სკოლა
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 31/07/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

სკოლა

 

 

დღეს ვიმგზავრე გაგრილებული სამარშუტო ტაქსით და მართლა სიგრილე იყო იქ - ისეთი სიგრილე, გულს რომ გიმძიმებს, ვოცნებობდი: სასწრაფოდ დავეშვათ იქ, სადაც მივდივართ. მაგრამ არ აპირებდა ეს ,,მარშუტკა” მარშუტის შეცვლას.

 

სადღაც გააჩერა და ვიღაც მომიჯდა გვერდით.

 

მიცნო და:

- ირაკლი, შენ (სახე გაკვირვებული და აღფრთოვანებული)?

- ხო (დაბნეული და ზამზასთან შესახვედრად გამზადებული (უნდა დავლიო),

- რას შვები ბიჭო (მიპწკინა მხარზე), შვილები გყავს?

 

(ის კი არ მკითხა შვილი რად გინდაო - ,,შვილები გყავს”?)

 

- არა, რა შვილები.

- რას აკეთებ?

- არაფერს.

- ბიჭო, ნახულობ ჩვენებს?

- ვინ ჩვენებს, კაცო.

- რა ვიცი - ქეთი, ნათია, გიორგი.

- ა, არა,

- მერე რატო?

- რა ვიცი აბა

- რა რა იცი, სალომეები რას შვრებიან?

- არ მინახავს 5 წელია

- მერე რატო?

- არ ვიცი, შვილები ჰყავთ უკვე, ოჯახები

- ვიცი ხო, მეორე ეყოლა

- ხო მეც ვიცი ეს

- მერე რატომ არ ნახულობ?

 

(დამანებე თავი)

 

      - რა ვიცი, ეგრე მოხდა

- რატომ ბიჭო, რატომ?

- შენ გყავს ხო შვილი?

- ორი და როგორ მიყვარს იცი?

 

(აქ უკვე მომიყვა როგორ უყვარს მას, დედას თავის შვილი - კარგი იქნება ისე მეც რომ მყავდეს - ჩემ თავს ჩავსძახე: ნაფტა, ხომ გიყვარს შენი უკვე ნახევრად მკვდარი თავი? შვილი ნახე როგორ გეყვარება. არ გამცინებია)

 

ეს ყვითელი ჯართი (,,მარშუტკად” წოდებული) გაჩერდა როგორც იქნა

ჩავიდა დოლიძის კუთხესთან და მე ბედნიერი ვიყავი

 

როგორც იქნა, მოხდა ის, რასაც არ ველოდი - ის მომშორდა, სკოლის სუნი დამიტოვა უბრალოდ.

 

***

 

სკოლა  - მთელი ,,სილამაზით” ციხეა - ციხე, რომელსაც  მართალია არ ჰყავს ისეთი ჯალათები, როგორც ჩვენს ციხეებს ჰყავს, მაგრამ მაინც გავალდებულებს - სწავლას, ცოდნის მიღებას - შესულს რაღაც სურათები გხვდება (მაგ დროს რა იცი რომ ის ილია, აკაკი და გალაკტიონია), მერე იკეტები და უყურებ ჯოხიან თუ არაჯოხიან, ჰუმანურ თუ არაჰუმანურ, სულელ თუ დიდძუძებიან მასწავლებლებს. სკოლა, რომელიც ასე გვიზღუდავს ცვრიან ბალახზე მოსეირნე იდიოტებს და ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსებს.

 

ონანისტი ციხის დარაჯები გინახავთ?

 

მე მსგავსი ბუნებრივობა არასდროს მინახავს - იდგა თავისი თოფით. იდგა და ელოდა როდის გაიქცეოდა შემდეგი პატიმარი რომ ესროლა. ესროლა და მოვალეობა მოეხადა. მოვალეობა, რომელიც იმ სკოლის სუნს ჰგავს, რომელიც მე შევიყნოსე, იმ კედლებს ჰგავს, რომლებიც თავის დროზე ,,მძღნერის საგრაფოდ” მოვიხსენიე (როცა პირველად დავწერე ლექსი) და  იმას ჰგავს, სადაც გაქცევისთვის გესვრიან.

 

ციხე, რომლისგან თავის დაღწევის მერე პატიმარი კი არა - ჩვეულებრივი ადამიანი ხარ - ადამიანი, რომელსაც სირბილი, სიგარეტის მოწევა, რაღაცების ყნოსვა და გახეთქილ გულთან (რომელიც ყელში გაჭერს), ამოსუნთქვა შეგიძლია - აღარ არსებობ.

 

სკოლა ციხეა, სადაც კეთილშობილები გაწამებენ

 

და შენც უნდა იწამო, თუ გინდა რომ ,,რამეს მიაღწიო”

 

ასე მიღწევაში და დაკარგვაში ჩვენ შეგვიძლია არც გული ამოვისუნთქოთ, არც ფილტვებს დავატანოდ ძალა - არც სხეულებს მივცეთ შუბლზე მომდგარი ოფლის მოწმენდის ორად-ორი გზა: ან ვიშოვოთ ცხვირსახოცი, ან შევვარდეთ მაღაზიაში და ვიყიდოთ ,,ნოვა” ლუდთან ერთად.

 

სიგიჟისგან თავისუფალი ადამიანი ბედნიერია.

 

ბედნიერია ის, ვისაც არასდროს უვლია სკოლაში და ისე შეძლო ჩასაფრებული დეგენერატების მოგერიება, რომლებიც სკოლის კედლებში არიან - იმ სკოლის, რომლის დანიშნულებაა - ,,გაქციოს ადამიანად”.

 

 

ვინმეს გახსოვთ შესვლისას, დაფაზე გაკრული წარჩინებულები?

ვინმეს გახსოვთ სუნი, რომელიც ამ კედლებს ასდიოდა?

 

მე დღეს გამახსენდა.