მეკობრული მებაღეობა
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 18/06/2014
კატეგორია: სტატია

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

მეკობრული მებაღეობა

“აქ მთებში ვარ. მთების შუაში, სადღაც მათ შორის გუშინ ორი საათი ვიარეთ, სულ აღმართი და შივას ტაძარს მივადექით, რომელსაც ჩანჩქერი ესხმებოდა ზემოდან. აქ ვიმღერეთ მათი მანტრა, შივას მანტრა: შრი, ჯაია რამ, ჯაია ჯაია რამ.

აქ ისეთი ადგილია, სადაც ყველაფერი კარგი გახსენდება, ყველაფერი ძველი და ახალი. აქ  თავიდან გინდება სიცოცხლის დაწყება. აქ ხარ, მაგრამ ისევ აქ გინდა დაბრუნება. მერე ჩვენებური ვუმღერეთ და შივაიათი ბერები გაოცდნენ. გვთხოვეს დარჩითო, მაგრამ ვერ დავრჩით. მერე კიდევ ჩამოდითო.

აქ ერთდროულად ბერიც ხარ და თანაც ფიქრობ როგორ დაიწყო ახალი სიყვარული. სხვებს აკვირდები და ისინიც იგივეს ფიქრობენ. აქ არავინ არავის აკონტროლებს. არავინ ყვირის და ჩხუბობს. აქ არ არის პოლიცია. აქ დიდი ხეებია. შედიხარ და ზიხარ საათობით. არაფრის გეშინია. აქ აფერისტი ვაჭრები არიან, მაგრამ არ ბრაზდები მათზე. ხვალ მივდივარ. აქედან დელიმდე 17 საათი გვჭირდება. 11-ში ვბრუნდებით თბილისში. მაგრამ აქედან არასოდეს არ მივდივარ. აქ ვრჩები.”

მაღვიძარით დანაღმული დილა და საწოლი - ზარის ხმაზე სიზმრები ფეთქდებიან. გათენებას ბნელ ფარდას მომდგარი მცხუნვარე მზე თუ მიანიშნებს. ისე ცხელა, სულ მცირე ცოტნე დადიანის ძალისხმევა მაინც გჭირდება, რომ საწოლიდან ადგე, გრილი შხაპი მიიღო და გარეთ გახვიდე. გადიხარ და ვაი, ამ გასვლას.

ასე თუ გაგრძელდა, თბილისს სახელს შევუცვლით და ვუწოდებთ ცხელისს, მხურვალისს, უჰაეროსს ანაც ჯოჯოხეთისს, რადგან თბილისის მკვიდრნი ყოველდღიურად ვიმეორებთ ქალაქის დაფუძნების ლეგენდას, ხოხბებივით ვიხარშებით დარბილებულ ასფალტზე. ხელებს წამდაუმწუმ ვწევთ მაღლა, რომ იქნებ საკუთარი მტევნის ჩრდილში მაინც მოვექცეთ.

ზაფხული ქალაქს საერთოდ სხვა პლანეტად აქცევს. საერთოდ წელიწადის დროები ხომ სულ სხვადასხვა პლანეტებია. და პლანეტა ზაფხულის აბორიგენი მოსახლეობა ყველაზე დაჩაგრულია, ისინი ვინც ზღვასთან თუ მთასთან, აუზთან თუ კონდენციონერთან ვერ მიაღწია.

თან როცა ქალაქში ერთი ნორმალური ტყე-პარკიც კი არ არსებობს, სადაც ქალაქს შერჩენილ ბავშვებთან, შეყვარებულთან, მეგობრებთან, ძაღლთან, წიგნთან, ყურსასმენებთან და გამაგრილებელ სასმელთან ერთად შეაფარებ თავს. პარკი კი არა ხეებსაც იშვიათად შეხვდები. შეხვდები და ხედავ რომ მტვერში ამოგანგლულს შენსავით უჭირს. უჭირთ ჩიტებსაც, მაწანწალა ძაღლებსაც და ადამიანებს. განსაკუთრებით კი ბავშვებს.

სერიალებიდან გარუჯული, ათლეტური აღნაგობის ემიგრანტები ხომ გახსოვთ? აი, კოხტად შეკრეჭილ ბაღებში რომ დაიზლაზნებიან და სახლის აივანზე გადმომდგარ შალიფად ჩაცმულ დიასახლისებს უპაჭუნებენ თვალებს. ჩვენც დაახლოებით ასეთ მებაღეებად უნდა გადავიქცეთ - მეკობრე მებაღეებად.

ამისათვის დაგვჭირდება:  ფხვიერი თიხა-მიწა, ბიოგუმუსი (სასუქი), მცენარეთა თესლი,

წყალი,  კონტეინერი, რომელშიც ამ ყველაფერს ნიჩაბით ავურევთ ერთმანეთში. შემდეგ კი პატარა გუნდებად მოვზელთ. სამიოდე დღე გავახმობთ და თესლა-ბომბებიც მზად გვექნება. რის მერეც პატარა მწვანე ჯაშუშების შეგზავნას ნებისმიერ ადგილას მოვახერხებთ.

შემოგიტიეს მიკრობებმა? შეუტიე შენც!

აქ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ მწვანე ბომბების, ზარბაზნების თუ ავტომატების დამზადების წეს-ჩვეულებებს: http://www.guerrillagardening.org/ggseedbombs.html

ხოლო აქ არის პატარა ვიდეო-ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დავამზადოთ მარცვლეულთა ხელყუმბარები: