კანის დღეები-21 ივნისი
თათია კარიაული
 
თარიღი: 22/06/2016
კატეგორია: სიახლეები

 

 წინა საღამოს ოფიციალური გალა ივენთის შემდეგ დილის 9 საათზე ადგომა ალბათ ყველა მონაწილისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა უილ სმიტი, რომელიც თავის ცხოვრების მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტებზე გვიყვებოდა. კანის სემინარების ყველაზე დიდი დარბაზი - Lumiere Theatre ბოლომდე სავსე იყო და ყველა მოუთმენლად ველოდებოდით ლეგენდარული მსახიობის გამოჩენას. მან სცენაზე გამოსვლისთანავე დარბაზში მყოფ ყველა ადამიანთან, თითოეულთან ცალ-ცალკე რაღაც  იდუმალი კონტაქტი დაამყარა და ეს უცნაური ურთიერთკავშირი ბოლომდე გაგრძელდა. მის საუბარში იუმორი ისე ოსტატურად ენაცვლებოდა სერიოზულ პასაჟებს, როგორც ეს ალბათ მხოლოდ მას შეუძლია (ან მისნაირ ვარსკვლავებს).

ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ერთი ახალგაზრდა კაცი ჩავარდა, რომელმაც აიპადით ფოტოს გადაღება მოინდომა. ამ დროს უილმა იყვირა: Security! და მხოლოდ მაშინ გაეცინა და თქვა, რომ იხუმრა, როდესაც დაცვამ კინაღამ დარბაზიდან გაიყვანა დაბნეული აიპად-პაპარაცი.

 

უილმა გვითხრა, რომ რაღაც მომენტში, როდესაც პოპულარობამ თავბრუ დაახვია, მისთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე შემოქმედებითი განვითარება, თუმცა მის შვილთან დაკავშირებულმა შემთხვევამ ამას მალევე მიახვედრა და აღმოაჩინა, რომ თუ გინდა დღევანდელ სამყაროში წარმატებული იყო, უნდა შექმნა ისეთი კონტენტი, რომლის ცენტრშიც ხალხი დგას, უნდა გესმოდეს მათი და საფუძველი უნდა იყოს ძალიან გასაგები, მარტივი ისტორია, მაგალითად, როგორიც არის ფილმში The Pursuit of Happiness.

21 ივნისს კანის ფესტივალის დამატებითი ნაწილი - ინოვაციების ლომების 2-დღიანი ფესტივალიც გაიხსნა, რომელიც აქვე, გვერდით მდებარე  სასახლეში მიმდინარეობს.

ძირითადი აქცენტი წელს ხელოვნურ ინტელექტს და ვირტუალურ რეალობას ეთმობა. სემინარებსა და ვორქშოფებზე ვნახეთ პირველი ეტაპები, თუ როგორ ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ეს პროცესი ძალიან სწრაფად მიიწევს წინ. წარმატებით მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, მაგალითად,  ტექნოლოგია, რომელსაც ადამიანის განწყობის ამოცნობა და შესაბამისი მუსიკის შემოთავაზება შეუძლია; ან შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს შექმნას ხელოვნების ნიმუში, რაც მის დამოუკიდებელ აზროვნებაზე მიუთითებს.

 

ერთი საინტერესო მაგალითი წელს არის პროექტი The Next Rembrandt, რომელშიც კომპიუტერმა რემბრანდტის ავტოპორტრეტი შექმნა. ამ პროექტმა წელს კანის ლომიც მოიგო.

https://www.youtube.com/watch?v=IuygOYZ1Ngo