MORRISSEY LIVE IN ISTANBUL
გიორგი ნებიერიძე
 
თარიღი: 13/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ტექსტი/ფოტო: გიორგი ნებიერიძე

 

 

MORRISSEY LIVE IN ISTANBUL 

 

 

შთაბეჭდილებები

 

 

უიმედოდ ვიყავი, ვიცოდი ვერ შევიპარებოდი და თვალსაც ვერ მოვკრავდი. ბილეთები კარგა ხნის გაყიდული იყო, მაგრამ ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი, რომ მე და მოზი ერთ დღეს, ერთ ქალაქში როგორმე არ შევხვედროდით ერთმანეთს.

 

სტამბულის მე-19 ჯაზ ფესტივალის კულმინაციური დახურვაა, ამფითეატრი ჩემი სასტუმროდან რამდენიმე ნაბიჯზეა, სადაც საუნდჩეკი უკვე დამთავრებულია, ბევრი გამჭირვალე სათვალიანი და არამეინსთრიმ მაისურიანი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანია შეკრებილი. მივისეირნე და წრეებს ვურტყამ ტრიბუნას, თავში ერთადერთი სიმღერა მიტრიალებს - „Heaven Knows I'm Miserable Now“.

 

ამ მომენტს ერთი ქართული ფრაზა მოუხდება: "სად იყო და სად არა" მხარზე ხელს მადებენ, მოვტრიალდი და შაურმის გამყიდვლის გარეგნობის კაცი საოცარი აქცენტით ცდილობს გამოთქვას სიტყვა "Ticket" კითხვით ფორმაში. მე - "ნოუ, აი ჰევ ნო თიქეთ", უიმედო სახით.

 

 

ბილეთის კონტროლიორებთან შეკრული ბაირამ ჰასანი აღმოჩნდა, რომელთან მოკლე ვაჭრობის შემდეგაც ჯიბეებში დარჩენილი 40 ლირა და რამდენიმე მონეტა ჩავუყარე ხელში. "თამამ" მითხრა და რამდენინე წამში სცენისგან სულ ათიოდე ნაბიჯში, ყველაზე ძვირიან ადგილზე აღმოვჩნდი.

 

თან მიკვირდა, თან მეშინოდა, მეთქი არ დამაპატიმრონ, წამიერად "შუაღამის ექსპრესის" კადრებიც წარმოვიდგინე. კონცერტის "warm up"-ს ახალგაზრდა ქალი მუსიკოსი ასრულებდა, ცოტა გამაღიზიანებელი ვოკალით, მაგრამ მოზისთვის ვითმენდი მთელი საათი.

 

სცენაზე ჩამობნელდა, მხოლოდ რამდენიმე თეთრი მოძრავი შუქურა ენთო და ათი წუთის განმავლობაში ქალის ხმა იმ უხამს ფრაზებს და გამონათქვამებს იმეორებდა, რაც კი ოდესმე მოზის მისამართით უთქვამთ.

 

 

წამიერი სიჩუმე, გიტარის "დისტორშენიანი" ხმა და "How Soon Is Now"-ის პირველი შოკის მომგვრელი აკორდები - აღარავის აინტერესებდა 200 და 300 ლირიანი ადგილები, ყველა წამოდგა და სცენასთან მიახლოვებას ცდილობდა. ჩემი ჯიბის კამერა AK-47-ივით გადავტენე და მთელი ფირი რამდენიმე წუთში დავხარჯე.

ცრემლიანი გამომეტყველებით, უსმენო სიმღერისგან ატკივებული ყელით და ათასჯერ აჩქარებული გულისცემით ვადევნებდი თვალყურს 52 წლის MORRISSEY-ს ლაივ შოუს 2012 წელს.

 

 

ვულკანივით იფრქვეოდა მისი ქარიზმატული ენერგეტიკა ხალხში. არასოდეს წარმომედგინა თუ რა შეგრძნებაა, როდესაც ასე გიპყრობს ადამიანი თვალებით, მოძრაობით, ხმით ან მიმიკებით. ყოველგვარ რეალობას იყო მოწყვეტილი იქაურობა. არც კი ვიცოდი შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ერთ მოკვდავ ადამიანს ამდენ მაყურებელზე ასეთი მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოეხდინა. ბევრჯერ მინახავს მისი კონცერტები ეკრანზე, მაგრამ ცოცხლად ნახვა სრულიად სხვა გამოცდილებაა.

 

იყო ბევრი ძველი ჰიტი, The Smiths-ის დროინდელი, ზოგი ახალი სიმღერაც და ბევრი ემოცია, რამდენიმე პოლიტიკური განცხადება და ბენდის წევრების პოლიტიკური მაისურები წარწერით: "ASSAD IS SH*T"

 

 

მსუბუქი ხელოვნური დრამა, ძნელი სათქმელია თუ რა მომენტი იყო კულმინაცია, ალბათ პერანგის შემოხევა ტანზე, ან მიკროფონის ხალხისთვის გადაცემა რაიმე დადებითის სათქმელად, ან თუნდაც ის მომენტი: "Last Night I Dreamt, That Somebody Loved Me" რომ ხმაურდება.

 

 

ზუსტად არ მახსოვს კონცერტის დასრულების მომენტი, თვალთ დაბნელებული და გაბრუებული დავტოვე არენა, სიმღერ-სიმღერით მივისეირნე სასტუმროში და დავიწყე ინტერნეტით შთაბეჭდილებების გაზიარება მეგობრებისთვის.

 

ამ წამსაც მაგას ვაკეთებ და არც ვაპირებ გაჩერებას.