დედა, ენა!
შოთას სხვენი
 
თარიღი: 29/08/2012
კატეგორია: სტატია

 

 

 

@ შოთას სხვენი

 

 

დედა, ენა!

 

 

„სახლში პირველად ტუალეტი კეთდება“.

უცნობი პრარაბი

 

 

ჰაიდეგერი ამბობდა, რომ ენა ყოფიერების სახლია. თუმცა, მისი რწმენით, ენა გაცვეთილია სიტყვების ხშირი ხმარების გამო და იგი არ გამოგვადგება ყოფის (Sein) სიღრმისეული შესწავლისთვის. მაგალითისთვის, Sein – თვით სიტყვა „ყოფა“– იმდენი  მნიშვნელობითაა გაჯერებული, რომ იმის აზრზეც ვერ მოხვალ, ამ სიტყვის ხსენებისას რაზე საუბრობ.

 

ფრივოლური განმარტების უფლებას მივცემ თავს და ვიტყვი, რომ სიტყვები შენი აზრის ტანისამოსია. თუ შენ გევასება შენი ბოტასი და ამ ბოტასს იცვამ ხშირად, ყველა სიტუაციაში – ერთ დღესაც, როცა ვინმე მადისაღმძვრელი გოგო/ბიჭი პაემანს დაგინიშნავს, შენ კი ამ დღისთვის, რა თქმა უნდა, გაიზმანები ყველაზე მაგარში, რაც გაქვს, რათა გაიბრწყინო მიჯნურის წინაშე ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, აღმოაჩენ, რომ ბოტასი კი მაგარია, კი სწორად შეარჩიე, მაგრამ დღეს აღარ ვარგა, ვერ წარმოგაჩენს მთელი შენი მოჯოთი.

 

 

გაცვეთილი სიტყვებით ნაშასაც ვერ შეკერავ და თვით ჭეშმარიტების შეკერვაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ჰაიდეგერისგან ვიცით, რომ მყარი ენის ქონა კონტინენტალური ფილოსოფოსისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ენაყლიანი სიყვარულის ფილოსოფოსისთვის.

 

პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ენას ხელოვნურად ვერ შექმნი. შექმნი რაღაც ჰიპოთეტიკურ ენას, როგორც, მაგალითად ჟანრული პროზის საკულტო ფიგურამ – ტოლკინმა შექმნა 20-ზე მეტი სრულყოფილი ენა, როგორც ზამენჰოფმა შექმნა ესპერანტო, ან უფრო ადრე, ჟან ფრანსუა სიუდრმა მუსიკალური ენა – სოლრესოლი. მაგრამ გავარტყი იმ ენას, რომელზეც ერთი კარგი ლექსი არ დაწერილა. ასეთი ენის სიტყვები უძლურია, რაც არ უნდა ზუსტი დეფინიცია ჰქონდეს. ვგრძნობ, ეს იცოდა მაიაკოვსკიმ, როცა ამ უკანასკნელ, დაუმთავრებელ და უსათაურო ლექსს წერდა (თარგმანი ჩემია):

 

მე ვიცი სიტყვის ძალა,  მე მესმის სიტყვის ზარი.

ეს ის ხმა არ არი, ლოჟებიდან რომ ისმის.

მსგავსი სიტყვების გამო, საფლავებს აპობს ბზარი
და კუბოების ჯარი მუხის ფეხებით იძვრის.
ხდება აგდებენ, არ დაბეჭდავენ, არ გამოსცემენ

მაგრამ სიტყვები რეჩხით მირბიან, თავგამეტებით.

დრონი მოფრენენ, მატარებლები მოსრიალებენ

რომ პოეზიის ხელებს, კოჟრიანს, უსვან ენები. 

 

იდეალურ ენას ხელოვნურად ვერ შექმნი და იგი ვერც ბუნებრივად განვითარდება იმ მდგომარეობამდე, როცა ლექსიკონს დავხურავთ და ვიტყვით – არც ამაზე მეტი გვჭირდება, არც ნაკლები.

 

ენა უსასრულობამდე გრძელი პროცესია, რომელიც მოძრაობაში უნდა შევიყვაროთ, როგორც სტრიპტიზის მოცეკვავე. როგორც კი გაჩერდება – მისდამი ინტერესი დაიკარგება – ლათინურივით; როგორც კი შენს ჭკუაზე დაიწყებს სიარულს, მაშინვე ქორეოგრაფიული სკოლის ოსტატობიდან – ბოზობამდე ჩამოქვეითდება – დღევანდელი ბიუროკრატიული ქართულივით, როცა ჟურნალისტით დაწყებული, პატრულის ოფიცრით დამთავრებული ზმნას ყველა პასივში ხმარობს, რათა საკუთარ მოქმედებას თუ არსებობას მეტი წონა შესძინოს („განვახორციელე ჩართვა“, „მოვახდინე გასროლა“).

