შეგრძნების ხუთი (?) უნარი
გაგა ლომიძე
 
თარიღი: 22/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ გაგა ლომიძე

 

შეგრძნების ხუთი (?) უნარი

 

ნეტავი დაბადებისას შეგრძნების უნარებიდან პირველად რომელი აქტიურდება? ან იქნებ ყველა ერთად იწყებს მოქმედებას? და ეს ხუთი ტიპის შეგრძნებაა თუ არა, რომლებზეც არისტოტელე თხზულებაში “ცის შესახებ” საუბრობდა და თან შეგრძნების ორგანოებს სხვადასხვა ელემენტს უფარდებდა?

 

მზერა, რომელიც ცეცხლიდან მომდინარეობს და აქედან გამომდინარე, მზესთან კავშირშია, რისი ნაკვალევიც თვითონ სიტყვა “მზერაშიც” ამოიკითხება; და თუკი პლატონსა და ნეოპლატონიკოსებს დავუჯერებთ, ისინი ერთმანეთს უკავშირდება, რადგანაც “მსგავსი მსგავსით შეიცნობა”; ისევე როგორც ცეცხლი და სიცოცხლე უკავშირდება ერთმანეთს ფუძით “ცხ”, როგორც დასაწყისი.

 

სმენა, რომელიც ზედა სამყაროების ჰაერიდან, ე.წ. მეხუთე ელემენტიდან, ეთერიდან მომდინარეობს და რომლითაც ღმერთები სუნთქავდნენ.

 

ყნოსვა, რომელიც მომდინარეობს ქვედა სამყაროების ჰაერიდან.

 

გემო, რომელიც მომდინარეობს წყლიდან;

 

და შეხება, რომელიც მომდინარეობს მიწიდან, რომლის აღმნიშვნელი სიტყვის მრავალგზის წაკითხვისას ერთმანეთში აირევა “მიწა” და “წამი”, რადაც ჩვენ მიერ დანახული სამყარო შეგვიძლია მონაკვეთებად დავყოთ, თვალის დახამხამების, ანუ “წამწამების” (წამი+წამი) საშუალებით.

 

დღეს მიღებულად არისტოტელესეული ვერსია ითვლება, თუმცა შეიძლება ამაზე ბევრად მეტი შეგრძნება არსებობდეს, რაზეც არისტოტელემდე პლატონი მიუთითებდა.

 

ასეა თუ ისეა, თითოეული შეგრძნების “აღმოჩენა” ადამიანში ხელახალი დაბადების განცდას გამოიწვევდა - სავარაუდოდ, ნებისმიერი გრძნობისგან განსხვავებულს, შეუდარებელს.

 

ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმში “არტისტი”, სადაც, ერთი მხრივ, ხმის აღმოჩენის მეტაფორა მაყურებელში ემოციის აღძვრის ეფექტზეა გათვლილი. მეორე მხრივ, მუნჯი კინოდან ხმოვან კინოზე გადასვლის ხანაში მუნჯი კინოს ვარსკვლავის დრამის ფონზე, ადამიანის განვითარების ეტაპების მეტაფორაცაა წარმოდგენილი, როდესაც ადამიანი აღმოაჩენს, რომ თურმე ის სულაც არ ყოფილა სამყაროს ცენტრი. ფილმში ხმა პირველად შემოდის სიზმრის სახით, როდესაც ჟან დიუჟარდენის გმირი სარკის წინ ზის. საერთოდაც, “არტისტში” ხშირად ჩნდება სარკე.

 

 

ალბათ, ჟაკ ლაკანისეული ეს მეტაფორაც არაა შემთხვევითი. ლაკანი “სარკის სტადიას” ეძახდა ჩვილის განვითარების იმ საფეხურს, როდესაც ჩვილი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს საკუთარ სხეულს, როგორც მთლიანობას და ვერ ფლობს საკუთარ მოძრაობებს. ამ პერიოდში ბავშვი საკუთარ სხეულს ფრაგმენტულად აღიქვამს, იმ ნაწილების სახით, რომელიც მისი ხედვის არეში ექცევა.

