Cv
ზურა ჯიშკარიანი
 
თარიღი: 08/08/2012
კატეგორია: სტატია

 

                                                                                                            ილუსტრაცია: თამუნა ქარუმიძე

 

 

 

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ანაბეჭდში", 2008 წლის შემოდგომის ნომერში

 

 

@ ზურა ჯიშკარიანი

 

Cv

 

22 წლის.

ვნახე 3 ომი და 3 ბანანური რევოლუცია.

ვიზრდებოდი 3 ქვეყნის 7 ქალაქის 11 ბინაში (აქედან მხოლოდ ერთი იყო ჩემი).

ორჯერ ვკვდებოდი.

ვხედავდი როგორ კვდებოდნენ სხვები.

სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვყავი, შესვენებაზე წებოს ვსუნთქავდი.

არასდროს წამიკითხავს რობინზონ კრუზო, სამაგიეროდ შემიძლია მოვყვე, როგორ ეცემოდა ბომბები მეზობელ კორპუსს.

------------------------------------------------------------------------

მშვენიერი რომანტიკული პერსონაჟი ბრწყინვალე ბოლივუდური ბლოკბასტერისთვის ან ახალი რელიგიური მითებისთვის სინათლის შესახებ, რომელიც დაიკარგა იაფფასიან კლუბებში და ჰეროინულ ერთოთახიანებში. საბჭოთა კავშირის დამსხვრეული ზეცის ქვეშ.

 

რა უნდა აკეთო იქ სადაც იყო ომი, მხოლოდ ომი და არაფერი ომის გარდა?

იქ, სადაც იყო ომი - რეალობა არ არსებობს.

იქ, სადაც იყო ომი, ჩნდება შავი ხვრელი, სადაც ოდესღაც ჩაძვრა ალისა, კეროლის „საოცრებათა ქვეყნიდან".

ალისა საოცრებათა ქვეყანაში მარტოდმარტო, იარაღით ხელში.

ალისა საოცრებათა ქვეყანში დროშით ხელში მიტინგზე.

ალისა საოცრებათა ქვეყანაში იაფფასიანი პარფიუმერიით.

ალისა საოცრებათ ქვეყანაში ელოდება ნატოს ჯარებს ან მეორედ მოსვლას

ალისა მღერის "ჩაკრულოს", ჩაკრულო მიდის კოსმოსში.

ალისა second hand-ში იზმანება.

 

იქ სადაც ომი იყო, არ არსებობს რეალობა, მაგრამ არსებობს უამრავი ლამაზისხეულიდაჟანგებულიგემებისსირენასაინტერესოსიზმრები - სამშენებლო მასალა უსასრულოდ ბევრი ახალი რეალობის ასაშენებლად.

 

იქ სადაც იყო ომი ცა ჰგავდა ტელევიზორის სქემას დაგდებულს ელიავაზე, სადაც მუშებმა იციან საკუთარი კუნთების ფასი.

 

იქ სადაც იყო ომი "ცა ჰგავდა ტელევიზორის სქემას" - მანიაკები და მიტოვებული მესაზღვრეები იღვიძებენ კომფორტულ საწოლებში ღამით. უყურებენ ტელევიზორს. ეწევიან სიგარეტს აივანზე. უინტერესოდ ადევნებენ თვალყურს სუპერგმირებს, რომლებიც ებრძვიან ერთმანეთს, ცათამბჯენებისა და მარადიული ხრუშოვკების სახურავებზე ლაზერული იარაღებით სულშიჩამწვდომი პათეტიკური ფრაზებით. ბილწსიტყვაობის გარეშე.

 

და ბოლოს,

იქ სადაც იყო არ მახსოვს რა:

დიდი მადლობა მარიოს

რომელიც ეძებდა პრინცესას, ამარცხებდა დრაკონებს და ყოველთვის ერთდროულად მხიარულიც იყო და სევდიანიც.

Princess is in another castle.

 

დიდი მადლობა ჩაკ ნორისს,

რომელიც არასოდეს ტიროდა

დიდი მადლობა ვანდამს და მის ნაირებს,

რომლებმაც გადალახეს ყველა დაბრკოლება და გამარჯვებულები დაბრუნდნენ სახლში.