 

ცდებით, თუ გგონიათ რომ ახლა გადაღრძუებული ფილოლოგივით ვიქოთქოთებ – არიქა, ენა ქართული, როგორ ლაპარაკობ, რას უშვები ამას ენასა, რომელსაც ლაზარე ჰრქვიანო. გამომშრალი ენა სიამოვნებას არ მანიჭებს. მკაწრავს. მე ცოცხალ, არახელოვნურ ენაზე ვსაუბრობ, ენაზე, რომლითაც ყოფიერების სახლს ვიშენებთ, ენაზე, რომლისაც სწამდა სიტყვაკაზმული ენის პელე მაიაკოვსკის და სწამდა აკადემიური ენის მარადონა ჰაიდეგერსაც. ამ უკანასკნელმა ააგო ენის თეორია, სადაც ცენტრალური ადგილი სამეტყველო ენას უკავია. მას სჯეროდა რომ მეტყველება (საუბარი, მოსმენა, სიჩუმე) ენის ყველაზე არსებითი და წმინდა ფორმაა.

 

თუ ენის ჭირისუფალი ბებერი ფილოლოგი არ ვარ, აბა, რატომ წამოვიწყე ეს საუბარი? გეტყვით. ბოლო დროს ჩვენში აქტუალური გახდა ენის რეგლამენტირების საკითხი. სამეტყველო ენისთვის ჩარჩოს მოძებნა, პოლიტკორექტულობა. კანონით ავკრძალოთ „სიძულვილის ენაო“, – იძახიან ლიბერალები. რა თქმა უნდა, სიძულვილის ენა გოიმობაა; უბრალოდ ფარჩაკი ხარ, როდესაც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ეთნიკური, რელიგიური, ნაციონალური, გენდერული და ა.შ. ნიშნით ამცირებ, მაგრამ სიგოიმისთვის და სიფარჩაკისთვის ციხეში რომ სვამდნენ, მოდი გამოვტყდეთ, ყველას მოგვიწევდა ნარის ხეხვა ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ზღვის ქაფიდან არავინ ვიბადებით. ჩემი ღრმა რწმენით კი, ციხე ფარჩაკს უფრო აფარჩაკებს და გოიმს უფრო აგოიმებს. თანაც, ძალიან ვიფოფრები, როცა ვიღაცის სახლზე, თუნდაც მის დაულაგებელ და აყროლებულ ნაწილზე მიაქვთ იერიში.  

 

ერთხელ რეესტრში მივედი, დაკარგული პირადობის მოწმობის აღდგენა მინდოდა და გვერდით იდგა ოჯახი – ცოლ-ქმარი და სამი ბავშვი. მგონი ჩინელები იყვნენ, მაგრამ თავს ვერ დავდებ. მოკლედ, აზიელები – სუბორდინაციის მოყვარული ხალხი.  

 

ძალიან საინტერესო სცენა გათამაშდა: ქმარმა რაღაცაზე შეუღრინა ცოლს, ცოლმა უფრო ხმამაღლა დაუცაცხანა უფროს გოგოს და თან თავში წამოარტყა, უფროსმა გოგომ ხელი კრა შუათანას. შუათანა უკან დაეჯახა ყველაზე პატარას (ასე 4-5 წლის იქნებოდა პატარა), მერე შებრუნდა მისკენ და ლამის წიხლებით შედგა.


ძალიან მკაფიო მეტაფორა იყო: სახელმწიფო აწყენინებს ვიღაცას და ეს წყენა ჯაჭვური რეაქციით გადადის ქვევით, იერარქიების მიხედვით და ბოლოს, სიჩქარეაკრეფილი ასკდება ყველაზე სუსტს. 

 

ამ სცენას ძალიან ხშირად ვხედავ. ტლანქ შეტევებს ნაბოლარაზე. ჩვენს შემთხვევაში ეს ნაბოლარა ენაა, რომელიც იმაზე ოდნავ ძლიერ, მაგრამ საერთო გადმოსახედიდან თითქმის ყველაზე სუსტს – პოლიტკორექტულ ჰამქარს – უნდა რომ დაჩაგროს. იმიტომ რომ, თავად ყველასგან ჩაგრულს, მეტი დასაჩაგრი არავინ ყავს. ენაზე შეტევა ხომ კონკრეტულ სუბიექტზე, დიდ ძმაზე/დაზე შეტევა არაა. ნეიტრალური პრეტენზიაა, რომელსაც გამოთქვამ და დაელოდები, როდის იზამს უფრო დიდი ძმა იმას, რაზეც შენ ძალა არ გყოფნის.

