ზეზვა და მზია წითელ პლანეტაზე
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 06/08/2012
კატეგორია: სტატია

 

ზეზვა და მზია წითელ პლანეტაზე
 
 
 
“ლურჯი მზის ქვეშ წითელ მიწაზე
მუდამ ახალგაზრდა 
– ვთესავ მარიხუანას, ვზრდი შვილებს, ვუვლი რობოტებს,
სამყაროს პირდაპირ ეთერში”
ძველი მარსიანული ფოლკლორი
 
 
 
 
 
 

1. მარსი


ყველა ჩვენთვის ცნობილ ცივილიზაციას თუ ჩვენთვის უცნობ ადამიანს ამ ცივილიზაციის ქალაქებსა თუ საზღვრებზე ახსოვს წითლად მოციმციმე უცხო პლანეტა ღამის ცაზე. მარსი – უძველესი ოცნებაა. მას იცნობდნენ ძველ ეგვიპტეში, აღმერთებდნენ ძველ საბერძნეთში, მარსზე გასამგზავრებელ ექსპედიციებს ამზადებდნენ ამერიკა და საბჭოთა კავშირი, ათასობით სიტყვაა დაწერილი ამ პლანეტაზე “მომავლის აგენტების” მიერ მათ ოქმებში, რომლებსაც სამეცნიერო ფანტასტიკად ვიცნობთ. 2010-2020იან წლებში კი რამდენიმე ჩვენგანს შეეძლება თავისი თვალით იხილოს მარსის ცისფერი მზე, რომლის გამოსახულება რამდენიმე თვის წინ ერთერთმა ჩვენმა დესანტმა რობოტმა გამოგზავნა.

 

 

ჰაკიმ ბეი [რომლის რამდენიმე ესე შეგიძლიათ ჩვენს საიტზეც წაიკითხოთ] წერდა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ჩვენი პლანეტის რუკა საბოლოოდ დაილუქა.  დედამიწაზე აღარ დარჩა უცნობი ტერიტორიები, მიწები, რომლებიც არ ეკუთვნის რომელიმე სახელმწიფოს, ადგილები, სადაც შეიძლება თავი შეაფარო და იგრძნო უსასრულო კოსმოსური მარტოობა, თავიდან დაიწყო ცხოვრება, ააგო სულ სხვა ტიპის ცივილიზაცია, არ დარჩა ადგილი სადაც შესაძლებელია ანარქია, ამ სიტყვის ძველბერძნული გაგებით, რაც ჩვენს ენაზე ნიშნავს ცხოვრებას შეფის, ბოსის გარეშე.

 

ძალაუნებურად დაბადებიდან შენ ეკუთვნი ამათუ იმ მამრული ძალაუფლების სისტემას, რომელმაც არალინეარული, უსაზღვრო კოსმოსი გეომეტრიული სწორი ხაზებით დაყო და მოსაწყენი სახელმწიფო ჰიმნები მოიგონა. ამ ჩაკეტილობიდან თავის დასაღწევად ჰაკიმ ბეიმ “დროებით ავტონომიური ზონების” კონცეფცია გამოიგონა – მან თქვა რომ ჩვენ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ მხოლოდ სივრცისა და დროის გარკვეულ მონაკვეთებში, იქნება ეს პრივატული ფართი თუ კონცერტი, პირადი ინდივიდუალური რიტუალები თუ რამე ჰობით გატაცება მეგობრებთან. ეს დროებით ავტონომიური ზონები არ ეკუთვნიან რამე ლოკაციას, არ იკეთებენ საზღვრებს და არ უშვებენ ფესვებს მიწაში, ეს ზონები სივრცე-დროის მომთაბარე მონაკვეთებია, როგორც ღრუბლები ცაზე, როგორც ხვრელები ბაბილონში, რომლებიც ილუქება, როცა მოდის მენტალური კონსერვატიზმის პოლიცია თქვენი ცნობიერების დასაპატიმრებლად.

 

მაგრამ კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარების ახალ ტალღაზე – ცაში, რომელიც ყველა მხრიდან გარს გვახვევია გამოჩნდა უამრავი თავისუფალი კუნძული, უამრავი ამჯერად “მუდმივად ავტონომიური ზონა”, სადაც შეიძლება გადასახლება კომუნებად, შეიძლება იცხოვრო მარტო, როგორს აბსოლუტურმა სუვერენმა, როგორც გალაქტიკურმა მეკობრემ ან მზის სისტემის ჰელიოგაბალმა, სადაც შეიძლება გადასახლდნენ მთელი ერები. ”დედამიწა კაცობრიობის აკვანია, მაგრამ არ შეიძლება მუდამ აკვანში ცხოვრობდე” – წერდა ციოლკოვსკი მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამავე საუკუნის ბოლოს უფრო მწვავედ სვამდა საკითხს თიმ ლირი, როცა ამბოდა, რომ “ეს პლანეტა – ციხეა”, რომელიც ჩვენ ავიშენეთ და ჩავიკეტეთ მასში,ამიტომ საჭიროა გაქცევა ამ ციხიდან. იხ. გნოსტიციზმი.

