სხვა ისტორია
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 07/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

 

ჩვენი მსოფლიო ისტორია,იმ სახით როგორც მას ვიცნობთ  – “სხვების” განადგურების ისტორიაა. დაწერილი გამარჯვებულების მიერ. გამარჯვებულები კი ყოველთვის "აპრავებენ" საკუთარ სისასტიკეს.  ამ ისტორიაში “ჩვენები” ყოველთვის ყველაზე კეთილშობილები, ყველაზე კარგები გამოდიან. თუ იმდენად კარგები არ არიან, რომ მათ კეთილშობილებას ვუმღეროთ, მაშინ ყურადღებას ვამახვილებთ მათ საქციელებზე და ვამბობთ რომ ის, რაც მათ გააკეთეს აუცილებელი იყო, სხვა შემთხვევაში – ჩვენ არ ვიარსებებდით.

 

მაგრამ არსებობს სხვა,”მსოფლიოს საიდუმლო ისტორია, დაწერილი ტოტალური გენოციდის მსხვერპლთა მიერ”. არსებობს სხვათა ისტორია – “დამარცხებულთა მანუსკრიპტები”, ისტორია დანახული იმათი თვალებიდან – ვინც ჩვენ გავანადგურეთ. ეს სხვათა ისტორია მოიცავს სხვა სიმართლეს, სხვა ხედვას სამყაროზე. სხვები, ეს მარადიული უცხოები, რომელთანაც ერთად თანაარსებობის კულტურა ამდენი ათასი წლის განმავლობაში ჩვენ მაინც ვერ შევიმუშავეთ  – მაინც მუდმივად არიან ჩვენს გვერდით და ჩვენი ოფიციალური ისტორიის უკან სისხლითა და ოფლებით, სპერმითა და ტუჩებით დაწერილი მათი ისტორიაც იმალება ჩვენგან, როგორც მთვარის ბნელი მხარე. ეს ისტორია ჩემთვის გაცილებით ტრაგიკული და საინტერესოა და "უშრეტი შთაგონების წყაროა" ნებისმიერ დროს - როცა ვწერ, როცა ვმღერი, როცა კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობ ან ვეძებ წითელ ლენტს ბნელ სიზმარში.

 

ამ ისტორიას ყვებიან ევროპელთა გენოციდის მსხვერპლი ამერიკელი ინდიელები, აქ არის მილიონობით დახოცილი და სტერილიზებული გეი, იაფფასიან წითელ სასტუმროებში მოკლული ტრანსვესტიტები, გაუპატიურებული ადამიანები, მექსიკის ნარკოკარტელები, ამოწყვეტილი ნეანდერტალელები, გამქრალი სახელმწიფოები და ერები, ადრექრისტიანული სექტები, პოლითეისტი და ცხოვრებისმოყვარე ელინისტური კულტურები, მეოცე საუკუნის დასაწყისის ტერორისტი ანარქისტები, რომლებიც აფეთქებდნენ მეფეებს და ხოცავდნენ ბანკირებს, გულაგებსა და ციმბირებში გაზრდილი და დაღუპული პატიმრები, დასვრილი გეტოების ვარსკვლავები დასავლეთისა და აღმოსავლეთის მეგაპოლისებში, ელვის პრესლის ორეულები ამერიკულ საბილიარდოებში, ბოლო საუკუნეში და ბოლო ათწლეულებში გადაშენებული ცხოველთა სახეობები, ისეთები როგორიცაა მაგალითად ჩინური მდინარის დელფინი.. და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება,იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ მომაკვდავ პლანეტაზე.

 

ამ ფარული ისტორიის კულტურაში შედიან:

გაუქმებული თანავარსკვლავედები, დაუსრულებელი არქიტექტურული ჩანაფიქრები, მიტოვებული ქალაქები, გატეხილი ბინები, მიტოვებული ტრასები და ასაფრენი ბილიკები, იუდას სახარება, გნოსტიკური მანუსკრიპტები, ოქროსფერი ეგვიპტური პირამიდები და აკლდამები,
კოსმოსის ათვისების ალტერნატიული პროექტები, ნახტები გამოქვაბულებში, ყველაზე ცნობილი სიზმრების ლისტი ვიკიპედიაზე, ამ ისტორიის კულტურაში შედიან – ჩამოვარდნილი მეტეორები და საიდუმლო სახელმწიფო ექსპერიმენტების მსხვერპლები.
ათასობით ბოტი კიბერსივრცეში, ევოლუციის საწყის საფეხურებზე, სადღაც ჭიებსა და ჭიანჭველებს შორის, რომლებიც გაუცნობიერებლად ქმნიან ავტომატურ სტატუს-აფდეითებს ურიცხვ სოციალურ ქსელებში და ოდესმე ცნობიერ რობოტებად გარდაიქმნებიან,
მილიონობით მიტოვებული პროფილი და დერვიშების ქარავანები სირიის უდაბნოებში, რომლებზეც მიყვებოდა სირიელი მეგობარი და უკრავდა ძველ არაბულ საკრავზე ისტორიებს შორის...


