სიყვარული დერიდულად
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 09/05/2012
კატეგორია: სტატია

ყველაფერი დერიდას ბრალია, იქედან დაიწყო ამ ერთთვიანი ძიების თუ ჩაძიების პროცესი.

 

ჩემს ძველ ბლოკნოტებს ვქექავდი, ჩანაწერებს ვათვალიერებდი და ძენ-ბუდიზმის იაპონელი მკლევარის, დაისეცუ სუძუკის სტატიიდან ამონარიდებს მივაგენი. ერთ-ერთი ასეთი იყო: “პირველად, მოზარდობის ასაკში იგრძნობა ეგოცენტრიზმის რღვევის პროცესი ადამიანებში. სიყვარული ადამიანს ავიწყებს “მე”-ს. სიყვარული ერთსა და იმავე დროს მოითხოვს “ეგოს” განადგურებასაც და დადასტურებასაც. სიყვარული “ეგოს” აიძულებს ჩაიკარგოს სასიყვარულო ობიექტში, მაგრამ ამავე დროს, ამ ობიექტის მითვისებასაც ცდილობს”. ანუ საუბარი იყო სუბიექტ-ობიექტს შორის ზღვარის წაშლაზე და “არა-მე”-ს მდგომარეობაში გადასვლაზე. გამახსენდა ბორხესის “ყველაფერი და არაფერი” - იგავი შექსპირზე, რომელმაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დაკარგა საკუთარ თავსა და პერსონაჟების ცხოვრებას შორის სხვაობის შეგრძნება. ბორხესის ეს იგავი ასე მთავრდება: “ამბობენ სიკვდილამდე თუ სიკვდილის შემდეგ შექსპირი ღმერთის წინაშე წარდგა და უთხრა: მე, რომელმაც ასე ამაოდ ვიცხოვრე ამდენი ადამიანის ცხოვრებით, ბოლოს და ბოლოს მინდა ვიყო ერთი, საკუთარი თავი ვიპოვო. უფალმა გრიგალის ხმით უპასუხა: მეც არავინ ვარ; ეს სამყარო მე გამოვიგონე, ისევე როგორც შენ გამოიგონე შენი ნაწარმოებები, და ჩემს სიზმრისეულ ფორმებს შორის შენც ხარ, რომელიც ჩემსავით, მრავალიც ხარ და არარაც”. მაგრამ ეს უფრო გლობალური სიყვარულია, “ლოკალური” უფრო ბავშვობას უკავშირდება და ჩემთვის ყველაზე მძაფრ შთაბეჭდილებებს - ჩემ ორ ყველაზე საყვარელ ტექსტს - მედეას მითს და ანდერსენის ზღაპარ “პატარა ქალთევზას”. თუმცა, გლობალური ლოგიკით, ორივე სიყვარული ერთნაირია - ცოტა ეგოისტური და ნარცისულიც, რაც “სხვასთან” დაახლოებას, მოშინაურებას და სხვა-ობის წაშლას გულისხმობს. თუკი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მივუდგებით, ის თავდაცვის ინსტინქტიცაა - მიყვარს იმიტომ, რომ თვითონვე ვიგრძნო თავი დაცულად.

 

ამ ფიქრების მთავარი ინსპირატორი - დეკონსტრუქტივიზმის ფუძემდებლის, ჟაკ დერიდას ამასწინათ youtube-ზე ნანახი მოკლე ინტერვიუ იყო, სადაც ფილოსოფოსს სიყვარულზე უსვამენ შეკითხვას, რომელზე პასუხიც ძალიან უჭირს, დაბნეულია, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი ბრძენმეტყველებით ან, გნებავთ, ფუჭმეტყველებით მაინც ახერხებს ფონს გასვლას და ამ დროს მხსნელად მისი საყვარელი “განსხვავებების” ცნება ევლინება. და ამ მტკიცებისას ძალიან საგულისხმო განმარტებასაც აკეთებს. მისთვის განსხვავება “ვინ გვიყვარს”-სა და “რა გვიყვარს”-ს შორის მთავარი ამოსავალია. აქ საკითხავია, მე სხვა ადამიანი მიყვარს, როგორც მთლიანობა და ერთადერთობა, თუ ადამიანი მიყვარს იმიტომ, რომ ამა თუ იმ თვისებების თუ თავისებურებების მატარებელია. როდესაც სიყვარული დასასრულს უახლოვდება, შეყვარებულის თვალში სასიყვარულო ობიექტი ამა თუ იმ წარმოსახულ თვისებებს კარგავს, ისეთი არ აღმოჩნებდა, როგორიც ეგონა. ასეთ დროს მთლიანობა ნაწევრდება და ფრაგმენტული ხდება, ისევე როგორც შექსპირის “ოტელოში”. როცა ოტელო ეჭვს შეიტანს დეზდემონას ერთგულებაში და ამბობს: “მე სიტყვები კი არ მაღელვებს, არა, ცხვირები, ყურები, ტუჩები”, სადაც უკვე თავის საყვარელ ცოლს დანაწევრებულად, სხეულის ნაწილების სახით აღიქვამს. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ისევ საკუთრ “მე”-სთან ან “ეგოსთან” ბრუნდება - სიყვარული ეგოისტური, ნარცისულია და თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული. და საბოლოო დასკვნაც ასეთია: თუკი ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, მას არ ჭირდება სხვა ადამიანის გამოგონება და ამ გამოგონილი ადამიანის შეყვარება. ასეთი სიყვარული დროებითია და კრიტიკულ შემთხვევაშ ირკვევა, რომ ეს ადამიანი არ არის იმ თვისებების ერთობლიობა, რომელიც იდეალად გვყავდა დასახული, ვინაიდან “იდეალი” ყოველთვის ისაა, რაც ჩვენ გვინდოდა რომ ვყოფილიყავით და არ ვართ. და თუკი ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ის ვერც სხვას შეიყვარებს. მე ადამიანები ყოველთვის მიყვარდა, როგორც მთლიანობა და თავისებურება. თქვენ?