ქართული მე(ნ)ტალი
ერეკლე დეისაძე
 
თარიღი: 16/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

 

@ ერეკლე დეისაძე

 

 

ქართული მე(ნ)ტალი

 

ქართული მეტალი ბოლო საუკუნეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურაში. მის წარმომავლობაზე მუსიკის კრიტიკოსები ძალიან ბევრს დავობენ, უამრავი მოსაზრების მუხედავად, ჩემი სუბიექტური აზრით, ქართული მეტალის ფესვებს ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, კერძოდ კენტავრებთან მივყავართ. არსებობს ასეთი თქმულება: ობლად დარჩენილი კენტავრი, ტყეში სეირნობისას, სიბრძნის წყაროს მიადგა, წყარო მუხის ფესვებიდან მოედინებოდა, ხოლო ხის სიგრძე წარმოუდგენლად მაღალი იყო, ზოგიერთები იმასაც ამბობენ, რომ კენწერო ღრუბლებს წვდებოდაო. კენტავრს მოსწყურდა და წყურვილის მოკვლა სიბრძნის წყაროსთან გადაწყვიტა, სწორედ აქედან გაჩდა მასში ბობოქარი სული და ეს ბობოქრობა კენწეროს მეშვეობით ცას მისწვდა, პირველი ჭექა-ქუხილი კაცობრიობამ მაშინ იხილა. ხოლო ხმაურის ხმაზე კენტავრი მეტალისტად გარდაისახა და თავი გამოქვაბულს შეაფარა.

 

ეს ლეგენდა დღეს არცერთმა ქართველმა მეტალისტმა არ იცის. მიუხედავად ამ უდიდესი კულტურული მემკვიდრეობისა, ძალიან ბევრს უჭირს გაიზიაროს ქართული მეტალის მადლი. თუმცა თბილისში ამ მუსიკას ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს, თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, შეგიძლიათ მეტალ-კონცერტებს დაესწროთ. სადაც აგრესიული ახალგაზრდები მძიმე რიტმების ფონზე ერთმანეთს ეჯახებიან და უხარიათ. ქართული მეტალისტი და მისი მსმენელი ერთმანეთისგან არაფერით განსხვავდება, ეს ერთგვარი კულტურული შენიღბვაა, რათა გადარჩნენ, როგორც ბოლო საუკუნეების ყველაზე ხელშეუხებელი სუბკულტურა. ისინი სისტემისთვის   საშიშები არიან. ქართველ მეტალისტს გრძელი თმა აქვს, პირიდან ლუდის სუნი ამოსდის და მხრებზე ქერტლი კოკაინივით აყრია. ქართველი მეტალისტი დადის სახინკლეში და ამბობს წასულების სადღეგრძელოს, მას კარგად მოეხსენება, რომ წასულებზე დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, ამიტომ მომდევნო ჭიქით სიცოცხლეს ადღეგრძელებს, ამის მუხედავად მას სიცოცხლე არ უხარია, რადგან ყოველთვის შეწუხებული სახე აქვს და ხშირად დეპრესიიდან გამოსასვლელად ვენებსაც იჭრის. ვენების გადაჭრას კი თავისი სპეციფიკა აქვს, ეს ისე უნდა მოხდეს, რომ სიცოცხლისთვის საშიში არ იყოს, სამაგიეროდ კი მკლავზე დიდი შრამი დაგიტოვოს, რათა სხვებმა ადვილად შეამჩნიონ და უბრალოდ გაგეცალნონ, შეგახსენებთ რომ ქართველ მეტალისტთან დაჯახებას კლდესთან დაჯახება სჯობს. როდესაც ისინი რუსთაველზე გხვდებიან, ხეები შრიალს უმატებენ, ხოლო ცა ღრუბლებით იფარება. სამყაროს ნაღველი, სევდა და ტკივილი, ამ დროს ყველაზე ადვილადშესამჩნევი და ცხადია. მოსიარულე მეტალისტი რაღაცით ვეშაპს ჰგავს, მათი უმრავლესობა მძიმეწონიანია და ხელზე ტყავის სამაჯურები უკეთიათ, რომელსაც წვეტები აქვს და შენში წარმოუდგენელ შიშს აღძრავს. მე ხშირად დამსიზმრებია თბილისელი მეტალისტი და ყვირილით გამღვიძებია. ყველაზე საინტერესოა რა ესიზმრებათ მეტალისტებს ღამით? ამ შეკითხვაზე პასუხი დღემდე არა მაქვს.

 

სხვათა შორის, ქართველ პანკებზე და მეტალისტებზე პირველად 4 წლის წინ დავფიქრდი, როდესაც ორ დღიანი ,,როკ-ფესტივალის,, გახსნის პატივი მხვდა წილად. ფესტივალზე ჩემ გარდა სხვა ალტერნატივშიკებიც გამოდიოდნენ, შესაბამისად მსმენელთა რიგებში მრავლად ირეოდა, მხრებზე ერტლმოყრილი სუბკულტურის წარმომადგენლები, პანკები, კურტ კობეინები, ჯიმ მორისონები, სადღაც ირაკლი ჩარკვიანის მაისურიან გოგონასაც მოვკარი თვალი. როგორც სხვა მსგავსი ტიპის კონცერტებზე, იქაც ფასადური თავისუფლების ზეიმი იყო. ამას მაშინ მივხვდი, როცა სცენიდან ჩამოსულს მეტალისტებმა და პანკებმა ,,გამიტრაკეს’’

 

-   ძმაო აფხაზეთზე ცუდ პონტში რატო მღერიხარ?

-   ქართლის დედას რატო აგინებ ბიჭო?

-   პატრიოტებს ეკაიფები შე ახვარო?

 

ეს შეკითხვები ჩემი მისამართით ისმოდა. მე კი ობლად დარჩენილ კენტავრზე ვფიქრობდი, რომელმაც თავი გამოქვაბულს შეაფარა.

 

სადღაც მათი მზერის სიღრმეში გაბრწყინებულ იბერიასაც ვხედავდი და დედა მომიკვდეს ის აგრესია საერთოდ არ მწყინდა.