აგვისტოს ქალაქის ბავშვები
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 10/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

აგვისტოს ქალაქის ბავშვები

 

 

ზაფხულის ქალაქი სევდიანი სიმღერის უძველეს ჩანაწერს ჰგავს, შორეული, იდუმალი შხრიალით. ჩვენ კი ბავშვებს ვგავართ აგვისტოს ქალაქში დარჩენილებს და გზას აცდენილებს, გართულებს ახალ-ახალი გასართობების გამოგონებაში.

 

"რამდენიმე ადამიანი, ამბობდა დე გოლი, აუჯანყდა თანამედროვე საზოგადოებას, მომხმარებლურ საზოგადოებას, ტექნოლოგიურ საზოგადოებას, როგორც კომუნისტურს, ასევე კაპიტალისტურს”. ეს სიმართლე იყო. თუმცა მას არ აუხსნია, თუ როგორ მოახერხა ამ რამდენიმე ადამიანმა მისი ხელისუფლებისთვის მოეღო ბოლო...

 

სიტუაციონისტური ინტერნაციონალის ორგანიზება 1957 წელს მოხდა და ის თავიდანვე აღქმული იყო, როგორც მეგალომანი-ესთეტების, ფანატიკოსი შეშლილების პან-ევროპული ასოციაცია, რომლებსაც მემარცხენეებიც კი არ თანაუგრძნობდნენ. ყველა დანარჩენიც მათ სრულ იგნორირებას ახდენდა. მაგრამ როდესაც 1966 წელს სტრასბურგის უნივერსიტეტის სტუდენტურმა პროფკავშირმა მთელი ბიუჯეტი -- 500 ათასი დოლარი, სიტუაციონისტური პროპაგანდის გავრცელებას მოახმარა და 1968 წელს სორბონაში ცნობილი მაისის მოვლენები დაიწყო, “ს.ი.” საიდუმლოების ბურუსში გაეხვა.

 

“არაფერია ჭეშმარიტება, ყველაფერი დასაშვებია” - ასე ამბობდა ნიცშე, მიშელ მური, უილიამ ბეროუზი, უამრავი პანკი და დებორი. ისინი ციტირებდნენ რაშიდ ად-დინ ას-სინანს, ისლამისტ გნოსტიკოსს, ჰაშაშინების ლიდერს, მან ეს სიტყვები 1192 წელს სასიკვდილო სარეცელზე თქვა, რომელიც ნიჰილისტურ ლოზუნგად და უტოპიად გადაიქცა. ალამუთში, მთის ციხე-სიმაგრეში, ჰასან იბნ საბაჰმა უარყო ყურანი და გამოაცხადა, რომ კანონი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. თავის ქვეშევრდომებთან ერთად ზურგი შეაქცია მექას ნამაზის დღეს. თავაშვებული მხიარულობდა შუა რამადანში. “ისინი ლაპარაკობდნენ სამყაროზე, როგორც ჯერ არ შექმნილზე და დროზე, როგორც უსასრულობაზე, იმიტომ რომ მომავალში აღარ იარსებებდა რიტუალები და ყველაფერი განსაზღვრული იქნებოდა.”

 

ჰასან იბნ საბაჰის ეს სიტყვები, მისი მნიშვნელობა მეტეორივით ჩამოვარდა შუა პარიზში, ლეტრისტების, შემდეგ კი სიტუაციონისტების მოქმედებათა მთელი სისტემის სახით. მთელი სისტემა კი იმაში მდგომარეობდა რომ არანაირი სისტემა არ არსებობს. “თუ ამდენმა ადამიანმა შეძლო ის, რაც 68 წლის მაისში მოხდა, ეს იმიტომ, რომ აღწერა ის ნიჰილიზმი, რომელსაც ჩვენ განვიცდიდით და რომელშიც ჩვენამდე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.”

 

და თუ სიტუაციონისტების აღწერილი ნიჰილიზმი, დებორის სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე ცხოვრების მიერ დაკარგულ ერთგვარ “რეაქტიული გრაალს” წარმოადგენდა, მაშინ ამ გრაალთან მისასვლელი რუკები ლეტრისტებმა დახაზეს.