 

 

2. რეალითი შოუ


"მზე დედაა ჩემი,
მთვარე - მამა ჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი"
ძველი ქართული ლექსი

 

“მე ვფიქრობ ეს იქნება ოდესმე არსებულ შოუებს შორის ყველაზე დრამატული და ჩამთრევი მედია ივენთი, რომელსაც მთელი პლანეტა მიადევნებს თვალს” ამბობს ნობელის პრემიის მფლობელი ჟერარდ ტ. ჰოოფტი პროექტ “მარს ერთი”-ს შესახებ.


ამ პროექტის იდეა ფილიპ დიკის ყველაზე ექსტრავაგანტური რომანების სიუჟეტს გავს – პლანეტარულ რეალითი შოუში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია – პირველი გამარჯვებულები გაგზავნილები იქნებიან მარსზე საცხოვრებლად, უკან დასაბრუნებელი “ბილეთების” გარეშე. რეალითი შოუს გამარჯვებულები – ახალი პლანეტის პირველი მოსახლეები იქნებიან, წითელი ზეზვა და მზია, მარსიანელი ევა და ადამი.

 

თავდაპირველად მარსზე ორი ადამიანი გაფრინდება.სპეციალურად ამ თრიფისთვის კონსტრუირებული რაკეტა დედამიწის მედია-ვარსკვლავებად ქცეულ ორ ადამიანს ასევე წინა წლებში გაგზავნილი რობოტების მიერ პლანეტა მარსზე აგებულ პირველ ქალაქთან მიიყვანს. ეს მოხდება 2023 წელს. შემდეგ ყოველ ორ წელიწადში მარსიანულ კოლონიას ადამიანთა ახალი ნაკადები შეემატება. ყველა მათგანს გაცნობიერებული ექნება, ყველა მათგანი ხელს მოაწერს თანხმობას, რომ უკან დედამიწაზე დასაბრუნებელი გზა აღარ არის.
საქმე იმაშია რომ მარსზე ჩაფრენა და ისევ უკან დაბრუნება – ასტრონომიულად ძვირი და სახიფათო საქმიანობაა, ხოლო გეგმიდან, უკან დასაბრუნებელი გზის ამოღების შემთხვევაში – მისიის სირთულე იკლებს.ამის გარდა, როგორც ჩანს ჰოლანდიელი ცივილიზაციის-მეიქერები იმასაც მიხვდნენ, რომ სამწუხაროდ დიდი დაფინანსების მიღება ამგვარ პროექტზე შესაძლებელია, მხოლოდ ამ პროცესის "სპექტაკლიზაციით". რაც კიდე ცალკე საინტერესო განსახილველი ტემაა. იხ. გი დე ბორი.

 

ამგვარად ჰოლანდიური პრივატული კომპანია გეგმავს სიცოცხლე შთაბეროს გლობალური რეალითი შოუსა და კოსმოსის კოლონიზაციის ტექნო-აქლიმიურ სინთეზს, როგორც ამ კამპანიის დამაარსებლები ამბობენ – პროექტში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. 2023 – 11წლის მერე დადგება და ვისაც სურვილი გაქვთ დაახვიოთ ამ პლანეტიდან და გახდეთ ახალი ცივილიზაციის ზეზვები და მზიები – შეგიძლით დღეიდან დაიწყოთ მზადება.

 

 

 

თუ ეს პროექტი გაამართლებს – ჩნდება უამრავი კითხვა, მაგ. როგორ, რა სახით მოხდება ამ პლანეტაზე “ცივილიზაციის რეკონსტრუქცია”? რა კანონდებლობა ან “მორალი” დაედება საფუძვლად ადამიანების საზოგადოებას ახალ პლანეტაზე, სადაც არ არსებობს პოლიცია,ეკლესიები,საფეხბურთო სტადიონები და სტრიპტიზ კლუბები?რამდენად მალე და რამდენად ღრმად დაშორდება მარსიანული კულტურა დედამიწისას? რამდენად განსხვავებული მუტაციები მოხდება წითელ პლანეტაზე მცხოვრები დედამიწელების ცნობიერებაში, მსოფლაღქმასა და ბიოლოგიაში? ვინ იქნება უცხოპლანეტელი – ჩვენ თუ ისინი? ვინ იქნება “ჩვენ” და ვინ იქნება “ისინი”? თქვენ წახვიდოდით მარსზე თუ გეტყოდნენ რომ  ფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით იქნება და აქ უნდა დატოვოთ ყველაფერი რაც გისწავლიათ, ყველაფერი რასაც ხედავთ, ყველა ვისაც იცნობთ, ვინც გიყვართ?

