ჯეფ უოლის დანგრეული ოთახი, ნატალი დიურბერგის ედემი და ძმები ჩეპმენების ჯოჯოხეთი...
ხათუნა ხაბულიანი
 
თარიღი: 20/08/2012
კატეგორია: სტატია

 

@ ხათუნა ხაბულიანი

 

 

ჯეფ უოლის დანგრეული ოთახი, ნატალი დიურბერგის ედემი და ძმები ჩეპმენების ჯოჯოხეთი...

 

 

სამყაროს დასასრულის ილუსტრირება დიდი ისტორიის მქონე გასართობია და ადამიანებსაც უყვართ ფანტაზიის დიდი გაქანებით გადაღებულ–დადგმული კატასტროფების სცენები. დემიან ჰირსტის ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს (ფორმალდეჰიდიან აკვარიუმ–ვიტრინაში ჩადებული ზვიგენი)  რთული სათაური აქვს –  სიკვდილის ფიზიკური შეუძლებლობა/დაუშვებლობა ცოცხალი ადამიანის გონებაში The Physical Impossibility of Death in the Mind of Someone Living.  რა თქმა უნდა, სიკვდილი ერთჯერადი და საბოლოო გამოცდილებაა  და ვერავინ გაგიზიარებთ შთაბეჭდილებას ამ გამოცდილებიდან. ფსიქოლოგები იტყოდნენ, რომ განსაკუთრებით რთული დასაშვები ის ფაქტია, შენი სიკვდილის შემდეგ სამყარო რომ ჩვეულებისამებრ განაგრძობს არსებობას და უკვე  სხვა საკითხია, როცა მთელი სამყარო იღუპება შენთან ერთად. როგორც ჩანს, ეს ერთგვარი გამოსავალია ამჯერად ჰირსტის ნამუშევრით განსაზღვრულ პრობლემაზე. ესქატოლოგიური განწყობების უკიდურესი გააქტიურებები ციკლურად მეორდება  – ათასწლეულების ბოლოს, რევოლუციებისა და ომებისას და მხატვრული წარმოსახვაც ქსოვს და ქსოვს თავის ახალ სახეებს რეალობის პატარა კუნძულზე, როგორც ერთ ცნობილ ფილმში წაკითხული სტრინდბერგის ტექსტის ფრაგმენტშია ნათქვამი. ჩვენი წელთაღრიცხვის  1000 წელს ქრისტიანულ ევროპას სამყაროს დასასრულის მოლოდინები გაუცრუვდა, მაგრამ  პანიკა არ შენელებულა და ახალი ძალით დაიწყო ასტროლოგიითა და ყოველგვარი წინასწარმეტყველებებით გადატვირთული ტექსტების, სურათებისა და  მოძღვრებების წარმოება.  რენესანსის პერიოდში საკმაოდ უცნაური ჰიბრიდები წარმოიშვა ქრისტიანული იკონოგრაფიითა და წარმართულ–ანტიკური წინასწარმეტყველებების შერევით. მაგალითად დიურერის სიმბოლური მნიშვნელობებით გადატვირთული გრავიურებიც გამოგვადგება, თუნდაც „მელანქოლია.“ ამ საკითხს სპეციალური შრომა მიუძღვნა ცნობილმა მეცნიერმა აბი ვარბურგმა და ცალკე საკითხად განიხილა მარტინ ლუთერის ბრძოლა იმ პერიოდის გერმანულ და იტალიურ ასტროლოგიურ პოლიტიკასთან. კატასტროფების საზარელი სურათები ისტორიის მსვლელობის მანძილზე მნიშვნელოვან რესურსად რჩება ძალაუფლების განხორციელების სტრატეგიებში და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება გამოსახულებების ეფექტურობა. 2012–ის ჰოლივუდური ვერსია და სხვა მსგავსი პროდუქცია და მათი მწარმოებლები რომ გამოვრიცხოთ და  თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებზე შვჩერდეთ, ისინი კვლავ ინტერესდებიან აპოკალიფსური თემებით, თუმცა მათი მიდგომა  თვითონ ამ დისციპლინის  (contemporary art) სპეციფიკიდან გამომდინარე  განსხვავდება  წინა ეპოქების მათივე კოლეგების მიდგომიდან. პირველ რიგში, ისინი ვიზუალურ მკვლევარებად გვევლინებიან და ამას ზოგჯერ  ძალიან საინტერესო და არაორდინალური ფორმებით  აკეთებენ. კანადელმა ხელოვანმა ჯეფ უოლმა, რომელიც თავისი დიდი ფორმატის ლაით– ბოქსებით წარმოდგენილი დადგმული ფოტოებით არის ცნობილი,  1978 წელს თავისი ასევე ცნობილი ნამუშევარი –  „დანგრეული ოთახი“  შექმნა. დღეისთვის ის კანადის ეროვნული გალერეის (ოტავა)  საკუთრებაა. ჯეფ უოლის ინსპირაციის წყარო ეჟენ დელაკრუას ფერწერულ შედევრად აღიარებული „სარდანაპალის სიკვდილი“  იყო. ეს ტილო თავის დროზე (1827) დელაკრუას სხვა ნამუშევრებთან ერთად რომანტიკული მსოფლმხედველობის მხატვრულ მანიფესტს წარმოადგენდა. იმდრონდელი ევროპისთვის მოდური  თემა იყო ეგზოტიკური აღმოსავლეთი და  დელაკრუამაც თავისი ფერწერული ოსტატობა არ დაიშურა, რომ ცეცხლოვანი ვნებებით და ვირტუოზული ფერწერით ეჩვენებინა  ასირიელი მეფის ისტორია, მისი ტრაგიკული დასასრული, როცა მთელი სამეფო იღუპებოდა მასთან ერთად. ჯეფ უოლის სურათზე კონკრეტულ პერსონაჟებს ვერ იპოვით და აქ არც სამყაროს ბოლო დღეა. აქ მხოლოდ ოთახია, სადაც ანონიმურ ადამიანთა შორის პირადი კონფლიქტი მოხდა, ან ოთახი გაძარცვეს, – არც კონკრეტული  ისტორიაა და პერსონაჟებიც უცნობებად რჩებიან. სურათზე მხოლოდ გადმოყირავებული და დაზიანებული ავეჯი და ძირს დაყრილი ტანსაცმელია. აქ  არ არის ტრაგედია და მით უმეტეს აპოკალიფსი. არის ცხოვრებისეული დრამა, რომელთანაც თვითონ ავტორიც ერთგვარად დისტანცირებულია და არ ცდილობს ტკივილის ზედმიწევნით ნატურალისტური ჩვენებით დაიპყროს მაყურებელი. პირიქით, – იუმორის ნოტიც კი ფიგურირებს, – სურათზე ხაზგასმულია დესტრუქციული სცენის „დადგმულობა“ და ხელოვნურობა. ინტერპრეტაციისათვის  დატოვებული ძალიან დიდი შესაძლებლობები და ღია საზღვრები ის ნიშანია, რითიც ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა ფასდებოდეს თანამედროვე ხელოვნება.