ირანელი გოგო, რომელიც ერევანში გავიცანი – ის ირანიდან ჩამოტანილ ჰეროინს და მოსაწევს ყიდდა, რომ მალე აეგროვებინა საზღვარგარეთ სასწავლებლად წასასვლელი ფული და როცა ათავებდა მთხოვდა მისთვის “სეთარე” დამეძახა,რაც ირანულად ვარსკვლავს ნიშნავს.
რამდენიმე ათეული ადამიანი პლანეტაზე, ვინც საკუთარ სხეულსა და ცნობიერებაზე ატარებს რადიკალურ ექსპერიმენტებს და სურს გახდეს კიბორგი.
მუდმივად ცვალებადი ნარკომანული ქსელები და “ტოჩკები” სადაც ტავარი იღება, წარმოუდგენელი რეცეპტები სიროპებისა და გულის წამლებისგან.
მილიონობით ფსიქოდელური სოკო, როგორც დაზიპული ფაილები არამიწიერი ხილვებისა და გამოცხადებების გიგაბაიტებით.
ამ ისტორიის კულტურაში შედიან სიზმრები, რომლებსაც განვიცდით ყოველღამე და ვივიწყებთ, როცა ვახელთ თვალებს..
როცა მე მოვფსი მიტოვებული კოსმოსური კვლევის ცენტრის ეზოში,მზის სინათლე ედებოდა ჩემს კანს, როგორც ზეთი, მე ვფიქრობდი მეკობრეებსა და დელფინებზე.

 

ყველაზე უცნაურია ცხოვრობდე ამ პლანეტაზე და იცოდე, რომ ესეთი შანსი ისევე როგორც დიდი კუში ჯეკპოტში - სამყაროს არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ ჩნდება,  და ისიც ძალიან ცოტა ხნით, უცნაურია ხვდებოდე ამას და მაინც გიწევდეს უსმინო ორანგუტანებს ტელევიზორიდან, ჩადიოდე პურის საყიდლად მაღაზიაში, სუნთქავდე წებოს, მერე იმედით უყურებდე ვარსკვლავებს და აქაც ხვდებოდე რომ უმრავლესობა ამ ვარსკვლავთაგან რეალურად უკვე მკვდარია და მხოლოდ მათგან ასეული მილიონი წლის წინ წამოსული შუქი – გვიქმნის ვარსკვლავიანი ცის ილუზიას და ხელს უწყობს ენდორფინების წარმოქმნას ჩვენს ორგანიზმში.


როცა ჩვენ ვიყურებით ცაში – ჩვენ ვუყურებთ სამყაროს წარსულს,
როცა ჩვენ ვიხედებით ცაში – ჩვენ ვუყურებთ სისასტიკის ონლაინ თეატრს,
სთრიმინგი შეფერხებით მოგვეწოდება და მთავარი გმირი – სახელად "სიცოცხლე", მიუხედავად მისი გააფთრებული ბრძოლებისა – სამუდამოდ იკარგება სიბნელესა და ვაკუუმის სიჩუმეში.

 

არსებობს ერთი ასეთი რადიკალური და უცნაური თეორია ფიზიკაში, სახელად "წერტილი ომეგა", რომლის მიხედვით - შორეულ მომავალში, სულ ცოტა ნხით ადრე იქამდე სანამ სამყარო კოლაფსირებს და განადგურდება -- გამოიყოფა უსასრულო რაოდენობის ენერგია,რომელიც,  თუ სამყაროს დასასრულამდე იარსება ცივილიზაციამ, საშუალებას მოგვცემს ეს ენერგია ალტერნატიული სამაყაროების ემულირებისთვის გამოვიყენოთ, ჩვენ შეგვიძლია ამ ენერგიის გამოყენებით ახალ სამაყაროებს დავუდოთ საფუძველი, გავიმეოროთ ყველაფერი დიდი აფეთქებიდან ვიდრე ახალი სამყაროს ისევ განადგურებამდე, შეგვიძლია გავაცოცხლოთ მკვდრები, ჩავუშვატ არსული ისტორიის სიმულაციები, რომლებიც თავის მხრივ ცოცხლები იქნებიან. ზოგი ასე ხედავს ამ იდეას, ზოგის აზრით კი:
როდესაც დადგება სამყაროს უკანასკნელი წამები ის სადღესასწაულოდ აფეთქდება, როგორც ჩინური მაშხალა ახალ წელს, დადგება კოსმოლოგიური სინგულარობა, წერტილი ომეგა, რომლის დროს გამოყოფილი წარმოუდგენელი კოლოსალური ენერგია ისევ უკან, ვიდეოკასეტასავით დაატრიალებს დროსა და სივრცეს. ფილმივით სადაც ყველა მოვლენა უკან გადახვევისას უკუღმა ხდება – ჯერ იქნება შედეგი, შემდეგ მიზეზი, ჯერ იქნება სასჯელი შემდგომ დანაშაული, როგორც იეშუა ამბობდა პირველნი გახდებიან უკანასკნელნი და უკანასკნელნი გახდებიან პირველები. ყველა ძირს დავარდნილი და გატეხილი ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე ახტება და ისევ დაიბრუნებს არაჩვეულებრივ არომატსა და სითბოს, ყველა გადამფრენი ფრინველი და მატარებელი, სახლიდან წასული და არდაბრუნებული ისევდ აბრუნდება და დაიკავებს თავის ადგილს,ყველა ჩვენს მიერ მიღებული დრაგი გამოვა ჩვენი სხეულიდან და დაუბრუნდება ლაბორატორიებსა და აფთიაქებს, ჩვენი გვამები ადგებიან საფლავებიდან და დაბრუნდებიან საშოებში, მუშები, რომლებიც აშენებდნენ პირამიდებს – ისევ დაშლიან მათ და მოიწმენდენ ოფლს, ასტეროიდი კვლავ უსასრულო ცას დაუბრუნდება და  დინოზავრები ისევ გააგრძელებენ ბალახის ძოვას ედემის ბაღებში, სადაც პირველი ადამიანები მოასწრებენ გახედონ მზეს, რომელიც სულ რაღაც 5 წუთის წინ აენთო.