ἔνθεος
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 30/07/2012
კატეგორია: სტატია

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

რამდენიმე თვის წინ ძველი ღმერთებით დავინტერესდი. არვიცი რატომ. შემდეგ ძველბერძნული  და რომაული დრამებითა და ავტორებით. შემდეგ ინიციაციის ფსიქოდელური მისტერიებით.  ამის შემდეგ ძველი ცეკვებითა და მუსიკით...

 
ჩვენთვის ნაცნობი მუსიკა,მას შემდეგ რაც მის ჩაწერას ვახერხებთ – მეტნაკლებად დალაგებულია ჟანრებად, მიმდინარეობებად. იცი რომელ ათწლეულში რომელი სინთეზატორის თუ გიტარის ხმა და როგორი რითმი იყო პოპულარული. მაგრამ ძალიან მომინდა წარმომედგინა რა მუსიკას უკრავდნენ მაგ. შუა საუკუნეების მოხეტიალე ტრუბადურები, სოფლელი ბიჭები მიყრუებულ ველებზე, დიონისეს კულტის ფსიქოდელური მიმდევრები ცხელ ოქროსფერ საბერძნეთში, რა მუსიკას უსმენდნენ  ჰაშიშმოწეული იმპერატორები თავიანთ აპარტამენტებში, რას უკრავდა ნერონი როცა უყურებდა გადამწვარ რომს... 
 
თითქოს ჩვენი ეპოქის წყევლა ისაა, რომ არავის არაფერი ავიწყდება – ყველაფრის ჩაწერა შეიძლება, ყველგან კამერებია, ყველგან ჩამწერი მოწყობილობები, თუ ასე გაგრძელდა მომავლის არქეოლოგებს ძალიან თავისუფლად შეეძლებათ მთელი ქალაქების ცხოვრების რიტმისა და მთელი დღეების სიმულაციების ჩაშვება და მათზე დაკვირვება, წარსულის წყევლა კი ალბათ ის იყო, რომ შეუძლებელი იყო რამის ჩაწერა, ყველა ხმა, ყველა სახე, ყველა სიცოცხლის საინტერესო მომენტი სამუდამოდ იკარგებოდა და თუ გადარჩებოდა – ისიც მხოლოდ ინტერპერეტირებულ მითებად რომლებიც გადადიოდნენ ტუჩებიდან ტუჩებში და სხვადასხვა ხმებით ყვებოდნენ ერთსა და იმავე ისტორიას...
 
თავის წიგნში ''რწმენისა და რელიგიური იდეების ისტორია” , მირჩა ელიადე  დაახლოებით ესეთ რამეს წერს: “გამოდის, რომ [ძველი საბერძნეთის რელიგიაში] ადამიანის შესაძლებლობები შეზღუდულია მისი ბუნებითა და ცალკე ყველას მოირათი [მისი ბედისწერით]. ადამიანური სიბრძნის სათავე – არსებობის არასტაბილურობის გაცნობიერებაა. შესაბამისად, აზრი აქვს  ისეთი “საჩუქრებით” ტკბობას, როგორიცაა ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სხეულის სიამოვნებები და სიხარული, რომელსაც გჩუქნის სხვებისადმი სიკეთის კეთება. ასეთია ჰომეროსის გაკვეთილებიც: იცხოვრო მხოლოდ აწმყოთი.” “ასეთმა ტრაგიკულმა შეხედულებამ ადამიანის ბუნებაზე, ვერ გააჩერა ბერძნული რელიგიური გენიის შემოქმედებითი ძალა და პარადოქსალური სახით მიიყვანა ისინი ისევ ამ ადამიანური ბუნების განდიდებამდე. რამდენადაც ღმერთებმა დაადეს საზღვარი მათ შესაძლებლობებს, ადამიანმა ბოლობოლო დაიწყო სუფთა ადამიანური თვისებების განდიდება და ხშირად მათიგაღმერთებაც კი. სხვა სიტყვებით მან ისევ აღმოაჩინა თავისთვის “არსებობის სიხარულის” საკრალური შინაარსი, ეროტიკისა და სხეულებრივი სილამაზის რელიგიური მნიშვნელობა, მოხადინა კოლექტიური გართობის საკრალიზება – თამაშები, პროცესიები, ცეკვები, სიმღერების შესრულება, სპორტული შეჯიბრებები, დრამატული წარმოდგენები, ქეიფები და ა.შ...” “მაგრამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ამწამიერის, თავად სამყაროსა და დროში არსებობის ფაქტის რელიგიური მნიშვნელობა. ბერძნების მიერ შეცნობილი “ყოფიერების სიხარული” საერთოდ არ არის პროფანული: მას ბადებს ღვთაებრივი გრძნობა იმისა, რომ შენ მისდევ სამაყროს თუნდაც წამიერ კანონს და ეკუთვნი ამ სამყაროს - არსებობის საოცრებას. ბერძნებმა, როგორც ბევრმა სხვა ხალხმა მანამდე და მათ შემდეგ, გააცნობიერეს, რომ ყველაზე საიმედო საშუალება, იმისთვის რომ დაამარცხო დროის მეფობა არის ყოველი წამის აბსოლუტური შეგრძნება, არის მცდელობა გამოიყენო ყველა შესაძლებლობა, რომელიც შენს თვალწინ იშლება.”
 