 

ლაკანის სარკის თეორიის ჭეშმარიტებაში ბოლომდე დავრწმუნდი, როცა მეგობარმა თავისი შვილის “უცნაური” საქციელის შესახებ მითხრა - ზუსტად ისე, როგორც ლაკანი წერდა: ბავშვს სახესთან ახლოს მიაქვს ხელი, რომ დაინახოს ის და შემდეგ შეშინებული იშორებს მას, რადგან არ იცის, რომ ეს მისი ხელია. ამ ასაკში ბავშვი წარმოსახვით წარმოიდგენს საკუთარ “მე”-ს, როგორც მთლიანობას, რამდენადაც სხვა ადამიანებს, როგორც მთლიანობებს, აღიქვამს. ამავე დროს, ბავშვი სარკეში ხედავს საკუთარ გამოსახულებას და ისევ შორდება სარკეს, რომ აღარ ხედავდეს თავის ანარეკლს, რაც მას არწმუნებს, რომ ისიც ისეთივე პიროვნებაა, ისეთივე მთლიანობა, როგორც სხვა. სწორედ ამ დროს, ლაკანს შემოაქვს მცდარი აღქმის ცნება, რაშიც ბავშვის მიერ სარკეში დანახული გამოსახულების, როგორც “მე”-ს იდენტურობის აღქმას გულისხმობს - ლაკანის აზრით, ბავშვი და სარკეში მისი ანარეკლი ერთი და იგივე არ არის. ამ მცდარ აღქმას კიდევ უფრო ამყარებს ბავშვის გვერდით მყოფი ადამიანი, როდესაც არწმუნებენ მას, რომ გამოსახულება სარკეში ნამდვილად ისაა. ამ მცდარი აღქმის შედეგად წარმოიქმნება ეგო-ს, “მე”-ს განცდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს სრულყოფილად წარმოისახავს, რითაც დედის სხეულთან თავდაპირველი ერთიანობის, მთლიანობის განცდის დაკარგვას ანაზღაურებს.

 

 

ასეა “არტისტშიც”, სადაც არაერთხელ ვხვდებით პირდაპირ თუ ირიბ მინიშნებას ჟან დიუჟარდენის გმირის საკუთარი თავით ზედმეტად მოხიბვლაზე, ტკბობაზე თუ საკუთარ “მე”-ზე კონცენტრირებაზე, როდესაც ის თითქოს ვერც კი ამჩნევს სამყაროს მის გარშემო. და სანამ არ იღებს სამყაროს, მანამ არც სამყარო იღებს მას.

 

თუკი “არტისტში” ახალი შეგრძნება სმენის, ხმის გზით შემოდის, ილია ჭავჭავაძე “გლახის ნაამბობში” შეგრძნების უნარებს კიდევ ერთს - გულისყურს უმატებს: “..თვალი მქონია - მინახავს, ყური მქონია - მსმენია. გულისყური მქონია - მივხვედრილვარ..”, რაც ალბათ ნიშნების სწორად წაკითხვის უნარია; ანუ ის სიგნალები, რაც ეთერული სამყაროდან მოდის, გულის/გრძნობის საშუალებით ხდება აღსაქმელი და რაც იგივე ინტუიციაა. ილია ჭავჭავაძის ამ მოთხრობაში დათიკო ზუსტად ასევე საკუთარ თავზე კონცენტრირებული პერსონაჟია და თითქოს აქვე მიგვანიშნებს, რომ ასეთი დამოკიდებულება ვერასოდეს გახდება უკეთესი სამყაროს საფუძველი. “პატარა ჯუჯრუტანას” და “უშველებელი სარკმლის” დაპირისპირებაც ამ რიგის მეტაფორაა ილიას წერილიდან აკაკი წერეთლისადმი, სადაც თითქოს ინტროვერტულ და ექსტრავერტულ ხედვებს შორის განსხვავების ჩვენების ფონზე დაგვანახებს, როგორი მსოფლხედვაა უკეთესი.

 

ბოლოს და ბოლოს, სამყარო ხომ ერთიანი, მთლიანი ორგანიზმია და ჩვენი პლანეტის ერთ წერტილში მიმდინარე თუ მომხდარმა მოვლენამ სულ სხვა წერტილში შეიძლება იპოვოს გამოძახილი, თუკი ერთი წერტილი “დაავადდა”, აუცილებლად შეეცდება, რომ მთლიანი ორგანიზმი დააავადოს. ამიტომაც აჯობებს, რომ არც თხა მივუშვათ ვენახთან, არც მგელი მივუშვათ თხასთან, ნურც თოფს მივუშვერთ მგელს, რომ “თხა და ვენახის” ტიპის მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვში არ ჩავებათ.