 

თანამედროვე საზოგადოება ლეტრისტებად და პოლიციის ბოზებად იყოფა (ასეთ ჩამშვებებს შორის ყველაზე ცნობილი – ანდრე ბრეტონია). არ არსებობენ ნიჰილისტები, არსებობენ მხოლოდ იმპოტენტები. ყველაფერი, რაც კონსერვაციას ემსახურება, პოლიციას ეხმარება მუშაობაში. ჩვენ თითქმის ყველაფერი აკრძალული გვაქვს. არასრულწლოვანების détournement (გზიდან აცდენა) და ნარკოტიკების მოხმარება მხოლოდ ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი მოქმედებებისა სიცარიელის დაძლევისაკენ. ბევრი ჩვენი მეგობარი ქურდობისთვის ზის. ჩვენ ვუჯანყდებით სასჯელს, ვაცნობიერებთ რა იმას, რომ მუშაობა სულაც არ არის აუცილებელი. ჩვენ უარვყოფთ დიალოგს: ადამიანური ურთიერთობები ვნებებზე უნდა იგებოდეს და არა შიშზე.

 

“არანიარი კავშირი არ მაქვს სხვა ადამიანებთან. სამყარო 1934 წლის 24 სექტემბერს დაიწყო. 18 წლის ვარ. ადამიანური სილამაზე განადგურებულია. მე ვარ ოცნება, რომელსაც თავისი მეოცნებე შეუყვარდა. ნებისმიერი საქციელი, რომელიც საჭიროებს დასაბუთებას, შიშის გამოვლინებაა. მე კარგი არაფერი გამიკეთებია. დეკარტი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მებაღე. მხოლოდ ერთი მოქმედებაა შესაძლებელი: შავ ჭირს ავიკიდებ. ყველაფერი, რაც დავიწყებას იწვევს - მშვენიერია: თვითმკვლელობა, სასიკვდილო ტკივილი, ნარკოტიკები, ალკოჰოლიზმი, შეშლილობა. ჩვენ ვგმობთ კონფორმისტებს, 15 წლის ქალიშვილებს, მათ ვისაც კარგი რეპუტაცია აქვთ, მათ ციხეებს. თუ ზოგიერთი ჩვენგანი მზად არის გარისკოს ყველაფერი, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა ჩვენ ვიცით: რას დაკარგავ როცა დასაკარგი არაფერია. გიყვარდეს ან არ გიყვარდეს. ეს კაცი ან ის ქალი – ეს სულ ერთია.”

 

და ისინი რისკავდნენ. მაგალითად, ლეტრისტები, შეგლოვი და დე ბირნი სახურავზე ცხოვრობდნენ და ყოველ ღამე ეიფელის კოშკის განათება ხელს უშლიდათ დაძინებაში და მათ მისი აფეთქება გადაწყვიტეს – არა რაღაც პოლიტიკური მოტივებით, არა როგორც ნიჰილისტური აქტი, არამედ უბრალოდ იმიტომ რომ ხელს უშლიდათ. მაგრამ ისინი დააპატიმრეს. დინამიტით. ეს ამბავი ყველა გაზეთში მოხვდა.

 

ლეტრისტულ ინტერნაციონალს სურდა სპექტაკლის ქალაქის შუაგულში შესაძლებლობების ქალაქის აგება. თუმცა ჯგუფმა მხოლოდ უარყოფის ქალაქის აგება შეძლო: გაქცევა სამსახურის და ხელოვნების სოციალურ ელემენტთაგან, წარმოებიდან და იდეოლოგიიდან... არადა, ახალი ქალაქი ატრაქციონებით სავსე ფსიქოგეოგრაფიულ პარკად უნდა ქცეულიყო; მაგრამ თავიდან ის უნდა გამხდარიყო ემოციონალური შავი ხვრელი. “სპექტაკლი აცხადებს, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, მშვენიერია; და ყველაფერი მშვენიერი – ჩვენს წინაშეა." ერთხელაც, სპექტაკლის მკრთალი ნათება შავ ხვრელში მოხვდება, თითქოს მას არც არასდროს უარსებია. ეს იყო რეფლექსია თავისმოტყუების, დაღუპვისა და დანაკარგის ნელ ცეკვაზე, რომელიც სრულდებოდა მონოტონურ მუსიკაზე, "სპექტაკლის საზოგადოების" კუთვნილი უზარმაზარი შავი ფირსაკრავი განუწყვეტლივ რომ ატრიალებდა. მხოლოდ აქა-იქ ჩაურთავდა ტირილისა და ფეირვერკის ხმებს.

