გაუმარჯოს ცოცხალ ხელოვნებას!
არტარეა
 
თარიღი: 14/05/2017
კატეგორია: ლიტერატურა

"Viva Arta Viva" - ამ დევიზით გაიხსნა 13 მაისს იტალიის ქალაქ ვენეციაში მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული, 122 წლის სახელოვნებო გამოფენა - ვენეციის 57-ე ბიენალე, რომელიც 26 ნოემბრამდე გასტანს.

წლეულს გამოფენის მთავარი თემაა ხელოვნება, როგორც ასეთი და ხელოვანი. „ბიენალე მიესალმება ხელოვნებას და ხელოვანებს“, - განაცხადა გახსნისას ვენეციის ბიენალეს პრეზიდენტმა პაოლო ბარატამ. პოლიტიკა, რომელიც წინა გამოფენის თემა იყო, დღის წესრიგიდან მოიხსნა და ამჯერად მთავარი აქცენტი ხელოვანებსა და პუბლიკას შორის დიალოგზე კეთდება.

ვენეციის ბიენალეს დევიზი "Viva Arta Viva" ითარგმნება, როგორც: „გაუმარჯოს ცოცხალ ხელოვნებას!“ - კურატორ კრისტინ მარსელის, პარიზის პომპიდუს ცენტრის წარმომადგენლის ჩანაფიქრით, წლევანდელი გამოფენა იქნება ხელოვნებისადმი მიძღვნილი ოდა და მგზნებარე მოწოდება, რათა ყურადღება მიექცეს ხელოვანებსა და მათ საზრუნავებს. კრისტინ მარსელი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი მეოთხე ქალია ბიენალეს მთელი ისტორიის მანძილზე.

გამოფენაში 51 ქვეყნის 121 წარმომადგენლი მონაწილეობს. მათი შემოქმედებითი ბიოგრაფიების გაცნობა ოფიციალურ გახსნამდე იყო შესაძლებელი საიტზე განთავსებული მოკლე ვიდეორგოლების მეშვეობით, სადაც ისინი საკუთარ თავსა და შემოქმედებაზე ჰყვებიან.

ცენტრალური გამოფენის გარდა, რომელიც Arsenale di Venezia-შია წარმოდგენილი, უზარმაზარ ინტერესს იწვევს ჯარდინის საჩოგბურთო პარკში განლაგებული ეროვნული პავილიონები, რომელთა რიცხვი წლეულს 80-ს აჭარბებს.

*ფოტო მარია ნიტულეშუ, არტისტი ვაჟიკო ჩაჩხიანი, ქართული პავილიონი

ვენეციის ბიენალეზე საქართველო ეროვნულ პავილიონს 1997 წლიდან წარადგენს. წლეულს  საქართველოს პავილიონი გაიხსნა ინსტალაციით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“. ინსტალაციის ავტორია  გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანი ვაჟიკო ჩაჩხიანი, კურატორი - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ჯულიან ჰეინენი.

ვაჟიკო ჩაჩხიანი 1985 წელს დაიბადა თბილისში, სწავლობდა გერაიტ რიტფელდის აკადემიაში ამსტერდამში, აუდიოვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტზე და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK). ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს.

პროექტის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მწერალი ჯულიან ჰეინენი 2003–2005 წლებში ვენეციის ბიენალეზე გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი იყო, 2008 წელს კი - შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ამჟამად ისიც ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს.

ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაციის დასახელება - „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ - ავტორის თქმით, ანტიკური მითოლოგიის თავისუფალი ასოციაციაა: ადამიანს მძიმედ აწევს სოციალური, პოლიტიკური და ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც ცხოვრების მისეულ აღქმაზე ახდენს ზეგავლენას.

ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი ოდა, რომელსაც ვაჟიკო ჩაჩხიანმა იმერეთში, ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მიაკვლია. ხელოვანმა მიტოვებული პატარა ხის სახლი დაშალა და ვენეციაში საქართველოს პავილიონში თავიდან ააგო, თან ავეჯით, სურათებით და უბრალო, ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით გააწყო. სახლის შიგნით ავტონომიური საირიგაციო სისტემა გადაუღებელი წვიმის სიმულაციას ახდენს. ინტერიერი სუსტი ყვითელი შუქითაა განათებული, რომელიც სახლის ფანჯრებში მოჩანს.

