ელუარის ბარი
ლეო ნაფტა
 
თარიღი: 09/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ლეო ნაფტა

 

 

ელუარის ბარი

 

,,ისეთი სინათლეა, წაქცევა შეიძლება

გამიშვი ხელი, დედა”

უ. ბლეიკი

 

სამი წლის წინ, ბათუმის ბულვართან ახლოს, ზღვის პირას პატარა ბუნგალო აღმოვაჩინე. თითქოს ყველასგან გარიყული, მიტოვებული და ჩამოსანგრევად გამზადებული, ძალიან ჩუმად და უხმაუროდ იდგა. იქიდან არც თურქული თუ ქართული ამაზრზენი ჰანგები ისმოდა და არც არავინ ხმაურობდა.

 

სულზე მისწრება იყო ჩემთვის.

როცა ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, პლაჟზე ფეხის დასადგამი არ არის (დაწოლაზე აღარაფერს ვამბობ), ხმაური, სიბინძურე და ინფექცია ტრიალებს ჰაერში, როცა მზის სხივები გულს გიწვავს, წყალიც კი ადუღებულია - გასაგრილებლადაც ვერ შეხვალ. ან, სად უნდა შეხვიდე, როცა გულის მოძრაობას, მის ხმას, რომელიც სინათლის სიჩქარით ბრახუნობს და ისე გიცემს, რომ ყოველ წამს სიკვდილს ჩაჰყურებ თვალებში - არასდროს არ უნდა მოუსმინო გულის ხმას, არასდროს უნდა მიჰყვე და ჩაეძიო ამ ხმაურს, თორემ აუცილებლად, აუცილებლად გაგისკდება, რასაც შესაბამისად სიკვდილი მოსდევს, არადა ჯერ ადრეა, ძალიან ადრე. არ მაინტერესებს სიკვდილი, დარწმუნებული ვარ სიცოცხლეზე სასიამოვნო არ იქნება.

 

ცუდი სუნი დგას გარშემო.

განძრევა შეუძლებელია - ერთი შანსია - იპოვო სადმე გრილი ადგილი და დალიო, რომ იქნებ გულმა შეწყვიტოს ბრახუნი და ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. აი ზუსტად ასე - ბრახ, ჩაარტყამ ორ ჭიქა ვისკის, ან არაყს, ან ბოლოსდაბოლოს ლუდს მაინც და თითქოს ხელახლა იბადები, სასიამოვნო შეგრძნებაა, ძალიან სასიამოვნო.

 

მაგრამ როგორ გინდა ამ გადავსებულ კაფეებში, არეულ და უტუალეტო ბუნგალოებში და ზედახორაში სადმე შეხვიდე? მეზიზღება ხალხმრავლობა და ასეთი ადგილები - გარუჯული და თბილისში დასაბრუნებლად გამზადებული, მოყაყანე ახალგაზრდები - ზაგარს რომ ატოლებენ ერთმანეთს. შუახნის ქალები და მათი პატარა ბავშვები, რაღაც საშინელ ხმებს რომ გამოსცემენ, ოქროს ჯვრებით მკერდდამშვენებული ბანჯგვლიანი კაცები, მანქანებზე და ქალებზე რომ მოთქვამენ დღე და ღამე. არ შემიძლია, სიმარტოვე მჭირდებოდა, მარტოობა მინდოდა და ვერაფრით ვიფიქრებდი თუ აქ, ამ ქაოსში, ამ დასიცხულ და დავირუსებულ ქალაქში ასეთ ადგილს აღმოვაჩენდი. მას ხომ არავინ ეკარებოდა, ის თავისთვის, ჩუმად იყო მიგდებული.

 

***

ერთი მიმტანი გოგო მუშაობდა მარტო და ერთი ბიჭი ბართან იდგა. სასმელი ნაირნაირი - დაწყებული იაფფასიანი არყით, დამთავრებული ყველაზე საუკეთესო ვისკით.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო ამ ბარში მდოგმი ბიჭის საოცარი მსგავსება ახალგაზრდა პოლ ელუართან. ასე მეგონა - გაცოცხლდა და წინ დამიდგა, ახლა ჰაშიშსაც მომაწევინებს-მეთქი.

 

ჰაშიშის რა გითხრათ, მაგრამ დალევა უყვარდა.

 

მე ყოველ დილით და საღამოს ჩავდიოდი ამ პატარა, მიტოვებულ ბუნგალოში, სადაც ჩემნაირად, სულ ერთი და იგივე ადამიანები დადიოდნენ. ზოგჯერ ვლაპარაკობდი ბათუმელ პოლ ელუართან, რომელიც პოეზიისგან ძალიან შორს აღმოჩნდა, არც ჰქონდა გაგებული პოლ ელუარი, მაგრამ გაუხარდა რომ ვუთხარი, ჩემი საყვარელი პოეტია და მაგრად ჰგავხარ-მეთქი. მის განუსწავლელობას საერთოდ არ შეუშლია ხელი საერთო ენა გამოგვენახა - 90-ანი წლების თბილისი, საძმოები და სამოქალაქო ომი. აბა, მეც მეტი რა მინდოდა? სულ ფეხებზე მკიდია პოეზია და ყველაფერი, როცა საქმე 90-იან წლებს ეხება.

 

ხოდა ვქაქანებდით ასე, თან არაყს ვწრუპავდით, ფული თუ დამიმრთავდებოდა, ვალად მისხამდა ხოლმე.

 

ეს იყო ერთადერთი ზაფხული, რომელიც სიმშვიდეში და სიჩუმეში გავატარე. ჩავიდოდი დილით ელუართან, დავლევდი რამეს, მერე ვიბანავებდი, ამოვიდოდი და ისევ ბარში ვჯდებოდი, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა სიწყნარის გარდა,  ის მუსიკა მესმოდა, რომელიც მე მინდოდა და მომწონდა, მიმტანი გოგო საკმაოდ გემოვნებიანი მელომანი აღმოჩნდა და ელუარისგან განსხვავებით კარგად ერკვეოდა მუსიკაში, თან ლამაზი იყო - წაბლისფერი თმებით, თეთრი სახით და შავი, ბრიალა თვალებით, ძალიან ლამაზი ხელის თითებით და გახმდარი სხეულით.

 

რა ჯობია ფიზიკურ სილამაზეს მუსიკაც რომ ემატება.

ვიჯექი ასე და ვუყურებდი ხოლმე.

გავიცანი, მაგრამ თითქოს მერიდებოდა. არ ვიცი, ასეთი რამე ცხოვრებაში არ განმიცდია - ეს იყო რაღაც გარდამავალი ორგაზმსა და იმპოტენციას შორის, რაღაც ისეთი რომელსაც სახელი არ ქვია.

 

ერთკვირიანი სიმშვიდის, ელუარის ნაირნაირი სასმელების, ქუჩური ისტორიების, რომელიც ძირითადად ქურდებს ეხებოდა, ბევრი სიგარეტის და ლამაზი მიმტანის (რომელიც ძალიან შემიყვარდა და თითქოს ჩემი სიმუნჯით, თვალებით ველაპარაკებოდი, ასე გამოვხატავდი ალბათ და ერთხელ კი არ შემიხედავს საკუთარი თავისთვის შორიდან - ალბათ ძალიან, ძალიან სასაცილო იყო ეს ყველაფერი) შემდეგ მოვიდა დრო, როცა უნდა დამეტოვიბენა ბათუმი. გული ძალიან გაცხელდა, სხეულში კანკალი მეწეყებოდა და მივხვდი, რომ უკვე ,,ზაპოიმდე” მივედი.

აუცილებლად უნდა დამეტოვებინა ადგილი, სადაც ჩემი  პირველი და უკანასკნელი წყნარი, ლამაზი ზაფხული გავატარე. ადგილი, სადაც ჩემი მასპინძელი თვით პოლ ელუარი, შეყვარებული კი ვერმეერის ტილოდან გადმოსული ულამაზესი მიმტანი გოგონა იყო, რომელსაც დუმილით, სიჩუმით და თვალებით, ყოველ დღე ვეფერებოდი - იმიტომ რომ მიყვარდა, და მეშინოდა, მეშინოდა და აღარ მინდოდა მისი დანახვა, სასიამოვნო სიჩუმე და ტანჯვა იყო ეს ყველაფერი.

 

ელუარს დავემშვიდობე და ბარი დავტოვე. დავპირდი, რომ მომავალ წელს აუცილებლად დავბრუნდებოდი და მივიდოდი.

 

***

სხეულის და თითოეული სისხლძარღვის პულსს გრძნობ. ცახცახებ. მუხლები გეკვეთება წამოდგომისას. გული ისეთ ამოსუნთქვებს გაკეთებინებს, რომ ყელში გაჭერს და ხტები ლოგინიდან. ის ლოგინიც გეზიზღება - დედამ რომ გამოგიცვალა, რომელიც სუფთა და წესრიგიანია და ხვდები, რომ უკვე აქ, საკუთარ სახლში ხარ და ,,პახმელიას” ებრძვი.

 

გახსენდება ბათუმის პლაჟთან გარიყული პატარა ბუნგალო, იქ მომუშავე პოლ ელუარი და შენი შეყვარებული, დიდი შავი თვალებით და ულამაზესი ხელის თითებით.

 

მეორე წელს მართლაც დავბრუნდი, მაგრამ ის ადგილი აღარ დამხვდა. დაუნგრევიათ და გაუფართოებიათ. ახლა იქ ჩვეული ჟრიამულია, ახლა იქაც დავირუსებული და გარუჯული ადამიანები იხოკავენ სახეებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ახლა იქ სხვანაირი ჰაერია - ჩვეულებრივი, მოწამლული და მოსაბეზრებელი.

 

აღარ არის ელუარი, აღარც ის შავთვალება გოგო.

 

მე თავი ჩავღუნე და ის ადგილი, სადაც ოდესღაც ბენიერი ვიყავი და რომელიც წინა საუკუნის ფრანგულ ბოჰემურ ბარს ჰგავდა - დავტოვე.