„სიყვარული ძაღლია ჯოჯოხეთიდან“
ალექს ჩიღვინაძე
 
თარიღი: 24/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ ალექს ჩიღვინაძე

 

 

„სიყვარული ძაღლია ჯოჯოხეთიდან“

 

 

ა) როცა ზაფხულის ქალაქში მიდიხარ, გგონია რომ არსად არაფერი არ ხდება. ან რა უნდა მოხდეს,  როცა შეიძლება ჰაერიც კი გახმეს და ფილტვებში ჩაგემსხვრეს. სიცხე სულს გიხუთავს და გონივრული რეკომენდაცია - სადმე გრილი ადგილის პოვნა, თავის შეყოფა და არ გამოყოფა შუაღამემდე... უნდა დაჯდე ბართან, დაიდგა ყინულებით გაძეძგილი ჭიქა და მიმტანის მოხდენილ უკანალს მიაშტერდე.

 

ეს დღეც ზუსტად შეესაბამებოდა ამ აღწერას, რომ არა ერთი ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შემთხვევა. გამოვიდა ჩარლზ ბუკოვსკის ლექსების კრებული, რომელშიც ჩემი, ზაზა კოშკაძის და ლევან კავლელის (წიგნიც მანვე დაბეჭდა) თარგმანებია შესული. ბებერი ბუკის  პატარა თეთრი წიგნი.

 

რამდენიმე წლის წინ მეგობართან ერთად თურქეთში გახლდით. ერთი ზღვისპირა სოფლის კოხტა კოტეჯში დავსახლდით. ოთახში წიგნის თაროზე აღმოვაჩინე ჩარლზ ბუკოვსკის თურქული თარგმანი. საღამოს დიასახლისმა ვახშამზე მიგვიპატიჟა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით. რა შეედრება კარგად მომზადებულ თევზს, სალათას, პაწაწინა, მწარე წიწაკებს, მწვანე ზეთისხილს და ჯანდაბა, იყოს მერე თუნდაც რახი, ყველაზე უგემური არაყი. ჰოდა, ვახშამზე, სხვათა შორის ვახსენე, რა კარგია, თქვენს თაროზე ჩემი საყვარელი მწერლის, ბუკოვსკის, თარგმანი აღმოვაჩინე-მეთქი. რაზეც ქალმა, (სხვათა შორის, ფილოლოგი გახლდათ) მომიგო: სამწუხაროდ ძალიან გვიან ვთარგმნეთ, ოთხმოციან წლებშიო. 

 

რა უნდა მეთქვა? ოცდამეერთე საუკუნეა და საქართველოში ჯერაც არ გვითარგმნია-მეთქი? შემრცხვა რაღაცნაირად. თან მარტო ბუკოვსკი?  ქართულად მარსელ პრუსტი, ჰენრი მილერი, ბორხესი და ბევრი სხვა ისეთი მწერალიც არ არის თარგმნილი, ვის გარეშეც დღეს წარმოუდგენელია მეოცე საუკუნის ლიტერატურა. მაგრამ წუწუნს რომ შევეშვათ და ისევ ბუკოვსკის მივუბრუნდეთ.

 

საკულტო, მოდური - ასეთ სიტყვებს ხმარობენ მის დასახასიათებლად. რამდენიმე რომანი, უამრავი მოთხრობა და ლექსი, დაწერილი ზედმეტი სიტყვების გარეშე, ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ამერიკელი მწერალი ევროპაში. საზიზღარი,  აუტანელი, დოღზე მოთამაშე (ცხენებო, ნუ დადებთ ადამიანებზე და მეც შეგეშვებით), კლასიკური მუსიკის მოყვარული (მის ტექსტებში კლასიკური მუსიკის ათასობით ლინკია თავმოყრილი), კრივი (ერთ მოთხრობაში თავად ჰემინგუეისაც გაუერთიანებს თავ-ყბას) და ათიათასობით ბოთლი ვისკი, ასიათასობით ქილა ლუდი, რომანტიკოსი სექსისტი, გულჩვილი...