ხელოვანის განმარტებით, ბიენალეს მიმდინარეობის მთელი ექვსი თვის განმავლობაში მუდმივი რწყვის შედეგად ინტერიერი ნელ-ნელა შეიცვლება: ზოგი ნივთი განადგურდება, ზოგზე ხავსი ამოიზრდება... ექსტერიერი კი, პირიქით, უცვლელი დარჩება.

ვაჟიკო ჩაჩხიანი ბიენალეზე მეორე პროექტსაც წარადგენს: თავის ბოლო ფილმს - „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა“.

 

რაც შეეხება სხვა პავილიონებს, რამდენიმეს გამოვყოფთ:

 

„ხვალ - სხვა დღეა“, მარკ ბრედფორდი, აშშ

 

წლეულს ვენეციის ბიენალეზე აშშ-ის ეროვნული პავილიონის ავტორია კალიფორნიელი მხატვარი მარკ ბრედფორდი. 55 წლის ხელოვანი ცნობილია თავისი აბსტრაქტული ტილო-კოლაჟებით, მასშტაბური ინსტალაციებითა და ამერიკაში რასობრივი დისკრიმინაციის თემის კვლევით.

“ხვალ სხვა დღეა არის კულმინაცია ჩემი პერსონალური და შემოქმედებითი პროცესის, რომელსაც მივყავარ ამერიკის წარმოდგენის შესანიშნავ მომენტთან, მაგრამ ის ასევე ეხმიანება სირთულეებს, რომელსაც განიცდის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ცდილობს შექმნას საფუძველი და ფეხი მოიკიდოს,” ამბობს ბრედფორთი მის ნამუშევარზე ვენეციის ბიენალესთვის. “გამოფენა არ არის მხოლოდ ჩემზე, არამედ მათზე ვინც თავს ისე გრძნობს, თითქოს გარიყულია”.

ბიენალეზე ბრედფორდმა ასევე წარმოადგინა 6 წლიანი თანამშრომლობის შედეგი “კოლექტიური პროცესი”, კოლაბორაცია ვენეციის არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის მიზანია დაასაქმოს იტალიელი ყოფილი პატიმრები და დაეხმაროს მათსაზოგადოებასთან რეინტეგრაციაში.

 

„სტუდია ვენეცია“, ქსავიე ვეიანი, საფრანგეთი

*ფოტო ჯიაკომო კოსუა, არტისტი ქსავიე ვეიანი.

 

ფრანგი მხატვრის, სკულპტორისა და დიზაინერის, ქსავიე ვეიანის კონცეპტუალური გადაწყვეტით, საფრანგეთის პავილიონი ვენეციის 57-ე ბიენალეზე თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის შერწყმის ადგილად იქცევა. მისი ინსტალაცია „სტუდია ვენეცია“ ხმის ჩამწერი სტუდიის მსგავსად გაფორმდება, სადაც ყოველდღიურად მივლენ მუსიკოსები, ხმის რეჟისორები და ახალ მუსიკალურ მასალას შექმნიან. პროექტისთვის საჭირო  მუსიკალური ინსტრუმენტების ნაწილი თავად ქსავიე ვეიანმა გამოიგონა და დაამზადა.

 

„ცახცახებდეთ, ძრწოდეთ!“ - ჯეს ჯონსი, ირლანდია

ირლანდიური პავილიონი ვენეციაში ჯეს ჯონსის პროექტის მიხედვით იგება. ინსტალაციის ცენტრში ფილმის - „ცახცახებდეთ, ძრწოდეთ!“  დემონსტრაცია მიმდინარეობს. ფილმი ქალებს ეძღვნება და ერთგვარი ვარიაციაა ალქაჯების თემაზე. ჯეს ჯონსის პროექტის სახელწოდება წარმოადგენს სიმღერის ალუზიას, რომელსაც იტალიელი ქალები 1972 წელს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისას ასრულებდნენ: „ცახცახებდეთ, ძრწოდეთ, ალქაჯები დაბრუნდნენ!“

 

„კონტოლის დაკარგვა ვენეციაში“, ეგილ საიბერნსონი, ისლანდია


ისლანდიელი ეგილ საიბერნსონი თავისი ქვეყნის ეროვნულ პავილიონში ორ ანიმირებულ ტროლს - უგჰს და ბოგარს წარუდგენს დამთვალიერებელს. ავტორის ჩანაფიქრით, ისლანდიური ფოლკლორის მრისხანე პერსონაჟები კონტროლს აღარ ექვემდებარებიან და ბიენალეს სტუმრებს მათთან საერთო ენის გამონახვა მოუწევთ.