 

და ისინი უმისამართოდ დაეხეტებოდნენ. მოიგონეს სრულიად ახალი “დრეიფის” მეთოდი (მასში ცირკულირებული საქციელით, ჟესტებით, ხეტიალით, აღქმებით). ეს დაახლოებით იგივე იყო ტოტალურობასთან მიმართებაში, რაც ფსიქოანალიზი (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ენასთან მიმართებაში. მიყევი სიტყვების ნაკადს, ამბობს ანალიტიკოსი. და ის გისმენს იქამდე, სანამ არ დგება მომენტი, როცა მან რაიმეს უნდა ჩაავლოს, მაგრამ თუ ანალიტიკოსი აჩერებს პაციენტს... დრეიფი იმით არის საშიში, რომ ძალიან შორს უნდა შეხვიდე, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე, იქ სადაც მოსალოდნელია აფეთქება, დისასოციაცია, დეზინტეგრაცია.

 

ღმერთის მოკვლა უფრო ადვილია, ვიდრე ხელოვნებისა. მაგრამ ლეტრისტებმა, სიტუაციონისტებმა ეს თითქმის შეუძლებელი მისია იკისრეს. პანკებს ახალი არაფერი უთქვამთ.

 

“სიტუაციის სილამაზე ახალ სილამაზედ იქცევა, დროებით და ცოცხალ სილამაზედ”. ადამიანები საკუთარ ტაძრებში ან ციხეებში იცხოვრებენ; ფურცლით ან ჩარჩოთი შემოსაზღვრულები, ახლანდელ დროში ციხე ყოველ ლექსსა თუ სურათშია მოქცეული. ტრადიციულ ხელოვნებას მხოლოდ შემსრულებლისგან მოწყვეტილი შესაძლებლობების რეგენირება შეუძლია. ამის გაცნობიერება ნიშნავს, დატოვო ფურცელი ცარიელი, დატოვო ტილო ცარიელი, დატოვო ეკრანი ცარიელი. დაამტკიცო, რომ ხელოვნება მოსიარულე და მოლაპარაკეა.

 

“ჩვენ უნდა გავამრავლოთ პოეტური სუბიექტები და ობიექტები, - წერდა დებორი 1957 წელს, როცა ლეტრისტული ინტერნაციონალი სიტუაციონისტურად გარდაიქმნა – ჩვენ უნდა მოვიგონოთ თამაშები, რომლებსაც ითამაშებენ ეს სუბიექტები ამ ობიექტებს შორის. ამაშია მთელი ჩვენი პროგრამა.”

 

სიტუაციონისტური ინტერნაციონალი – ეს იყო ვესტერნი, კოვბოური მელოდრამა, დადგმული გოთიკურ ტაძარში, რომელსაც ღმერთი განაგებდა და სადაც მისი გვამის სუნი იდგა, რომელიც აგებამდე დანგრეული იყო და თავიდან აღმართეს. “ჩვენ ორ სამყაროს შორის ვიკავებთ მეომრების პოზიციებს. აქედან ერთ სამყაროს არ ვაღიარებთ, მეორე კი ჯერ არ არსებობს. ჩვენთვის აუცილებელია დავაჩქაროთ სამყაროს დასასრული, კატასტროფა, როცა სიტუაციონისტები იცნობენ თავისიანებს.”

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: გრეილ მარკუსის "პომადის კვალი: XX საუკუნის საიდუმლო ისტორია"