 

ამგვარი საქციელი ძალიან სიმპტომატურია ზოგადად ლიბერალებისთვის, არა მხოლოდ პოლიტკორექტულობის სამამულო მეტრებისთვის. ლიბერალებისთვის უზენაესი ფასეულობა ადამიანის ავტონომიაა, იმდენად, რომ ხშირად აბსოლუტურად ნიველირებულია ადამიანის სოციალური როლი. „ავტონომებს“ თვითორგანიზებული ბრძოლა არ უყვართ. თვითორგანიზება კონსენსუსს მოითხოვს, კონსენსუსი კი კომპრომისს, ანუ შენი პიროვნული ავტონომიის დათმობას კოლექტიური მოქმედებისთვის. ამავდროულად, არასასურველ მოვლენას ლიბერალები სამკვდრო-სასიცოცხლოდ არ უპირისპირდებიან. უბრალოდ განდევნიან თავისი ტერიტორიიდან, რომ კომფორტული ცხოვრების პასპორტისთვის რიგში დგომა გააგრძელონ და თავი უფროსი ნათესავისგან დაცულად იგრძნონ. ამ განდევნისთვის შუამავლად კი იყენებენ ინსტანციას, რომელიც ყველა წესიერ ქვეყანაში ძალადობაზე მონოპოლიას ფლობს – კანონს.

 

ცოტა სასაცილო ამბავია: ადამიანის მსოფლმხედველობის პატივისცემიდან გამომდინარე, ლიბერალი უფლებას აძლევს პიროვნებას იყოს, სიტყვაზე, ფაშისტი, სანამ პოლიტკორექტულობის ან ძალადობის ზღვარს საჯაროდ არ გადავა. ამგვარად, ლიბერალები ისეთივე დამოკიდებულებას ავლენენ მათთვის არასასურველი სუბიექტების მიმართ, როგორსაც კონსერვატორები – „სახლში რაც უნდა ის თქვას და ის ქნას, გარეთ ჩუმად იყოს, მომავალს ნუ გვირყვნის“.

 

ანატოლი ულიანოვმა ამასწინათ დაწერა: „როგორი გამოწვრთნილიც არ უნდა იყოს ‘კულტურული ველურის’ ღიმილი, ეს უბრალოდ ცივილიზებულობის ნიღაბია, რომლის ქვეშაც იმალება განდევნილი ღრეჯა. მარგინალიზებულ ჰომოფობსა და დარბეულ გეი-აღლუმს შორის მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე მონოპოლია დგას ... ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის გადასაჭრელად განათლების სისტემა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გამოიყენოს, ლიბერალიზმი საკუთარ თავისუფლებებს პოლიციის ხელკეტებით უზრუნველყოფს, რაც ლიბერალური საზოგადოების სოციალურ განუვითარებლობაზე მეტყველებს“.

 

ნაცვლად იმისა, რომ დაუპირისპირდნენ უშუალოდ სიფარჩაკესა და სიგოიმეს, ჩვენი პოლიტკორექტული კლასი უპირისპირდება ენას, ხელკეტებით. უშვებს კუნძულის შესაძლებლობას და ყრის არაპოლიტკორექტულ სიტყვებს თავისი პატარა კიდობანიდან. კიდობანზე ადგილი არც იმ ადამიანებისთვის მოიძებნება, ვისაც ენის ოკეანეში თავისუფალი და მშვიდი ცურვა უყვარს. მათაც წყალში გადაუძახებენ. თვითონ კი გაცურავენ შორს, შორს, არარსებული კუნძულისკენ, რათა იქ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკონ.

 

კეთილო ხალხო, მობრუნდით მატერიკზე. მობრუნდით და აქ ავაშენოთ ისეთი ყოფიერების სახლი, სადაც სიფარჩაკე და სიგოიმე არ იარსებებს. იმიტომ კი არა, რომ ფარჩაკები და გოიმები ენას კბილს დააჭერენ ხელკეტის შიშით, არამედ იმიტომ, რომ ფარჩაკობა და გოიმობა უბრალოდ გატეხავს. ხოლო ფარჩაკობა და გოიმობა რომ ტეხავს ყველას ეცოდინება – არა მხოლოდ ერთი, პატარა, ოდესმე ჩასაძირად განწირული კიდობანის პოლიტკორექტულ მატროსებს.