 

 

 

2009 წლის ვენეციის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ახალგაზრდა ხელოვანს – ნატალი დიურბერგს გადაეცა პრიზი ნომინაციაში „იმედის მომცემი ხელოვანი.“ მისი ვრცელი ინსტალაცია“ედემის ბაღი”  სინთეტური “ჯუნგლები”  იყო, სადაც  დამთვალიერებელი ფსევდო ნაივურ ზღაპარში მოგზაურობდა, გარემოცული დიდი ფანტაზიით შექმნილი „ფსიქოლდელიური“ ფლორით. „მცენარეულ“  ფრაგმენტებში ჩადგმულ მონიტორებზე   უწყვეტი ანიმაციური დრამა მიდიოდა და თითოეული სიუჟეტი მოკლე და მძაფრად განვითარებული ამბავი იყო, – ავტორის თქმით, –  ”როცა ზღაპრები ჭკუიდან გადადიან”...  პლასტელინისაგან გამოძერწილი ფიგურების მიერ გათამაშებული სცენარი ქვეცნობიერის თემებს ეხებოდა  და ბნელი და ნათელი მხარეების შეჯახებები კი ისეთ მოტივებს, როგორებიცაა ძალადობა, გაუმაძღრობა, რასიზმი, სექსი, დომინაცია..  პლასტელინის ერთი შეხედვით უწყინარსა და სასაცილო პერსონაჟებს დიურბერგი თავისი ხელით ძერწავს და მერე მათ „შეშლილობას“ უთმობს გზას. ეს ხელოვანი  უცნაური სამყაროს ინსტალაციებს ქმნის, სადაც  არ არის ზღვარი და ერთი, სწორხაზოვანი სურათი თუნდაც ედემის ბაღისა.

 

 

ორაზროვანი და შოკისმომგვრელია ჯეიკ და დინოს ჩეპმენების შავი იუმორით გაჟღენთილი ნამუშევრები. მათაც უყვართ ფსევდო ნაივი და თითქოს „ბავშვურად“ ნაჩვენები ადამიანის მონსტრული მხარეები. ერთ პროექტში მათ გოიას გრავიურების ცნობილი სერია „ომის საშინელებები“ გამოიყენეს, პრინტებს მიახატეს სასაცილი სახეები, ჰქონდათ სკულპტურები ამ სერიის თემების მიხედვით, მაგ. „მკვდრებზე განხორციელებული დიადი გმირობები.“ ჩეპმენების ცნობილი ინსტალაცია „ჯოჯოხეთი“ ორ წელი მზადდებოდა და ხუთი ათასამდე პატარა გაფერადებული ფიგურისგან შედგებოდა.  ეპიკური ნამუშევარი შეტაკებების სასტიკ და სისხლისმსმელ სცენებს წარმოადგენდა, სადაც ნაცისტი ჯარისკაცები და შიშველი მონსტრები მონაწილეობდნენ. ეს შთამბეჭდავი სანახაობა 2004 წელს ხანძარმა გაანადგურა ჩარლზ სააჩის კოლექციის სხვა ექსპონატებთან ერთად. ჟურნალისტები წერდნენ, რომ „ჯოჯოხეთი“ სიმბოლურად შთანთქა ცეცხლმა. მოგვიანებით ჩეპმენებმა ეს ნამუშევარი აღადგინეს. თავიანთ უცნაურ პერსონაჟებს ისინი „ორგანიზმებს“ უწოდებენ და მათ უცნაურ მუტაციებს ხშირად უკავშირებენ სისასტიკის გამოვლინებებს. თვითონ ამბობენ, რომ მათი ნამუშევრები ჰალუცინაციებია მათთვის, ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს და  ისინი  „ფსიქოზზე, ნაწილობრივ ფროიდიანული მელანქოლიის კლინიკურსა და  პათოლოგიურ ვერსიაზე და კანტის ამაღლებულ ესთეტიკასთან ასოცირდება.“ ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მათი ნამუშევრები არტისტული პროვოკაცია, პასუხი იყო, რომ ეს უფრო კონვულსიაა, ვიდრე პროვოკაცია.

 

 

არტისტული  კონვულსიები დასასრულის შესახებ, როგორც ჩანს უსასრულოდ გაგარძელდება და მსოფლმხედველობათა და ხელოვნების შიგნით მიმდინარე ცვლილებები ვერაფერს გახდებიან სამყაროს დასასრულის თემის აქტუალობასთან. ნაშრომში „ხელოვნების დასასრულის შემდეგ,“ არტურ დანტო წერდა, რომ 1000 წლის მთავარი მოვლენა ის იყო, რომ არ გამართლდა სამყაროს დასასრულის პროგნოზი, ისევე როგორც 1984 წლის მთავარ მოვლენას ჯორჯ ორუელის რომანის  „1984“–ის პროგნოზის განუხორციელებლობა შეადგენდა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ამ რომანში აღწერილი ტოტალიტარული მმართველობის მოდელი უნდა გაბატონებულიყო. დანტო აქვე ამბობს, რომ პროგნოზის გაბათილებამ ეს რომანი მხოლოდ ლიტერატურულ კონცეფტად აქცია, სადაც პოლიტიკური კატასტროფის მხოლოდ მხატვრულ ვერსიასთან გვაქვს საქმე. სამყაროს დასასრულის მხატვრული ვერსიები კი სად პოულობენ მუდმივ წყაროს ინსპირაციისათვის და კიდევ რამდენ ვარიანტს შემოგვთავაზებენ, ამაზეც სავარაუდოდ უსასრულოდ შეიძლება ვიმსჯელოთ. ერთ–ერთ ამგვარ მაგალითად გამოგვადგება წელს თანამედროვე ხელოვნების კიევის პირველი ბიენალეს თეორიული დისკუსიების მონაწილის –  მწერლისა დაკრიტიკოსის ბორის ბუდენის საკმაოდ სახალისო ფანტაზია სამყაროს დასასრულის თემაზე, სადაც ისევ ზემოთ ხსენებული დემიან ჰირსტი ფიგურირებდა.  სამყაროს, ანუ ადამიანთა მოდგმის დაასასრული მისი ვერსიით შეიძლება ნიშნავდეს ბუნების გამარჯვებას ადამიანებზე და აქ  ისეთ ფანტაზიასაც ექნება ადგილი, სადაც ექსპონატად თავად დემიან ჰირსტის ფორმალდეჰიდში ჩადებული გვამი მოგვევლინება, ჩაძირული ოკენის სიღრმეში, ხოლო მაყურებლები კი ზვიგენები იქნებიან.