 

ანნე იმჰოფის პერფორმანსი, გერმანია


*ფოტო ნადინე ფრაცკოვსკი, არტისტი: ანნე იმჰოფი

 

გერმანული პავილიონის შექმნაზე სკულპტორმა და მულტიმედიურმა ხელოვანმა ანნე იმჰოფმა იმუშავა. გასულ წელს მან არტ-კრიტიკოსები გააოცა წარმოდგენით, რომელშიც ოპერა და თეატრი იყო შერწყმული. პროექტი Angst II  Berlin Art Week-ის ხელოვნების კვირეულის ფარგლებში უჩვენეს და მოზარდის ზრდის პროცესს, დაბალი თვითშეფასების პრობლემას და მოზარდობის პერიოდის კომპლექსებს ეძღვნებოდა.

ვენეციის 57-ე ბიენალეზეც  მან ნაცისტური ერის გერმანიაში ფაუსტის პერფორმანსი გვიჩვენა. მთავარი შესასვლელი გადაკეტილია ამბოხის საწინააღმდეგო მავთულხლართებით და მოდარაჯე დობერმანებით. ინსტალაციის შიდა ნაწილში მოთმინების დამკარგავი შუშის იატაკი თეთრ კედლებში მოქცეულ ოთახში პერფორმანსის არტისტები და დამთვალირებლები ერთმანეთში ირევიან.

წელს ანნე იმჰოფის პერფორმანსმა დაიმსახურა წლის “ოქროს ლომის” პრიზი და ჟიურიმ ის შეაფასა, როგორც “ძლიერი და შემაშფოთებელი ინსტალაცია, რომელიც სხვამს ძალიან კრიტიკულ კითხვებს ჩვენს დროში.”

 

****

დამთვალიერებელს ვენეციის 57-ე ბიენალეზე ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვანთა შემოქმედების გაცნობა ელოდება. ვნახოთ, აჯობებს თუ არა წლევანდელი ბიენალე წინა, 2015 წლის გამოფენას, რომელსაც 370 000 ადამიანი სტუმრობდა. ვარაუდობენ, რომ წლეულს ვენეციაში გამოფენის სანახავად 500 ათასი ადამიანი ჩავა.

 

ბოლოთქმა

ხელოვნების უმთავრესი და ყველაზე ხანდაზმული გამოფენა - ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა და, როგორც წესი, 2 წელიწადში ერთხელ იმართება (რამდენიმე გამონაკლისის გარდა. მაგ., 1942 წლის შემდეგ 6-წლიანი პაუზა იყო მეორე მსოფლიო ომის გამო). პირველ ბიენალზე 16 ხელოვანის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. მას შემდეგ უყრის თავს ეს მასშტაბური არტ-მოვლენა ყველაზე ექსცენტრიკულ და ნიჭიერ თანამედროვე ხელოვანებს, იწვევს საზოგადოებაში დისკუსიებს, სკანდალების, პროტესტების და შთაგონების წყაროდ იქცევა. დაფუძნების დღიდან ბიენალეს პრესტიჟი სწრაფად გაიზარდა და საერთაშორისო მასშტაბებს მიაღწია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს ვენეციის სახელოვნებო გამოფენის რეგულარული ჩატარება განახლდა და გამოფენა საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ავანგარდის პლატფორმად იქცა.  

თავის დროზე ვენეციის ბიენალზე წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები გუსტავ კლიმტმა, ანრი მატისმა, ამადეო მოდილიანიმ, ჯორჯო დე კირიკომ, სალვადორ დალიმ, ჯექსონ პოლოკმა, დემიენ ჰერსტმა და დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილმა სხვა მხატვრებმა.