xmen-ების სამყაროში...

 

პირველი გამომსვლელი, შვედური სარეკლამო SNASK-ი თავის როკ ჯგუფთან ერთად არის (რომელიც ერთ-ერთ პარასკევ ღამის დალევის დროს შემოეყიდა) და დარბაზის „გახურება“ არ უჭირს. ალბათ ძნელად წარმოსადგენია უფრო ფუტურისტული იუმორის გრძნობა, ვიდრე ამ ბიჭებს აქვთ და მათი 45 წუთიანი გამოსვლის 35 წუთი იმდენს იცინი, რომ გამორიცხულია, მათ სააგენტოს შეკვეთა არ მისცე პირველივე შესაძლებლობისას...   

შემდეგ სემინარზე, რომელიც viral კომუნიკაციის შექმნას ეხება, ტრამპის და პორნჰაბის მაგალითბის საფუძველზე, კიდევ ერთხელ ვასკვნით, რომ რეკლამა უნდა იყოს less disturbing and more entertaining... სემინარის ბოლოს, ჯგუფური მედიტაციის დროს სცენაზე პოლარული დათვის გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს და ეს მხოლოდ სასიამოვნო გამოწვევაა შემდეგი გამომსვლელების წინაშე, რომელმაც კიდევ უფრო საინტერესო რამ უნდა შემოგვთავაზოს, რადგან კანის სემინარი მხოლოდ სემინარი არაა, აქ სცენაზე თითოეული სპიკერი შოუს დგამს, რადგან აქ ხომ სარეკლამო ინდუსტრიის მეფეები არიან... მათზე უკეთ ვინ იცის, რომ რაც უფრო ცოცხალი და დასამახსოვრებელი იქნება მათ მიერ მოყვანილი შედარებები, მით უფრო კარგად გვემახსოვრება ისინი...

დევიდ კოპერფილდი უბრალოდ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ილუზიონისტი არ არის... ის ადამიანების ემოციების მართვის „მასტერია“, რასაც მარტივად ამტკიცებს კიდეც რამოდენიმე ძალიან მარტივი, მაგრამ გენიალური ნომრით ჩვენს წინაში... კიდევ ერთი მშვენიერი შედარება... მარკეტინგი, ისევე როგორც კოპერფილდის ჯადოქრობა, მაშინ მუშაობს, როდესაც ეს ადამიანებში ემოციას იწვევს და მას ვინც კოპერფილდის შოუზე ყოფილა, არასოდეს დაამახსოვრდება მხოლოდ „ფოკუსები“, ეს ტექნოლოგიურად კარგად განვითარებული თეატრია... და როგორც კოპერფილდის გამოსვლა წარადგინეს: „Any sufficiently well developed technology is indistinguishable from magic.”

თუმცა კანის სარეკლამო ფესტივალი მხოლოდ სემინარები არ არის, ის (ისევე, როგორც თბილისი იყო ადრე) ურთიერთობაა... ფესტივალი თავის ოფიციალურ სანაპიროზეც გვმასპინძლობს, სადაც 1 ჭიქა როზესთან ერთად, ტალღების ხმის ფონზე, პირადად შეხვდები და ესაუბრები უამრავ საინტერესო ადამიანს, მათ შორის იმათ,  ვინც რამდენიმე საათის წინ სცენიდან გიკითხავდა ლექციას...