 
 
--
ეფესოსთან ახლოს, თურქეთის ტერიტორიაზე - ასეთი წარწერა იპოვეს საფლავის ქვაზე: “მე საფლავის ქვა ვარ, ხატი. სეიკილოსმა დამსვა აქ ეუტერპესთვის, როგორც მარადიული ნიშანი უკვდავი მოგონებისა”. ვარაუდობენ რომ ეუტერპე სეიკილოს ცოლი ან შეყვარებული იყო. მისი საფლავის ქვაზე კი ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ ფრაზის ქვეშ მოთავსებულია მსოფლიოში დღემდე არსებული ყველაზე ძველი მუსიკალური კომპოზიციის სრული ვერსია, თავისი ნოტებითა და ლირიკით. სხვა აქამდე ნაპოვნ მუსიკალური ნოტების აღმნიშვნელ ნიმუშებში მხოლოდ სავარჯიშოები ან ნაწყვეტებია, ხოლო ამ ძველბერძენი ქალის საფლავზე  – ამოტვიფრულია მთელი სიმღერა, “როგორც მარადიული ნიშანი უკვდავი მოგონებისა”. 
 
მეცნიერებმა და მუსიკოსებმა გაშიფრეს მისი ნოტები და ტექსტი და რაც ყველაზე მაგარია – მე მინდა მოგასმენინოთ პლანეტის ერთერთი ყველაზე ძველი ტრეკი, რომელიც დაახლოებით 2200 წლის წინ თავისი მკვდარი შეყვრებულისთვის დაწერა და ქვაზე ამოტვიფრა ვინმე სეიკილოსმა. და რომელიც მას შემდეგ ჩემი "ჩარტების" ლიდერია და რომლის გამო მგონია, რომელიც ერთერთი მიზეზია ბევრ სხვა მიზეზებს შორის, რომლის გამო მგონია, რომ ცივილიზაცია შეიძლება სულ სხვანაირად განვითარებულიყო, რომ სამყარო გაცილებით საინტერესო იყო იქამდე, ვიდრე მას მონითეისტური მამა-მარჩენალი დაეპატრონებოდა და ბინარულ ოპოზიციებში გადაიყვანდა ყველა წამს. როდესაც ჯგუფთან ერთად ლაივებზე გამოვდივარ -- სულ ვცდილობ ისე დავუკრა, როგორც ამას დიონისეს მიმდევრები დაუკრავდნენ მისტერიებზე, როცა მათ ენთეოს - ''ღმერთით ავსებულები" ერქვათ, როგორც ამას ეს უცნობი მრავალღმერთიანი ანონიმი დაუკრავდა,სანამ საფლავის ქვაზე ამოტვიფრავდა სიმღერის ტექსტს:
 
სანამ ცოცხლობ – ანათე,
არ ინანო არაფერზე.
ცხოვრება მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება
და დრო ითხოვს თავის ხარკს.
 
 
ტრეკის რამდენიმე ვერსია: