Young Lions Competitions 2017
თათია კარიაული
 
თარიღი: 28/04/2017
კატეგორია: ლიტერატურა

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის „Cannes Lions 2017”-ის ახალგაზრდული შესარჩევმა კონკურსმა, თბილისში სტარტი 1-ელ აპრილს აიღო.

ახლაგაზრდული კონკურსი საქართველოში უკვე მესამეწელია ტარდება. წელს საქართველომ 5 კატეგორიაში მიიღო მონაწილეობა და კრეატივსა და მარკეტინგის ინდუსტრიაში მოღვაწე ახალგაზრდები ერთმანეთს: დიზაინის, ბეჭდური რეკლამის, ციფრული კამპანიის, ვიდეო რეკლამისა და ახალგაზრდა მარკეტერის კონკურსში შეეჯიბრნენ.  

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდა 3 გამარჯვებული, მათ შორის პირველი ადგილის მფლობელები გაემგზავრებიან კანის კრეატიულობის ფესტივალზე და მსოფლიო რჩეულებს შეეჯიბრებიან.

Young Lion-ის კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. თავდაპირველად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება ყველაზე კრეატიული ახალგაზრდების შიდა კონკურსი სხვადასხვა კატეგორიებში და მონაწილები საკუთარ კომპანიას წარმოადგენენ, მეორე ეტაპზე კი კონკურსი მიმდინარეობს კანში, სადაც ყველა გუნდი საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს და ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გუნდის გამოვლენა! გუნდებს ეძლევათ რეალური ბრიფი საქველმოქმედო ან სოციალურ თემატიკაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის საქართველო მონაწილეობს კანის ახალგაზრდული შეჯიბრში, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. წინა წელს, ახალგაზრდა მარკეტერის ქართველმა მონაწილეებმა young marketer-ის კატეგორიაში გაიმარჯვეს და საპატიო ოქროს მედალი დაიმსახურეს.

ქვემოთ, გაგაცნობთ წლევანდელ გამარჯვებულებს და მათ ნამუშევრებს ვინც წელს კანში საქართველოს სახელით გაემგზავრება.

კანის ფესტივალის წარმომადგენლისა და ახალგაზრდული შეჯიბრის ორგანიზატორის ლევან ლეფსვერიძის თქმით: „წელს, მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ჩართულობა, რადგან ახალი სააგენტოები იყვნენ წარმოდგენილი კონკურსზე. ძველებიც იყვნენ, მაგრამ უფრო მეტი მონდომებითა და პასუხისმგებლობით, შესაბამისად, ნამუშევრების დონე იყო გაზრდილი, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ფესტივალის ხარისხიანად ჩატარება. ახლა ვიმედოვნებთ, რომ ამ გუნდებით, კანში მოვიგებთ იმიტომ, რომ ყველაფერი გვაქვს ამისთვის“.

 

PRINT-ის კატეგორია:

კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ სოციალური თემატიკის ბეჭდური რეკლამა, რომლითაც, მოუწოდებდნენ კორპუსების მცხოვრებლებს, გაფრთხილებოდნენ იმ საერთო სივრცეებს, რომლებსაც იზიარებენ მეზობლებთან.

I ადგილი: McCann Erickson – დავით მჭედლიშვილი, ხატია არველაძე;

 

CYBER-ის კატეგორია

ბრიფის მიზანი იყო გუნდებს ადამიანებისთვის შეეხსენებინათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმება.

I ადგილი: Leavingstone – პავლე გაბრიჭიძე, ანუკი კონიაშვილი;


 

Young Marketers-ის კატეგორია

მონაწილე ბრენდების წარმომადგენლებს, 12 საათის განმავლობაში, უნდა გამოეგონებინათ ახალი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც თავისი არსით, მიმართული იქნებოდა თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისკენ.

I ადგილი: BOG Creative – ანა მარკოზაშვილი, ნინო უნგიაძე;


 

DESIGN-ის კატეგორია

კონკურსანტებს, 24 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ნიშანი, რომელიც ამა თუ იმ სივრცის ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის ადაპტირებას აღნიშნავდა.

I ადგილი: Windfor’s – ინგა სვანიძე, ნიკა მონასელიძე;

FILM-ის კატეგორია

კონკურსანტებს, 48 საათის განმავლობაში, უნდა შეექმნათ ვიდეორეკლამა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შეახსენებდა სამოგზაურო დაზღვევის მნიშვნელოვნებას.

I ადგილი: Windfor’s – ბექა მეფარიშვილი, სანდრო ნაკაშიძე.