 

მე პირადად დიდი იმედი მაქვს, რომ კაცობრიული არქეტიპები, რომლებიც ღრმად არიან ჩაბეჭდილები ჩვენს ბიოლოგიასა და სოციალურ გარემოში – ჩამოიშლება უცხო პლანეტის ქვიშებზე და გადაგდებული იქნება, როგორც არასაჭირო ტვირთი, დედამიწის ველური წარსულიდან...


თუმცა მეორეს მხრივ სავსებით შესაძლებელია – მარსის კოლონიზაცია ადამიანური ბანალურობისა და უაზრობის მთავარ დამამტკიცებელ საბუთად გადაიქცეს.

 

“სახალხო ტაძრის”  სექტამ მასობრიცი თვითმკვლელობის შემდეგ თავის ეპიტაფიად ასეთი წარწერა აირჩია: “ისინი ვისაც არ ახსოვთ წარსული[ისტორია], დაწყევლილები არიან მისი გამეორებისთვის”, რობერტ ანტონ უილსონმა კი ჩვეული იუმორით ეს ფრაზა ასე გადააკეთა: “ისინი ვინც იცის ისტორია, დაწყევლილები არიან უყურონ სხვა იდიოტებს, რომლებიც იმეორებენ მას[ისტორიას]”. 

 

 

კაცობრიობის ისტორია უმარტივესი ფაბულებით შეიძლება აიხსნას და ესეც ერთგვარი “ბიოლოგიური წყევლაა”: ბრძოლა დომინირებისა და ძალაუფლებისთვის, ომები, ღალატი, შური, მკვლელობა,ციხეები, აკრძალული ტანსაცმლების, სიარულის, მანერის, ნივთიერებების, სიტყვებისა და აზრების უსასრულო ნუსხები. მოკლედ ერთდროულად ძალიან სამწუხარო და მეორეს მხრივ საკმაოდ რეიტინგული სანახავი იქნება ადამიანური ისტორიის ბანალური განმეორება სხვა პლანეტის დეკორაციების ფონზე. არადა ასეთი რამე თავისუფლად შეიძლება მოხდეს.

 

 

1970იან წლებში ბრიტანეთის არმიის გადამდგარმა მაიორმა როი ბეითსმა ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ , მეორე მსოფლიო ომის დროს ზღვაში, საჰაერო ძალებისთვის აშენებული დროებითი პლატფორმა, რომლის დანგრევა ომის შემდეგ ყველას დაავიწყდა – დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ეს სახელმწიფო შუა ზღვაშია ჩამდგარი, მისი ტერიტორია რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრია და მასზე მაქსიმუმ 200-მდე ადამიანი დაეტევა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ბეითსმა თავი მეფედ , ხოლო მისი სახელმწიფო საკუთარ მონარქიად აკურთხა.

 

 

თუ დაგაინტერესებთ ამ “სახელმწიფოს” მთლიან ისტორიას შეგიძლიათ ვიკიპედიაშიც გაეცნოთ, მაგრამ ჩემთვის აქ ყველაზე საინტერესო ეს მომენტია: 1978 წელს, არაღიარებულ სახლისოდენა სახელმწიფოში – პუტჩი მოხდა!! პრემიერ მინისტრმა ისარგებლა რა თავისი მონარქის ვიზიტით ავსტრიელ ინვესტორებთან – სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, დაიჭირა და გამოკეტა მონარქის შვილი. უკან დაბრუნებულმა თვითაღიარებულმა მეფემ შეძლო საკუთარი “ტახტის” დაბრუნება და პუტჩისტების განდევნა საკუთარი ბეტონის კუნძულიდან. განდევნილებმა შექმნეს რაღაც  “ემიგრაციაში მყოფი ნამდვილი მთავრობის” კავშირის მსგავსი გაერთიანება და დღემდე ითხოვენ თავიანთ “კანონიერ ადგილებს” და ა.შ.
ერთი სიტყვით: “ისინი ვინც იცის ისტორია, დაწყევლილები არიან უყურონ სხვა იდიოტებს, რომლებიც იმეორებენ მას[ისტორიას]”.

 

 

დიდი იმედი მაქვს – პირველ პლანეტარულ რეალითი შოუზე, სადაც მარსის კოლონიზატორთა ვინაობა გამოვლინდება – ჩვენ არ მოგვიწევს იმის ყურება თუ როგორ მეორდება ისტორია, არამედ  ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილავთ თუ  როგორ მთავრდება ის.