 

24 წლის იყო როცა პირველი მოთხრობები გამოუქვეყნეს. რის შემდეგაც დადგა 10 წლიანი ლოთობის პერიოდი. პარალელურად წერდა. დროს თანაბრად ყოფდა ბარებსა და ბიბლიოთეკებს შორის. ლი ბო უყვარდა ჩინელი პოეტი. ამბობდა რომ ოთხ სტრიქონში იმდენის გადმოცემას ახერხებდა რამდენის გადმოცემასაც გრძელ-გრძელი პოემებითაც ვერ ახერხებენ. და თვითონაც ასეთივე უბრალოებით, პირდაპირ, შეულამაზებლად გადმოსცემდა, ჰყვებოდა, ტიროდა, დაეხეტებოდა, ათას ადგილას მუშაობდა, განიცდიდა, კვდებოდა, თვრებოდა, დასცინოდა, თანაუგრძნობდა და უყვარდა... მაგრამ ალბათ რაც არ უნდა დაწერო ბუკოვსკიზე,  უკეთ მასზე აზრს, მისივე ერთი მოთხრობის ან ლექსის წაკითხვა შეგვიქმნის.

 

ბ) „ბებერმა, ჭაღარა ოფიციანტებმა

უარი თქვეს მასზე

ღამით კაფეში

როცა მე მივდიოდი

განათებულ ბარდიურზე

და ვიხედებოდი

ამ ღვთისგან მივიწყებულ კაფეებში

ვხედავდი რომ მათ ის დაკარგეს.

 

მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მართავენ მანქანებს

და იმის მიხედვით თუ როგორ მართავენ მანქანებს

ვხვდები, რომ მათ არავინ არ უყვართ

და არავის არ უყვარს ისინი

და სექსიც კი აღარ აინტერესებთ

და ეს ყველაფერი დავიწყებულია,

როგორც ძველი ფილმი.

 

მე ვხედავ ადამიანებს სუპერმარკეტებსა თუ უნივერმაღებში

რაღაცას ყიდულობენ

გასასვლელისკენ მიიჩქარიან

და იმით თუ როგორ აცვიათ

როგორ მოძრაობენ

მათი სახეების თუ თვალების მიხედვით

ვხვდები რომ არავისთან არა აქვთ საქმე

და არავის აქვს საქმე მათთან.

 

ყოველდღე ვხვდები

ასობით, აბსოლუტურად

გატეხილ ადამიანს.

 

იპოდრომებზე და სხვა სპორტულ შეჯიბრებზე

ვხედავ ათასობით ადამიანს

და არავის თანაუგრძნობენ

და არავინ თანაუგრძნობთ მათ.

 

მე ყველგან ვხედავ ადამიანებს

რომელთაც სჭირდებათ საჭმელი,

სისხლი და ტანსაცმელი

და ისინი მუდამ ამაზე არიან კონცეტრირებულნი

და არაფერზე ოცნებობენ.

 

მიკვირს როგორ არ ქრებიან

ეს ადამიანები

არ მესმის, რატომ არ კვდებიან

ან რატომ არ კლავთ მათ ღრუბელი

რატომ არ კლავენ მათ ძაღლები

რატომ არ კლავენ ბავშვები და ყვავილები

არ მესმის

 

მაგრამ ალბათ ისინი უკვე მოკვდნენ

მაგრამ მაინც ვერ ვეჩვევი

მათთან ყოფნას

იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან

 

და ყოველ დღე

და ყოველ ღამე

ისინი სულ უფრო და უფრო

მეტნი ხდებიან

მეტროებში და

სახლებში და

პარკებში.

 

მათ არ ეშინიათ

რომ არ უყვართ

და არავის არ უყვარს ისინი.

 

ჩემი თანამოძმეების

ჭრელი, ჭრელი,

ბრბო.“

 

 

გ) მხედველობაში მივიღე თითქმის ცარიელი, გახუნებული, მწვანე პეიზაჟი. სისხლში მივიღე რამდენიმე მილიგრამი დამამშვიდებელი საშუალება. მოვდუნდი და დავივიწყე, რომ შეიძლება არსებობდეს დრო და მოძრაობა. თუმცა ვერაფერს დაუმტკიცებ საკუთარ თავს. ვერც იმას რომ არსებობ, ვერც იმას რომ არ არსებობ. ზუსტად ისე, როგორც სიზმარში - თან არსებობ, თან არა, იქ სადაც დამსხვრეული ჭაღებია და არაბუნებრივი ფერის სითხით სავსე ჭიქები და სანთლით განათებული კედლებია და საკუთარ ჩრდილებზე  ბავშვობის დროინდელ ფოტოებს ვაკრავთ. ქოფაკი გვკბენს  მკლავზე და ძაღლია ისეთი თბილი, რომ ვეხუტებით და მისი კბილები იხსნება სისხლში.